შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რა დანიშნულება აქვს სინამდვილეში სასკოლო სისტემას?

ავტორი: პროფესორი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯი, აშშ

Source: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201704/what-are-the-proper-purposes-system-schooling;

https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201706/ideal-purposes-schools-readers-weigh-in

 

სანამ რამეს განვავითარებთ ან შევქმნით, ალბათ აუცილებელია, ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მის დანიშნულებაზე. რას უნდა აკეთებდეს ის, რასაც ვქმნით? რაღაცის აგებულებაზე ან სტრუქტურაზე საუბარს ალბათ აზრი არ აქვს, თუ გონების თვალით ვერ ვხედავთ ამ „რაღაცის“ ფუნქციას. ფორმა ფუნქციას უნდა მოჰყვეს.

ხალხს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სავალდებულო სასკოლო განათლების საყოველთაო სისტემას, – სისტემას, რომელიც ჩვენი სკოლებისთვის დღესაც მოდელად გამოიყენება, – ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რა მიზნით ქმნიდა მას.

ეს ხალხი იყო პროტესტანტი მღვდლები ევროპიდან და ამერიკული კოლონიებიდან, პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდში, მე-17 და მე-18 საუკუნეების მიჯნაზე. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სკოლა ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: ინდოქტრინაციას (იდეოლოგიურ დამუშავებას) და მორჩილების სწავლებას.

სისტემის შექმნელებს სჯეროდათ, რომ ბავშვები (ისევე როგორც მოზრდილები) ბუნებრივად ცოდვილები არიან და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ბიბლიური ინდოქტრინაცია და თავისუფალი ნების დათრგუნვაა. სკოლები, რომლებიც მათ შექმნეს, ამ მიზანს იყო მორგებული.

პროტესტანტული სკოლების იდეა იყო ბავშვებისთვის იმ გაკვეთილების სწავლება, რომლებიც უმეტესწილად სახარებისეული და ბიბლიური სწავლებიდან მომდინარეობდა. მათი რწმენით, ის მოსწავლეები, რომლებიც ბიბლიურ გაკვეთილებს ვერ შეისწავლიდნენ, დაისჯებოდნენ, ხოლო წარმატებული მოსწავლეები ჯილდოს მიიღებდნენ (ან, ყოველ შემთხვევაში, არ დაისჯებოდნენ მაინც).

ვინაიდან განზრახული ჰქონდათ, ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივე ესწავლებინათ, ბუნებრივი იყო სასწავლო ოთახში მათი რიგებად დასმა გაკვეთილების მოსასმენად, რომელსაც მასწავლებელი უძღვებოდა (იმ დროს მასწავლებელს „მასტერი“ ანუ ბატონი, წინამღოლი ერქვა) ან წიგნიდან გაკვეთილების ხმამაღლა წასაკითხად. სწავლებას გამოცდები მოსდევდა – ყველა ერთნაირ გამოცდას აბარებდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბავშვებმა ის აითვისეს, რაც უნდა აეთვისებინათ.

რაკი ყველაფერი, რასაც ადრეულ სკოლებში ასწავლიდნენ, „ჭეშმარიტებად“ ითვლებოდა, კითხვებს „მასტერს“ არავინ უსვამდა; სკოლა მხოლოდ გადაცემული მასალის დასაზეპირებლად იყო შექმნილი.

ვინაიდან სკოლის მთავარი დანიშნულება ბავშვებისთვის მორჩილების სწავლება იყო, ასევე ბუნებრივად მიიჩნეოდა, მოსწავლეებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე ეკეთებინათ ის, რასაც მათ მასწავლებელი ავალებდა. ეკეთებინათ ისე, როგორც მათ ეს მასწავლებელმა ასწავლა და იმ დროში, რომელიც დავალებისთვის გამოუყვეს.

დღეს სკოლის ადმინისტრაციებისა და მასწავლებლების უმრავლესობა მორჩილების სწავლებასა და ინდოქტრინაციას აღარ ისახავს მიზნად და ამას სკოლის მთავარ დანიშნულებად აღარ განიხილავს (ყოველ შემთხვევაში, ამას აშკარად არავინ აღიარებს), მაგრამ ჩვენი სკოლების საბაზისო სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს დღეს სკოლებისა და სისტემის ფუნდამენტური პრობლემაა და ალბათ ამის გამო არ მუშაობს სკოლები ისე, როგორც გვსურს. სკოლების სიტემა კონკრეტული მიზნით ჩამოყალიბდა, მაგრამ დღეს იქ მომსახურე ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სკოლა სხვა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

სასკოლო რეფორმების ნებისმიერი საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს შემდეგი კითხვებით: რა არის სკოლის რეალური ფუნქცია? რატომ გვინდა, გვქონდეს სკოლა? რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს მას? მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ სკოლების ერთადერთი დანიშნულება დღის განმავლობაში ბავშვის მეთვალყურეობა (ინგ. babysitting) არ არის და მათ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვთ. რა როლი უნდა ეკისროს სკოლას განათლებაში? სხვა სიტყვებით – რა გვინდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში? ხასიათის რა თვისებები გვინდა განუვითარონ სკოლაში ბავშვებს? მგონია, რომ ესენია ძირეული კითხვები. კვლავ წარმოვიდგინოთ, რომ სამომავლო სასკოლო სისტემის ჩამოყალიბების კომიტეტის წევრები ვართ. ხალხი, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს განათლების ეს რგოლი და საქმე ნულიდან დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ და კომიტეტის სხვა წევრები ახალი სისტემის სტრუქტურის შექმნამდე ამ სკოლების დანიშნულებასა და ფუნქციაზე იმსჯელებთ. ასევე დავუშვათ, რომ თქვენ იდეალისტი ბრძანდებით და გჯერათ, რომ სკოლის საქმე განათლება უნდა იყოს (ამის საპირისპირო მოსაზრება იქნება, თუ გჯერათ, რომ სკოლა მასწავლებლების დასასაქმებლად ან სახელმძღვანელოების საბეჭდ-საგამომცემლო ბიზნესისთვის უნდა არსებობდეს). თუ რომელიმე მოსაზრებას ემხრობით, წარმოიდგინეთ, რომ ზემოხსენებული კომიტეტის მომდევნო კრებაზე თქვენი მოსაზრებისა და მოკლე გეგმის წარდგენა გთხოვეს. ამ მიზნით მე ჩემს მკითხველებს ზემომოყვანილი კითხვები დავუგზავნე. პასუხებმაც არ დააყოვნა.

სტატიის მომდევნო ნაწილი შეეხება მომავლის სკოლაზე იმ მოსაზრებებს, რომლებიც ჩემი წერილის მკითხველებმა მომაწოდეს. ფაქტობრივად, გაგაცნობთ გამოკვლევის მიმოხილვას, რომელიც მკითხველების მოსაზრებათა შეჯამების შედეგად დაიწერა.

 

რისთვის არსებობს სკოლები? (მკითხველთა მოსაზრებების ანალიზი)

სკოლების დანიშნულების შესახებ მოსაზრება დაახლოებით 170 მკითხველისგან მივიღე. ზოგიერთი ესე მართლაც შესანიშნავი იყო და ყველას მადლობას მოვახსენებ გამოგზავნილი მოსაზრებებისთვის. ახლა შევეცდები მოგახსენოთ, რას ფიქრობენ მკითხველები და როგორ წარმოუდგენიათ “მომავლის სკოლის” ფუნქციები და დანიშნულება.

მიღებული წერილების განხილვა დავიწყე თვისებრივი ანალიზით, რომელიც აღწერს იმ მთავარ მოსაზრებებს, რომლებიც სკოლის დანიშნულებას ეხება. ამის შემდეგ დავაჯგუფე ის მოსაზრებები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა ან ჰგავდა. შედეგად მივიღე ცხრა სია, რომელთაგან თითოეული აღწერდა სკოლის დანიშნულების იმ საგანმანათლებლო კატეგორიას, რომელსაც შეიძლება სკოლები მოემსახუროს. შემდეგ ეს სიები სამ სუპერკატეგორიად დავაჯგუფე, რადგან მოსაზრებები ან გარკვეულწილად მოიცავდა ერთმანეთს, ან ძირეულად განსხვავებული იყო:

(1) სკოლა როგორც ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის საჭირო დაწესებულება;

(2) სკოლა, როგორც ბავშვების გრძელვადიანი, სამომავლო საჭიროებისთვის საჭირო დაწესებულება და

(3) სკოლა, რომელიც საზოგადოების (სოციუმის) გრძელვადიან საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს ემსახურება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ თითოეული სუპერკატეგორიის შინაარსსა და დახასიათებას:

 

სკოლა – ადგილი ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის

განათლების მესვეურთა უმეტესობას მიაჩნია, რომ სკოლა ბავშვებს მომავლისთვის ამზადებს. საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების მიუხედავად, გაკვირვებული დავრჩი, რამდენმა მიკითხველმა მიანიჭა სკოლას ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების და არა ახალგაზრდების სამომავლოდ მომზადების ფუნქცია.

დაფიქრებისა და რეფლექსიის შემდეგ მივხვდი, რომ გასაკვირი აქ არაფერი იყო. ჩემი ბლოგის მკითხველების უმეტესობა არ მუშაობს განათლების საკითხებზე ან განათლების სისტემაში; მათი დიდი ნაწილი ის ხალხია, ვინც გარკვეულწილად უარყო ტიპური განათლება.

ერთმა მკითხველმა მომწერა: “ჩვენ “სკოლა” გვაქვს მანამდე, სანამ ის ბავშვებს უზრუნველყოფს იმით, რითაც მათ სახლში ან არსებულ თემში ვერ უზრუნველყოფენ. რატომ უნდა ვიფიქროთ ცხოვრებაზე ისე, თითქოს ეს იყოს რაღაც ისეთი, რაც მომავალში მოხდება, თუ ამისთვის მზად ვიქნებით? ცხოვრება ახლა მიედინება! “სკოლას” აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ის მოსწავლეებს მისცემს იმას, რაც მათ ახლა აინტერესებთ, რისი გაკეთებაც სახლში ან სადმე სხვაგან შეუძლებელია”.

მეორე მკითხველმა, რომელსაც ალბათ განსაზღვრული ცოდნა აქვს ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, ასეთი წერილი მომწერა: “სკოლის დანიშნულება მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა იყოს. თუ მასლოუს[1] საჭიროებათა იერარქიას გავიხსენებთ, განათლების ტრადიციული მიდგომები სრულიად უგულებელყოფს მის საფეხურებს, გარდა ყველაზე მარალი დონეებისა. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ბავშვი საკმარის საკვებს მიიღებს, სადაც მას თავშესაფარი ექნება და შეეძლება თავისუფლად სირბილი, შეეძლება ურთიერთობის გაბმა იმ ხალხთან, ვისაც ის მოსწონს და უყვარს. ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით – ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ხალისით ხვდება ამ უფლებების ყოველ დარღვევას”.

წარმომიდგენია თქვენი რეაქცია ამ ციტატის ბოლო ნაწილზე, რადგან ამ ყველაფერს ბავშვი, წესით, სახლში უნდა იღებდეს. მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ ბევრ ოჯახში ბავშვები ამას მოკლებულნი არიან. მართლაც გავოცდი, როდესაც სკოლა ბევრისთვის ბავშვის პირდაპირი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი საჯარო ინსტიტუცია აღმოჩნდა.

ამ იდეის გარშემო ჯამში 107 წერილი გაერთიანდა. მათი ძირითადი აზრი ის იყო, რომ სკოლა ბავშვების ყოველდღიურ, პირდაპირ მოთხოვნილებებს უნდა ემსახურებოდეს.

თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ორივე მშობელი მუშაობს ან რომელშიც ბავშვს შეიძლება ერთი მშობელი ჰყავდეს, ბავშვებს სჭირდებათ მზრუნველობა დღის განმავლობაში. ბევრ პასუხში ამ ზრუნვის ხარისხზეც იყო საუბარი.

ოცდაერთი წერილის ავტორს სკოლა წარმოედგინა ადგილად, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან და სადაც მათ პატივისცემით მოეპყრობიან.

თხუთმეტმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თამაში, გართობა და ფიზიკურად დაიტვირთებიან.

თერთმეტმა ხაზი გაუსვა სკოლებში ბავშვებისადმი მზრუნველობას.

თერთმეტ წერილში აღნიშნული იყო, რომ სკოლებში ბავშვები უნდა განიცდიდნენ სიხარულს და თავს გრძნობდნენ მათ ოჯახზე უფრო დიდი თემის წევრებად და ნაწილებად.

სამ წერილში ნახსენები იყო ბავშვების ხარისხიანი კვება.

ამ კატეგორიის სხვა წერილებში აქცენტი დასმული გახლდათ თავგადასავლებისა და სწავლისადმი ბავშვების თანდაყოლილ მიდრეკილებაზე.

განათლების სამყაროში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვები მომავალი ცხოვრებისთვის ჯილდოსა და დასჯის მეთოდით უნდა მოვამზადოთ, რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვებისთვის მთავარია იმ ინსტინქტების ხელშეწყობა, რომლებიც მათ კვლევისა და სწავლისკენ უბიძგებს და სკოლას სწორედ ასეთი ხელშეწყობა ევალება.

დაახლოებით 45 ასეთი პასუხი დავითვალე. მათი ავტორები, საბოლოო ჯამში, აღნიშნავდნენ, რომ სკოლებმა ბავშვები უნდა უზრუნველყოს დროით, თავისუფლებით, ხელსაწყოებითა და მაგალითებით და ხელი შეუწყონ მოსაზრებათა განსხვავებულობას, რათა ბავშვებმა თავიანთი ადგილი იპოვონ სამყაროში.

ის რესპონდენტები, რომლებიც სკოლას ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილად მიიჩნევდნენ, გულისხმობდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ თუ ბავშვების ასეთი საჭიროებები და სურვილები სკოლებში დაკმაყოფილდება, ისინი გაიზრდებიან ჯანმრთელ, კომპეტენტურ ადამიანებად და უმეტესწილად მზად იქნებიან, წარმატებით გაუძღვნენ საკუთარ ცხოვრებას.

 

სკოლა – ადგილი, ბავშვების გრძელვადიანი, სამომავლო საჭიროებისთვის

განათლების ტიპური მუშაკი ამბობს შემდეგს: “სკოლა ემსახურება მოსწავლის მომზადებას მისი მომავალი ცხოვრებისთვის”. ამ წინადადების გრამატიკა გულისხმობს, რომ მოსწავლეები წარმოადგენენ განათლების პასიურად მიმღებ ჯგუფს, რომელსაც სკოლის პერსონალი “აძლევს” ამ “განათლებას”.

ჩემს გამოკითხვაში რამდენიმემ ახსენა “განათლების” გადაცემის ასეთი ფორმა, მაგრამ უმეტესობას სხვა მოსაზრება ჰქონდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ხმარობდა იმ ენას, რომელიც თვითმართვად განათლებას გულისხმობდა.

ეს ხალხი საუბრობდა “იდეალურ” სკოლაზე – გარემოზე, რომელშიც, მათი წარმოდგენით, ბავშვები თვითონვე ფლობენ მათ მიერ არჩეულ აქტივობებს (უფროსების დახმარებით, თუ ბავშვები ამას თვითონ მოისურვებენ) და რომლებიც მათ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისკენ წაიყვანს. თუ თავს მოვუყრით წერილებში გამოთქმულ მოსაზრებებს სკოლის ფუნქციების შესახებ, მივიღებთ გრძელ სიას, რომელშიც ჩამოთვილი იქნება ის უნარები, ცოდნის ის სფეროები, დამოკიდებულებები და ხასიათის თვისებები, რომელთა შეძენა-განვითარებაშიც უნდა დაეხმარონ სკოლები ბავშვებს.

ჩემს თვისებრივ ანალიზში ეს ინდივიდუალური სურვილები ექვს ჯგუფად დავახარისხე.

ყველაზე დიდ კატეგორიას დავარქვი „ხასიათის თვისებები და თვითშემეცნება“.

წერილებში 82-ჯერ წავაწყდი სოკრატესეულ გამოთქმას: „განათლების უმთავრესი მიზანი უნდა იყოს საკუთარი თავის შემეცნება“, – რომელიც სხვადასხვა სიტყვებით იყო გამოხატული.

სულ მცირე, 25 რესპონდენტი ახსენებდა თვითშემეცნებას როგორც მიზანს, რომელიც მოიცავს საკუთარი ნიჭისა და ინტერესების აღმოჩენას და ცხოვრების დანიშნულების თვითგანსაზღვრას.

ამ კატეგორიის სხვა მიზნები მოიცავდა პირად პასუხისმგებლობას და თვითმართულ გზას (21-ჯერ); “ცხოვრების გემოს” ან სრულფასოვანი/სავსე ცხოვრების აუცილებლობას (18); გამძლეობას ან მოქნილობას, წარუმატებლობასა და გაურკვევლობასთან გამკლავების უნარს (11); თავმდაბლობას (3); სანდოობას (2) და სილაღეს (2).

ამ განყოფილებაში მეორე დიდ ქვეკატეგორიას „ფიქრი და მსჯელობა“ ვუწოდე.

ამ ქვეკატეგორიაში გამოიყო შემდეგი მოსაზრებები: შემოქმედებითი აზროვნება (19 ხსენება); კრიტიკული აზროვნება (13); აზროვნების დამოუკიდებლობა (10); პრობლემების განსაზღვრა და გადაჭრა (11); სიბრძნე და გონიერება (3); ემპირიული, სამეცნიერო მეთოდების აღქმა (3); გადაწყვეტილების მიღების უნარი (2) და პროექტების შექმნისა და მათი განხორციელების უნარი (2).

მესამე კატეგორიას შევარქვი „სოციალური უნარ-ჩვევები“.

ამ კატეგორიაში გავაერთიანე: ზოგადი სოციალური უნარები (15 ხსენება); კოოპერირებისა და სხვებთან თანამშრომლობის უნარები (13); კონფლიქტების მოგვარების უნარები (9); კომუნიკაციური უნარები (7); ჯანმრთელი ურთიერთობისა და მეგობრობის უნარი (5) და უნარი, მოითხოვო სხვების მხარდაჭერა/დახმარება (2). ეს კატეგორია უფრო გრძელი იქნებოდა, მასში რომ შემეყვანა სხვა სოციალური უნარებიც, მაგალითად, ემპათია/თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვის უნარი, მაგრამ გადავწყვიტე, ისინი სხვა სუპერკატეგორიაში, “საზოგადოებრივ საჭიროებებში” მომექცია.

მეოთხე ქვეკატეგორიას “სწავლის მიღების განგრძობადი სურვილი” ვუწოდე.

აქ გამოვყავი: სწავლის სიყვარული (წყურვილი) (19-ჯერ); ცნობისმოყვარეობა (14); დამოუკიდებლად სწავლის უნარი (8).

საინტერესოა, რომ მეხუთე ქვეკატეგორიაში, რომელსაც “ჩვეულებრივი სასკოლო საგნები” დავარქვი, არც ისე ბევრი პასუხი (სულ 26) დაჯგუფდა.

მხოლოდ 14-ჯერ ახსენეს კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისება და 16-ჯერ – სხვა ტიპური სასკოლო საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო ცოდნა, ენები და ლიტერატურა. ჩემი აზრით, სასწავლო დისციპლინების შედარებით იშვიათად ხსენება კავშირშია იმ დამოკიდებულებასთან, რომლის თანახმად, სკოლები ამ საგნებს მეტისმეტად ბევრს დროს უთმობენ და მოსწავლეებისთვის უსარგებლო, საწვალებელ გამოცდილებად აქცევენ.

ვფიქრობ, ჯანმრთელ, კულტურულ გარემოში ბავშვები ბუნებრივი გზით შეისწავლიან კითხვას და რიცხვებს და თავად განივითარებენ ინტერესს სხვადასხვა დისციპლინისადმი, რომლებსაც დღეს მხოლოდ “სასკოლო საგნებად” აღიქვამენ.

მეექვსე ქვეკატეგორია, რომელსაც “ცხოვრების პრაქტიკული უნარები და ცოდნა” ვუწოდე, 16-ჯერ იქნა ნახსენები.

11–ჯერ ახსენეს განსაკუთრებული უნარები, როგორებიცაა საჭმლის მომზადება, ფულის მართვა, პირველადი დახმარება და საკვების გაზრდა. 7–ჯერ – უნარები, რომლებიც მომავალში გახდებოდა საჭირო სამსახურისთვის, ძირითადად – ტექნიკური. ორმა მკითხველმა განაცხადა, რომ აუცილებელია სკოლაში შეგირდობის სწავლება როგორც სამუშაო უნარების განვითარებისა და სხვადასხვა სამუშაოს გაცნობის გზა.

 

სკოლა – ადგილი, რომელიც საზოგადოების (სოციუმის) გრძელვადიან საჭიროებებს და მოთხოვნებს მოემსახურება

განათლების სფეროს ტრადიციული წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სკოლები არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოების საჭიროებებს ემსახურება.

ადრე განათლების თეორეტიკოსები ღიად საუბრობდნენ სკოლების როლზე არამეამბოხე მოქალაქეების, კარგი მუშებისა და ქვეყნისთვის თავდადებული პატრიოტების ჩამოყალიბებაში.

როდესაც თავად გახლდით საშუალო სკოლის მოსწავლე (“სპუტნიკის” კოსმოსში გაშვების ეპოქაში), საუბრები ძირითადად ეხებოდა სკოლების როლს კარგი ინჟინრებისა და ფიზიკოსების წარმოებაში, რომლებიც დაეწეოდნენ ან დაამარცხებდნენ საბჭოთა კავშირს იარაღის წარმოების სფეროში.

დღეს საუბრები, ჩვეულებრივ, ეხება სკოლის როლს იმ მოქალაქეებისათვის განათლების მიცემის კუთხით, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას შექმნიან როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფთათვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშვიდობას და დედამიწაზე ჯანმრთელი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. არ არის გასაკვირი, რომ ჩემს გამოკვლევაში ეს იდეები გამოჩნდა.

ჯამში, მე მოვიძიე 63 პასუხი, რომლებიც მოექცა “საზოგადოების საჭიროებების” ჯგუფში. ამათგან ნახევარზე მეტი (33) ეხებოდა სკოლის როლს “კარგი მოქალაქის” ჩამოყალიბებაში. სხვა პასუხები მოიცავდა “სხვების პატივისცემას და მათი უფლებების დაცვას” (11); პლანეტაზე ზრუნვას და მდგრადი ცხოვრების წესებს, დემოკრატიასა და მშვიდობის საკითხებს ეხებოდა 10 პასუხი; ემპათია და სხვებზე ზრუნვა ახსენა 7–მა რესპონდენტმა, ხოლო ეთიკური ცხოვრების წესი – 2–მა.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] აბრაამ ჰაროლდ მასლოუ (Abraham Maslow ) – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ფსიქოლოგი. ადამიანის თვითაქტუალიზაციისა და მოტივაციის თეორიის ავტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი