პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფსევდო

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა. სხვა საქმეა, რა არის და როგორ განიმარტება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ან როგორ უნდა შეუწყოს განათლების პოლიტიკამ ხელი მათი განმავითარებელი პირობების შექმნას.

რომელ ღირებულებებზე უნდა შევთანხმდეთ პირველ რიგში – ზოგადსაკაცობრიოზე თუ ეროვნულზე? ბოლო ხანს ხშირად ვრცელდებოდა ვიდეოკლიპები, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეები გულზე მჯიღის ცემით ამტკიცებდნენ ერისა თუ ბერის მიმართ მორჩილებას, თავგანწირვისთვის მზადყოფნას. სასკოლო ღონისძიებების დიდი ნაწილიც ასეთივე ნარატივითაა სავსე. ტკბობა იმისთვის თავგანწირვის მტკიცებით, რაც არ არსებობს ან გაუაზრებლად მიედინება დროში – შექმნილი რეალობა.

ამ დროს კი კვლევები და გამოკითხვები, რომლებიც ადგენს განსხვავებულისადმი მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიმღებლობას, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს. “კულტურული რელატივიზმი ამტკიცებს, რომ ერთ კულტურას არ გააჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი სხვა კულტურის ქცევების “ცუდად” ან “კარგად” გამოცხადებისთვის. მაგრამ ყველა კულტურას შეუძლია და უნდა განსაჯოს ამ კრიტერიუმებით საკუთარი ქცევა, რადგან მის წევრებს ქცევის როგორც განხორციელება, ისე მასზე დაკვირვება ძალუძთ” (გირტ ჰოფსტედე და გერტ იან ჰოფსტედე, “კულტურები და ორგანიზაციები”).

საბჭოთა განათლების სისტემამ მხოლოდ დღეს უკვე მოუხერხებელი გეოგრაფიული სასკოლო რუკა კი არ დაგვიტოვა, არამედ მენტალური არეულობაც გამოიწვია. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის, რომ ოთხმოციან წლებში საბჭოთა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თუ არაეკლესიური იყო, უკვე კავშირის დაშლის შემდეგ იგივე უმრავლესობა მორწმუნე, ეკლესიური გახდა. ამის მიზეზად ყოველთვის მიიჩნეოდა ეროვნულ-კულტურული მუხტი და თვითგამორკვევისკენ ერების სწრაფვა, ე.წ. მენტალურ-კულტურულ ფესვებთან დაბრუნება, თუმცა ნაკლებად რეალურია რამდენიმე წელიწადში ერების ასეთი შემოტრიალება ღირებულებით რუკაზე.

რეალურ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ პიროვნებისა თუ მასის, ჯგუფის, ამ შემთხვევაში – ერის, ეთნოსის პასიური პოზიცია. საბჭოთა კავშირში ყველაფერს პარტია წყვეტდა, პარტია წარმართავდა დღის რეჟიმს, აწმყო რეალობას. უკვე კავშირის დაშლის შემდეგ მისი ადგილი გათავისუფლდა და ჩანაცვლება ეკლესიამ და ფსევდოღირებულებებმა ითავა, საზოგადოება კი ისევ დარჩა პასიური დამკვირვებლის, მომლოდინეს როლში.

„ინსტიტუტების გაგება კულტურის განხილვის გარეშე შეუძლებელია, ხოლო კულტურის გაგება ინსტიტუტების უკეთ გააზრებას უწყობს ხელს. ამის მნიშვნელოვანი შედეგი ისაა, რომ უცხოური ინსტიტუციების შემოტანით ჩვენ ვერ შევცვლით ქვეყნის მოსახლეობის აზროვნებას, განცდასა და ქცევას“ (გირტ ჰოფსტედე და გერტ იან ჰოფსტედე, “კულტურები და ორგანიზაციები”). იქვე: „ყოფილი საბჭოთა კავშირის განადგურების შემდეგ ზოგიერთ ეკონომისტს ეგონა, რომ ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისთვის საკმარისია კაპიტალისტური, ამერიკული სტილის ინსტიტუტები, რათა სიმდიდრის მოპოვების გზას დაადგნენ. სინამდვილეში ასე არ გამოვიდა. ყოველ ქვეყანას თავის რეფორმებთან ჭიდილი და საკუთარი ხალხის პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინება სჭირდება”.

საბოლოოდ, აუცილებელია, განათლების სისტემები, სასკოლო პროგრამები აეწყოს იმ ღირებულებით სისტემაზე, სადაც ადამიანი პასიური კი არ იქნება, კი არ დაელოდება, რას უკარნახებს მისივე კულტურული ხატი, არამედ თვითონვე გახდება კულტურის მატარებელი და განმსაზღვრელი. სხვაგვარად ყველა გამჭოლი კომპეტენცია, ყველა გაგება, გააზრება, გამოყენება დარჩება მხოლოდ ფურცლებზე დაწერილ სიტყვებად, რეალობაში კი ძალიან შორს ვიქნებით როგორც ზოგადსაკაცობრიო, ასევე ნამდვილი ეროვნული ღირებულებებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი