ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფკავშირის სათავეებთან

კარგი მეგობრის გვერდით დგომა უდიდესი ბედნიერებაა. მეც გამიმართლა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემს ძვირფას თანამებრძოლთან ერთად საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობა მომიწია. საქართველოს პროფკავშირული წარსულის შესახებ მოკლე საინფორმაციო ბროშურა და გამოფენის მასალები მოვამზადეთ. საძიებო კვლევის დროს უმთავრესად 1910-იანი წლების დოკუმენტები დავახარისხეთ. განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ მასწავლებელთა მოძრაობის განვითარების ამსახველი უამრავი მასალა ჩამივარდა ხელში. პედაგოგებმა მრავალწლიანი შრომა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებითა და თავიანთი პროფესიული ინტერესების დამცველი თავისუფალი კავშირის ჩამოყალიბებით დაასრულეს. მოდი, ამჯერად ჩვენც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოქმედ მასწავლებელთა ასოციაციაზე ვისაუბროთ. ჩვენს პედაგოგებს დარაზმვისა და გაერთიანების უმდიდრესი გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ, დღეს თითქმის არავინ იცის საშური მემკვიდრეობის შესახებ და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პროფკავშირული იდეაც მთლიანად საბჭოთა წარსულთან არის ასოცირებული.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემი პროფესია გახლდათ. რევოლუციურ თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმულ თითქმის ყველა ინტელექტუალს პედაგოგიური მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მასწავლებლობა მოქალაქეებისთვის არც მხოლოდ მოწოდება ყოფილა და არც მხოლოდ ლუკმაპურის შოვნის გზა. სოფლისა თუ ქალაქის სკოლებში სამსახურით განათლებული ადამიანები წერა-კითხვასთან ერთად პოლიტიკური იდეების გავრცელებასაც ცდილობდნენ. დღის მეორე ნახევარში სასწავლებლები ბავშვებთან ერთად უფროსებსაც მასპინძლობდნენ. ღუმლის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ხან თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებს, ხან კი საგანმანათლებლო ტექსტებს განიიხლავდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პირველ საყოველთაო წესით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში არაერთი პედაგოგი აღმოჩნდა. ზოგიერთმა მათგანმა უმაღლესი თანამდებობაც დაიკავა. ჩიტო შარაშიძე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრიც კი იყო. ხოლო მასწავლებლებმა, რომლებსაც სახელისუფლებო თუ პარტიულ იერარქიაში ადგილის მოპოვების სურვილი არ ჰქონდათ, თავისუფალი ასოციაციის დაფუძნება გადაწყვიტეს.

„მასწავლებელთა კავშირი“ სავსებით დემოკრატიული ორგანიზაცია გახლდათ. მისი ყოველი ორმოცდაათი წევრი ერთ წარმომადგენელს ირჩევდა პედაგოგთა ყრილობის დელეგატად. ყრილობის მიზანი იყო კავშირის მმართველი საბჭოს დაკომპლექტება, რომელიც ათი მასწავლებლისგან შედგებოდა. ყრილობებს შორის საბჭოს გასაკონტროლებლად ცალკე ყალიბდებოდა 30-50-წევრიანი ორგანო – კონფერენცია. საგანგებო შემთხვევებში საბჭოს სხდომებს რეგიონებიდან საგანგებოდ წარმოგზავნილი დელეგატებიც ესწრებოდნენ. თანამედროვე გაერთიანებათა მსგავსად, 1918 წელს შექმნილ „მასწავლებელთა კავშირშიც“ შესანიშნავად იყო განაწილებული ფუნქციები. ასოციაციას ჰყავდა თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე საორგანიზაციო და სასკოლო პოლიტიკის დარგში, მდივანი და ხაზინადარი. პროფკავშირის შემადგენლობაში ცალკე ავტონომიურ სტრუქტურებად ირიცხებოდნენ მასწავლებელთა სამაზრო ორგანიზაციები. „მასწავლებელთა კავშირის“ მართვა-გამგეობაში განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა „სომეხ მასწავლებელთა კომიტეტს“. მაშასადამე, პროფკავშირები მხოლოდ რეგიონული ნიშნით არ იყო დაყოფილი, მის მუშაობაში თავის როლს ასრულებდნენ ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული ინტერესების დამცველი ჯგუფებიც.

ასი წლის წინ მოქმედ „მასწავლებელთა კავშირს“ არასტანდარტული სტრუქტურებიც ჰქონდა. მაგალითად, პედაგოგთა პროფკავშირის ეგიდით მუშაობდა კოოპერატივი. ის რამდენიმე მაღაზიას აერთიანებდა. მაღაზიებში შეღავათიან ფასად იყიდებოდა მასწავლებელთათვის საჭირო ნაწარმი, ლიტერატურა და საკანცელარიო საქონელი. მცირედი მოგებით კი ორგანიზაცია გაფიცვებსა და პოლიტიკურ ბრძოლას აფინანსებდა.

კავშირს ჰქონდა თავისი სტამბა, გამოსცემდა წიგნებსა და ორ შესანიშნავ გაზეთს – „განათლებასა“ და „სკოლა და ცხოვრებას“. ცნობილი ქართველი მწერლის, საბავშვო თეატრის დამფუძნებლისა და რევოლუციონერი ქალის ნინო ნაკაშიძის რედაქტორობით გამომავალი საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადულიც“ მასწავლებელთა პროფკავშირების გამომცემლობის შემადგენლობაში შედიოდა. გაზეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული მოკრძალებული თანხებიც მასწავლებლის პროფესიის გასაძლიერებლად იხარჯებოდა.

ასოციაციას ჰქონდა ორი სალარო – დამზღვევი და საპენსიო. სალაროებში დაზოგილი გროშების საშუალებით მოულოდნელ გასაჭირში აღმოჩენილი მასწავლებლები შეძლებისდაგვარად იღებდნენ პროფკავშირულ დახმარებას. საბჭოთა კავშირს რომ არ მოესპო თავისუფალი ასოციაცია, შესაბამის ასაკს მიღწეული წევრები საბაზისო სახელმწიფო პენსიაზე დანამატსაც მიიღებდნენ.

კავშირის საწევრო გადასახადი ხელფასის 1% გახლდათ. საწევრო შემოსავლის 10% კავშირის ცენტრალურ ანგარიშზე ირიცხებოდა, 90% კი მაზრაში რჩებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 1910-1920-იან წლებში კავკასიაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრი პროფკავშირელი ჯამაგირის აღებასაც ვერ ახერხებდა. ბუნებრივია, ასოციაცია მიუღებელი ხელფასიდან საწევროს გადახდას ვერ მოითხოვდა.

დამოუკიდებელ საქართველოში ეპიდემიებიც მძვინვარებდა. გავრცელებული იყო მალარია და ტუბერკულოზი. „მასწავლებელთა კავშირს“ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მანგლისის სანატორიუმი გადასცა საჩუქრად. სანატორიუმის ერთი შენობა შვებულებისთვის იყო გამოყოფილი, იზოლირებული კომპლექსი კი დაავადებულთა რეაბილიტაციისთვის გახლდათ განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ „მასწავლებელთა კავშირი“ გარიყული, მხოლოდ საკუთარ პრობლემებში ჩაფლული, საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსგან უყურადღებოდ მიტოვებული დაწესებულება არ ყოფილა. პროფკავშირების გასაძლიერებლად თბილისის ოპერა საგანგებოდ დგამდა წარმოდგენებს. მაგალითად, 1920 წლის გაზაფხულზე გამართული „აბესალომ და ეთერის“ რამდენიმე სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად პედაგოგთა გაერთიანების მმართველ საბჭოს გადაეცა. დიმიტრი უზნაძე „განათლებასა“ და „სკოლა და ცხოვრებასთან“ თანამშრომლობას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა. ამ გამოცემათა მნიშვნელობა ესმოდა სახალხო განათლების სამინისტროსაც, რომელიც უხვად აფინანსებდა ორივე მათგანს. კონსტანტინე გამსახურდიაც კი არ უარობდა მასწავლებლებისთვის ლექციების მომზადებას. ის პედაგოგებს გერმანული სკოლების მუშაობის სპეციფიკას აცნობდა.

მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებთან კარგი ურთიერთობისა, პროფკავშირი არ ერიდებოდა საპროტესტო ღონისძიებათა ორგანიზებას. ხშირად ის ერთადერთი სტრუქტურა იყო, რომელიც რეალურ პრობლემებს უქმნიდა აბსოლუტური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მაშასადამე, პროფკავშირი თავისი საქმიანობით დემოკრატიული და ქმედითი ოპოზიციის ფუნქციასაც ითავსებდა. ამასთანავე, „მასწავლებელთა კავშირის“ წევრები არასდროს გაურბოდნენ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას. პედაგოგები საქართველოს ჯარის დახმარების კომიტეტის, ფრონტის შემწეობის კომისიის დამფუძნებელთა შორის იყვნენ, უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ ქართული ენის დამდგენი პალატისა და სხვა სახელისუფლებო სათათბირო სტრუქტურების მუშაობაში.

სამწუხაროდ, ასი წლის წინანდელ პროფკავშირულ რეალობას ბევრი რამ გვაშორებს, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ოდესმე ვინმე თბილისის ოპერის სცენაზე ისევ იმღერებს აბესალომის არიას შრომის უფლების დაცვისთვის წამოწყებული მოძრაობის გასაძლიერებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი