პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აღმზრდელთა შეთანხმებული მოქმედება როგორც აღზრდაში წარმატების წინაპირობა

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ყოველგვარი საქმის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს ამ საქმეში ჩართული ადამიანების შეთანხმებული მოქმედება. ეს მტკიცებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვის აღზრდის და მეტადრე ოჯახური აღზრდის პროცესში იძენს. ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისთვის ყველაზე საყვარელ და მახლობელ ადამიანებს შორის თანხმობას და ერთსულოვნებას ხედავდეს. ასეთ გარემოში აღსაზრდელი გაცილებით მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს, აღმზრდელები კი ნაკლებ პრობლემას აწყდებიან. ხოლო იქ, სადაც უფროსები ვერ თანხმდებიან, როგორ მოეკიდონ ბავშვის ამა თუ იმ საქციელს, როგორ წარმართონ მისი აღზრდის პროცესი, მუდმივი დაძაბულობაა. ბავშვი ხშირად ხდება უფროსების ჩხუბისა და კამათის მოწმე. ყოველივე ეს კი შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს როგორც აღსაზრდელისთვის, ისე აღმზრდელებისთვისაც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ოჯახური უთანხმოების მიზეზი ხშირად სწორედ ბავშვის აღზრდის საკითხებზე შეუთანხმებლობაა. რაც მთავარია, უფროსები ვერც კი ხვდებიან, რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვს, რომელიც გამუდმებით კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფება. ასეთ დროს ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს, რომ მისი ქცევა ორივე მშობლისთვის მოსაწონი აღმოჩნდეს, ორივეს ასიამოვნოს და ორივე კმაყოფილი დატოვოს. მას დედა და მამა ერთნაირად უყვარს, ამიტომ ძალიან უჭირს, როცა არჩევანის წინაშე აყენებენ. მშობლების სიყვარულში არჩევანის გაკეთება ბავშვისთვის თითქმის შეუძლებელია, ამიტომ შესაძლოა ისეთ გზას დაადგეს, რომელიც აღზრდის ინტერესებისთვის ძალზე საზიანო იქნება. როცა ბავშვი ხედავს, რომ დედა ერთს ამბობს, მამა კი მეორეს, როცა მშობლები უკრძალავენ, ბებია კი მათი არყოფნისას უფლებას აძლევს, აკეთოს ის, რაც აკრძალულია, აღსაზრდელი უფრო ლმობიერი აღმზრდელით მანიპულირებას და თავისი ინტერესებისთვის მის გამოყენებას იწყებს.

ერთხელ ერთ ოჯახში 6 წლის თამუნამ, რომელსაც დედა უწყრებოდა იმის გამო, რომ სათამაშოები ოთახში მიმოაბნია და აღარ აალაგა, დედიკოს „დასჯა” გადაწყვიტა და მას ნიშნის მოგებით მიმართა: „მოვიდეს ჯერ მამიკო, ვუთხრა, რომ ასე მეჩხუბები!” საღამოს შინ დაბრუნებულმა მამამ მოისმინა თავისი ნებიერას „საჩივარი”, უსაყვედურა მეუღლეს და სასტიკად აუკრძალა მისი საყვარელი გოგონასთვის შენიშვნების მიცემა, აკრძალვების დაწესება და მასთან ხმამაღალი ლაპარაკი.

არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ორივე მშობელზე განაწყენებული ბავშვი ბებიას აფარებს თავს, მასში ეძებს მფარველს და მისი სახით შესანიშნავ დამცველს პოულობს. ფაქტია, უფროსების ასეთი შეუთანხმებლობისა და დაპირისპირების შემთხვევაში აღსაზრდელისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება საკმაოდ რთულდება.
აღმზრდელთა შეთანხმებული მოქმედება აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და მისი პიროვნების ფორმირებისთვის. მკითხველისთვის საინტერესო იქნება აღმზრდელთა შეუთანხმებლობის მიზეზების გაცნობა.
1. ამ მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასახელდეს მშობელთა არასათანადო ინფორმირებულობა ბავშვის აღზრდის, ასევე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის საკითხებზე. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მშობლობა პროფესიაა და, ამასთან, ერთ-ერთი ურთულესი პროფესიათა შორის. თუმცა ამ პროფესიის დასაუფლებლად მომავალი მშობლები არავითარ მომზადებას არ გადიან და არც რაიმე დახმარებას იღებენ ამ კუთხით. ბავშვის აღზრდის პროცესში ისინი ძირითადად საკუთარი მშობლებისგან მიღებული გამოცდილებით ხელმძღვანელობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღზრდაში მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს, რომ ყველა ცალკეული შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას და პრობლემის ინდივიდუალურ გადაწყვეტას მოითხოვს, ამასთან, წლებთან ერთად ბავშვის ფსიქოლოგია და გარშემო მყოფებთან მისი ურთიერთობა იცვლება, ცხადი გახდება, რომ 20-30 წლის წინანდელი აღზრდის მეთოდები და მიდგომები დღეს შესაძლოა აღარ იძლეოდეს სასურველ შედეგს.

2. აღმზრდელთა მიერ საკუთარი მშობლების აღზრდის მეთოდების კოპირება ან, პირიქით, სრული უარყოფა. ზოგიერთი მშობელი ცდილობს, ისე აღზარდოს შვილი, როგორც მას ზრდიდნენ, ზოგი კი, პირიქით, სხვა გზას ირჩევს, ვინაიდან ძალზე არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს თავის ბავშვობასთან, ახსოვს, რა ხშირად და მკაცრად სჯიდნენ და არ სურს, მისი შვილიც ასე იზრდებოდეს. ყველაფრის უფლებას აძლევს მას, რაც მეორე მშობლის სერიოზულ უკმაყოფილებას და პროტესტს იწვევს.

3. აღმზრდელთა შორის სერიოზული უთანხმოების მიზეზად შეიძლება იქცეს მათი მიზნების სხვადასხვაობა. მაგალითად, ერთს სურს, რაც შეიძლება მცოდნე და განათლებული შვილი ჰყავდეს და ადრეული ასაკიდან ასწავლის ყველაფერს, დაჰყავს სხვადასხვა წრეზე, ბევრს ამეცადინებს, რაც მეორე მშობლის უკმაყოფილებას იწვევს. ის ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს მეუღლეს, რათა მისმა შვილმა ბავშვობის წლები ბედნიერად გაატაროს.

4. არის შემთხვევები, როცა აღმზრდელთა უთანხმოების მიზეზად იქცევა მათი განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება და შეხედულებები აღზრდაზე. შესაძლოა, ერთ-ერთი მშობელი ოჯახის შექმნამდე დისშვილის ან ძმისშვილის აღზრდაში მონაწილეობდა. თუ, ამასთან ერთად, მას პედაგოგიური განათლება და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, დიდი ალბათობით, შეეცდება დაუმტკიცოს მეუღლეს თავისი უპირატესობა პედაგოგიკაში და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე კამათის დროს თავისი პოზიციის განმტკიცებას მოინდომებს, რამაც შესაძლოა მეუღლეებს შორის დაძაბულობა წარმოშვას და დაამძიმოს ოჯახური ატმოსფერო.

5. უთანხმოების მიზეზად შესაძლოა იქცეს მშობლების სხვადასხვანაირი ხასიათი და მცდელობა, ხასიათის საკუთარი თვისებები აღზარდონ ბავშვში. მაგალითად, თუ მამა მკაცრია, შეუვალი, თუ მისთვის უცხოა სიბრალულის გამოხატვა, დათმობა, მგრძნობიარე, ლოიალური, რბილი ხასიათის დედისთვის ადვილი არ იქნება მეუღლის მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდების მიღება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს მას. თუ მშობლები უკმაყოფილებას ბავშვის თანდასწრებით, ამასთან, უხეშად და შეურაცხმყოფელი ტონით გამოხატავენ, ბავშვი შფოთავს და მის ფსიქიკურ განვითარებაში სერიოზული, ხშირად უმართავი სირთულეები იჩენს თავს.
უნდა ითქვას, რომ აღმზრდელთა შორის განსხვავებული შეხედულებების არსებობა თავისთავად არ არის ტრაგედია და ის პრობლემად არ უნდა ვაქციოთ. პირიქით, გარკვეული აზრით, ეს უკეთესიც კია, ვინაიდან განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები, თუ საქმეს გონივრულად მიუდგებიან, შესაძლოა საკმაოდ მომგებიან და ეფექტურ ვერსიაზე შეჩერდნენ, რომელიც მომავალში დიდ წარმატებას მოიტანს. აღზრდაზე განსხვავებული შეხედულებები პრობლემად იმ შემთხვევაში იქცევა, თუ აღმზრდელები კომპრომისს ვერ მოახერხებენ.
რეკომენდაციები აღმზრდელთა შორის შეთანხმების მისაღწევად

1. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მშობელთა მეტი ინფორმირებულობა აღზრდის საკითხებზე. ამისათვის აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული პრესა, რადიო, ტელევიზია. სასურველია, მომზადდეს უფრო მეტი რადიო და ტელეგადაცემა, ასევე – პოპულარული საკითხავი ლიტერატურა ბავშვთა აღზრდის საკითხებზე, სადაც მშობლებისთვის აქტუალური და პრობლემური საკითხები იქნება გაშუქებული.

2. განსხვავებული პოზიციებისა და შეხედულებების არსებობის შემთხვევაში გაუმართლებელია ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა ბავშვის თანდასწრებით.

3. პრობლემაზე საუბრის დროს ბოლომდე მოვუსმინოთ ოპონენტს. გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვენდოთ, დავუჯეროთ და დავუთმოთ ერთმანეთს. დათმობა ხშირად ძლიერებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე სისუსტეზე.

4. გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს აღზრდის ერთი, უნიკალური და უნივერსალური მეთოდი. პატივი ვცეთ ოპონენტის აზრს და ვაღიაროთ განსხვავებული, შესაძლოა, ჩვენი მოსაზრების სრულიად საპირისპირო შეხედულება. აღიარება დათანხმებას არ ნიშნავს.

5. უარი ვთქვათ კატეგორიულ ტონზე. ვიყოთ უფრო მომთმენი მოწინააღმდეგის მიმართ. აღზრდის ერთიანი ტაქტიკის შემუშავებისას მოვუსმინოთ ერთმანეთის ყველა არგუმენტს. ვეცადოთ, პრობლემას ოპონენტის თვალითაც შევხედოთ.

6. სასურველია, ორივე მშობელმა გაიაზროს, რაოდენ საზიანოა ბავშვისთვის მათი მეტოქეობა. შვილს ერთნაირად უყვარს დედაც და მამაც და სურს, ოჯახში მშვიდობა და თანხმობა იყოს.

7. არ არის სასურველი მეუღლეებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებაში ახლობლებისა და ნათესავების ჩართვა და, მით უმეტეს, მათი თანდასწრებით კამათი – ეს ხშირად ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.

8. ნუ აქცევთ ბავშვს მანიპულირების ობიექტად.

9. პრობლემის განხილვისას ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხზე, რომლის გადაწყვეტაც გსურთ. ნუ განვავრცობთ საკამათო საკითხს.

დაბოლოს, მუდამ გახსოვდეთ, რომ თუ დედა და მამა ჩხუბობენ და შეურაცხყოფენ ერთმანეთს, უპატივცემულობას ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ, დიდია ალბათობა, ბავშვს უსიამოვნო მოგონებები დარჩეს მშობლების ურთიერთობასა და საკუთარ ბავშვობაზე და პირად ცხოვრებაში პრობლემები გაუჩნდეს. ასე რომ, მშობელთა შეთანხმებული მოქმედება ბავშვის ბედნიერი მომავლის საწინდრადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი