ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მასწავლებლის გამარჯვების ცეკვა

ნინო შავგულიძე – გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ვან-ზომლეთში  მეუღლესთან, ორ შვილთან და გერმანულ ნაგაზ  ჯუნაიდთან ერთად ცხოვრობს  და მეზობელი სოფლის, სამების  ცხრაკლასიან  სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. თბილისიდან გურიაში რვა  წლის წინ მარტოდმარტო იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ცხოვრება შეეცვალა, რაღაც სრულიად ახალი ეცადა. გადაწყვეტილი ჰქონდა სოფელში და ისეთ რეგიონში, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა, პატარა სახლი ეყიდა და მეფუტკრეობა შეესწავლა. აი, ასე მარტო გაემგზავრა გურიაში, თუმცა სასურველი ადგილის მოძებნა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ცხოვრების ახალ გამოწვევას ახალი ეტაპის დაწყება მოჰყვა. გურიაში ნინო შეხვდა ადამიანს, რომელმაც  წლების წინ ამავე მიზეზით დატოვა თბილისი და გურიაში გადავიდა საცხოვრებლად. ნინოსგან განსხვავებით მას ჰქონდა მამაპაპისეული სახლ-კარი და წლების მანძილზე სოფლად ცხოვრების გამოცდილებაც დაუგროვდა. ისინი მალევე დაქორწინდნენ და უკვე მერვე წელია გურიაში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

 

„როგორ შევეჩვიე აქაურობას? ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ. აქ ძალიან მშვიდად და რეალიზებულად ვგრძნობ თავს. მომწონს ჩემი საქმე – ბავშვებთან ურთიერთობა. მომწონს ის გამოწვევები, რომლებიც სწავლების პროცესთანაა დაკავშირებული და ამ გამოწვევებზე პასუხების ძიების პროცესი. თუმცა, აქ ცხოვრება საკმაოდ რთულია. ხშირად სკოლაში ფეხით მიხდება წასვლა (3 კმ. ღელე და აღმართებია). ხანდახან ისეც ხდება, რომ დიდთოვლობის  გამო, ვერც ფეხით და ვერც მანქანით ვახერხებ სკოლამდე მისვლას; შემოდგომის მეორე ნახევრიდან  საკმაოდ ცივა. გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია, ამავე ღუმელზე ვაკეთებ საჭმელს. მიუხედავად იმისა, რომ სამეურნეო საქმეებს ძირითადად ჩემი მეუღლე უძღვება, ვთვლი, რომ საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე ქალაქში. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს სოფელში არ არის ბაღი და ჩემს სამუშაო საათებში ჩემს შვილებზე ძირითადად მამა ან თანასოფლელები ზრუნავენ. თუმცა ამ მიზეზით უფროსი შვილის ზამთარში ბებიასთან გაგზავნა მოგვიხდა”.

მანამდე, სანამ ნინო გურიაში სოფლის ცხოვრებას შეეჭიდებოდა, თბილისის ერთ- ერთი კერძო სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ასევე bagpacker-ობდა, ანუ ზურგჩანთით მოგზაურობდა  თურქეთსა და სირიაში. ძირითადად, მარტო დადიოდა. ნინო ამბობს, რომ მოგზაურობა ენატრება, რადგან ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ იყო, თუმცა ახლანდელი ცხოვრებითაც კმაყოფილია და თავს რეალიზებულად გრძნობს.

ნინოს ცხოვრება დატვირთულია.  სკოლა, ოჯახი, მეურნეობა, ახალ-ახალი ცხოვრებისეული გამოწვევები და ბევრი შრომა მისი ყოველდღიურობაა. სოფლის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, ნინოს ოჯახსაც ჰყავს ძროხები, ღორები, აქვთ ყანები. მისი ქმარი ძალიან ბევრს შრომობს. ნინო გვეუბნება, რომ მისი მეუღლე მღვდელია და თვითონ სოფლის ეკლესიაში გალობს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე აპელირება მაინცდამაინც არ უყვარს, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები არიან  და ისე ცხოვრობენ და შრომობენ, როგორც სხვები… ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის.

ნინო სოფლის მასწავლებლების დატვირთულ ცხოვრებაზეც გვიყვება. გარდა სკოლისა, მათ უმეტესობას აქვთ მეურნეობა, რომელიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის. ისინი ფიზიკურად ბოლომდე იხარჯებიან (უვლიან ძროხებს, მუშაობენ ბოსტანში) და მათთვის ერთგვარი გამოწვევაა ამ პირობებში სრულყოფილად იზრუნონ სწავლების ახალი მეთოდების ათვისებაზე, რომელიც თავის მხრივ დიდ ყურადღებას და ენერგიას საჭიროებს.  ნინო ამბობს, რომ ასეთი დიდი ფიზიკური დატვირთვა ხშირად იწვევს სტრესს, დემოტივაციას და გაღიზიანებას მათში, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, ყველანაირად დაეხმარონ ბავშვებს საჭირო უნარები და ცოდნა მიიღონ.

„ისე მოხდა, რომ ჩვენ არც ზღვის დონიდან აღმოვჩნდით ძალიან მაღლა და არც რაიონული ცენტრიდან  – ძალიან შორს, არც რაიმე სხვა ნიშნით ვართ გამორჩეული, გურიის ჩვეულებრივი, რიგითი სოფლის სკოლა ვართ, ამიტომ წლების მანძილზე მხოლოდ ფოიე და ფასადი შეგვირემონტეს. საკლასო ოთახები გაურემონტებელია და ბევრ ოთახს კარიც არ ჰქონდა“, – გვიყვება ნინო. უფერული კედლები და იატაკის ჩავარდნილი ფიცრები, არა მარტო მოსწავლეებზე, მასწავლებლებზეც ახდენს გავლენას. სწორედ ამ მიზნით, ნინომ გადაწყვიტა ემოქმედა  და ინგლისური ენის კაბინეტი მოეხატა. დირექციასთან შეთანხმების შემდეგ და მეგობარი მხატვრების დახმარებით და ნინოს პირადი ხარჯებით კაბინეტის ერთი კედელი მოიხატა. ნინო ფიქრობს, რომ თუნდაც ასეთი პატარა დეტალი, მსგავსი ტიპის შემოქმედებითობა ბავშვებისთვის ზეიმი და სხვა მასწავლებლებისთვის სტიმულის მომცემი იქნება. სექტემბრისთვის კი მოსწავლეებს ინგლისური ენის კაბინეტში, ლონდონის და ნიუ-იორკის ცნობილი შენობების ილუსტრაციები დახვდებათ. ნინო ამბობს, სკოლის დირექტორთან ერთად  დამატებითი თანხების მოძიებასაც აპირებს, რომ დანარჩენი კედლებიც შეათეთროს და მოხატოს. „ბავშვების გულის გასანათებლად, ჯერჯერობით ეს ერთი მოხატული კედელიც საკმარისი იქნებაო”, – ამბობს ნინო.

„ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მათი შრომა არ ფასდება, მადლობელი არავინაა. მე კი ვფიქრობ, რომ მადლობა საერთოდ არაა საჭირო. მიღწეული შედეგი ისე გავსებს, რომ მადლობა ხშირ შემთხვევაში ზედმეტიცაა”, – ამბობს ნინო და  იმასაც ამატებს, რომ აქაური ბავშვები, იმდენად  მოკლებული არიან სიახლეებსა და გართობებს, მასწავლებლის ყველა მცდელობას და მონდომებას აშკარა მზაობითა და მადლიერების გრძნობით პასუხობენ. მთავარია, მათ რაიმე სიახლე შესთავაზო, დააინტერესო, ფანტაზია გაუღვიძო.

მასწავლებლის პროფესია

გურიაში გადასვლის  და პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ნინოს ცხოვრებაში სამსახურის აუცილებლობის დრო დადგა. მიხვდა, რომ უკვე საჭირო იყო შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა. ის პროფესიით ისტორიკოსია და მისი ინტერესების სფეროს ფოტოგრაფია და ახალი მედიები წარმოადგენდა. სამხატვრო აკადემიაში, სწორედ ეს ფაკულტეტი დაამთავრა. მასწავლებლობაზე, არასდროს უფიქრია, მაგრამ როდესაც სოფლის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლის ვაკანსია გამოცხადდა, ნინომ   მუშაობა  დაიწყო  და იმავე წელს სერთიფიცირებული მასწავლებელი გახდა.

„არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები მასწავლებელი, მაგრამ რადგან ახლა ამ საქმეში ვარ, ვთვლი, რომ ბოლომდე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდო ამ საქმეს. მე იმის მომხრე ვარ, რომ სანახევროდ საქმე არ კეთდება და ბოლომდე დახარჯვა აუცილებელია, რამე მაინც რომ გამოვიდეს. არ შეიძლება თავი დაზოგო მაშინ, როცა ადამიანების ბედთან გაქვს საქმე. ხშირად მიწევს ჩემს თავსა და ჩემს სისუსტეებს გადავაბიჯო, სხვანაირად ცხოვრებას აზრი ეკარგება”, – თვლის ნინო.

მასწავლებლის პროფესიული გარემო

ნინოს სოფლის სკოლაში გატარებული წლები მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა დამწყები მასწავლებლისთვის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნებოდა ერთი ან ორი წელი სოფლის სკოლაში სწავლება.

„მასწავლებელს ბევრი რამ აქვს სასწავლი, მას მერე, რაც ის პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგება. დროის მართვა, გაკვეთილების გეგმის მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება, ლავირება და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილის მიმდინარეობის შეცვლა. მასწავლებლის ეს უნარ-ჩვევები ორ დღეში არ ყალიბდება. სოფლის სკოლა, სადაც გაცილებით ნაკლებია დისციპლინის პრობლემები, სადაც მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში პირიქით ხელს უწყობენ მასწავლებელს,  რომ წარმატებული გაკვეთილი შედგეს, დამწყები მასწავლებლისთვის იდეალურია. ასეთ დროს ის ნაკლებად დაძაბულია, ხარვეზის შემთხვევაში მას მისცემენ საშუალებას, გაკვეთილი გადაარჩინოს. სოფელს უჭირს კვალიფიციური კადრები, სოფლის მასწავლებლებს კი სჭირდება კონკურენტული გარემო, რათა ხარისხმა აიწიოს”, – გვეუბნება ნინო.

 

რატომ ცეკვა?

 

პირველად, როცა მისმა მოსწავლემ სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ინგლისურ ენაში ცხრა ქულა აიღო, ნინო გამოვიდა ეზოში და ინდიელების საბრძოლო გამარჯვების ცეკვა იცეკვა. მერე კი უთხრეს : ნახე რა უმადურია, ერთი მადლობაც არ უთქვამს შენთვისო. ნინო ამბობს, რომ იმხელა სიხარული იგრძნო, სულ არ სჭირდებოდა მადლობების მოსმენა.

 

შორენა ტყეშელაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი