პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

         ინონ

ცნობილი ამბავია, რომ წიგნები თვითონ მიდიან მკითხველებთან. არც მე ვარ გამონაკლისი. მართალია, მეც მომიძიებია წასაკითხი წიგნები, მაგრამ, ძირითადად, ისინი მპოულობენ ხოლმე. ერთ-ერთი ასეთია მიხეილ მრევლიშვილის 1966 წელს გამოცემული წიგნი. ეს სახელი და გვარი შეიძლება არაფერს გეუბნებათ (მეც არაფერს მეუბნებოდა), მაგრამ აღნიშნულ წიგნში სხვა მომცრო რომანებთან ერთად შესულ რომანს, რომლის სათაური „ინონ“, თუ წაიკითხავთ, მერწმუნეთ, არასდროს დაგავიწყდებათ. ანოტაციიდან ვიგებთ, რომ ეს თავისი პირველი რომანი ავტორს 1925 წელს დაუწერია, ხოლო 1926 წელს მიხეილ ჯავახიშვილის ინიციატივით ჟურნალ „მნათობში“ დაბეჭდილა.

 

რომანის წაკითხვის შემდეგ ავტორით დავინტერესდი. ინტერნეტში მხოლოდ მისი მოკლე ბიოგრაფია იძებნება და ცნობა იმის შესახებ, რომ თურმე მიხეილ ჯავახიშვილი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, ის კი არა, საკუთარი წიგნიც უჩუქებია წარწერით: „ნიჭიერ მწერალს, რომლის პირველი რომანი „ინონ“ ძალიან ბევრს მპირდება“.

 

„ინონის“ გარდა, წიგნში შესული გვიანდელი ტექსტებით (ორი პატარა რომანით და ორი მოთხრობით) თუ ვიმსჯელებთ, დიდ მწერალს (ჯავახიშვილს) გუმანმა უმტყუნა, როცა თავის სეხნია ახალგაზრდა მწერალზე სამომავლოდ დიდი იმედები დაამყარა, რადგან სახეზეა არაფრით გამორჩეული, სოცრეალიზმის მიმდევარი საშუალო დონის მწერალი. საინტერესო ლიტერატურული სტარტის შემდეგ შეხედულებების რადიკალური შეცვლა ოციანი წლების ქართული ლიტერატურისთვის უცხო არ არის. საილუსტრაციოდ ქართველი დადაისტების და ფუტურისტების შემთხვევაც გამოდგება: ლიტერატურული სიგიჟეებისა და საინტერესო ტექსტების შემდეგ როგორ იქცა  მათი სრული უმეტესობა ორთოდოქს კომუნისტად.

 

ხოლო რაც შეეხება „ინონს“, ეს არის ბრწყინვალე მცირე რომანი, რომელიც ავტორს ოცდაერთი წლის ასაკში დაუწერია. პროზას, მოგეხსენებათ, გამოცდილება სჭირდება და ასეთ პატარა ასაკში ასეთი დახვეწილი პროზაული ტექსტის დაწერა უნიკალური შემთხვევაა. მისტიკური ელფერის მქონე რომანი დაწერილია რიტმული პროზით, პატარ-პატარა თავებით და დაწურული დიალოგებით. ფაბულა ასეთია: გამოგონილ პროვინციულ ქალაქში ჩადის მთავარი გმირი დანიელ ჯაკომია, რომელსაც თან ახლავს პატარა, უცნაური არსება, მაიმუნი – სახელად ინონი. მთელი ქალაქი ამ ორ უცნაურ სტუმარზე ლაპარაკობს. სასტუმროს ნომერში ინონის წინაშე თქმული აღსარებებით ვიგებთ, რომ ჯაკომიას ბედს და ცხოვრებას ის განაგებს (ყოველ შემთხვევაში ჯაკომიას ასე ჰქონია). ეს მონოლოგები, ხშირ შემთხვევაში, მალარიით დაავადებული მთავარი გმირის ბოდვები უფროა. ჯაკომია მაღაროებში ზედამხედველად მუშაობას იწყებს, სადაც აყალიბებს რევოლუციურ ორგანიზაციას. ამ საქმიანობაში ითრევს ქალაქის მოურავის ქალიშვილს, მასზე შეყვარებულ ნაბინას. ორგანიზაცია მაზრის უფროსის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს დაგეგმავს, რომლის სისრულეში მოყვანა ნაბინას და მაღაროს ერთ მუშას, ანდრეი სილინს დაევალებათ. საბოლოო ჯამში ჯაკომია საიდუმლო პოლიციის აგენტი აღმოჩნდება, ქალიშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ქალაქის მოურავს ფულს ართმევს. მერე მიდის მაღაროების დირექტორსთან, ამერიკელ ჯონ ჰაირტონთან, რომელიც ნაბინაზეა შეყვარებული და სთავაზობს, ნაბინა ამერიკაში წაიყვანოს, სანამ დააპატიმრებენ. სანაცვლოდა მასაც ართმევს ფულს. ბოლოს სილინი კლავს ჯაკომიას.

 

ფინალში კი ვკითხულობთ: „ქალაქში უცნაური ხმებია. ჭორებს დასასრული არა აქვს. ამბობენ, რომ წუხელ საღამოს სადგურის სალაროს მიადგა ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი მაიმუნი, იყიდა ბილეთი, ჩაჯდა მატარებელში და ქალაქიდან წავიდაო“. მაგრამ ქალაქში მოდის დეპეშა, რომ რუსეთმა ავსტრია-უნგრეთს ომი გამოუცხადა და ეს ამბავი ყველას ავიწყდება.

 

რომანში საოცარი ოსტატობით არის დახატული პროვინციული ქალაქის გარემო, მისტიკით გაჟღენთილი ასთორმეტგვერდიანი ტექსტი ლექსივით იკითხება. შეიძლება ვინმეს თვალში ცუდად მოხვდა ათიანი და ოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში კლიშედ ქცეული მალარიის თემა, მაგრამ პერსონაჟის ხასიათს, ფიქრებს, ქცევებს ეს დაავადება განსაზღვრავს და აადვილებს ჯაკომიას ფსიქოლოგიის გაგებას.

 

ის მხატვრული სიმაღლე, რაც რომანს გააჩნია, ჩემი მოკლე ჭკუით, მას ქართული მოდერნისტული რომანისტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აქცევს. არ იქნებოდა ურიგო რომელიმე გამომცემლობას ეს უსამართლოდ მივიწყებული რომანი ხელახლა გამოეცა, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრი გემოვნებიანი მკითხველისთვის ის აღმოჩენა იქნება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი