ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მედიაწიგნიერება როგორც კავშირი

დიტერ ბააკე – კონიუნქტურის შემცველი ტერმინის მოცულობა და ფოკუსი

დიტერ ბააკეს ტექსტის თარგმანი წარმოადგენს მედიაწიგნიერებაში დამკვიდრებული გერმანული მიდგომისა და ცნებების ანალიზს. აუცილებელია, მკითხველმა გაითვალისწინოს მედიაწიგნიერების გერმანული გაგება. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კერძოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მედიაწიგნიერება, ერთი მხრივ, განიმარტება როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედიატექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ – მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე განმარტავს ციფრულ წიგნიერებას როგორც ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარს. გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეში ორივე ტერმინს ცნება „მედიაკომპეტენცია“ აერთიანებს. ასევე არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა მედიაგანათლება, მედიაპედაგოგიკა, მედიააღზრდა. შესაბამისად, მასალის გაცნობისას მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს მსგავსი ტერმინოლოგიური სხვაობები და მედიაწიგნიერებაში ციფრული წიგნიერებაც მოიაზროს.

  1. კომპეტენციის თეორემა

 

პედაგოგიკა სწრაფად დაინტერესდა ადამიანის კომუნიკაციის შესაძლებლობის კვლევით, რადგან ამ თემის ირგვლივ არსებული ჰიპოთეზა პიროვნების აღზრდას უკავშირდება. ეფუძნება რა საკუთარ კომპეტენციას, იგი განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური სახით და მნიშვნელოვანი როლი აკისრია გლობალურ კონტექსტში. პიროვნების აღზრდის/ფორმირების პროცესის მიმოხილვისას ამ კავშირების გათვალისწინებაც აუცილებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონცეფციაში თავიდანვე მიზანმიმართულად ჩადებულია მნიშვნელოვანი ღირებულება, რომლის დანიშნულებაც შეგვიძლია დღეს გადავამოწმოთ.

კომპეტენციის ცნება პირველად 70-იან წლებში სოციალურ მეცნიერებაში გაჩნდა, მისი როგორც აკადემიური ტერმინის გავრცელებას კი ჰაბერმასის და ლუმანის ინტერაქციისა და სისტემურ თეორეტიკოსებს შორის არსებულმა წინააღმდეგობრივმა მოსაზრებებმა შეუწყო ხელი. ჰაბერმასი ავითარებდა საკუთარ საინტერესო ისტორიულ-ფილოსოფიურ თეორემას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ „სამუშაოა“ ბუნებრივი და მთავარი საფუძველი ადამიანის საზოგადო ორიენტაციისა, არამედ კომუნიკაციაც. ამით მან იდეალისტური ცნების გვერდით გააჩინა მატერიალისტურიც – შეთავაზება, რომელსაც მატერიაზე ორიენტირებულ მარქსისტებშიც უნდა გამოეწვია მღელვარება.

ფრანგ ფილოსოფოსს პიერ ბურდიეს ეკუთვნის მოსაზრება, რომელშიც მან საკუთარი მოსაზრებები (ჰაბერმასის და ბააკეს პედაგოგიური დებატების მსგავსად) „კომპეტენციის“ კონცეფციის ნოამ ჩომსკისეულ გააზრებას დაუკავშირა. მან ხაზი გაუსვა „გენერაციული გრამატიკის“ და „ჰაბიტუსის“ როგორც ნიმუშებისგან შემდგარი სისტემების მნიშვნელობას, რომელიც ყველა ადამიანის მახასიათებელია და საშუალებას აძლევს მათ, აღქმები, ჩანაფიქრები და მოქმედებები კულტურულ კონტექსტში გადაიტანონ. გენერაციულ გრამატიკაში ყველა სიტყვა, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს, განსაზღვრულია. რაც შეეხება ჰაბიტუსს, მხოლოდ მისი საშუალებით ამოდის სიტყვები ზედაპირზე. ბურდიე მიიჩნევდა, რომ ჰაბიტუსის თავისუფლად გამოყენება ადამიანის სურვილზე კი არა, არამედ მის სოციალურ მდგომარეობასა და კულტურულ კაპიტალზეა დამოკიდებული. ბურდიეს აზრით, სოციალური მდგომარეობა და სასკოლო განათლება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა სახის ჰაბიტუსისა და მისი საშუალებით ადამიანის „კომპეტენციაზე“ აზრის შესაქმნელად. იგი კომუნიკაციის კომპეტენციას და კულტურულ კაპიტალს აღიქვამდა სოციალური კლასებისა და სოციალური ძვრების კონტექსტში, მათ შორის – არათანაბრად.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროის პედაგოგიური კონცეცფია იდეალისტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხედავდა საზოგადოებრივ კომპონენტებს, ზედაპირულად აფიშირებდა მის მიღმა მდებარე ადამიანის არსებით მოთხოვნილებებზე. არც ანთროპოლოგიური კომპონენტები იყო ამ მიმართულებით დიდად წინ გადადგმული ნაბიჯი – კომპეტენციის ცნების გააზრება ლინგვისტის – ჩომსკის მიერ წარმოადგენდა დეკარტისა და ჰუმბოლტის მოსაზრებათა გაგრძელებას, რომელიც დაყვანილ იქნა მისთვის მისაღებ, ადამიანის მენტალურად დაცულ შესაძლებლობამდე – აწარმოოს სიტყვების შეუზღუდავი რაოდენობა. ჩომსკი ენის მთავარ მახასიათებელს ხედავს როგორც საშუალებას, რომლის წყალობითაც ადამიანს შეუძლია, მაქსიმალურად დიდი მოცულობის მოსაზრებები სურვილისამებრ გამოხატოს და კონკრეტულ სიტუაციებში ადეკვატურად მოიქცეს. ჩომსკი ფიქრობს „უნივერსალური გრამატიკის“ ცნებაზე, რომელიც მოიცავს ენის გამოყენების შემოქმედებით ასპექტებს და გამოხატავს შესაბამის, სიღრმისეულ რეგულაციებს. ისინი იმით არიან უნივერსალურები, რომ არ მოითხოვენ ცალკეულ გრამატიკულ გადამოწმებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი პოტენციურად უნივერსალური ენის მაგალითს იყენებს და ამ მახასიათებლით ყველა ერთმანეთის მსგავსია.

მსგავს მოსაზრებებს აჯამებს ენის შესახებ ფილოსოფიური დასკვნები, როგორც, მაგალითად, ჰაბერმასისა და აპელის შემთხვევაში. იდეალური დისკურსი, რომელშიც ყველა ადამიანი თანაბარი მონაწილეობის უფლებით ისარგებლებს, ეფუძნება ენის გაგების, ფლობისა და გამოყენების ტრანსცენდენტულ, ამოუწურავ შესაძლებლობებს და ამ დიდი კომუნიკაციური საზოგადოების წევრობის შესაძლებლობას. აქ საქმე ეხება სწორედ ამგვარ კომუნიკაციურ ერთობას, რადგან ის არის იმ მდგომარეობაში, რომ ადეკვატურად გაიგოს მოყვანილი არგუმენტები და განსაჯოს მათი ჭეშმარიტება. მსგავსი უნაკლო დისკურსის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ იქნება დამაფიქრებელი, თუ კომუნიკაციის ხელის შემშლელი ფაქტორების (ძალაუფლება, დამოკიდებულება და ა.შ.) გამორიცხვა შეგვეძლება.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მივიღებთ მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანს უნდა მოვექცეთ თანაბრად, რადგან ყველა ადამიანი ერთნაირია/თანაბარია. ეს, ერთი მხრივ, არის „კომპეტენცია“, რომელიც მიგვანიშნებს არა მხოლოდ ადამიანების აღზრდის საჭიროებაზე, არამედ აღზრდის შესაძლებლობებზეც. განურჩევლად სოციალური ჯგუფისა, სქესისა, რასისა, კულტურული კონტექსტისა, ადამიანები კომუნიკაციის თვისებით და მოთხოვნილებით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქედან გამომდინარე, დამოკიდებულებაც ყველას მიმართ თანაბარი უნდა გვქონდეს (უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში რაიმე პოსტულატს კი არ განვიხილავთ, არამედ მეცნიერულ დისკურსს, რომელიც ამ მოსაზრებას ამყარებს, როგორც, მაგალითად, ჩვილის მეტყველების უნარი, რომელიც ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს. დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო გამართული წინადადებებით ამყარებს კავშირს გარე სამყაროსთან, ენის შესწავლის რაიმე განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის გარეშე. მოსაზრება, რომ ბავშვი ამას შინაგანი განვითარების ხარჯზე აკეთებს, აზრს მოკლებულია, რადგან ის სწორედ იმ სიტყვებსა და წინადადებებს იმეორებს, რომლებიც სხვებისგან ესმის).

პედაგოგიკისთვის კომუნიკაციის კომპეტენციის მნიშვნელობა ერთმნიშვნელოვანია და იგი ასახავს 60-იანი წლების სულისკვეთებას: განსხვავებული განათლების საფეხურების ინტეგრაციას საერთო სკოლაში (გეზამთშულე, Gesamtschule – სკოლის ერთ-ერთი ფორმა გერმანიაში) თითქოს სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდა – მოსწავლეებში კომუნიკაციის კომპეტენციის თანაბრად განვითარება. შედეგები ემპირიული ფორმით აშკარაა, თუმცა ის არ ყოფილა მაინცდამაინც მიზანმიმართული პედაგოგიური ჩარევის ნაყოფი.

მედიაპედაგოგიურ თეორიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას შემდეგი: ყველა ადამიანი არის კომუნიკაციის „ზრდასრული ადრესატი“ და აქვს კომუნიკაციის უნარი, ისევე როგორც უნარი, იყოს მედიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიური მომხმარებელი (იგულისხმება როგორც გამოყენება, ასევე მათი საშუალებით თვითგამოხატვა). საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებისა თუ ციფრული ტექნიკის ათვისება, რა თქმა უნდა, განსაზღვრულ უნარებთან არის დაკავშირებული, რომელთა განსავითარებლადაც მიზანმიმართული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული.

მომდევნო წერილებში ვრცლად ვისაუბრებთ მედიაკომპეტენციის საკითხებზე. მათთვის, ვინც ნაშრომს აქამდე გაეცნო, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიზანია პედაგოგიური მსჯელობისთვის არგუმენტებზე დაფუძნებული საფუძვლების შექმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი