შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მსოფლიოს ქვის მატიანეები – თანამედროვეობაში შემონახული წარსული   I ნაწილი

აღმოსავლური არქიტექტურული სტილის ისტორია

 

ისტორიის შესწავლაში ძალიან დიდია კულტურულ-ისტორიული მასალის როლი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რადგან ძირეული, მსოფლიო მნიშვნელობის კულტურულ-ისტორიული ცნებების გაცნობა–შესწავლა უმთავრესად სწორედ ამ ეტაპზე ხდება. მოსწავლის შემეცნებითი პროცესების გააქტიურება და თვალსაწიერის გაფართოება შესაძლებელს ხდის გარდასულ ეპოქათა ადამიანებთან კულტურულ დიალოგს, ხელს უწყობს მოსწავლის იდეალების, ესთეტიკური და ეთიკური ღირებულებების ფორმირებას და, შესაბამისად, საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების შესრულებას.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სტანდარტის შესაბამისად, მასწავლებლებმა ისე უნდა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი, რომ საფეხურის დასასრულს მოსწავლემ შეძლოს საგნობრივი კომპეტენციების დაუფლება, კერძოდ, კულტურის შემადგენელ ნაწილებზე მსჯელობა, სხვადასხვა წესის, ნორმის, კანონისა და ტრადიციის განსხვავება ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით (ისტ.VII. 8; ისტ.VIII.10; ისტ.XI.7; 8; ისტ. XII, 8 ).

განვიხილოთ მაგალითი კულტურის, კერძოდ, მსოფლიო არქიტექტურის ისტორიიდან და სხვადასხვა პერიოდის არიქტექტურული ნაგებობების გაცნობით მოსწავლეს საშუალება მივცეთ, გადაჭრას რამდენიმე ამოცანა:

  • გამოყოს ხუროთმოძღვრების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები;
  • იმსჯელოს თითოეული სტილის დამახასიათებელ ნიშნებზე;
  • წარმოიდგინოს ის კულტურულ-ისტორიული კონტექსტი, რომელმაც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული ხუროთმოძღვრული სტილის ჩამოყალიბება გამოიწვია;
  • შეძლოს კულტურული დიალოგი;
  • განუვითარდეს სასწავლო კომპეტენციები;
  • კაცობრიობის კულტურული წარსული შეაფასოს გლობალურად, მსოფლიოს კულტურული მიღწევების გათვალისწინებით.

 

თემა: „არქიტექტურული სტილი“

საფეხური – საბაზო; საშუალო;

გაკვეთილის ტიპი: შემაჯამებელი ლექცია ინტერაქციული ელემენტებით;

დრო: ორი საგაკვეთილო საათი;

რესურსები: ისტორიის სახელმძღვანელოები (VII-XII კლ.); მულტიმედიური მოწყობილობა; მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდშოუ (ინტერნეტრესურსების გამოყენებით).

 

 

გაკვეთილის მსვლელობა:

I – ორგანიზაციული მომენტი;

II – გონებრივი იერიში:

  • რა არის ხუროთმოძღვრება?
  • რით განსხვავდება ის ხელოვნების სხვა დარგებისგან?
  • როგორ გესმით გამოთქმა: „არქიტექტურული ნაგებობები მსოფლიოს ქვის მატიანეებია“?

III – მასწავლებლის მინილექცია (აქცენტირება თემის ძირითად ცნებებზე): „გარმომცველ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფორმა – ბუნებისგან შეძენილი, ბუნებრივი თუ დროთა განმავლობაში გარკვეულ სტილად ჩამოყალიბებული. სტილი – ესაა ხელწერა, რომელიც მოვლენათა წყებას აერთიანებს, რაც მათთვისაა დამახასიათებელი. არსებობს ჩაცმულობის სტილი, მუსიკალური სტილი და ა.შ. ასეა ხუროთმოძღვრებასთან დაკავშირებითაც. ისტორიის ცალკეულ ეტაპებზე საზოგადოებამ დატოვა არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლები. მათში ასახულია ადამიანთა დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ, მათი იდეები, ემოციები და გრძნობები, სილამაზის თავისებური აღქმა. გადის ასწლეულები და ათასწლეულები და ამ მონუმენტების მშენებლები ქრებიან, მაგრამ ეპოქის ამსახველი ძეგლები რჩებიან და საუკუნეთა განმავლობაში „სტილის ნიშნებს“ იძენენ ანუ „გარკვეულ სტილად“ ყალიბდებიან“.

 

ჩვენი ამოცანაა, გავეცნოთ კაცობრიობის კულტურულ წარსულს, განვიხილოთ ცალკეული სტილის ჩამოყალიბების პერიოდები, გამოვყოთ ის ძირითადი ნიშნები, რომლებითაც ამა თუ იმ ეპოქის სტილი განირჩეოდა სხვათაგან, შევძლოთ ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა მათ მიმართ, ამ ძეგლების აგების კულტურულ-ისტორიული კონტექსტის წარმოდგენა და კაცობრიობის კულტურული წარსულის შეფასება გლობალურად, მსოფლიო მიღწევების გათვალისწინებით.

 

აქტივობა N1 – რას და როგორ აშენებდნენ ეგვიპტესა და აზიაში? უპირველეს ყოვლისა, ვეცნობით ძვ. წ. აღ.-ის IV-III ათასწლეულების ეგვიპტეს, რადგან სტილის ჩამოყალიბების პირველი მცდელობები აქ ხდება, აქ ყალიბდება მშენებლობაში ერთგვარი ტრადიცია, რომელიც შემდეგში სტილად გვევლინება. ესაა პირამიდების ე.წ. კანონიკური სტილი. ის იმ ფორმებისა და ხაზების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის წყალობითაც მივიღეთ გრანდიოზული და „მძიმეწონიანი“ პირამიდები – ფარაონების სულის უკვდავსაყოფად აგებული ნაგებობები. ისინი იგივე ტაძრებია (პირამიდა-ტაძრები),მკაცრად სიმეტრიული მასიური კოლონების რიგით, ჰარმონიული გეომეტრიული ფორმებითა და იეროგლიფებით დაფარული კედლებით (იხ. სურ.1,2):

 

1. ხეოფსის, ხეფრენის და მიკერენის პირამიდები;

2. იეროგლიფები და კოლონები რამზეს II-ის სამარხის კედლებზე

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: ა) გაიხსენეთ, როდის აიგო პირველი პირამიდები; ბ) რა იცით რამზეს II-ის შესახებ? გ) თქვენი აზრით, რატომ გაუჩნდათ იმდროინდელ ადამიანებს ასეთი გრანდიოზული ნაგებობის აგებისკენ მისწრაფება? დ) რამდენად შეესაბამებოდა ეგვიპტელების რელიგიურ წარმოდგენებს მსგავსი ნაგებობები? ე) უწყობდა თუ არა ხელს ეგვიპტის ისტორიული განვითარება ასეთ მშენებლობებს? ვ) რისი თქმა სურდათ ამ სტილით ეგვიპტელებს?

აქტივობა N2ეგვიპტის ქვის არქიტექტურისგან განსხვავებით, აღმოსავლური არქიტექტურის ძირითადი ელემენტი გახლდათ ხის სვეტები, რომლებიც ქვის საძირკველზე იდგა. მცირე აზიის მთიანი რეგიონები, მესოპოტამია, ირანის ზეგანი ხის საუკეთესო ჯიშების სიმრავლით გამოირჩეოდა. სქელი კედლებით გამაგრებულ ქალაქებში იდგა მაღალკიბეებიანი სასახლეები. ნაგებობათა საძირკველი სწორკუთხა იყო, თუმცა თავად ძირითადი შენობა ძირითადად არასიმეტრიულობით გამოირჩეოდა. მცირე აზიის ხეთურმა ქალაქებმა გავლენა მოახდინა კრეტა-მიკენის კულტურაზე. ხეთური მეგარონი (ოთხკუთხა ნაგებობა შუაში გამართული კერიით) შემდგომ ბერძნული არქიტექტურის წამყვან დეტალად იქცა. აღმოსავლური არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო კაპიტელიც (ვერტიკალური საყრდენის – ბოძის ან სვეტის) დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელიც ასევე ძველბერძნული იონიური სვეტისთავების წინარე სახე გახდა.

3. მეგარონის ნაშთები კრეტაზე;

4. კნოსოსის სასახლის ნანგრევები კრეტაზე

აქტივობა N3 – შუამდინარეთის მოსახლეობა აშენებდა საფეხურებრივი კოშკების ფორმის ტაძრებს. დასაფლავების წესს ისინი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, რადგან სამარხი ნაგებობის ფორმებს არ უკავშირებდნენ სულის უკვდავებას. ნაგებობები ძირითადად თიხისა იყო, რადგან ყველაზე მეტი სწორედ ეს მასალა მოიპოვებოდა. მშენებლობაში გამოიყენებოდა პირამიდისებური ფორმა, თუმცა ამ ტაძრებს შიგნითა სივრცე არ ჰქონდა. თიხის ზიკურათები ბაბილონის კოშკსაც გჰავდა, წვერზე კი სამხვერპლო იყო გამართული. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დეკორსაც (სურ. 5, 6, 7)

5. ნაბუქოდონოსორ II-ის სასახლის ნაშთები ბაბილონში, ერაყი;

6. ზიკურათი. რეკონსტრუქცია;

7. იშთარის კარიბჭის დეტალი. ბაბილონი

აქტივობა N4 – აღმოსავლური არქიტექტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდი იყო აქემენიდური სპარსეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები. სპარსელები, რომლებიც აღმერთებდნენ მიწას, წყალს, ცეცხლსა და ჰაერს, ტაძრებს, სხვა ხალხისგან განსხვავებით, დიდ დატვირთვას არ ანიჭებდნენ, ძირითადად აგებდნენ ქვის პატარა ზომის კოშკისებურ, კვადრატული ფორმის ნაგებობებს, რომლებსაც რელიეფი ამშვენებდა. სამეფო სამარხები ქალაქისგან მოშორებით იდგა, როგორც, მაგალითად, კიროსის მავზოლეუმი ფასარგადეში ან კლდეში ნაკვეთი აკლდამები პერსეპოლისის ახლოს. ქალაქების კედლები მეფეთა დიდებულების ამსახველი ბარელიეფებით იყო შემკული და მნახველზეც დიდ გავლენას ახდენდა (სურ. 8, 9, 10)

  1. კიროსის მავზოლეუმი;

9.დარიოს I–ის აკლდამა;

10. პერსეპოლისის ნანგრევები

 

·         მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: გამოყავით ძველი აღმოსავლური სტილის ძირითადი ნიშნები. რით განსხვადება ის ეგვიპტურისგან? ასახავდა თუ არა ეს ძეგლები იმდროინდელი საზოგადოების ინტერესებს?

აქტივობა N5 – ადრეული ინდური არქიტექტურის ნიმუშია ჩაიტია (სამლოცველო დარბაზი), რომელიც უმთავრესად ბუდიზმის პირველ ხანებში იყო გავრცელებული. საზოგადოდ, ბუდისტური ტაძრების დაგეგმარებაში ასახული იყო ინდოელების წარმოდგენა სამყაროზე – მიწა, რომელიც გარშემორტყმული იყო ოკეანით (რაც აისახებოდა ტაძრის გარშემო განლაგებული აუზების სისტემაში); მაღალი კედლები განასახიერებდა მთას, რომლის წვერზეც გამართული იყო სამსხვერპლო – დედამიწის კოსმიური ცენტრი (სურ. 11, 12, 13):

 

  1. სამლოცველო დარბაზი;

12.  ჩაიტია;

13. ბუდისტური ტაძარი კუნმინში

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: აგრძელებს თუ არა ინდური სამშენებლო სტილი აღმოსავლურ ტრადიციას? რით ჰგავს მას და განსხვავდება მისგან?

 

აქტივობა N6 – შუა საუკუნეების აზიაში გაბატონებული იყო ე.წ. აღმოსავლური სტილი. ესენია მავზოლეუმები, სალოცავები, მეჩეთები, მედრესეები. ძირითადი ნაგებობა ბოლოვდება გუმბათით, რომელსაც წრიული, მწვანე, ვარსკვლავისებური, საფეხურებრივი ფორმა აქვს. ნაგებობები დაფარულია მოზაიკური ორნამენტებით, შემკულია მაღალი მინარეთებით (კოშკებით) და სხვ. მაგალითად, არისტანბაბეს მავზოლეუმი (XII ს., ყაზახეთის სამხრეთში), თაჯ-მაჰალი ინდოეთში (XVII ს.) და სხვ. (სურ. 14, 15)

  1. არისტანბაბეს მავზოლეუმი;

15. თაჯ-მაჰალი

 

  • მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს: რამდენად გააგრძელა ისლამურმა კულტურამ აღმოსავლური სტილი მშენებლობაში?

 

I ნაწილის შემაჯამებელი დავალება: ისაუბრეთ მსოფლიოს ქვის მატიანეებზე – აღმოსავლეთის არქიტექტურულ ნაგებობზე როგორც კაცობრიობის კულტურის შემადგენელ ნაწილზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი