პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პუბერტატული ასაკის თავისებურებანი

პუბერტატულ პერიოდს ხშირად უწოდებენ გარდატეხის ასაკს. გულისხმობენ მოზარდ ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, რომლებიც განვითარების ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლასთანაა დაკავშირებული. ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადანაცვლება ინდივიდის ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, სოციალური ტრანსფორმაციის პროცესთა ჯაჭვს წარმოადგენს.

ბიოლოგიური თვალსაზრისით, სქესობრივი მომწიფება დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე რთულ ფიზიკო-ქიმიურ პროცესებზე, რომელთა მმართველი იერარქია ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის სტრუქტურებში მდებარეობს. მათ მიერ გამოთავისუფლებული ნივთიერებები განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებათა კასკადს, რომლის წამყვანი ფაქტორია სასქესო და ზრდის ჰორმონების აქტივაცია და მოზარდის გონებრივი და ფიზიკური გარდაქმნა.

პუბერტატული ასაკის დასაწყისი და ხანგრძლივობა დაკავშირებულია ინდივიდის სქესობრივ და ეთნიკურ კუთვნილებასთან, სხეულის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან, კლიმატურ სარტყელთან და სხვ. მეცნიერები სავარაუდო ასაკად გოგონებთან 10-11 წელს მიიჩნევენ, ხოლო ვაჟებთან – 12-13 წელს. მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობისას შესაძლებელია დადგენილი ვადებიდან უმნიშვნელო გადახრა.

გარდატეხის ასაკის დადგომასთან ერთად ტრანსფორმირდება სხეულის ზოგადი პროპორციები. ზრდასრულ ზომებს აღწევს ჯერ თავი, მტევნები და ტერფები, შემდეგ – კიდურების დანარჩენი ნაწილები და ტორსი. ხდება რეპროდუქციული ორგანოებისა და მეორეული სასქესო ნიშნების სწრაფი ჩამოყალიბება. ჩონჩხის განვითარება ჩამორჩება კუნთოვან მასას, რაც სხეულს ერთგვარ კუთხოვან შესახედაობას ანიჭებს. შესაძლოა, გამოვლინდეს ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა ან თავი იჩინოს სირთულეებმა ორგანოთა ჟანგბადით მომარაგების თვალსაზრისით. სისხლძარღვოვანი და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებას ართულებს ე.წ. ჰორმონული ქარიშხალი.

მომწიფების პერიოდში მიმდინარე ცვლილებები აისახება ორგანოთა ფუნქციურ თავისებურებებზე, რაც განაპირობებს ადვილად დაღლას და შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას. ინდივიდი ვერ არეგულირებს ენერგიის დანახარჯს და რესურსებს. მშობლები ხშირად აღნიშნავენ შვილის „გაზარმაცებას“. ზოგჯერ მოზარდი ფიზიკურ აქტიურობას წამოწოლას ამჯობინებს, უარს ამბობს თავის მოვალეობათა შესრულებაზე და დაღლილობას იმიზეზებს.

სხეულის მასის მატება ვაჟებთან უპირატესად კუნთოვანი ქსოვილის განვითარების ხარჯზე ხდება, რაც იწვევს ნატიფი მოძრაობებისა და კოორდინაციის დროებით დისონანსს. მეტყველება ხდება უფრო ლაკონიური, სტერეოტიპული. ამასთან, რთულდება მოსმენილი ინფორმაციის აღქმა და დამახსოვრება. ხშირად ვაჟებს უფუჭდებათ კალიგრაფია, უძნელდებათ ნააზრევის წერილობით გადმოცემა. გოგონები შედარებით ადვილად ახერხებენ განზოგადებულ თემებზე წერას. ისინი ხშირად აწარმოებენ დღიურებს და თხზავენ ესეებს.

გარდატეხის ასაკის მნიშვნელობა განისაზღვრება იმითაც, რომ ამ პერიოდიდან შესამჩნევი ხდება პიროვნების ძირითადი მორალური და სოციალური შტრიხების ჩამოყალიბება. გარდატეხის ასაკში მოზარდი იწყებს ფიქრს საკუთარ მომავალზე და ცდილობს ერთგვარი სცენარის წარმოდგენას. ამასთან, ოცნების შინაარსი კონსტრუქციულია და ნაკლებად ითვალისწინებს შესაძლო სირთულეებსა და დაბრკოლებებს.

მოზარდობის სოციალიზაციის პირველი ფაზა ვლინდება სიმწიფის განცდით. ინდივიდი ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც ზრდასრულმა ადამიანმა. ის ჯერ კიდევ თვითგამორკვევის სტადიაზე იმყოფება, როცა საზოგადოება მას მიაკუთვნებს რომელიმე ასაკობრივ ჯგუფს და შესაბამისად ცვლის მისდამი მიდგომებსა და მოთხოვნებს, რაც ბავშვის მოუმზადებელ ფსიქიკაში თავდაცვითი რეფლექსის აღმოცენებას იწვევს. პუბერტატულ პერიოდში გამოვლენილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს „გარდამავალი ასაკის კრიზისის“ სახელით მოიხსენიებენ. ის მოიცავს არაერთ საყურადღებო კომპონენტს, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სპეციფიკურ ქცევით რეაქციებს იწვევს და შესაძლოა, გარშემო მყოფთათვის მიუღებელი ფორმითაც გამოიხატოს. მათ შორის აღსანიშნავია:

1) დამკვიდრებული წესებისა და კანონებისადმი დაუმორჩილება, არსებული ავტორიტეტების ნიველირება და საკუთარი კერპებისა და ნორმების შექმნა, პროტესტის გამოხატვის მარგინალური ფორმა;

2) უკიდურესი თავდაჯერება, ხასიათის სიხისტე და გარემო ფაქტორთა შეფასებისას უაპელაციო დასკვნების გამოტანა;

3) გარშემო მყოფთა მხრივ მისი გარეგნობის შეფასებისადმი მაღალი სენსიტურობა (ძლიერდება ინტერესი საკუთარი მიმზიდველობის, აღნაგობის, წონის, კანის მიმართ; ვაჟები დიდ ყურადღებას აქცევენ კუნთოვანი მასის განვითარებას, სიმაღლსი მატებას, გოგონები – სხეულის წონას, გარშემოწერილობას, ფეხების ფორმას…);

4) ხასიათის არასტაბილურობა, ემოციურ რეაქციათა აფეთქება და მოულოდნელი ჩაქრობა, იმპულსურობა და არამდგრადობა, ემოციების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები;

5) პათოლოგიური მორცხვობა, ჩაკეტილობა, დაბალი თვითშეფასება, განმარტოების სურვილი, დეპრესიისადმი მიდრეკილება;

6) თვითდამკვიდრებისა და საკუთარი პიროვნების იდეალიზების ტენდენცია, სხვებზე დომინირების სურვილი, რაც შესაძლოა გამოიხატოს უფრო სუსტი თანატოლების დაცინვითა და ჩაგვრით.

გარდატეხის ასაკის პრობლემების ბიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს მოზარდის სხეულსა და ფსიქიკაში მიმდინარე პროცესები, თუმცა მათთან დაკავშირებული სირთულეების გაანალიზება და დაძლევა მთელი საზოგადოების საზრუნავია. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების მზაობა. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, რთული სიტუაციის განმუხტვისას აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის ან ექიმის ჩართვა, ვინაიდან ამ ასაკობრივ კონტინგენტში ხშირად შეინიშნება დეპრესიული მდგომარეობა, აგრესიულობა.

პიროვნული კონტაქტების პროექცია მოზარდისთვის ერთგვარი ორიენტირია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სოციუმში, სადაც ბავშვს აკლია უფროსების ყურადღება და არ არსებობს ნდობა, ყალიბდება გარემომცველი სამყაროს მიმართ მტრული დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი ასპექტია ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ფორმები. ამ პერიოდში ორივე სქესის მოზარდების თვითშეფასების დონეზე დიდ გავლენას ახდენს სამეგობრო წრის ფაქტორიც.

ასაკთან ერთად ოჯახისადმი მიჯაჭვულობა მცირდება. ჩნდება დისტანცია მშობლებსა და შვილებს შორის. ბავშვები იწყებენ პიროვნული დამოუკიდებლობის სურვილის გამოვლენას, თუმცა ემოციურად ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი დედ-მამაზე. თუ ოჯახში არსებობს იმავე სქესის უფროსი დედმამიშვილი, რომელიც წარმატებული და ავტორიტეტული პიროვნებაა, ოჯახის უმცროსი წევრი მის მიბაძვას იწყებს. ეს ყოველთვის არ არის პოზიტიური მოვლენა, ვინაიდან შესაძლოა მოზარდს გაუჩნდეს კონკურენციის გრძნობა, რომელიც ეჭვიანობითა და შურიანობით გამოიხატება.

მომწიფების ასაკში თანატოლებთან ურთიერთობა კომუნიკაციის წამყვან ფორმას წარმოადგენს. მოზარდისთვის მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აზრი, რომელსაც ეკუთვნის და თანამოაზრეების არსებობა უქმნის თავდაჯერებულობის განცდას. ამავე დროს, პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოლექტივის თავისებურება და ინდივიდის სტატუსი მასში. თინეიჯერის იზოლირებულობა მთლიანობისგან, მარტოობის განცდა იწვევს ფრუსტრაციას და შესაძლოა საფუძვლად დაედოს საკუთარი თავის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

გარდატეხის ასაკში მშობლების მფარველობიდან თავის დაღწევის მცდელობის პარალელურად მკვეთრად იმატებს მეგობრების შეძენის სურვილი. ახლობლის შერჩევის კრიტერიუმი მრავალგვარია. მოზარდები ზოგჯერ მსგავსი ინტერესების, მაგ., მუსიკალური მიმდინარეობის, შემსრულებლის, სპორტის რომელიმე სახეობის, გუნდის გარშემო ან უბრალოდ ტერიტორიული პრინციპით – „უბნელების“ სახელით ერთიანდებიან. აგრესიული სუბკულტურის წარმომადგენელთან ურთიერთობა, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ თინეიჯერს ფსიქოლოგის მეთვალყურეობა სჭირდება ან პოტენციური კანონდამრღვევია.

დიდი სიფრთილეა საჭირო თინეიჯერისთვის იარლიყების მიკერების დროს. ხშირად უფროსები განგაშს ტეხენ და ნეგატიურად განეწყობიან მოზარდის მიმართ, თუ დაინახეს, რომ ის ატარებს პირსინგს, არატრადიციულ ვარცხნილობას, მაკიაჟს, უცნაურად იცვამს, აქვს აგრესიული შინაარსის სვირინგი ან იყენებს არანორმატულ ლექსიკას. ეს ყოველთვის არ მიუთითებს სერიოზულ პრობლემაზე, თუმცა, სტატისტიკის თანახმად, სიტუაციაში დროული გარკვევითა და სწორი ანალიზით მრავალი თავსატეხის თავიდან აცილება შეიძლება.

პუბერტატულ ასაკში მოზარდი სქესობრივი იდენტიფიკაციის ახალ საფეხურზე გადასვლას იწყებს. ჩნდება სიყვარულის გრძნობა, რომლის ობიექტი შეიძლება იყოს რეალური პიროვნებაც და რომელიმე ცნობილი ადამიანიც. ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელში მოზარდის კედელი ჭრელდება კუმირის ფოტოებითა და ვიდეოებით, თუმცა საბოლოო ჯამში გაიდეალებულ და მიუწვდომელ ობიექტს სავსებით ხელშესახები ადამიანი ჩანაცვლებს, ან მხოლოდ პირველობას წაართმევს.

სიყვარულთან ერთად მოზარდის ცხოვრებაში იწყება საინტერესო და რთული პერიოდი. ის ცდილობს აღფრთოვანების ობიექტისთვის თავის მოწონებას, რაც გამოიხატება საკუთარ გარეგნობაზე ჰიპერტროფირებული ზრუნვით. გოგონებს წონის მატების ტენდენციისას გაიტაცებთ გასახდომი საშუალებები. პათოლოგიურ შემთხვევაში სხეულის კონტროლი შესაძლოა კვებითი აშლილობის ისეთ ფსიქოსომატურ ფორმებში გადაიზარდოს, როგორიცაა ანორექსია, ბულიმია. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობათა სიღრმე, ორმხრივობა და პიროვნების ფსიქოემოციური სტატუსი. სიტუაციის არასწორად წარმართვის შემთხვევაში ჩნდება გაუაზრებელი ქორწინების, დაუცველი სქესობრივი კონტაქტების, არასასურველი ორსულობის საფრთხე, ხოლო უარყოფის შემთხვევაში – დეპრესიისა და სუიციდისა.

კოგნიტიური განვითარების თვალსაზრისით გარდატეხის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია. მოზარდი ლოგიკური მსჯელობითა და აბსტრაქტული ცნებებით ეწევა ოპერირებას, ამასთან, არ ითვალისწინებს კონკრეტული გარემოების ობიექტურ სურათს. ის ხარბად მიილტვის ცოდნის შეძენისკენ, თუმცა არ ზრუნავს მის სისტემატურობაზე. ხშირად ამჟღავნებს მუსიკით, სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავების სურვილს, პარალელურად სურს ხატვისა თუ უცხო ენების შესწავლაც, იმავდროულად, ნაკლებად ფიქრობს სასკოლო დავალებების მომზადებაზე.

მოზარდები გონებრივ პოტენციალს მიმართავენ იმ სფეროსკენ, რომელიც ყველაზე მეტად ხიბლავთ. ინდივიდი ერთსა და იმავე დროს ამჟღავნებს ხასიათის უკიდურეს მხარეებს: რომანტიკულობასა და ცინიზმს, სინაზესა და უხეშობას, მორცხვობასა და სითამამეს… მომწიფების ასაკისთვის დამახასიათებელია მასისგან გამორჩევის სურვილი, რისთვისაც მოზარდი ცდილობს საკუთარი მოთხოვნილებების, განცდების, შესაძლებლობების, სურვილებისა და აზრების გამოხატვას. თინეიჯერისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ხარისხი. ზეწოლა გარშემო მყოფთა მხრის და დაბალი თვითშეფასება ქმნის წინააღმდეგობებს დასკვნების გამოტანისას, რაც ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ხასიათის სპეციფიკურ შტრიხად იქცეს. კოგნიტიური განვითარების დონეს განსაზღვრავს საარსებო სივრცე, სუბიექტის წიგნიერება, ინტელექტუალური პოტენციალი.

ფიზიკური „მე“-ს გამოსახულებასა და თვითშემეცნებაზე გავლენას ახდენს მომწიფების ტემპი და დასაწყისი. აქსელერაცია იძლევა უკეთეს საშუალებას პიროვნული განვითარებისთვის, თუმცა საწყის ეტაპზე მოზარდს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თანაკლასელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ბავშვია, როცა იგი ფიზიკურად და გონებრივად უფროსი ასაკის ნიშნებს ავლენს. თვითშეფასება მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ეხმარება მას სოციალურ ადაპტაციაში და გავლენას ახდენს მის სასწავლო და პროფესიულ წარმატებებზე, მორალურ და იურიდიულ კანონებთან მიმართებაზე.

ამრიგად, პუბერტატული პერიოდის მოზარდებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათი წლოვანებისთვის დამახასიათებელ თავისებურებათა წყება მაღალი სენსიტურობისა და აქტუალურობის გამო დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. იმავდროულად, საჭიროა პიროვნებასთან მუდმივი სიახლოვე და სირთულეების დაძლევისას სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა. გადაუჭრელი პრობლემების არსებობისას აუცილებელია შესაბამისი პროფესიის პირთა (ექიმის, ფსიქოლოგის, სამართალდამცავი სტრუქტურების) ჩართვა. მასწავლებლების, ოჯახისა და სოციუმის სხვა წევრების თანადგომითა და მხარდაჭერით უმეტესად ხერხდება „გარდატეხის ასაკის კრიზისის“ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დაძლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი