პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყვავილები დამსვენებელი ქალებისთვის

დილის ნისლიან ბურანს რძის ნაწარმის გამყიდველი ქალის ხმა არღვევს. შავი ზურგჩანთა ქილებით გაუვსია და სახლის წინ ქვაზე ჩამომჯდარა დასასვენებლად. ყოველდღე მოაქვს მაწონი, კაიმაღი და რძე დამსვენებლებისთვის. ზოგჯერ კაცებიც გამოჩნდებიან, მთის მცხუნვარე მზისგან გაყავისფრებული სახეებით და უნაგირზე გადაკიდებული შავი ჩანთებით, რომლებითაც რძის ნაწარმს დაატარებენ. ცოტა გვიან კი სხვა ცხენიანი კაცები მოდიან და ცხენით გასეირნების მსურველი ბავშვების რიგიც დგება.

ასე იწყება ბახმაროს დღეები. მთებისა და წიწვებისსურნელიანი ტყეების სიმშვიდეში ნელ-ნელა იჭრება ადამიანების ხმაური, რომლებიც ცოტა გვიან ფხიზლდებიან, იწყებენ ფაციფუცს, აცმევენ შვილებს, ხან უჯავრდებიან, ხან ეფერებიან – დედობრივი მზრუნველობის მთელი სპექტრი… მთის ამ საზაფხულო სახლებს, რომლებიც ზამთარში თოვლით იფარება, თხელი კედლები აქვს და მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას არავინ გაცდის – სხვა ადამიანების ცხოვრებაც აღწევს შენს ყოველდღიურობაში. აღწევს ჩურჩული და ძლივს შეკავებული ბრაზი –მეზობლების სიმშვიდეს უფრთხილდებიან. გესმის, როგორ გზავნიან შვილებს მუჯლუგუნებით დასაძინებლად ან თან წამოღებული სახელმძღვანელოების გადასაშლელად. ეს ქალები მარტომშობლები არიან, გგონია – დროებით, მაგრამ მერე, როცა ცოტათი მოგენდობიან, გიყვებიან, რომ სულ ასე ცხოვრობენ, რომ არასოდეს არავინ დახმარებიათ. მშობლობის პასუხისმგებლობა არასოდეს გაუნაწილებიათ მათ მეორე ნახევრებს. ამოგვიყვანეს და დაგვტოვეს, ვითომ დასასვენებლადო, საყვედურობენ ქალაქებში დაბრუნებულ მეუღლეებს და ისევ ხუმრობას და სიცილს იწყებენ, რომ უფრო მალე გავიდეს დრო, მალე დაღამდეს, ბავშვები დაიღალონ და დროულად დაიძინონ, ჩხუბის, ყვირილისა და გაწევ-გამოწევის გარეშე.

ცუნცულა 18 წლისა იყო, როცა ოჯახი შექმნა. ახლა სამი შვილი ჰყავს და ყოველ წელს ერთი თვე მაინც უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრება. საზაფხულო სახლებისთვის დამახასიათებელ არცთუ სახარბიელო პირობებსაც ყოჩაღად უმკლავდება. “ჩვენ ძლიერი ქალები ვართ, ქმრების დაუხმარებლად ვახერხებთ ყველაფრისთვის თავის გართმევას. ჩემი ქმარი მუშაობს, მეც ვმუშაობ ბაღში, მაგრამ სახლშიც ჩვეულებრივად ვმუშაობ, მისი დახმარებით არ ვარ განებივრებული, მიუხედავად იმისა რომ აქვს თავისუფალი დრო, მაინც ვერ მეხმარება. ქართველ კაცებს თითქოს რცხვენიათ, ცოლებს დაეხმარონ, თითქოს ეს კაცობა არ არის. მე კი ყველანაირი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე და ამას ისე მივეჩვიე, დახმარებაც აღარ მჭირდება. ერთ რამეზე ვოცნებობ: მინდა, ეს ბავშვები მალე გაიზარდნონ, რომ ცოტა სული მოვითქვა. ჰო, კიდევ ამათ მომავალზე ვოცნებობ. მინდა კარგი მომავალი შევუქმნა”, – მიყვება, თან დროდადრო ტკბილეულისთვის მობზუილე ბავშვებს აშოშმინებს.

თითოეულ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს: ორი, სამი, ზოგჯერ ოთხიც. ქალებს თავიანთ ორ-სამ შვილთან ერთად, ნათესავის ბავშვებიც მოჰყავთ. სურთ, ეს სიკეთე, სუფთა ჰაერი რომ ჰქვია, საყვარელ ადამიანებსაც გაუნაწილონ. ამოდიან დატვირთული მანქანებით, ყოველდღიურად საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ერთი თვის ან თვე–ნახევარის სამყოფი სურსათ–სანოვაგით და ამ დროებითი სახლების სრულფასოვანი ბინადრები ხდებიან, ისე ირგებენ გარემოს, თითქოს მთელი სიცოცხლე აქ გაეტარებინოთ. ემეგობრებიან ერთმანეთს და სხვა სახლების ბინადრებსაც, შესაშური კეთილგანწყობით უზიარებენ თავიანთ საზაფხულო გამოცდილებას, აძლევენ რჩევებს. უმეგობრდებიან დიასახლისს, ერთად სვამენ ყავას, ერთმანეთს ტკბილეულს სთავაზობენ. ისე უწყრებიან და ეფერებიან ერთმანეთის შვილებს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგაც ვერ არჩევ, რომელია მათი და რომელი – სხვისი.

ხის თხელკედლებიანი სახლის წინ ხის მაგიდა დგას. გვერდით ჰამაკია გაბმული, რომელსაც დროდადრო აკეცავენ ხოლმე, რომ არ დაალბოს მთებიდან წამოსულმა ნისლმა.

ქალები რა ხანია დილის ხმაურს მორჩნენ სამზარეულოში, შვილები გამოკვებეს, სარეცხი დარეცხეს და დაფინეს, ჭურჭელი დააწკრიალეს, გაზქურაზე სადილი შემოდგეს, ბავშვები სათამაშოდ ეზოში გარეკეს და ახლა ყავას ადუღებენ.

დღის განმავლობაში ყავა რამდენჯერმე დუღდება. რამდენჯერმე კი არა, ბევრჯერ. ყავის სმა განუწყვეტელი პროცესია. ყავა მათი თავშესაფარია სამზარეულოში ტრიალისა თუ ხანმოკლე მოცალეობის დროს, როცა ამ გრილი, ჟინჟლიანი ამინდისა და მძიმე ყოველდღიურობისგან გაქცევა მოუნდებათ. ზოგჯერ სახლის წინ, ხის მაგიდასთან მოიყრიან თავს, ტკბილეულს გამოიტანენ, მზესუმზირას გაფცქვნიან და მეზობლებსაც შესძახებენ. ამ მაგიდასთან მეზობელი სახლების დამსვენებელი ქალებიც იყრიან თავს, ბავშვებს ტკბილეულს უწილადებენ და სათამაშოდ უშვებენ, მერე კი ჰყვებიან თავიანთ ყოველდღიურობაზე, შრომასა და შვილებზე.

ქალები, რომლებიც აქ გავიცანი, ერთმანეთს მეტსახელებით მიმართავენ. ერთი ცუნცულაა, მეორე – ცირა. ერთმანეთის დასახმარებლად ყოველ წუთს მზად არიან. გაკვალიანებენ, ეს–ესაა  მომზადებულ კერძს გთავაზობენ. გურიის ერთი სოფლიდან ყოფილან, თუმცა სხვადასხვა სოფელში გათხოვილან. გულახდილად გიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, სანამ ხმის ჩამწერს არ ჩართავ. დიქტოფონის დანახვაზე ხმა მოზომილი უხდებათ და ცდილობენ, დახვეწილად ილაპარაკონ, მაღალფარდოვანი სიტყვები გამოიყენონ და სათქმელიც შეალამაზონ. ამ ქალებმა შესანიშნავად იციან, რომ ყველაფერი ინტერნეტში მოხვდება, ისიც იციან, რომ ინტერნეტი ერთმანეთის აღმოჩენის და შესწავლის კარგი საშუალებაა, ამიტომ ყოველ სიტყვას წონიან და ცოტათი სხვანაირები ხდებიან. ამიტომ მეც განზე გადავდებ ჩანაწერს და ისე მოგიყვებით ამ ქალებზე, როგორც დავინახე; ისე მოვიხსენიებ, როგორც ერთმანეთს მიმართავენ – შინაურულად, ბუნებრივად. ისინი ხომ საჯაროდ არასოდეს იტყვიან იმას, რასაც პირად საუბრებში, იმ პატარა, მოუხერხებელ სამზარეულოში მიყვებიან თავიანთ პატარ-პატარა ოცნებებსა თუ სურვილებზე.

“ჩემს სიცოცხლეში ყვავილები არავის უჩუქნია ჩემთვის. ვოცნებობდი, ჩემს ქმარს ბავშვის გაჩენის მერე სამშობიაროში ყვავილები მოეტანა. სამი შვილი ისე გავაჩინე, ერთხელაც არ მოუტანია ყვავილები. მეც ჩხუბს ხომ არ დავუწყებდი, ან სად იყო ამის დრო”, – მიყვება ცუნცულა, როცა ერთ-ერთი დამსვენებლის შვილი მინდვრის ლურჯი ყვავილების თაიგულს მიართმევს.

იუმორით და ხალისით შეზავებული დღეები ნელ-ნელა გადის. ქალებიც, ზოგი –  მშვიდად, ზოგი – მოუთმენლად, ელოდებიან თავიანთი არდადეგების დასრულებას. მალე სახლებს დაუბრუნდებიან, სადაც ძველებურად გაგრძელდება ცხოვრება. მანამდე კი, როცა სახლები ბინდში ჩაიძირება, ბავშვებს დააძინებენ და ერთმანეთს ფინჯან ყავაზე ეპატიჟებიან, რომ ისევ ხმადაბლა მოყვნენ თავიანთ ამბებს და დროდადრო ხმამაღალი სიცილი წასკდეთ. მერე რა, რომ  სახლებს თხელი კედლები აქვს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი