პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვკითხულობთ ჯეინ ოსტინს

წიგნი იმიტომ ვიყიდე, ყდაზე მწვანე ქოლგები რომ ეხატა. როცა ამ სიტყვებს ვწერ, „ემა“ დამთავრებული არ მაქვს – ქართული გამოცემა ექვსას გვერდზე მეტს ითვლის და მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვწყდები, აშკარაა: კიდევ ერთი დღის გატარება მომიწევს ორ ეპოქას, ორ ქვეყანას შორის. შეუძლებელია ჯეინ ოსტინის კითხვის დროს დარჩე იქ, სადაც ხარ – რომელიმე გმირი ისე ბუნებრივად გამოგდებს მკლავს და სეირნობისას გულს გადაგიშლის, თითქოს ზამთრის პირქუშ დღეებში სხვა მესაიდუმლე არ ჰყავდეს; თითქოს მეზობლად ცხოვრობდე და მოსაკითხ ბარათებს მსახურების ხელით უცვლიდეთ ერთმანეთს.

ისე მოხდა, რომ ჯეინ ოსტინის წიგნს პირველად ვკითხულობ. მისი რომანების კინოეკრანიზაციები დიდი ხნის წინ ვნახე – ჯერ კიდევ იმ ასაკში, ცხოვრების მთავარი კითხვა საპასუხო გრძნობის არსებობა-არარსებობას რომ ვერ სცდება და სასოწარკვეთით ცდილობ, გაარკვიო: უყვარხარ თუ არ უყვარხარ. ამ კითხვის პასუხზე იმდენი რამაა დამოკიდებული, ისეთი მნიშვნელოვანი მოჩანს ყოველი მინიშნება, თითქოს სამყაროს ვეება სიცარიელეში ეს ერთადერთი გრძნობა არსებობდეს – ერთადერთი ხელშესახები სინამდვილე.

ემას – წიგნის მთავარი გმირის სახელის წარმოთქმისას ჩემი სახელი მესმის. „მოახლემ თმა დაუხვია, გავიდა და ემა მარტო დატოვა, რათა ეფიქრა და უბედური  ყოფილიყო“, – ასე იწყება მე-16 თავი. უბედური იმიტომ არის, რომ იმ კაცს შეუყვარდა, ვისაც საპასუხო გრძნობით ვერ უპასუხებს. გულწრფელად უნდოდა, მეგობრისთვის შესაფერისი საქმრო გამოეძებნა, წარმოუდგენლად ირჯებოდა, მაგრამ შედეგი წარმოსახულისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა – მისტერ ელტონმა თავად ემას აუხსნა სიყვარული შობის ღამეს. წარმოიდგინეთ: ზამთრის ცივი ღამე, დათოვლილი გზა, ეტლი, რომელშიც ცხვრის ტყავებია ჩაფენილი და შემთვრალი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში თქვენი ხელი უჭირავს და ერთმანეთზე უაზრო ფრაზებს გეუბნებათ.

ამინდი წიგნის ერთ-ერთი გმირია. ამინდს მოვლენათა განვითარების დრამატულად შეცვლა შეუძლია. საკუთარი უხასიათობის გასამართლებლად თუ სადილად მიწვევაზე უარის სათქმელად სხვა მიზეზი არც არის საჭირო. ფარდას გადასწევ და აქაა – შენი მხსნელი, მარადიული თანამოაზრე.

ჯეინ ოსტინის კითხვისას ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს შინ ხარ. თითქოს სწორედ იმ სახლში დაიბადე, სადაც ბუხარი განუწყვეტლივ გუზგუზებს და ოჯახის წევრთა მთავარი საზრუნავი საღამოს მოსული სტუმრების ჯეროვნად გამასპინძლებაა. შესაძლოა რომელიმე სტუმარმა შორეული კარმიდამოს სურათები გაჩვენოთ – ცხადია, თავისი ხელით დახატული პეიზაჟები. ვიღაც დაიწუწუნებს, ეს რა მოკლე წერილი მივიღე, მხოლოდ ორი გვერდიაო, გვერდით მჯდომი კი თავს გადააქნევს და გულწრფელად სთხოვს, აბა, წაგვიკითხეო. წერილების საჯაროდ კითხვა აქაურ თავშესაქცევთა შორის მართლაც გამორჩეულია – ერთსა და იმავე ამბებს მოწყენილობის ღმერთის წინაშე აღსავლენ ლოცვასავით კითხულობენ.

ჩემ წინ გადაშლილ რომანში ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, რომელსაც თითქოს თვალის ასახვევად ჰქვია ჯეინ ფეარფაქსი – იმდენაც კარგად ნაცნობი სახეა ყოვლად უნაკლოდ, თავად სრულყოფილებად მიჩნეული ქალიშვილისა, რომელიც წარმატებას თითოეულ ჯერზე თითქმის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღწევს, შეუძლებელია მკითხველის მეხსიერებაში ზუსტი სახელი და გვარი არ გაჩნდეს: თანაკლასელის, ბავშვობის მეგობრის, დეიდაშვილის ბიძაშვილის, დედის მეგობრის ქალიშვილის, ნათლიის დისშვილის ან ვინმე ასეთის. ეს წარმატება არ არის უბრალო გამართლება. ეს ერთგვარი კანონზომიერების გამო ხდება, რომელიც რომანშიც და ცხოვრებაშიც გამაღიზიანებელ, მომაბეზრებელ, საკუთარი თავით უზომოდ მოხიბლულ ბრიყვებს აჩენს.

ემა კი ერთ ეპიზოდში გადაწყვეტს, საკუთარი წარმოსახვის უნარი საბოლოოდ დათრგუნოს. შესაძლოა, კარგი არც არაფერი მოჰყვეს სურეის ჩაკეტილ საზოგადოებაში გარშემომყოფებზე ზრუნვის მისეულ მცდელობებს, მით უფრო, რომ პირველი მარცხი უკვე იწვნია – მეგობრის გაბედნიერება ვერ შეძლო. ცხადია, ჰაიბერიში დატრიალებულ ამბებს კომიკური ელფერი ახლავს, ღიმილის გარეშე წიგნის ორ გვერდსაც ვერ წაიკითხავ. ღმერთო ჩემო, რა შესაფერისი წყვილების შედგენა და რა სხვების გემოვნების დახვეწაზე ფიქრი, დააცადე ადამიანებს საკუთარ გზაზე სიარულიო, ფიქრობ. მთავარ გმირს დროდადრო ელაპარაკები, თითქოს კაბის შრიალით მოგყვებოდეს გვერდზე, მხრებზე შალმოსხმული.

არ ვიცი, რა ასაკში სჯობს ჯეინ ოსტინის წიგნების კითხვა –  მოზარდებმა შეიძლება იმდენად სერიოზულად მიიღონ მათში აღწერილი ამბები, რომ განსჯის ვნებას ვერ გადაურჩნენ – ზედმეტად მკაცრი განაჩენი გამოუტანონ ადამიანთა მარადიულ სიმარტივეს, პატარ-პატარა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვას, გულუბრყვილოთა იოლად ამოსაცნობ ხელწერას. ჩემთვის კი „ემა“ ის წიგნი აღმოჩნდა, სადაც არაფერს ვეძებ, სიმშვიდის, მეგობრის ხელის სითბოსა და ჩაის ნაცნობი სურნელის გარდა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი