პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ფეხბურთი ჩვენს ბავშვობაში

მახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცედენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ამის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთში უამრავმა წყალმა, ფინალმა და მოვლენამ ჩაიარა, მაგრამ პირველი მაინც პირველია და სულ სხვა გემო აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა ქართული საზოგადოების პარალელურად გაიზარდა, დავაჟკაცდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი ქართველ გულშემატკივრებში უკვე სულ სხვა ემოციებს ბადებს.

ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვღირსებია ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ხილვა, მაგრამ ამ დანაკლისს მეტ-ნაკლებად ლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გვივსებდნენ. ჩვენთვის ესეც ბევრს ნიშნავდა.

ფაქტია, რომ ძველ, უშუქობის პერიოდში ნანახ ლიგის თამაშებს მაინც სულ სხვა გემო ჰქონდა. მეზობლების “ჟიგულებზე” შემოდებულ აკუმულატორებზე ჩართულ პაწაწკინტელა ტელევიზორებთან მიმსხდარნი, რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით ვცდილობდით, თამაშები არ გამოგვეტოვებინა. ჩვენთვის ქართულ ენაზე კომენტირებული მაშინდელი ჩემპიონთა ლიგა ევროპაში გაჭრილი ლამის ერთადერთი ფანჯარა იყო. ხუმრობა ხომ არ არის – ჩვენს ტელევიზორებს თვით დიდი ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ბატისტუტა სტუმრობდნენ ხოლმე.

იმ მაგიური საათნახევრის განმავლობაში, რაც ფეხბურთს ვუყურებდით, ყველას გვავიწყდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამედში სეპარატისტები და გალეშილი რუსი სალდათები დაჯლიგინობდნენ, რომ სადარბაზოების წინ ცეცხლს ვანთებდით და საერთო, საუბნო ვახშამს ვამზადებდით, რომ ფაქტობრივად უქონელ-უპოვრები, მაგრამ მაინც ძლიერები ვიყავით, რადგან ვერაფერი შეედრებოდა იმ გრძნობას, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შოთა არველაძის მიერ “რეინჯერსში”, კახა კალაძის მიერ კიევის “დინამოში” და თემურ ქეცბაიას მიერ “ნიუკასლში” გატანილი გოლების შემდეგ სიხარულისგან ტიროდნენ და კაპიკებს ზოგავდნენ, რომ შვილებისათვის ესოდენ საოცნებო საქართველოს ნაკრების მაისურები ეყიდათ.

ვერ გავამტყუნებ იმ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას სკეპტიკურად უყურებენ და ძალიან განიცდიან, რომ ლიგის კარს ყოველ წელს აღებენ სლოვაკეთის, სლოვენიის, დანიისა და ბელარუსის უსახელო კლუბები, ჩვენს კლუბებს კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც უჭირთ.

მე მესმის სკეპტიკოსების, მაგრამ როდესაც მარადიულ ქართულ ოცნებაზე – ლიგაზე ქართული კლუბის მოხვედრაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება სწორედ ის 1999 წელი, როდესაც თბილისის “დინამოს” ბობოლათა მარაქაში გარევის არნახულად დიდი შანსი ჰქონდა. არ მიყვარს გამართლება-გაუმართლებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ბილბაოს “ატლეტიკს” ქართველებთან ძალიან გაუმართლა.

არც მკითხაობაა გულშემატკივრის საქმე, მაგრამ მაშინ “დინამო” ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ლიგაზე რომ აღმოჩენილიყო, მართლაც შეიძლებოდა, ქართული ფეხბურთის ჩარხი წაღმა დატრიალებულიყო და სადარბაზოების წინ დანთებულ კოცონებს მიფიცხებულ ქართველებს ეგებ მაშინ მაინც გაეხარათ, მაგრამ ჩვენთან იღბალს რა უნდა?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი