ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ურთიერთდეტერმინიზმი და თვითეფექტიანობა

1960-იან წლებში ალბერტ ბანდურამ აჩვენა, რომ ადამიანს შეუძლია ისწავლოს სხვის ქცევასა და მის შედეგებზე დაკვირვებით. ბანდურას სოციალური სწავლის თეორია ხაზს უსვამდა დაკვირვებას, მოდელირებას და არაპირდაპირ განმტკიცებას. დროთა განმავლობაში სწავლის თაობაზე ბანდურასეული შეხედულებები, მოდელთა სოციალურ გავლენებთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა კოგნიტურ ფაქტორებს, ისეთებს, როგორიცაა მოლოდინი და რწმენა. მისი თეორია ცნობილია სოციალურ-კოგნიტური თეორიის სახელით.

სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში მნიშვნელოვანია როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. პიროვნული ფაქტორები (რწმენა, მოლოდინი, დამოკიდებულება და ცოდნა), ფიზიკური და სოციალური გარემო (რესურსები, სხვისი ქცევის შედეგები, სხვა ადამიანები, ფიზიკური გარემო) და ქცევა (ინდივიდუალური ქმედება, არჩევანი და ვერბალური გამონათქვამები) სწავლის პროცესში გავლენას ახდენს ერთმანეთზე. ამას ბანდურა ურთიერთდეტერმინიზმს უწოდებს.

ასეთ სოციალურ ფაქტორებს, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუქტირების სტრატეგიები ან უკუკავშირი (გარემოს ელემენტები), შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლის პიროვნულ ფაქტორებზე. ეს უკანასკნელი მოიაზრებს მიზნებს, დავალების ეფექტიანად შესრულების განცდას, ატრიბუციებს (რწმენას წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზთა შესახებ) და თვითრეგულაციის ხერხებს – დაგეგმვას, მონიტორინგს და ხელისშემშლელ ფაქტორთა კონტროლს. მაგალითად, მასწავლებელთან უკუკავშირმა შესაძლოა მოსწავლეებს უფრო მაღალი მიზნების დასახვისკენ უბიძგოს. გარემოს სოციალური გავლენები და პიროვნული ფაქტორები წაახალისებს ისეთ ქცევას, რომელიც, თავის მხრივ, დადებით შედეგებს იწვევს –  შეუპოვრობას, მოტივაციას და სწავლას. მაგრამ ეს ქცევა ზემოქმედებს პიროვნულ ფაქტორებზეც. მაგალითად, ამ მიღწევების შედეგად იზრდება მოსწავლეთა თვითრწმენა და ინტერესი. ქცევა გავლენას ახდენს გარემოზეც. მაგალითად, თუ მოსწავლეები არ იჩენენ ინტერესს ან თუ ვერ გაიგეს ნასწავლი, მასწავლებელმა შეიძლება შეცვალოს ინსტრუქტირების სტრატეგია ან უკუკავშირის ფორმა.

ერთი წუთით დაფიქრდით, რა დიდი ძალა აქვს კლასში ურთიერთდეტერმინიზმს. თუ პიროვნული ფაქტორები, ქცევა და გარემო ერთმანეთთან მუდმივ ინტერაქციაშია, მაშინ მოვლენათა ციკლი პროგრესული და უწყვეტია. წარმოიდგინეთ, რომ სკოლაში ახალგადმოსული მოსწავლე კლასში დაგვიანებით შედის, რადგან უცნობ შენობაში გზა აებნა. მოსწავლეს სხეულზე რამდენიმე ტატუ და პირსინგი აქვს. პირველი დღეა, ის ძალიან ღელავს და იმედოვნებს, რომ ახალ სკოლაში უკეთ იქნება. მაგრამ მასწავლებლის რეაქცია დაგვიანებასა და მოსწავლის გარეგნობაზე თავდაპირველად ცოტათი მტრულია. მოსწავლეს თავი შეურაცხყოფილად მიაჩნია და “ხურდას უბრუნებს” მასწავლებელს. ამრიგად, მასწავლებელი იწყებს ამ მოსწავლის მიმართ მოლოდინის ჩამოყალიბებას – ნაკლები ნდობითა და მეტი სიფრთხილით ეკიდება მას. მოსწავლე გრძნობს უნდობლობას, ასკვნის, რომ ეს სკოლაც ისეთივე უვარგისია, როგორც წინა და ფიქრობს, რომ ყოველი მისი მცდელობა ამაოა. მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლე არ ამჟღავნებს ინიციატივას და მის სწავლებაზე ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს. ასე გრძელდება ციკლი.

ალბერტ ბანდურას მიაჩნდა, რომ ქცევის შესაძლო შედეგების წინასწარგანჭვრეტა გადამწყვეტია სწავლაში, რადგან ეს მოქმედებს მოტივაციაზე. „შევძლებ ამას თუ მარცხს ვიწვნევ?” „მოვეწონები თუ დამცინებენ?” „მიმიღებენ თუ არა მასწავლებლები ახალ სკოლაში უკეთესად, ვიდრე წინაში?” – ეს ის წინასწარი განცდებია, რომლებიც გავლენას ახდენს თვითეფექტიანობაზე, მოცემულ სფეროში ჩვენი პირადი კომპეტენციის შესახებ რწმენაზე. ბანდურას განსაზღვრებით, თვითეფექტიანობა არის „რწმენა იმისა, რამდენად შეგვიძლია ცოდნის მოცემული დონის მისაღწევად საჭირო ქმედებათა ორგანიზება”.

თვითეფექტიანობა, მე-კონცეფცია, თვითშეფასება.  

ბევრს მიაჩნია, რომ თვითეფექტიანობა იგივეა, რაც მე-კონცეფცია და თვითშეფასება, მაგრამ ასე არ არის. თვითეფექტიანობა მომავალზეა ორიენტირებული, „ესაა დავალების შესრულების კომპეტენციის სპეციფიკურკონტექსტიანი შეფასება”. მე-კონცეფცია უფრო გლობალური კონსტრუქტია, რომელიც პიროვნების მრავალმხრივ აღქმას მოიცავს, მათ შორის – თვითეფექტიანობასაც. მე-კონცეფცია ვითარდება ჩემ შესახებ საკუთარი და სხვისი შეფასებების შედარების შედეგად. თვითეფექტიანობა ყურადღებას ამახვილებს შესაძლებლობაზე – წარმატებით შევასრულებ თუ არა განსაზღვრულ დავალებას. საკითხი ასე დგას: შევძლებ თუ არა მე ამას და შეძლებდნენ თუ არა სხვებიც. ამასთანავე, თვითეფექტიანობის რწმენა მეტი სიზუსტით განსაზღვრავს ქცევას, ხოლო მე-კონცეფციას უფრო სუსტი წინასწარმეტყველური ძალა აქვს.


თვითშეფასებისგან განსხვავებით, თვითეფექტიანობა გულისხმობს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და განსჯას, თვითშეფასება კი საკუთარ ღირსებას აფასებს. შესაძლოა, განსაზღვრულ სფეროში თავს ძალზე წარმატებულად გრძნობდე, მაგრამ მაინც არ გქონდეს მაღალი ღირსების გრძნობა, ან პირიქით. მაგალითად, მე ცეკვაში ძალიან დაბალი თვითეფექტიანობის განცდა მაქვს, მაგრამ ეს ჩემს თვითშეფასებაზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს – ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცეკვას უმნიშვნელო ადგილი უკავია, მაგრამ რომელიმე ჯგუფთან ტრენინგის ჩატარებისას ჩემს თვითეფექტიანობის განცდას ვარდნა რომ დაეწყო, ვიცი, ამით ჩემი თვითშეფასება იზარალებდა.

თვითეფექტიანობის წყაროები. ბანდურამ დაადგინა თვითეფექტიანობის ოთხი წყარო: დახელოვნების/დაოსტატების გამოცდილება, ფიზიოლოგიური და ემოციური აგზნება, არაპირდაპირი (ვიკარული) განმტკიცება და სოციალური რწმენა. დახელოვნების, დაოსტატების გამოცდილება პირადი გამოცდილებაა. იგი ჩვენი კომპეტენტურობის შესახებ ინფორმაციის ყველაზე ძლიერი წყაროა. წარმატება ზრდის რწმენას, მაშინ როცა წარუმატებლობა ამცირებს მას. აგზნების დონე გავლენას ახდენს თვითეფექტიანობაზე, იმის მიხედვით, როგორ იქნება ის ინტერპრეტირებული ჩვენ მიერ. თუ დავალების შესრულებისას ღელავთ, ეფექტიანობა ეცემა, თუ ყურადღებით და შემართებით ასრულებთ მას – იზრდება.

არაპირდაპირი, ვიკარული განმტკიცების დროს სხვა იძლევა მიღწევათა ნიმუშს. რაც უფრო მეტად ახდენს მოსწავლე მოდელთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, მით მეტია თვითეფექტიანობაზე გავლენა. როცა მოდელი წარმატებულია, მოსწავლის ეფექტიანობაც იზრდება; როცა მოდელი წარუმატებელია, ეფექტიანობის მოლოდინი იკლებს. მიჩნეულია, რომ დახელოვნების გამოცდილება ეფეტიანობის რწმენის ყველაზე გავლენიანი წყაროა ზრდასრულებთან, ხოლო ბავშვებთან თვითეფექტიანობაზე ყველაზე მეტად მოდელების გავლენა დასტურდება.

სოციალური რწმენა შეიძლება იყოს „წამაქეზებელი საუბარი” (მაგალითად, „მე ამას შევძლებ”) ან სხვა სპეციფიკური ქმედების უკუკავშირი. მხოლოდ სოციალური რწმენა ვერ შექმნის მაღალი თვითეფექტიანობის განცდას, მაგრამ თვითეფექტიანობის რწმენას შეუძლია უბიძგოს მოსწავლეს, ძალისხმევის დაუზოგავად გამოსცადოს ახალი სტრატეგიები და ბეჯითად იშრომოს მიზნის მისაღწევად. რწმენის პოტენცია ასევე დამოკიდებულია ექსპერტის დამაჯერებლობაზე, სანდოობასა და კომპეტენციაზეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი