მასწ, ვერ შევძელი

მოსწავლები წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ შინ არ იმეცადინებენ. საშინაო დავალების შესრულება აუცილებელი პირობაა. თუმცა ხშირად ხდება, რომ ბავშვები ამ პროცესისგან თავის დასაღწევად „საპატიო მიზეზს“ ეძებენ და პოულობენ კიდეც. ზოგჯერ საქმე იქამდეც მიდის, რომ მოსწავლე უმაღლესი პილოტაჟის სამსახიობო მონაცემებს ავლენს ან თვითონვე სჯერა თავისივე ტყუილის. გთავაზობთ TOP-ათეულს, რომლითაც მოსწავლეები მასწავლებლების წინაშე თავის მართლებას ცდილობენ.

№1. მასწ, დავალება არ მოგიციათ

ასეთი ტიპის ტყუილს  მშობელი უფრო მეტად იჯერებს, ვიდრე პედაგოგი, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება მასწავლებელსაც კი შეეპაროს ეჭვი – იქნებ გადაღლილი იყო და მართლაც დაავიწყდა დავალების მიცემა?  თუ ეს ტყუილი კლასში ხმამაღლა ერთმა მოსწავლემ მაინც გააჟღერა, მას მთელი კლასი აუბამს მხარს.

ამ შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია, ფრიადოსანთა რვეულებში ჩაიხედოს. დიდი შანსია, რომელიმეს მისი მოცემული დავალება შესრულებული ჰქონდეს, რაც დაადასტურებს იმას, რომ მასწავლებელს დავალების მიცემა არ დავიწყებია. თუ კლასში ელექტრონული ჟურნალია, მასწავლებლის მოტყუება ნაკლებად ხერხდება.

№2. მასწ, იმ დღეს არ ვიყავი და არავის უთქვამს

ეს კლასიკური ტყუილია. მოსწავლე თანაკლასელებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არაფერი უთხრეს ახალი დავალების შესახებ. თუ ასეთი რამ ხშირად მეორდება, მასწავლებელი უნდა დაეჭვდეს – იქნებ სხვა მოსწავლეები მართლაც არ უზიარებენ ინფორმაციას ბავშვს, რომელიც ხშირად აცდენს გაკვეთილს? თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა დავალების შესრულებასა თუ შეუსრულებლობაზე მაინც გაკვეთილების გამცდენს ეკისრება, რომელიც ვალდებულია გაიგოს, რა გამოტოვა არყოფნის პერიოდში, რა დავალებები უნდა გაეკეთებინა გაცდენის მიუხედავად.

№3. მასწ, დავკარგე/დამავიწყდა რვეული, სადაც დავალება ჩავინიშნე

ერთ-ერთი პოპულარული მიზეზი სხვა მიზეზებს შორის. მოსწავლე ამბობს, რომ სხვა საგნის მასწავლებელმა ან სხვა მოსწავლემ გამოართვა რვეული, სადაც ჩანიშნული ჰქონდა დავალება.

ხშირად ბავშვები არც ინიშნავენ დავალებას. გაკვეთილის ბოლოსკენ უმეტესობა მოდუნებულია. სასურველია მასწავლებელმა შეამოწმოს ან ხაზგასმით, ხმამაღლა გამოაცხადოს იმის შესახებ, რომ აუცილებელია დავალების ჩაწერა.

№4. მასწ, რვეული სახლში დამრჩა

ამ სევდიანი ამბის გამოცხადებისთანავე მოსწავლეს სახე ეცვლება და ცრემლიც კი სდის!   ამით იმის დემონსტრირებას ცდილობს თითქოსდა დავალება შესრულებული აქვს და ძალიან სწყინს, რომ თავისივე დაუდევრობით რვეული შინ დარჩა… მასწავლებელი შეიძლება ვერც მიხვდეს ეს სამსახიობო მოთელვაა თუ სრული სიმართლე?.. მოსწავლე კარგა ხანს ეძებს თავის ზუგრჩანთაში რვეულს და ბოლოს ამბობს: უი, ორი ერთნაირი რვეული მაქვს და დღეს  სხვა წამომიღიაო… თუ საშინაო დავალება წერით სამუშაოს არ ითვალისწინებდა, მოსწავლე პანიკაში ვარდება.

№5. მასწ, შუქი წავიდა

ფორსმაჟორული სიტუაციები, რასაკვირველია, ყველგან არსებობს, მათ შორის ელექტროენერგიის გათიშვაც ხდება, მაგრამ რადგანაც ამ მოვლენას დროებითი ხასიათი აქვს, ბავშვს იდეად მოსდის, რომ მოიმიზეზოს, აღარ ისწავლოს და უშუქობა მყარ საპატიო არგუმენტად გამოიყენოს.

№6. მასწ, ვერაფერი გავუგე დავალებას

ბავშვებს უყვართ იმის თქმა, რომ ეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვერ გაიგეს, დავალების არსს ვერ ჩასწვდნენ. პასუხისმგებლიანი მოსწავლე ამ დროს რთული დავალების სანაცვლოდ სხვას აკეთებს და ამ მცდელობებს მასწავლებელს დამადასტურებელი ჩანაწერის სახით წარმოუდგენს. ასეთი ბავშვი დასაფასებელია. მასწავლებელმა ის დაფასთან არ უნდა გამოიძახოს „საქმის გასარჩევად“, რადგან მოსწავლე სამუდამოდ დაკარგავს რაიმის კეთების მოტივაციას.

სასურველია მასწავლებელმა დავალების მიცემის დროს არა მხოლოდ დაფაზე პარაგრაფი და სავარჯიშოების ნუმერაცია მონიშნოს, არამედ ირიბი მითითებაც მისცეს ბავშვებს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ თუ იმ საკითხზე.

№7. მასწ, გუშინ ცუდად ვიყავი

დაავადება ცვლის ჩვენი ცხოვრების რიტმს, მაგრამ ზოგიერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიტუაციურად „უარესდება“, მაგალითად, საკონტროლო წერის დღეს ან რთული საშინაო დავალების შესრულების დროს. „ავად ვიყავი, მასწ,“ – ეს მიზეზი ამ სამყაროსავით ძველია. იყო თუ არა ბავშვი ცუდად, ამის გადამოწმება მასწავლებელს მარტივად, მშობელთან ერთი ზარით შეუძლია.

№8. მასწ, სოფელში წამიყვანეს

ყველაზე ხშირად გაკვეთილების ორშაბათობით უსწავლელობას მოსწავლეები სწორედ ასეთი განცხადებით იმიზეზებენ. რადგან წინა დღეები უქმეა, რთულია დადგენა ტყუილს ამბობს მოსწავლე თუ სიმართლეს.

სოფლიდან კვირა დღეს დაბრუნებულ ბავშვს აღარ აქვს მეცადინეობის ხალისი. ამიტომ აუცილებელია, შევაჩვიოთ გაკვეთილების წინასწარ მომზადებას.

ბევრი მასწავლებელი ცდილობს შაბათ-კვირას მოსწავლეებს ჩვეულებრივზე მეტი დავალება მისცეს, რაც არასწორია. ბავშვები ისედაც გადაბმულად სწავლობენ მთელი კვირის განმავლობაში. მათ დასვენება, მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სჭირდებათ.

თუკი ბავშვი რეგულარულად ამბობს, რომ უქმეებზე სოფელში წასვლის მიზეზით ვერ იმეცადინა, მასწავლებელმა მშობელთან უნდა გაარკვიოს, რაშია საქმე. ზოგჯერ მშობლებს მართლაც გაჰყავთ ბავშვები რამდენიმე დღით ქალაქიდან, სადაც მას მეცადინეობის საშუალება არ ეძლევა.

№9. მასწ, ვარჯიშზე/წრეზე ვიყავი

კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი უფროსკლასელთა შორის – შემოქმედებითი, სპორტული წრეები, საგამოცდო სამზადისი, ამას ემატება დასვენების, მეგობრებთან დროსტარების მოთხოვნილება… როგორც წესი, საშინაო დავალება სწორედ ასეთ სიტუაციებს ემსხვერპლება.

ბევრ მშობელს შვილი მართლაც ზედმეტადაც ჰყავს დატვირთული, რაც შეუსაბამობაშია მის ფიზიკურ შესაძლებლობებთან. ასეთ მოზარდებს ხშირად აღენიშნებათ ნევროზები, სუსტი იმუნიტეტი და ფსიქიკური პრობლემები.

№10. ინტერნეტი გამეთიშა

ეს ნაკლებად გავრცელებული მიზეზია, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მიზეზად იქცევა. ელექტრონული სახელმძღვანელოები და დღიურები, ყველაფერი, რაც მოსწავლესა და მასწავლებელს სწავლების პროცესში დაეხმარება, სულ უფრო იკრებს პოპულარობას. შესაბამისად, ინტერნეტის არქონის მიზეზიც პოპულარული გახდება.

შეჯამების სახით

როდესაც ბავშვი თავს იმართლებს, არ არის აუცილებელი, მის სიტყვებში იმთავითვე დავეჭვდეთ. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს სიტუაციას, მან უნდა დაუსვას რამდენიმე კითხვა და მხოლოდ ამის მერე გამოიტანოს დასკვნა.

ჩვენ ყველას გვქონია სიტუაცია, რომლის გამოც ვერ გაგვიკეთებია საქმე. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება მოსწავლეც აღმოჩნდეს. ზრდასრულ ადამიანსაც კი აქვს თავისი საპატიო მიზეზი, როდესაც ვერ ამზადებს სადილს, ვერ იღვიძებს დილით ადრე, ივიწყებს მნიშვნელოვანი ამბების ჩანიშვნას…

ბავშვს უნდა ჰქონდეს შეცდომის უფლება. სხვაგვარად ის ვერ მიხვდება, რა არის შეცდომა, რა შედეგი მოაქვს, როგორია მისი გამოსწორების გზები.

სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელი უნდა შეუთანხმდეს მოსწავლეებს, რომ გაუთვალისწინებელი ან მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 2-3 ჯერ აპატიებს დავალების შეუსრულებლობას, ამის გამო არ დასჯის, არც ნოტაციებს წაუკითხავს.

რასაკვირველია, საშინაო დავალების შეუსრულებლობას არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი. თუ ბავშვი სახლში სამუშაო პირობების უქონლობას უჩივის, ამ პრობლემაზე მასწავლებელმა მშობელთან დროულად უნდა იმსჯელოს. ასევე, მასწავლებელმა მუდმივად უნდა გაუწიოს მონიტორინგი საკუთარ თავს, სწავლების მეთოდებს, მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რათა სწავლება ორივე მხარისთვის იქცეს არა რუტინულ სამუშაოდ, არამედ სახალისო და საინტერესო პროცესად.

 

კომენტარები

comments