პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კრიტიკული აზროვნების განვითარება კოლაბორაციული სწავლებისას და სტრატეგია „ზიგზაგი“

თანამედროვე მოზარდები საგრძნობლად ცნობისმოყვარეები არიან, მათ სურთ სამყაროს შეცნობა, შეუძლიათ ორიგინალური იდეების წამოყენება და სერიოზული შეკითხვების დასმა. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა განვითარებას და აზროვნების სტიმულაციას, რისთვისაც ფართოდ უნდა გამოიყენოს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და სწავლა/სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები. 

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ტექნოლოგიას კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია წარმოადგენს. მისი სისტემატური გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა გონებრივი საქმიანობის გააქტიურება. იგი ორიენტირებულია ინფორმაციის გააზრებასა და გადამუშავებაზე. ამ დროს მოსწავლეები, ამოდიან რა რეალური და კონკრეტული მიზნებიდან, სწავლის პროცესში თავად ახდენენ ცოდნის კონსტრუირებას, განსაზღვრავენ საკუთარი განვითარების მიმართულებას და საბოლოო შედეგს. კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგიის გამოყენებით ცოცხლდება გაკვეთილი, ხოლო სწავლა გადაიქცევა სახალისო და სასიამოვნო ემოციების პროცესად.

იმისათვის, რომ მივცეთ ბავშვებს გაკვეთილზე აქტიური მოქმედების და საკუთარი ცოდნის გამოყენების საშუალება, ტექნოლოგიის ავტორები გვათავაზობენ გაკვეთილის აგების შემდეგ სქემას:

კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ინფორმაციასთან მუშაობის გამოცდილება. საამისოდ ძალიან მოსახერხებელია სტრატეგია „ზიგზაგი”1. ასეთი სახელი მას ინფორმაციასთან მუშაობის არასწორი, ზიგზაგისებური ფორმის გამო ეწოდება. სტრატეგია „ზიგზაგი” ტექსტის მოცულობის შესაბამისად ორ ნაწილად იყოფა: „ზიგზაგი” და „ზიგზაგი – 2″. „ზიგზაგი” ძირითადად დიდი მოცულობის ტექსტებთან სამუშაოდ გამოიყენება (მსგავსია სტრატეგია „მოზაიკა-1″), ხოლო „ზიგზაგი – 2″ – მცირე ზომის ტექსტებისთვის.

ზოგადად სტრატეგია „ზიგზაგი” და კონკრეტულად სტრატეგია „ზიგზაგი – 2″ გამოიყენება შემდეგი მიზნების გადაჭრისთვის:

§ტექსტის ერთობლივი ანალიზი;
§ჯგუფში კვლევითი საქმიანობის წარმართვა;
§ინფორმაციის გადაცემა;
§ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით რომელიმე საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტა.

სტრატეგია „ზიგზაგი” და განსაკუთრებით „ზიგზაგი – 2″ (Johnson, Johnson, & Holubec, 1990; Slavin, 1980) გულისხმობს თანამშრომლობით სწავლა/სწავლებას და ამ გზით სხვადასხვა უნარების, განსაკუთრებით კი ერთობლივი კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარებას. თანამშრომლობითი სწავლის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება2. და რადგან გუნდის მიზანია, ერთობლივად მიაღწიოს მიზანს, ეს განაპირობებს თითოეული წევრის პასუხისმგებლობას და ერთმანეთის დახმარების სურვილსაც3. კარგად წარმართული თანამშრომლობითი მუშაობის ტექნიკით (სტრუქტურებით) უზრუნველყოფილია პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის მოქმედება4.

თანამშრომლობითი მუშაობისას ჯგუფში (მცირე ზომის ჯგუფები) ახალი იდეები წამოიჭრება. ამ იდეებს ერთობლივად განიხილავენ და გადაჭრიან. სამუშაო პროცესი გაცილებით ახლოსაა რეალურ სიტუაციასთან, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილი, როდესაც შემოქმედებითი ხასიათის დავალებებს ვაძლევთ ჯგუფებს, რადგან „ზიგზაგისებური” გადაწყვეტილებები არამარტო კომპრომისის საფუძველზე მიიღება, არამედ აქცენტირდება ჯგუფში წამოყენებულ ყველაზე ღირებულ იდეაზე და მეტ გასაქანს აძლევს ინდივიდუალიზმს.

თანამშრომლობითი სწავლის ეფექტურობისთვის და ამ გზით კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ შეადგინოს დავალება ისე, რომ გუნდის თითოეულ წევრს კონკრეტული ამოცანა ჰქონდეს შესასრულებელი. მასწავლებელმა ასევე, წინასწარ უნდა შექმნას თემატური კონტექსტი და მუშაობის პრინციპები განუმარტოს მოსწავლეებს5.

მუშაობის ეტაპები: ა) სამუშაო ჯგუფი მიიღებს ტექსტს, რომელსაც „უნდა გადახედოს”; ბ) ჯგუფის წევრების რაოდენობის შესაბამისია მიცემული დავალებებიც (ჯგუფში 4-6 მონაწილე); გ) „ცალკეული” საკითხების სპეციალისტები ერთიანდებიან „ექსპერტულ” ჯგუფებში; დ) „ექსპერტული” ჯგუფები ყურადღებით ეცნობიან ტექსტს, ეძებენ პასუხებს მიცემულ დავალებაზე; ე) „ექსპერტული” ჯგუფები შეისწავლიან საკითხს და ამზადებენ პერეზენტაციას „სამუშაო” ჯგუფისთვის; ვ) ბრუნდებიან რა „სამუშაო” ჯგუფებში, ექსპერტები პასუხობენ „თავიანთ” შეკითხვებზე; ზ) კითხვებზე პასუხს მთელი აუდიტორია ისმენს.
სტრატეგიის მუშაობის სქემა:

 
დასკვნით ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია განიხილოს მოსწავლეებთან შედარებით პრობლემური, სადავო თემები, შესთავაზოს დავალება ან სხვა დამატებითი წყაროების გაცნობა, რომელიც საკითხის შემდეგი კვლევისთვისაა მნიშვნელოვანი.
სამუშაოს ბოლოს მნიშნელოვანი ეტაპია შეფასება, როგორც ჯგუფური, ასევე – ინდივიდუალური ფორმით, მაგრამ, რადგან ეს იყო თანამშრომლობითი სწავლა/სწავლება, ამიტომ უმჯობესია მოსწავლეებს ვუბიძგოთ თვითშეფასებისკენ. თვითშეფასების ფურცელში მოსწავლე შეაფასებს თავის მოღვაწეობას ჯგუფში. თითოეული მის მიერ შესრულებული მოქმედება შეიძლება შეფასდეს 5-ბალიანი სისტემით:
მაგალითად, მოსწავლეთა თვითშეფასების ფურცელი:
ასეთი შეფასების შედეგებით მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს, რა მიმართულებით მიდის მისი განვითარება, რა გზით უნდა წავიდეს შემდეგში. მასწავლებელი კი განსაზღვრავს, რამდენად ადეკვატურია მოსწავლის საქმიანობა ჯგუფში.

კოლაბორაციული სწავლებისას კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის გამოიყენება ასევე სტრატეგია „საპირისპირო ზიგზაგი” (ავტორი Т. Hedeen (2003). იგი იმით განხვავდება ძირითადისაგან, რომ: ა) ექსპერტების ჯგუფის სპიკერი ნაცვლად იმისა, რომ დაუბრუნდეს თავის სამუშაო ჯგუფს, გამოკვლეულ მასალას გააცნობს მთელ აუდიტორიას; ბ) თავის მხრივ აუდიტორია შეკითხვებს დაუსვამს ექსპერტულ ჯგუფებს და ისინიც უპასუხებენ, დააზუსტებენ ინფორმაციას; გ) ამის შემდეგ ექსპერტული ჯგუფის წევრები გააკონტროლებენ აუდიტორიის მიერ მასალის ათვისების ხარისხსაც6.

მაგალითი: სტრატეგია „ზიგზაგი 2-ის” გამოყენებით განვიხილოთ თემა, რომელიც ნებისმიერი სასწავლო დისციპლინის სწავლებისას შეიძლება წამოიჭრას:

თემა: „თანამედროვე სამყაროს მრავალფეროვნება”

სტრატეგია „ზიგზაგი 2-ის” წესის თანახმად, სამუშაოდ წარმოდგენილი იქნება მცირე ზომის ტექსტები, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარებიან. სავარაუდო ტექსტების მიხედვით შესაძლო საკითხების ჩამონათვალი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

I ეტაპი:

§ტექსტების გაცნობა ჯგუფებისთვის (ისინი თითქმის ყველა სასწავლო დისციპლინის ფარგლებში გვხდებიან);

II ეტაპი:

§ტექსტის გამოყენებით დაასახელეთ…. (ისტორიული, ევოლუციური, გეოლოგიური, ტექნოლოგიური…) განვითარების ეტაპები;
§დაასახელეთ … (სამრეწველო წარმოების, ადამიანის განვითარების, სეისმური საშუალებების, კოსმოსის კვლევის…) ეტაპები;
§დაასახელეთ (საზოგადოების, კულტურის, ხელოვნების, ბუნებისმეტყველების…) განვითარების ეტაპები.

III ეტაპი:

§კლასი იყოფა ჯგუფებად – 1, II, III:
§1-ელი შეისწავლის (ისტორიული…) განვითარების ეტაპებს და შეადგენს კლასტერს;
§II ჯგუფი შეიმუშავებს (სამრეწველო საზოგადოებაზე…) და დაწერს სინქვეინს;
§III ჯგუფი შეიმუშავებს (პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე…) და შეავსებს ლინგვისტურ კონსტრუქციას.

IV ეტაპი:

§თავის მხრივ თითოეული ჯგუფი საკითხის ირგვლივ მოიფიქრებს 1 ან 2 საკონტროლო შეკითხვას;
§ჯგუფები მუშაობენ 10 წუთი;

§შემდეგ 1, II, III ჯგუფის მონაწილეებიდან იქნება ახალი ჯგუფი;
§და თითოეული მათგანი წარმოადგენს თავის თემას, გაეცნობა დამატებით საკითხებს, დასვამს შეკითხვებს.
§მუშაობის 10 წუთი;

V ეტაპი:
§პრეზენტაცია;
§შეფასება;
§დასასრული.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გაკვეთილებზე ყალიბდება კოლაბორაციული უნარ-ჩვევები, მოსწავლეები გამოკვეთავენ საკუთარ შეცდომებს, სწავლობენ თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ფასს, იზრდება მათი აქტივობა და ჩართულობა, სტრატეგია „ზიგზაგი”-ის ყველაზე მთავარ ღირსებად მაინც ერთობლივი კრიტიკული ანალიზის უნარის განვითარება მიიჩნევა. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით მონაწილეები არა მარტო საგაკვეთილო მასალის მომზადებასა და გაფორმებაში იღებენ მონაწილეობას, არამედ სრული სახით ეცნობიან მოცემულ საკითხს. შედეგად იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება გაკვეთილის მიმართ, მაღლდება მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მასალის გადმოცემის, ლოგიკური საუბრის, ანალიზის, კვლევითი საქმიანობის, შეკითხვის დასმის უნარები და აქტიურდება შემეცნებითი ინტერესი გარე სამყაროს მიმართ, რაც საბოლოო ჯამში წარმატებული სწავლის საუკეთესო მოტივატორია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Развитие критического мышления на уроке. Заир-Бек С …
www.alleng.ru/d/schexam/schexam028.htm
2. Johnson, D. W., & Johnson, R. (1985, 1990). Cooperative learning: Warm-ups, grouping strategies and group activities. Edina, MN: Interaction Book Company. Second edition, 1990; Slavin, R., Sharan, S. Kagan, S., Hertz-Lazarowitz, R., Webb, C. & Schmuck, R. (Eds.) Learning to Cooperate, Cooperating to Learn. New York, NY: Plenum, 1985;
3. Тарханова И.Ю. Стратегии интерактивного обучения
yspu.org/…/ТАРХАНОВА_Стратегии_интерактивно..
<4. https://www.kaganonline.com/free_articles/dr_spencer_kagan/384/Effect-Size-Reveals-the-Impact-of-Kagan-Structures-and-Cooperative-Learning,3>
5. თეო ნეფარიძე, თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება, https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=241
https://www.gifted.uconn.edu/nrcgt/reports/rbdm9106/rbdm9106.pdf
6. Hedeen, T. (2003). The reverse jigsaw: A process of cooperative learning and discussion. Teaching Sociology, 31(3), 325–332; https://www.jstor.org/stable/3211330?seq=1#page_scan_tab_contents

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი