პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თუ მათ გულს მოიგებ, შეგიძლია იცეკვო კიდეც მათთან – ხდება თუ არა სასწაულები კლასში?

ეს კითხვა ალბათ სტავროს ლოუცასაც უტრიალებდა თავში, როდესაც შვედეთის ერთ-ერთი სკოლის კიბეს მიუყვებოდა, აკანკალებული ხელებით იბერტყავდა მხრებიდან არარსებულ მტვერს და ოფლით დაცვარულ შუბლს იწმენდდა. პირველი დღე არცთუ იღბლიანად დაიწყო – დილით საკმაოდ გრძელ საცობში მოყვა და გაკვეთილზეც დააგვიანა. არც ისე კარგი დასაწყისია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე რთული დავალება უნდა შეასრულო – კლასში სასწაული უნდა მოახდინო და ცოტა ხნით ალბუს დამბლდორი თუ არა, სევერუს სნეიპი მაინც გახდე.

კარი შეაღო და თავს ღიმილი დააძალა. „ალბათ გგონიათ, რომ ეს ჩემი ტიპური საქციელია, არა?“ – მიმართა მეცხრე „ა“ კლასის ოც მოსწავლეს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ელოდათ მომდევნო თვეების განმავლობაში. „მერწმუნეთ, ასე არ არის, საკუთარი თავისგან ყოველთვის ყველაზე მეტს ვითხოვ და პუნქტუალურობა ნამდვილად ჩემი ძლიერი მხარეა. თქვენგანაც ყველაზე მეტს მოვითხოვ, მაგრამ იმავდროულად ყველაფერში დაგეხმარებით“.

ასე უჩვეულოდ დაიწყო შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტი, რომლის მთავარი მოქმედი პირები რვა მასწავლებელი და მეცხრე „ა“ კლასის მოსწავლეები იყვნენ. მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა თავისი გაიტანეს: იოჰანესის სკოლის ადმინისტრაციას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მეცხრე „ა“ კლასის ყველა მასწავლებელი შეაცვლევინეს ქვეყნის რვა საუკეთესო მასწავლებლით, რომლებსაც ურთულესი რამ – კლასში სასწაულის მოხდენა დაავალეს. საყოველთაო ტესტირებისას იოჰანესის სკოლის მეცხრე კლასს ყველაზე უარესი შედეგები აღმოაჩნდა. ექსპერიმენტის მონაწილე მასწავლებლების მიზანი კლასის საშუალო მაჩვენებლის გაზრდა იყო. მეცხრე „ა“ კლასი მათ ყველაზე წარმატებული კლასების ხუთეულში უნდა შეეყვანათ და ამისთვის სულ ხუთი თვე ჰქონდათ. მასწავლებლები არ მიიღებდნენ არც ერთი ცენტით მეტს, არც სხვა მასწავლებლებთან შედარებით უკეთეს სამუშაო პირობებს. პირიქით – მკვლევართა ჯგუფი დააკვირდებოდა და ფირზე ასახავდა მათ წარმატებას თუ წარუმატებლობას. პირველ შემთხვევაში ისინი გმირები გახდებოდნენ, მეორეში კი უბრალოდ წარუმატებელი ექსპერიმენტის მონაწილენი.

„არაფერი გამოვა, ჩვენ მეტისმეტად ზარმაცები, სულელები და უუნაროები ვართ“, – ფიქრობდნენ მეცხრეკლასელები, ამიტომ მასწავლებლის კითხვას: „რა არის თქვენი ძლიერი მხარე?“ – დუმილით შეხვდნენ. „მაშინ მე ვიტყვი, რა არის ჩემი სისუსტე, შეიძლება?“ –  არ ნებდებოდა მასწავლებელი, სანამ მოსწავლეებმა თითო ძლიერი მხარე მაინც არ დაასახელეს პიროვნული თუ საგნობრივი კუთხით.

„თუ მათ გულს მოიგებ, შეგიძლია იცეკვო კიდეც მათთან“, – დაბეჯითებით ამბობს სტავროს ლოუცა. თუმცა ცეკვა ჯერ მასწავლებლებმა დაიწყეს. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელმა – გაკვეთილზე, ლოუცამ – სკოლის ეზოში (სადაც ის მოსწავლეებს ახლოს ეცნობოდა ისე, როგორც არც ერთი მასწავლებელი აქამდე), მუსიკის მასწავლებელმა – მოსწავლეების მიერ შექმნილ როკკომპოზიციაზე. მალე ჩიხშიც მოექცნენ – მიუხედავად მცდელობისა, კლასი წინ ვერ მიიწევდა, მშობლები მეტ სიმკაცრეს მოითხოვდნენ და მასწავლებლებს ყოველდღიურად უხდებოდათ ბრძოლა იმის დამსამტკიცებლად, რომ მეცხრე „ა“ კლასი წარუმატებლობისთვის არ იყო განწირული.

რამდენიმე თვის შემდეგ სიმართლემ მზის შუქი იხილა. მოსწავლეებს არ სჯეროდათ, რომ უკვე შეეძლოთ რთული ბიოლოგიური და ქიმიური ფორმულების არათუ დამახსოვრება, არამედ ახსნა და გამოყენებაც. ისინი უშეცდომოდ წერდნენ რეფერატებს ინგლისურ ენაზე და, მიუხედავად ხარვეზებისა, როკოპერის სინჯებშიც მიიღეს მონაწილეობა. პირველი აღტაცება შუალედურ შეფასებას მოჰყვა, როდესაც ბავშვებმა თავად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების, ხოლო შობამდე ცოტა ხნით ადრე საერთო საკლასო შეფასების შედეგებმა ყველა გააოცა. იოჰანესის სკოლის მეცხრე „ა“ კლასმა შვედეთის საუკეთესო კლასების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი ყველა ნამდვილად სიხარულით აცეკვდა. თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო უფლება, სწავლა საშუალო საფეხურზე გაეგრძელებინა. როგორც თავად აღნიშნავდნენ, მათ ახალი ცხოვრების დაწყების და ხელახლა დაბადების შანსი მიეცათ.

სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელს, მკვლევარ ერიკ ჰანუშეკს მიაჩნია, რომ საკლასო ოთახში ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა წარმატების გასაღებია. აქამდე მსგავს ექსპერიმენტს ხუთი თვის განმავლობაში არასოდეს უჩვენებია ასეთი თვალსაჩინო შედეგი. ფაქტია: მასწავლებელს შეუძლია ისეთი გავლენა მოახდინოს მოსწავლეზე, რომ რადიკალურად შეცვალოს მისი ცხოვრება, გადაარჩნოს მისი მომავალი და გააუმჯობესოს კლასში სწავლისადმი დამოკიდებულება. განათლების ეკონომიკის სპეციალისტები ჰენდრიკ იურგენი და კერსტინ შნაიდერი მიიჩნევენ, რომ მასწავლებლების მაღალ მოტივაციას შეუძლია გადაფაროს და აღმოფხვრას საკლასო ოთახში სოციალური უთანასწორობით გამოწვეული პრობლემები. მათ აზრით, მაღალი სოციალური ფენის ბავშვებს, რომლებსაც საშუალო დონის მასწავლებლები ჰყავთ და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომლებსაც ძალიან კარგი მასწავლებლლები ჰყავთ, შეუძლიათ ჰქონდეთ მსგავსი კომპეტენციები და წარმატებული მომავლის თანაბარი შანსი.

ჩვენ, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც, ვცდილობთ ვუშველოთ თავს, გადავარჩინოთ ჩვენი სხეულის თუნდაც ერთი უჯრედი მაშინ, როდესაც ფიზიკურ ტკივილს განვიცდით. ვიაზრებთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ექიმს – ადამიანს, რომელსაც ჩვენი სიცოცხლე აბარია. ვიცით, რაოდენ აუცილებელია კარგი მშენებელი, არქიტექტორი, ინჟინერი თუ პოლიციელი. ვხედავთ და საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ კომპეტენტური საჯარო მოხელეების საჭიროებას. ამ ყველაფრის გააზრებაში კი მხოლოდ ერთ ფაქტი გვეხმარება – მყისიერად წარმოშობილი საჭიროება და შედეგი. მაგრამ რატომღაც ყოველთვის ყურადღების მიღმა გვრჩება ერთი გარემოება, რომლის გარეშეც ვერავინ იქნება ჯანმრთელი, მშვიდი, დაცული და ბედნიერი – ჩვენ ვერ ვაფასებთ მასწავლების საქმიანობას მომავლის პერსპექტივაში. ვერც იმ გავლენას გავიაზრებთ, რასაც სკოლა ჩვენი შვილების ცხოვრებაზე აქვს. ახდენს. უბრალოდ, ვხედავთ კარიკატურებს სოციალურ ქსელებში – ბავშვების გონება კუბებად, სამკუთხედებად, წრეებადაა გამოძერწილი, დაჭრილი და დამუშავებული, მაგრამ ვერ ვხვდებით, რა ღვივდება ყოველდღიურად ჩვენს მომავალ თაობაში – ფარული საშიშროება თუ მტკიცე სამოქალაქო საზოგადოების საძირკველი. არც საზოგადოება და არც სახელმწიფო არ ვეკითხებით საკუთარ თავს: რა არის სასკოლო განათლების მიზანი? ყველას ერთნაირად გვესმის თუ არა, როგორი მომავალი თაობის აღზრდა გვსურს? ვართ თუ არა შეთანხმებული საერთო ღირებულებებზე, ფასეულობებსა და მათი გამომუშავების ფორმებზე? მე – მშობელი, მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, ჟურნალ „მასწავლებლის“ სტატიის ავტორი, განათლების პოლიტიკის დამგეგმავი და გამტარებელი – ვაგებ თუ არა პასუხს იმაზე, რომ, ჩემი მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდობის ნაწილი სიძულვილის, უთანასწორობის, ჩაგვრისა და ძალადობის მხარეს დგას? თითქოს მარტივი და ცხადი კითხვებია, რომლბიც დოკუმენტების დონეზეა ფორმალიზებული, მაგრამ არა გააზრებული, ერთნაირად აღქმული და პრაქტიკაში დანერგილი.

ყოველთვის, როდესაც მსგავსი ფაქტების შესახებ ვკითხულობდი ან რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ფილმებს ვუყურებდი, ყველაფერი შორეული და მიუწვდომელი მეჩვენებოდა. რაციონალურ აზროვნებაზე მომართულ გონებას არც იმის დაჯერება სურდა, რომ მსგავსი სასწაულები სადღაც მაინც ხდება, რომ მასწავლებლებს, მიუხედავად მრავალი სირთულისა, შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ მოსწავლეების ცხოვრება, გაუჩინონ მათ საკუთარი თავის რწმენა, დაანახონ განათლების მიღების საჭიროება და გადაარჩინონ მათი მომავალი. თუმცა ფაქტები არსებობს, არსებობს გამონაკლისები, და ეს გამონაკლისები გადარჩენილი სიცოცხლეებია, ცხოვრების თავიდან დაწყების, ლუზერობის სტიგმიდან გათავისუფლების, წარმატებული მომავლის, საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის და ჯანსაღი სამოქალაქო ცნობიერების მატარებელი ადამიანების მაგალითები. ადამიანებისა, რომლებიც დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას ქმნიან, სადაც ყველას ბედნიერი თანაცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი