ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბერლინის ორი ტაძარი

მთელი ცხოვრებაა გერმანულ კულტურას, ისტორიასა და პოლიტიკას ვსწავლობ. გერმანულიდან ნათარგმნი მაქვს ათზე მეტი ტექსტი და საგაზეთო პუბლიკაცია. ჩემი ლექციებისა და მოხსენებების დროს ყოველთვის ვცდილობ გერმანული მაგალითების მოხმობას, რათა მსმენელებმა მეტი რამ გაიგონ კონტინენტის შუაგულში მოქცეული ქვეყნის უზარმაზარი გამოცდილების შესახებ. გერმანული სამყაროს სიყვარულის მიუხედავად, ფედერაციულ რესპუბლიკაში არასდროს გახლდით ნამყოფი. როგორც იქნა, კეთილი ადამიანებისა და მოკრძალებული შრომის წყალობით პირადი ნატვრაც ამიხდა და ევროპულ დედაქალაქში ამოვყავი თავი.

ბერლინმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში მასზე უკეთესი ქალაქების მოძებნა თავისუფლად არის შესაძლებელი. ბერლინი, ალბათ, ბევრ ევროპულ ცენტრს ვერც შეედრება თავისი სავაჭრო კომპლექსებით, ურბანული დაგეგმარებით, დიდებული ნაგებობებითა თუ არქიტექტურით. თუმცა, გერმანიის დედაქალაქს ერთი განსაკუთრებული გარემოება გამოარჩევს. ბერლინის ყველა კუთხეში, ყველა ქუჩაზე, ყველა მოსახვევში შეიმჩნევა ტანჯვის კვალი. ქალაქი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგახსენებთ ჰოლოკოსტის, ევროპის ორად გაყოფისა და „შტაზის“ რეპრესიების გამოცდილებას. ნაციზმისა და სტალინიზმის იარებით ბერლინი დაჩაგრული ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს ენათესავება. მთავარ გამზირზე გადაადგილების დროს მშობლიური მხარის გამოცოცხლების იმედით საკუთარ თავს ერთსა და იმავე ფრაზას ვუმეორებდი: „ბერლინელებიც ხომ დამარცხდნენ, ისინიც ხომ განაცალკევეს ერთმანეთისგან, მათი სახლებიც და ოცნებებიც ხომ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, მათაც ხომ დაუშვეს გამოუსწორებელი და უპატიებელი შეცდომები, მაგრამ მაინც გადარჩნენ და უდიდეს მიზნებს, საოცარ შედეგებს მიაღწიეს“.

ბრანდერბურგის კარიბჭისა და ბუნდესტაგის სასახლის შესახებ ბევრმა ყველაფერი გადასარევად იცით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ბერლინის ორი საინტერესო ეკლესიის, ტაძრის შესახებ მოგითხროთ.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გერმანიის სამეფო ოჯახმა პირველი დიდი იმპერატორის, კაიზერ ვილჰელმის პატივსაცემად გრანდიოზული ტაძარი ააგო. ეკლესიას ხუთი გუმბათი ჰქონდა. ხუთივე გუმბათზე გერმანია-საფრანგეთის ომის შემდეგ ნადავლად წამოღებული, ნაალაფარი ბრინჯაოსგან დამზადებული გრანდიოზული ზარი ეკიდა. მუზეუმად გადაკეთებულ ტაძარში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ კედლის მოზაიკები და ოქროსფერი მოხატულობა. მდიდრულ ფრესკებზე ვილჰელმ I ღმერთის უშუალო წარმომადგენლად, მის ნათესავად, მისი ნების მთავარ და ერთადერთ აღმსრულებლად არის წარმოჩენილი. მბრწყინავ კედლებზე იმპერატორის ნათესავების წმინდანთა დასის წარმომადგენლებისგან გამორჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. მოკლედ, მეოცე საუკუნეს გერმანელები ამ გრანდიოზული ტაძრით შეეგებნენ. ტაძარი გერმანიის ძლევამოსილების, ღმერთის ნების აღსასრულებლად მეზობელ ქვეყნებზე ლაშქრობისა და მათი დაპყრობის, იმპერიის სიდიადისა და მარადიულობის სიმბოლო გახლდათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია დაიბომბა და განადგურდა. ბერლინელებმა შენობა აღარ აღადგინეს და ნანგრევების კონსერვაციის შემდეგ შენობაში მუზეუმი გახსნეს. Gedächtniskirche-ის მთავარ შესასვლელთან დღემდე ჰკიდია დაფა. მემორიალური დაფა იუწყება, რომ ყველა იმპერია ციდან მოვლენილი ცეცხლით ასრულებს თავის არსებობას. მუზეუმიც სწორედ აღნიშნული იდეის საყოველთაოდ გავრცელების საქმეს ემსახურება.

ნანგრევების გვერდით სრულიად უსახური შენობა დგას, რომელიც თელავის იუსტიციის სახლზე უფრო საზარელ სანახაობას წარმოადგენს. შემაძრწუნებელი ფასადის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე კარის გაღება და ყუთის ფორმის დაწესებულებაში შესვლა. ევანგელისტურ ეკლესიას ვილჰელმის ტაძრიდან სალოცავი აქ გადმოუტანია. ლაჟვარდისფერი მინების წყალობით ლურჯად განათებულ მისტიურ, შესანიშნავ დარბაზში ქრისტეს ერთადერთ გამოსახულებას, ხის უბრალო სკამების რიგსა და საორკესტრო ქანდარას გადავაწყდი. იქვე მყოფმა უსაყვარლესმა ქალმა კი ამიხსნა, რომ ღვთის სადიდებლად ხუთგუმბათიანი, ხუთზარიანი, ოქროთი მოვარაყებული ქვის აკლდამები არ არის საჭირო. მლოცველისთვის გარედან უსახური, შიგნიდან კი უბრალო და ჰარმონიული ახალი ეკლესია ქრისტესმიერი თავმდაბლობისა და ანტიიმპერიალიზმის სიმბოლო იყო. ამგვარი კონცეფციის ორთოდოქსულ ტაძარში ლოცვის იმედით დავტოვე ჩემი მასპინძელი და საქმეებს დავუბრუნდი.

გერმანიიდან გამომგზავრების წინა დღეს კი მეორე ტაძარს გადავეყარე. აღმოსავლეთ ბერლინის საბჭოთა ყაიდის ქუჩებს შორის, ერთ აყვავებულ პარკში სიონის ეკლესიაა მდებარეობს. მისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შორეულ წარსულს არ უკავშირდება. სიონის ეკლესიამ სახელი უმთავრესად 1980-იანი წლების შემდეგ გაითქვა. მეოცე საუკუნის მიწურულს აღნიშნულ ტაძარში მღვდელი ჰანს სიმონი მოღვაწეობდა. საბჭოთა გერმანიის დედაქალაქის შუაგულში მღვდელმა წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერას დაუდო სათავე. თავდაპირველად, ეკლესიის მრევლმა შენობაში ბიბლიოთეკა გახსნა. წიგნთსაცავში „შტაზის“ მიერ აკრძალული და გრიფირებული პუბლიკაციები ინახებოდა. არადემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებს ეკლესიის კუთხეში შეეძლოთ რევოლუციური და რეჟიმის საწინააღმდეგო ლიტერატურის აღმოჩენა. საეკლესიო საზოგადოება მხოლოდ ბიბლიოთეკის შექმნით არ შემოიფარგლა. ჰანს სიმონის მონაწილეობით აღმოსავლეთ ბერლინელებმა უფრო ფართო დისიდენტური მოძრაობის დაწყებაც გადაწყვიტეს. მათ არალეგალური სტამბა დააფუძნეს და უკვე მთელ ქალაქში ავრცელებდნენ ანტისაბჭოთა პროკლამაციებსა თუ „სამიზდატის“ პროდუქციას. „სკინჰედების“ თავდასხმებისა თუ სხვა პროვოკაციების მიუხედავად, სიონის ტაძარმა გერმანიის გაერთიანებამდე არ შეწყვიტა დისიდენტური საქმიანობა. ეკლესია დღემდე აქტიურად იბრძვის ჩაგრული ჯგუფების ინტერესების დასაცავად, მათთვის თავშესაფრების მოსაწყობად და გაჭირვებულთათვის დამატებითი სოციალური დახმარების მისაწოდებლად.

წაბლის ხეივნის გამზირზე გამოსვლისას გონებაში ჩვენი სიონის ტაძარი და ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯები ამომიტივტივდა. თბილისში დაბრუნებული არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე ჩვენს ეკლესიაშიც გააქტიურდება ჰუმანური, უბრალოებით გამორჩეული და თანამედროვეობის უდიდესი პრობლემების – სიღარიბისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული დისიდენტური მოძრაობა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი