ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქართული დემოკრატიის სამი საწყისი

ევროპელი და ამერიკელი მეცნიერები ქართული დემოკრატიისა და მისი გამოცდილების აღიარებას უფრთხიან. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად უმაღლესი სტატუსის მისაღებად. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ახალშექმნილი რესპუბლიკების მისწრაფებათა გამოსახატავად ათასგვარ ცნებას იგონებენ ან დემოკრატიას მრავალნაირი ზედსართავით ალამაზებენ. საქართველო ხან ჰიბრიდულ რეჟიმად მოიხსენიება, ხან – არაკონსოლიდირებულ და მინიმალურ დემოკრატიად. ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს დემოკრატიულ წარსულს სათანადოდ არ იცნობენ. ქართულმა დემოკრატიამ პირველი ნაბიჯები სწორედ ზეწოლისა და ჩაგვრის პერიოდში გადადგა. ავტორიტარულ რეჟიმებთან ბრძოლის ისტორიული გამოცდილების წარმოჩენის ნაცვლად ჩვენ კვლავ ვკინკლაობთ. სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე წარმომადგენლები მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მთავარ მოღვაწეებს მუდმივად ერთმანეთს უპირისპირებენ, თავისუფლებისთვის სხვადასხვა მხრიდან მებრძოლ მოაზროვნეებს ერთმანეთისგან თიშავენ, აცალკევებენ. არადა, მათი ერთ კონტექსტში აღქმაც თავისუფლად შეიძლება.

ჩემთვის ქართული დემოკრატიის წარმოშობა ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ნოე ჟორდანიას სახელებს უკავშირდება.

ილია ჭავჭავაძისა და მისი ღვაწლის შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს. მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. შეგვიძლია, მთავარი საკითხების გამოყოფით დავკმაყოფილდეთ.

მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის წარუმატებელი აჯანყებების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ფაქტობრივად ჩაკვდა. ხალხი – მდაბიოებიც და წარჩინებულებიც – შეეგუა არსებობის ახლებურ წესებს. საზოგადოება მრავალ ელემენტად იყო გახლეჩილი და დაქუცმაცებული. საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს სულ უფრო ცოტა რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან. ცარისტული რუსეთი კი მონდომებით აგრძელებდა რუსიფიკაციის პროცესს. რუსული ენა ეკლესიიდან, სკოლიდან, საჯარო დაწესებულებებიდან წარმატებით აძევებდა მკვიდრი მოსახლეობის ენას. კავკასიის რეგიონზე სრული გავლენა დაამყარეს რუსმა ბიუროკრატებმა და ჯარისკაცებმა. ელემენტარული განათლების მიღების შანსი ღარიბ თავადაზნაურობასაც კი წართმეული ჰქონდა.

პირველდასელთა საქმიანობის შედეგად მთელ საქართველოში გაჩაღდა ბრძოლა ქართული ენის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განხორციელდა ენობრივი რეფორმა. საზოგადოებრივი ინიციატივების საფუძველზე ჩამოყალიბებულ სკოლებში ადგილობრივებს პირველადი ცოდნის მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობაც გაუჩნდათ. დაიწყო შრომა ქართული ენის პოზიციების გასაძლიერებლად ეკლესიაში, თეატრში, საჯარო დაწესებულებებში. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართულენოვანი გაზეთი რეგიონის პრესის ფლაგმანად იქცა. „ივერიის“ ფურცლებზე მოქალაქეები სისტემატურად ეცნობოდნენ ინფორმაციას თავიანთი ყოველდღიური პრობლემების შესახებ, კითხულობდნენ მსოფლიო ლიტერატურის თარგმნილ ნიმუშებს, აანალიზებდნენ რუსიფიკაციის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებსა და პოლიტიკური აქტიურობის, პროტესტის მნიშვნელობას.

შესაბამისად, ქართული დემოკრატიის წინაშე ილიასა და მისი თანამებრძოლების დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: 1) საქართველოს მოსახლეობისთვის გამაერთიანებელ გარემოებათა (ენა, კულტურა, ისტორია და ა.შ.) მნიშვნელობის ხელახლა აღქმის პროცესის გაძლიერება, საერთო ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება; 2) ქართულენოვანი, ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საჯარო ინსტიტუტების (გაზეთი, თეატრი, სკოლა, ბიბლიოთეკა და ა.შ.) განვითარების ხელშეწყობა; 3) რუსიფიკაციის გამანადგურებელი შედეგების თვალსაჩინოდ წარმოჩენა და ანტიიმპერიალისტური წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერა. პირველდასელებმა გამოაცოცხლეს ქართული საზოგადოების დიდი ხნის წინ გაჩერებული მაჯისცემა.

არჩილ ჯორჯაძე სოციალურ და კულტურულ საკითხებში ილიას თანამოაზრე გახლდათ. იბრძოდა ქართული ენის, ეკლესიის, საფინანსო დაწესებულებების უფლებებისთვის, გამოდიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ქართული ავტონომიის შექმნის მოთხოვნით. თუმცა ის მხოლოდ თავისი იდეური წინამორბედების პოზიციათა გაზიარებით არ ყოფილა დაკავებული. ქართველ ფედერალისტთა ლიდერი ილიასგან მიღებული ტალანტის გასამრავლებლადაც მუშაობდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს მაშინდელი საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენის, გლეხობის, პოლიტიკურ ინტერესებს და გამოდიოდა მათთვის მიწათსარგებლობის უფლების გადაცემის მოთხოვნით. მიიჩნევდა, რომ ქართული დემოკრატიის დამოუკიდებლად, მხოლოდ გლეხური მეურნეობების საფუძველზე არსებობა გამორიცხული იყო. შესაბამისად, ყველას შთააგონებდა ჩამორჩენილი სასოფლო ეკონომიკის ინდუსტრიალიზაციის იდეას. ის ოცნებობდა ისეთ საქართველოზე, სადაც წარმოება უმცირეს დონეზე მაინც იქნებოდა განვითარებული. არჩილ ჯორჯაძის ყველაზე დიდი დემოკრატიული იდეა მაინც ადგილობრივ თვითმმართველობებს უკავშირდება. სწორედ ის იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში საყოველთაო, მრავალდონიანი, თავისუფალი არჩევნების მთავარი პროპაგანდისტი, ქალაქებისა და სოფლების ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებლობის მთავარი დამცველი, ერობების, თემებისა და ურბანული დასახლებებისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კომპეტენციების გადაცემის მთავარი აპოლოგეტი. ჯორჯაძის მტკიცებით, არა მხოლოდ საქართველო უნდა ყოფილიყო იმპერიის ცენტრისგან თავისუფალი, არამედ მის შემადგენელ რეგიონებსაც უნდა ჰქონოდათ ძალაუფლების ნაწილის სურვილისამებრ განკარგვის პრივილეგია. არჩილ ჯორჯაძის იდეალი მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპები გახლდათ. ფედერალისტების ლიდერმა ეროვნული მოძრაობა ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის საკითხს დაუკავშირა.

სულ ბოლოს სცენაზე მემარცხენეები გამოჩნდნენ. მათ ზურგს მაშინდელ მსოფლიოში გაბატონებული ტენდენცია უმაგრებდა. ევროპის მსგავსად, საქართველოშიც პოპულარული გახდა რევოლუციური იდეები. თუმცა ისინი მხოლოდ გლობალური მოდის იმედად არ ყოფილან. მემარცხენეების გაძლიერებისთვის ნოყიერი ნიადაგი თავადმა ჭავჭავაძემ და მის მიერ აზვირთებულმა ტალღამაც მოამზადეს. ილიას დასაფლავებაზე ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო სოციალ-დემოკრატმა, მენშევიკმა კარლო ჩხეიძემ, განაცხადა: „ამრიგად, შენმა მგოსნურმა ნიჭის ნაწარმოებმა ხელი შეუწყო, ჩვენი ცხოვრების ასპარეზზე გამოსულიყო ახალთაობა, რომელმაც კლასთა ბრძოლა საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად, მთავარ ღერძად აღიარა. ამ ახალგაზრდობისთვის, სხვათა შორის, შენი იმდროინდელი შემოქმედების ნაყოფი გახდა მისი გონებრივი და ზნეობრივი ზრდის პირველ საფეხურად, რომელზედაც ეს ახალთაობა უნდა შემდგარიყო, რომ გულმოდგინეთ შესდგომოდა იმ დიადი მოძღვრების შესისხლხორცებას და ჩვენ ცხოვრებაში გადმონერგვას, რომელიც გვასწავლის, რომ კაცობრიობის წინსვლის აუცილებელ და უდიდეს მიზანს შეადგენს თანასწორობის დამყარება. ხოლო გზა, რომლითაც ამ მიზანს მიაღწევს კაცობრიობა, არის შეურიგებელი სასტიკი ბრძოლა კლასთა შორის“.

მემარცხენე მოძრაობის უპირობო ლიდერი ნოე ჟორდანია იყო. მის სახელს უკავშირდება კლასობრივი საკითხის დემოკრატიული ორთაბრძოლის ცენტრში წარმოჩენა. ჟორდანიამ, თანამებრძოლებთან ერთად, მოახერხა, პოლიტიკურ პროცესში უშუალოდ ჩართულიყვნენ საზოგადოების ყველაზე დაბალი და მრავალრიცხოვანი ფენები. სწორედ ეს მრავალფეროვნება და სააზროვნო სივრცეში ელიტის მიღმა დარჩენილი ფენების შეყვანა გახლდათ პირველი რესპუბლიკის შექმნის წინაპირობა. ამ რესპუბლიკის სოციალურად სამართლიან და დემოკრატიულ შინაარსზე მთელ მსოფლიოში დღემდე ლაპარაკობენ. მაშინდელი მიღწევები ამ დრომდე სანატრელია ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ქართულ დემოკრატიას საფუძველი ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა. დემოკრატია მარჯვნიდან – არჩილ ჯორჯაძემ, მარცხნიდან კი ნოე ჟორდანიამ გააძლიერა. ამ სამი მოაზროვნის მემკვიდრეობის ფუნდამენტური შესწავლა ჩვენი ქვეყნის სამართლიანი და თავისუფალი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი