პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვონეგუტის წერილი მოსწავლეებს  

ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ამ წერილს – სკოლის მოსწავლეებისადმი დიდი გულწრფელობით მიწერილს – შემთხვევით გადავაწყდი. შემეძლო დამეწერა, დიდი ამერიკელი მწერლის-მეთქი და არც შევცდებოდი. კურტ ვონეგუტის წიგნები ქართულად ნათარგმნიცაა და გამოცემულიც; იმ მკითხველებსაც ვიცნობ, მწერლის ყველა წიგნის წაკითხვა რომ გულით სურთ და გამოცემებს ერთმანეთს უცვლიან. სწორედ ერთმა ასეთმა მკითხველმა მათხოვა რუსულად ნათარგმნი „სარწეველა ფისოსათვის“ საუკუნის დასაწყისში. მერე ესე ვთარგმნე ლიტერატურული ჟურნალისთვის და მწერლის სტილმა თუ მეტად თავისებურმა იუმორმა კიდევ უფრო მომხიბლა. ამ წერილის კითხვისასაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ავტორი კურტ ვონეგუტია – კაცი, რომელსაც შეეძლო ყველაზე მწარე სიმართლე სიცილით ეთქვა.

2006 წელს ნიუიორკელმა ინგლისურის მასწავლებელმა, ვინმე ლოკვუდმა მოსწავლეებს სთხოვა, წერილები მიეწერათ საყვარელი მწერლისთვის და დაერწმუნებინათ ის, რომ მათ სკოლას სწვეოდა. ხუთმა მოსწავლემ სწორედ კურტ ვონეგუტს მისწერა. მართალია, მწერალმა მათი სურვილის შესრულება ვერ შეძლო, მაგრამ საპასუხო წერილი გაუგზავნა მოსწავლეებს.

„5 ნოემბერი, 2006

ძვირფასო ქსავიერის სკოლავ, მის ლოკვუდ, მისტერ პერინ, მისტერ მაკფილი, მისტერ ბეტენ, მისტერ მორერ და მისტერ კენჯიუსტა,

მადლობას გიხდით გულთბილი წერილებისთვის. კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გაამხნევოთ 84 წლის ბერიკაცი, რომელსაც წინ დიდი გზა აღარ უდევს. საზოგადოებაში უკვე აღარ ვჩნდები, იმიტომ რომ ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, იგუანას ვგავარ.

თანაც, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, დიდ დროს არ მოითხოვს: მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. აირჩიეთ, რაც გსურთ: მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა, მსახიობობა, ლექსების წერა, მოთხრობების წერა, ესეების წერა, რეპორტაჟების მომზადება… სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ. მთავარია, ვიღაც სხვად იქცეთ, აღმოაჩინოთ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაიზარდოთ.

მაშ, მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. დიახ, სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ, არამედ იმის აღმოსაჩენად, რაც თქვენშია დაფარული.

სერიოზულად! ამწუთასვე დაიწყეთ, შეუდექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე გზიდან არ გადაუხვიოთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეს მოახმარეთ. ადექით და მის ლოკვუდი დახატეთ – გინდა ლამაზად, გინდა სასაცილოდ – მერე კი ეს ნახატი მასვე გადაეცით. სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ცეკვა დაიწყეთ, სააბაზანოში იმღერეთ და ასე. კარტოფილის პიურე კაცის სახეს დაამსგავსეთ. გრაფი დრაკულა განასახიერეთ.

აი, დღევანდელი დავალებაც (იმედი მაქვს, მის ლოკვუდი ქულას არ დაგიწერთ, თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ): დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი – რაზეც გინდათ, იმაზე. ოღონდ აუცილებლად გარითმეთ. აბა, რა აზრი აქვს ჩოგბურთის თამაშს, თუ მაგიდაზე ბადე არ იქნება გაბმული. ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი ლექსი დაწეროთ. მაგრამ ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეთ. არავის აჩვენოთ ეს ლექსი, არც ვინმეს წაუკითხოთ – არც შეყვარებულს, არც დედას, არც მამას, არც ვინმე სხვას, მის ლოკვუდსაც კი არა. გასაგებია?

მერე პაწაწინა ნაკუწებად დახიეთ და ერთმანეთისგან კარგა მანძილით დაშორებულ ნაგვის ურნებში ჩაყარეთ. მიხვდებით, რომ უკვე მიგიღიათ დიდებული ჯილდო სწორედ ამ ლექსისათვის: ვიღაც სხვად ქცეულხართ, ბევრი რამ შეგიტყვიათ იმის შესახებ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაზრდილხართ.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

კურტ ვონეგუტი“

მის ლოკვუდის ადგილას, ქულას მართლაც არ დავუწერდი მოსწავლეს, რომელიც არ დამხატავდა და ექვსსტრიქონიან ლექსს არ დაწერდა, უფრო სწორად, ამ ლექსის დაწერისა და ნაკუწებად ქცევის ამბავს წვრილად არ მომიყვებოდა. ჩემი მხრივ, ვეტყოდი, ეს რობერტ ფროსტმა შეადარა ურითმო ლექსების წერა ბადის გარეშე ჩოგბურთის თამაშს-მეთქი და ამ დიდი პოეტის ლექსების კითხვასაც მოვყვებოდი.

დავბრუნდეთ ნიუ-იორკიდან.

კარტოფილის პიურედან კაცის სახის გამოძერწვასა და სააბაზანოში ამღერებას ჩვენს ქვეყანაშიც წინ არაფერი უდგას. ფული, დიდება – გარჯად არ ღირს. დავუჯეროთ ვონეგუტს: ყველაზე მნიშვნელოვანი ის აღმოჩენებია, რომლებამდეც საკუთარ თავზე დაკვირვებას მივყავართ, ყველაზე დიდი ჯილდო კი – ის, რომელსაც მაშინ ვიღებთ, როცა მასზე წამითაც კი არ ვფიქრობთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი