შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გოგოლის გმირები გორი-თბილისის ავტობუსში

წინა საუკუნის ამბავია – იმდროინდელი, გორი-თბილისის ავტობუსში ფეხზე დასადგომი ადგილის შოვნა მგზავრისთვის დიდ გამართლებას რომ ნიშნავდა. მე კი იმდენად გამიმართლა, მართალია, სულ ბოლო რიგში, ფანჯრისგან მოშორებით, მაგრამ მაინც ვიჯექი და ერთიანად გადავსებული ავტობუსის დაძვრას ველოდი. თავზე ახალგაზრდა კაცი მადგა, სუფთად ჩაცმული, ზომიერად სრული, გულწრფელი საუბრის გაბმის მოსურნე. კარგად აღარ მახსოვს, მგონი, სულაც იმან დამითმო, ალბათ, სიმწრით მოპოვებული ეს ადგილი.

თავიდანვე მივახვედრე, დიდად გულითად ვინმესთან რომ არ ჰქონდა საქმე. მოსმენით კი ვუსმენდი, მაგრამ თითოსიტყვიან პასუხებს ვუბრუნებდი. უცნობთან გულის გახსნას, ჩვეულებრივ, ხმის ამოუღებლად  მგზავრობა მერჩია. არადა, არ მეშვებოდა, თან მეტისმეტად თავაზიანი იყო, ფრთხილი, წინდახედული. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ საიდანღაც ვიცნობდი, ოღონდ ამაზე არაფერი მითქვამს – ლაპარაკის საღერღელაშლილს ახალი თემა არ შევთავაზო-მეთქი.

სანამ იგოეთში შევიდოდით, მეტისმეტი მონდომებისა და საკვირველი მოხერხებულობის წყალობით, შეიტყო, რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რა ფაკულტეტზე, გორში როგორ გავატარე შაბათ-კვირა, ზაფხულის არდადეგებს სად ვატარებდი, რომელ კლასში იყო ჩემი ძმა, რა ერქვა მამაჩემს, თბილისში ვისთან ვცხოვრობდი, ზვიად გამსახურდიას მომხრე ვიყავი თუ არა, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი, გორში დავბრუნდებოდი თუ არა… ბოლოს, უბრალოდ, გავჩუმდი. ხმას რომ აღარ გავცემ, უზრდელად კი ჩამთვლის, მაგრამ საუბრის ხალისსაც დაკარგავს და ეს უკვე კარგი ამბავი იქნება-მეთქი. ნეტარ არიან თავის გამოსაჩენად განწყობილი ახალგაზრდა კაცების უდროოდ დაწყნარების მოიმედენი!

კითხვებზე პასუხს აღარ ვუბრუნებდი, ის კი ნირშეუხრელად აგრძელებდა საკუთარი მოსაზრებების გაცნობას ჩემთვის – ყოვლად უმადური, ყოველმხრივ გამოუსადეგარი თანამგზავრისთვის. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო: წინ თავაზიანობის განსახიერება მედგა, რა ღონეს არ ხმარობდა, რომ იმ სივიწროვეში ფიზიკურად არ შევეწუხებინე.

მცხეთას ვუახლოვდებოდით, თავი რომ ავწიე და ახალგაზრდული დაუნდობლობით ვუთხარი: მივხვდი, ვის მაგონებთ… ვის და გოგოლის ჩიჩიკოვს-მეთქი.

ხმა ჩაუწყდა. კარგა ხანს ვეღარაფერი თქვა, ბოლოს კი მაინც – რატომ ჩიჩიკოვსო?

ახსნა არ დამიწყია. ისე, უბრალოდ-მეთქი.

ეწყინა. ჩემკენ აღარ იხედებოდა, თუმცა კი ლაპარაკს აგრძელებდა. ხმამაღლა ფიქრობდა გოგოლის გმირსა და იმ საერთოზე, რაც დამკვირვებლის თვალში მასთან შეიძლება ჰქონოდა. ვაღიარებ: უკვე მეტ-ნაკლები ყურადღებით ვუსმენდი. დარჩენილი გზაც შედარებით სწრაფად გავიარეთ.

ამდენი წლის შემდეგ საგულისხმოდ სწორედ ის მეჩვენება, რისთვისაც მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია: გორი-თბილისის ავტობუსში გაცნობილ ახალგაზრდა კაცს გოგოლის „მკვდარი სულები“ არა მხოლოდ წაკითხული ჰქონდა, კარგად ახსოვდა და მის მთავარ გმირზე ხმამაღლა მსჯელობაც შეეძლო. ცხადია, შეგვიძლია ვთქვათ: სხვა ეპოქის შვილი იყო, საბჭოთა სკოლაში რუსული ლიტერატურა მეტ-ნაკლებად კარგად ისწავლებოდა (დღეს საერთოდ თუ ისწავლება, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები მაინც, არც კი ვიცი), იქნებ სულაც სკოლა ან უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული რუსეთში და რუსული ლიტერატურითაც ბუნებრივად დაინტერესდა იმ გარემოში მოხვედრილი…

„ავტორისათვის, რომელსაც კარგა ხანია, მოწიფულობისთვის მიუღწევია, რომელიც მკაცრ შინაგან ცხოვრებასა და სიმარტოვის მაცოცხლებელ სიფხიზლეს გაუწვრთნია, შეუფერებელიცაა, ჭაბუკურ თავდავიწყებას აჰყვეს – ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და რიგი აქვს“, – ეს სიტყვები „მკვდარი სულების“ ბოლო წაკითხვისას მომხვდა თვალში. თუ წვრთნაა, ბარემ ასეთი იყოს-მეთქი, გავიფიქრე. სწორედ ამიტომ მგონია გოგოლი ჭაბუკური თავდავიწყების წლებში წასაკითხი მწერალი – მოწიფულობის ძნელ გზაზე შემდგარი, თვალთმაქცობის, უსამართლობის, ბოროტების პირისპირ აღმოჩენილი, უკეთეს მეგზურსა თუ მასწავლებელს ვერ ინატრებ.

„მკვდარი სულების“ გადაკითხვა რამდენიმე დღის წინ დავასრულე – სტუდენტობის წლების შემდეგ პირველად დავუბრუნდი. ისევ ის განცდა გამიჩნდა, თითქოს მის ყველა გმირს ვიცნობდი, თითქოს ყველა მყავდა ნანახი გორი-თბილისის მგზავრებით გადავსებულ, ძველ, ხმამაღლა მორახრახე ავტობუსში: მანილოვიც, კორობოჩკაც, ნოზდრევიც, ხლობუევიც, სობაკევიჩიც, თვით მეეტლე სელიფანი და ლაქია პეტრუშკაც კი… ზოგჯერ შეიძლება გვერდით მიიხედო და ორი გმირი ერთდროულად აღმოაჩინო თავისუფალ ადგილას დიდი ქოთქოთით დამჯდარ, მუხლებზე ხელჩანთაშემოდებულ შუა ხნის ქალში, ან იმ ხმელ-ხმელ კაცში, სკამზე რომ ცქმუტავს და გორში, ვერხვების დასახლებაშივე რომ ურეკავს ვიღაცას: „აი, თბილისში შემოვდივართ უკვე…“

ნეტარ არიან მკითხველები, რომლებიც თავის ყოველი მიბრუნებისას ვიღაცას ცნობენ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი