შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გარდაქმნის ბედისწერა

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე საბჭოთა კავშირის დაშლისა და „სოციალისტური ბანაკის“ რღვევის საკითხებს მნიშვნელოვან დროს უთმობენ ხოლმე. მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად მსჯელობენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარდატეხის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებზე. მოზარდები კამათობენ თავიანთი სახელმწიფოების მიერ განვლილ გზებზე. თემის შესწავლის დროს ერთ-ერთი მთავარი მეთოდი შედარებაა. ახალგაზრდები ერთმანეთს საბჭოთა რეჟიმიდან დახსნის სხვადასხვა გამოცდილებას ადარებენ. რიგმა ქვეყნებმა გარდაქმნა მშვიდობიანად და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად შეძლეს. სახელმწიფოთა ნაწილი კი დღემდე წარუმატებლად  ცდილობს ძველი რეჟიმისგან, მისი ნარჩენებისგან თავის დაღწევას, გათავისუფლებას.

ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ საბჭოთა რეჟიმიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის რამდენიმე მარტივ მაგალითს ჩვენც გავიაზრებთ.

თავდაპირველად, საქართველოს შემთხვევაზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორ დატოვა საქართველომ საბჭოთა კავშირი?

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველოს მაშინდელი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გაიწვია და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. საბჭოთა საქართველოს სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებიც „ბოროტების იმპერიაში“ მიმდინარე რეფორმატორულ პროცესებს დიდად არ გულშემატკივრობდნენ. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა დაენდოთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლება ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული სფეროების ხელშეწყობას, არაგეგმური ეკონომიკის განვითარებას. ქართველი კომუნისტები ერთ-ერთ ყველაზე რეტროგრადულ პოზიციაზე იდგნენ და ბრეჟნევის დროინდელი წესრიგის შენარჩუნებას თავიანთ მთავარ ამოცანად მიიჩნევდნენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ ოპონენტთა წინააღმდეგ დაუფიქრებლად გამოეყენებინათ ყველაზე დაუნდობელი და რეპრესიული მეთოდები.

რეტროგრადი ქართველი კომუნისტების ოპოზიციას რადიკალი დისიდენტები წარმოადგენდნენ. ქართველი დისიდენტები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. თუ ალექსის დე ტოკვილის საზომებით ვიმსჯელებთ, დისიდენტების მნიშვნელოვან ნაწილს სამშობლოს მხოლოდ ემოციური მხარე ჰქონდა გააზრებული. ისინი თავიანთ ქვეყანას მხოლოდ მისტიური პერსპექტივიდან აფასებდნენ. კომუნისტების ოპოზიციას ბევრი ნამდვილად არ ჰქონდა ნაფიქრი სახელმწიფოებრივ ასპექტებზე. სახელმწიფო წყობაზე, კანონებზე, ეკონომიკურ მოდელებზე, საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგებზე და მათ დაბალანსებაზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები „წითელი დიქტატურის“ დამარცხების შემდეგ აპირებდნენ მსჯელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტისაბჭოთა აქტივისტები მრავალრიცხოვან ჯგუფებს ვერ ქმნიდნენ, ისინი ცოტანი იყვნენ, 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მათ ინტელექტუალები და მოსახლეობის გავლენიანი ფენები ღიად მხარს არ უჭერდნენ. დისიდენტთა მოქმედებები სპონტანური და ნაკლებად ინტენსიური იყო. ოპოზიციონერებს მუდმივი კავშირი არ ჰქონიათ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან. ხანდახან მთელი ანტიბოლშევიკური მოძრაობა ციხეში გამოკეტილ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ითვლიდა. 9 აპრილის შემდეგ ქართველ დისიდენტებსა და ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის შეთანხმებაზე საუბარი საბოლოოდ იქცა უტოპიად. დამოუკიდებლობის მიჯნაზე მდგარ საქართველოში შეთანხმების მიღწევის მცდელობა შეუძლებელ ამოცანად და მკრეხელურ განზრახვად მიიჩნეოდა.

მაშასადამე, საბჭოთა კავშირის რღვევისას ქართული პოლიტიკის ორივე პოლუსზე ძალაუფლება რადიკალთა ხელში გახლდათ თავმოყრილი.

რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში?

ხშირად სიამოვნებით ვიხსენებ ლიტვის მაგალითს. 1988 წელს ლიტვის კომუნისტურ პარტიას სათავეში ჩაუდგა ალგირდას ბრაზაუსკასი. ბრაზაუსკასი მართლმორწმუნე კომუნისტი არასდროს ყოფილა. მას მემარცხენე პოლიტიკური პოზიციები ჰქონდა და როგორც თავის მემუარებში წერს, დარწმუნებული იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლომდე აუცილებლად მოუწევდა დამოუკიდებელ ლიტვაში საქმიანობა. თავისი მოლოდინიდან გამომდინარე, ისიც და მისი თანამებრძოლებიც ყოველთვის ემზადებოდნენ თავისუფალ რესპუბლიკაში საცხოვრებლად. ლიტველ კომუნისტებს ჰქონდათ სახელმწიფო სტრუქტურების გარდაქმნისა და რუსეთის გარეშე განვითარების მკაფიო გეგმები. შესაბამისად, არავის გაკვირვებია ის, რომ ცკ-ის პირველ მდივნად არჩევიდან რამდენიმე თვეში ბრაზაუსკასმა კომუნისტური პარტია სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობად გადააკეთა და დისიდენტთა ჯგუფების ინიციატივებს დაუჭირა მხარი. მისი მონაწილეობით გამოაცხადა ლიტვამ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ ბრაზაუსკასის ინიციატივით დაიწყო ლიტვამ ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება. მისი პრეზიდენტობის დროს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკომუნისტი ოპოზიციონერი ვიტაუტას ლანდსბერგისი გახლდათ. მათ ერთად მუშაობაც შეეძლოთ. ნატო-სა და ევროკავშირის წევრად ბალტიური რესპუბლიკის მიღების ცერემონიალზე მილოცვებს პრემიერ-მინისტრი ბრაზაუსკასი იღებდა.

შეგვიძლია ჩეხეთის შემთხვევაც გავიხსენოთ. 1960-იანი წლების ბოლოს ჩეხოსლოვაკიის სათავეში რეფორმისტი კომუნისტი ალექსანდრ დუბჩეკი მოვიდა. მან სოციალიზმისთვის ადამიანური სახის დაბრუნება გადაწყვიტა. დუბჩეკმა დაიწყო ჩეხოსლოვაკიის დეცენტრალიზაციის, ქვეყანაში მედიის გათავისუფლების, სოციალური და პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა. საბჭოთა კავშირმა დაუმორჩილებელ სოციალისტურ სახელმწიფოს შესაფერისი პასუხი გასცა. პრაღის ქუჩებში რეფორმების მხარდასაჭერად გამოსული ადამიანები ტანკებით დაარბიეს. „პრაღის გაზაფხულამდეც“ და მის შემდეგაც ჩეხოსლოვაკიაში დისიდენტური მოძრაობა არ განელებულა. ინტელექტუალები ინტენსიურად იკრიბებოდნენ, მართავდნენ ანტისაბჭოთა ღონისძიებებს, ბოლშევიკთა საწინააღმდეგო განწყობები მძლავრობდა შემოქმედებით საქმიანობაშიც. ვაცლავ ჰაველს, მილან კუნდერასა და სხვა ხელოვანებს კავშირი ჰქონდათ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ კოლეგებთან, მათ არ აკლდათ „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი მოაზროვნეების მხარდაჭერა. 1976 წელს 242 განსხვავებული შეხედულებების, რელიგიის, სოციალური წარმოშობის, საქმიანობის ადამიანმა ერთად მოაწერა ხელი მთავრობისადმი მიმართვის ტექსტს. „ქარტია 77“ ხელისუფლებას ჰელსინკის აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას სთხოვდა. მოკლედ, ჩეხოსლოვაკიის დისიდენტური მოძრაობა შედარებით მრავალრიცხოვანი გახლდათ, მოქმედებდა ინტენსიურად, მრავალი წლის განმავლობაში, ჰყავდა მხარდამჭერები ხელისუფლებაში, მზად იყო კონსენსუსისთვის. დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავარი ანტისაბჭოთა მოღვაწე, ვაცლავ ჰაველი გახდა, პარლამენტს კი კომპარტიის რეფორმისტი წარმომადგენელი, „პრაღის გაზაფხულის“ გამო შერისხული ალექსანდრ დუბჩეკი ჩაუდგა სათავეში. ზომიერმა კომუნისტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დისიდენტებმა ერთად დაიწყეს ახალი წყობის შენება.

ახლადწარმოქმნილი პოსტკომუნისტური ქვეყნების განვითარება დიდწილად განსაზღვრა გარდაქმნის ბედისწერამ. სამწუხაროდ, ჩვენ არც საბჭოთა კავშირის რღვევის დროს გაგვიმართლა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი