შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ახალგაზრდებისათვის სამაგალითო სპორტსმენი

როდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის დროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი, როგორიც, მაგალითად, კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკელობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.

გალში დაბადებული და გაზრდილი თემურ ქეცბაია საფეხბურთო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მის მშობლიურ აფხაზეთში ომი დაიწყო და ქვეყანას უბრალოდ არ ეფეხბურთებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ქეცბაიამ ევროპისკენ მაინც გაჭრა სულ ციცქნა „ფანჯარა“ და საბერძნეთის საშუალო დონის კლუბ „აეკში“ გარჯითაც და პარალელურად საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თამაშითაც, მალე მოიპოვა მებრძოლი და შეუდრეკელი ფეხბურთელის სახელი.

90-იანი წლების ფეხბურთის ქომაგებს აბა რა დაავიწყებს მთელ რიგ თამაშებსა და მომენტებს, როდესაც საქართველოს ნაკრები უკვე დამარცხებული, გატეხილი და ბედს შეგუებული იყო და ერთადერთი ადამიანი, ვინც თავს არ ზოგავდა, ბოლომდე იბრძოდა, სიმწრის ოფლს ღვრიდა და მარცხის შემთხვევაში ცრემლსაც გვარიანად იდენდა – სწორედ თემურ ქეცბაია იყო.

ჩვენებური გულშემატკივრები ყოველთვის იხსენებენ და მუდამ გაიხსენებენ ქართველი ფეხბურთელების მიერ მიცემულ მშვენიერ პასებს, გატანილ ლამაზ გოლებს და ეს ბუნებრივიცაა. თემურ ქეცბაიას მაგარი გოლებიც გაუტანია და არც პასი დაუყვედრებია ვინმესთვის, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს თხრობითი წინადადებებით გადმოსცეს ქეცბაიას უმთავრესი ღირსება – ალალი ბრძოლის სიყვარული და ჟინი, რომელიც ამ კაცს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არ განელებია. სწორედ ამიტომაცაა თემურ ქეცბაია რიგითი ქომაგებისათვის ყველაზე ნათელი და კეთილმოსაგონარი მოთამაშე. ქომაგები ადვილად არჩევენ ყალბ და ნამდვილ გმირებს, მინდორზე მოზოზინე ნიჭიერ ვარსკვლავებს და მხოლოდ საკუთარი ფეხებისა და ილაჯის იმედად მყოფ ფეხბურთელებს. მწვანე მინდორზე, როგორც წესი, ყველაფერი ხელის გულზეა ხოლმე.

დღეს რაც ქართულ სპორტს და ჩვენი ქვეყნის სპორტულ განათლებას აკლია, არის სწორედ ის ყველაფერი, რაც თემურ ქეცბაიას ჰქონდა – ახალგაზრდებისათვის შეუპოვრობისა და მებრძოლი სულის ჩანერგვა. დღეს სპორტში და არამხოლოდ სპორტში ხშირად ვხედავთ იმედდაკარგულ და მომავალზე ხელჩაქნეულ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „მაინც არაფერი გამოვა და აზრი არა აქვს ტყულად ბრძოლას“. ამ საშინელი უილაჯობის სენის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია თემურ ქეცბაია და იმედია ამ კაცს მომავალ თაობებში არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდება.

„საბერძენთში დიდი ხანი ვითამაშე და ბევრი ფიქრობდა, რომ ტოპკლასის ჩემპიონატში ჩემი გადასვლა უკვე დაგვიანებული იყო. მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ცხოვრების ოცნება ამესრულებინა და ინგლისის პრემიერლიგაში მეთამაშა. ჩემს ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, სწორედ ეს მიზანდასახულობა აკლიათ“ – თქვა ერთხელ თემურმა მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. იმ დროს თემურ ქეცბაიას სიტყვებს ჩვენი ნაკრების არცთუ გულმისავალი თამაში ფარავდა. მაგრამ ამ ყველაფერით გულიან, მებრძოლ და სიმართლის მთქმელ კაცს არაფერი დაკლებია. არც უნდა დააკლდეს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი