პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაკვეთილი, როგორც პოზიტივი

გაკვეთილს,  პოზიტიური დასასრული უნდა ჰქონდეს, მასწავლებელი კი ვირტუოზი უნდა იყოს, რომელსაც საოცარი სამყაროს შექმნა შეუძლია. ყველაზე გადამდები  შინაგანი განწყობაა, თუ მასწავლებელს  არა გაქვს შემართება, ღიმილი და უდიდესი სურვილი სიახლის ძიების, ვერც მოსწავლეს ვერ გადასდებს ამ მაგიურ ძალას. თუ გულწრფელად არ გიხარია, ვერც მოსწავლეებისაგან მოითხოვ იმავე განცდას…

ბავშვობიდან მიყვარდა ყველა პერსონაჟის როლის მორგება და გათავისება… 7-იანი ულვაშებგაწკეპილ კაცს მაგონებდა, 8-იანი – ფაშფაშა  ქალს… და ასე გამწკრივდებოდნენ ციფრები… ადამიანების ხასიათების მთელი სამყარო.  ზოგჯერ ისე გავითავისებდი ხოლმე  ლიტერატურულ გმირის განცდებს, მთელი ღამე ვეღარ ვიძინებდი. ხოდა, ახლა ჩემს ბავშვობაში ვყურყუმალაობ და მისი თვალებით ვიყურები, რათა უფრო ახლოს მივიდე მათ ფიქრებთან, მათი ,,ტოლი’’ მინდა გავხდე, რომ სულიერი მეგობრობა შევძლო…

საოცარი პროგრამის, ,,ასწავლე საქართველოსთვის’’ წყალობით, ჯერ ბაღდადის რაიონის სოფელ საკრაულაში ვიმუშავე, შემდეგ მესტიის რაიონის სოფელ იელში, ახლა კი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ვარ. ყველაფერი კი  სვანეთიდან დაიწყო… იქ თამამად ვფიქრობდი… და ერთ დილასაც  იდეა დამებადა  –  ამემეტყველებინა და გამესულიერებინა მეტყველების ნაწილები. წარმოვიდგინე, როგორ  შემოვიდოდნენ კლასში ჯანსუღ კახიძის ,,მარშით’’ არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი. როგორი თავაწეული და ღირსეული შემოვიდოდა  ზმნა – წინადადების სული და გული!  და ზღაპრის სცენარიც იწერება – სიტყვების სამეფოზე: ,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზღაპრული ქვეყანა… ბავშვების ფანტაზია ხომ უსაზღვროა და… ასე შეგროვდა იდეები ამ უცნაური ,,სიტყვების ქვეყანაზე’’… ხან რას წარმოიდგენდნენ და ხან რას… აქ ცხოვრობდნენ ნაირ-ნაირნი, ფერად-ფერადნი, კეთილნი და ბრაზიანნი, დიდნი და პატარანი, ამაყნი და თავმდაბალნი – სიტყვები…

ვისაც ხატვა შეეძლო, ხატავდა კიდეც, როგორ წარმოედგინათ გაადამიანურებული ზედსართავი  თუ არსებითი სახელი, რიცხვითი თუ ნაცვალსახელი და  ზმნა – წინადადების ღირსეული წევრები. დამხმარე მეტყველების ნაწილები მოუქნელი იქნებიანო – ესეც მათი იდეა იყო..

სიტყვებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ხოდა, მათთან ერთად ვიმოგზაურეთ ამ ლამაზ  სამყაროში.

სვანეთის შემდეგ ეს იდეა უფრო დაიხვეწა, მაღალი კლასების მოსწავლეებმაც საკუთარი აზრები მოგვაწოდეს. მათ შედარებით დაასერიოზულეს სათქმელი, როლებიც მოირგეს და მინისპექტაკლიც შედგა… წინადადებაში ზმნის როლი რომ გამოეკვეთათ, კარს უკან დამალეს და შეეცადნენ აეწყოთ წინადადება – არაფერი გამოუვიდათ. ამ დროს კი თავი შემოყო ზმნამ – არ მელოდით? ვერ გაძელით უჩემოდ? მე ზმნა ვარ!  წინადადების სული და გული! მთელ სამყაროს ვამოქმედებ! ცდილობდნენ, რაც შეიძლება გაეთავისებინათ როლები, ღიმილით, ემოციებით, ხმის ტემბრით. ისე ლამაზად ჯდებოდნენ როლში, თვითონაც ვერ გაიაზრეს, ისე სიღრმისეულად გადაიმეორეს მთელი წლის მანძილზე დამატებით გაკვეთილებზე  ნასწავლი მორფოლოგია, ეს შემაჯამებელი გაკვეთილი იყო… საკმაოდ ნაყოფიერი…

როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის სიღრმისეული გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური თამაშის  უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები თვითშეფასებისას კრიტიკულად აფასებენ საკუთარ პერსონაჟს, აღნიშნავენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, შინაგანად თავისუფლდებიან, იხსნებიან და ლაღდებიან .

„მე არსებითი სახელი ვარ და საგანს აღვნიშნავ… ყველაფერი, რაც სამყაროში  არსებობს, ჩემ გარშემო ტრიალებს, ჩემ გარეშე სხვები ვერაფერს გააკეთებენ, ყველა მეტყველების ნაწილს ვიცნობ, ვისაც გაუჭირდება, იმას ვეხმარები… ყველას ვუყვარვარ, ხანდახან მინდა ზმნასაც დავეხმარო, მაგრამ ვჭირდები კი? როგორ არა! ხანდახან ვჭირდები ხოლმე… ხომ საინტერესო ვინმე ვყოფილვარ?

„მე ნაცვალსახელი ვარ… არსებით სახელს, ზედსართავ სახელს და რიცხვით სახელს რომ გაუჭირდებათ, იმ წუთში მე მთხოვენ დახმარებას, ხუმრობით „112-საც“ მეძახიან. მე კი რა ვქნა, უარს ხომ ვერ ვეტყვი, იმ წუთში მათთან გავჩნდები ხოლმე. ოღონდ არ მიყვარს ხშირად რომ მიმეორებენ.

არსებითი სახელები ხშირად იღლებოდნენ და  ნაცვალსახელები მათ საშველად გამორბოდნენ ხოლმე, ჩაენაცვლებოდნენ, ამშვიდებდნენ მეგობარს  და  თან ლექსებს უკითხავდნენ – „ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით, ვიწვით და ღუღუნებს კერია, – მე ვმღერი, შენ მღერი, ის მღერის… თურმე ნაკვერჩხლები მღერიან..’’ / მორის ფოცხიშვილი /. თან პრეზენტაცია გავაკეთეთ მოსწავლეებთან ერთად და პროექტორით დაფაზე ვწერდით სავარჯიშოებს, სადაც თავმომწონე სახელები უნდა მოგვეძებნა, თორემ უყურადღებობაში ჩამოგვართმევდნენ და ეწყინებოდათ და თან მორფოლოგიურად უნდა გაგვერჩია. ასე თამაშ-თამაშში, ხალის-ხალისში გავიაზრეთ მორფოლოგია.

აქ გვყავდა შეწუხებული ზმნიზედაც, რომელიც განიცდიდა, რომ მას დაარქვეს დამხმარე სიტყვა. ის ხომ ასეთი  აუცილებელი და მნიშვნელოვანი  წევრია წინადადებაში,  ,,სულ ჩემია ეს სამყარო, რადგან მე გამოვხატავ, თუ სად, როდის, როგორ ან რატომ ხდება მოქმედება“.  გულში განიცდიდა ასე გახევებული რომ დადიოდა და გაოცებული უყურებდა ზმნას თუ სახელს, ხან ერთი ფორმით რომ გამოცხადდებოდნენ და  ხან მეორეთი.

დააბოტებდნენ ნაწილაკები: -ც, -ღა, -ვე… დაუძახებდა არსებითი სახელი და ისინიც მაშინვე  გამოფრინდებოდნენ ხოლმე. ნაწილაკი კი ყველას აფრთხილებდა – ,,არ შეგეშალოთ და  ,,ლაწირაკი’’ არ დამიძახოთ, მე ვალამაზებ წინადადებას  და ამიტომაც დავერთვი წინადადების წევრს, ან მთელ წინადადებას და ჰოპლა! სულ სხვა ელფერი ეძლევა მას!

ზმნის დასახმარებლად სიხარულით მორბოდნენ კავშირები – „და“, „მაგრამ“, „რომ“, „თუ“… თანდებულთან ერთად ისე მიჰკედლებოდნენ სიტყვას, ვერც გაარჩევდი მისგან. ისინი, დიახაც, საჭირონი იყვნენ!  ფორმაცვალებად სახელებს ყველა ძალიან უყვარდა. ძალიან წუხდა თანდებული: ,,ყურადღებას არავინ მაქცევს, მაგრამ მაგიდაზე როცა რაიმეს დებენ, ვინ სჭირდებათ? თანდებული  – ,,ზე’’, კარადაში როცა რაიმეს დებენ, ვინ სჭირდებათ  თანდებული – ,,ში’’, მდებარეობის განსაზღვრა სჭირდებათ, მე მიხმობენ, მიმართულების განსაზღვრა უნდათ – ისევ მე… მსგავსების განსაზღვრა მე, მე, მე… აღარ შემიძლია!  დავიღალე!

მთელ სამეფოში განსაკუთრებით შორისდებული უყვარდათ, საოცრად მგრძნობიარე და ემოციური იყო და ამიტომ. მთელი დღის მანძილზე ათას რამეს გაიკვირვებდა და არ იღლებოდა – ხან ბრაზდებოდა, ხანაც უხაროდა: ბიჭოს!  ვაი! ეჰ! ოჰ! უჰ! ყოჩაღ! ისმოდა მუდამ. ახლაც რომ გაიგო, ყველანი ერთად შეკრებილანო სიხარულით გამოიქცა და ლამაზი ემოციებიც შემოიტანა: ბიჭოს! ესენი ვინ შეკრებილან!  უჩემოდ რა უემოციოდ დგახართ, გაიღიმეთ! მე მოვედი!

ახლა კი დროებით მინდა დაგემშვიდობოთ… წინ სინტაქსი გველის… ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

ამ გაკვეთილს, როგორც ყველა ზღაპარს ლამაზი დასასრული ჰქონდა… ღიმილი.. გულწრფელობა  და  უდიდესი მოტივაცია… ჩემი ,,აპლოდისმენტები’’ მათი ცნობისმოყვარე, აციმციმებული თვალები იყო.

გამოდიხარ დაღლილი, წინა ღამის უძინარი, მაგრამ მაინც გაღიმებული… შედგა!  იმსჯელეს, იკითხეს, იფიქრეს, ივარაუდეს, წარმოიდგინეს, პარალელები გაავლეს, გაიაზრეს, შეაფასეს – სწორედ ეს მინდოდა! და  საიდანღაც ენერგიაც გიბრუნდება… გონებაში ახალი იდეები იწყებენ მოუსვენრად ტრიალს, ერთგვარი ჟინიც გიპყრობს – ხვალ უკეთესი  და ორიგინალური მასალა, იდეა, ტექსტი შექმნა…

და ვიწყებ ახალი დღისთვის მზადებას – კეთილი  ჯადოქარი, ხელისგულისოდენა სცენის მსახიობი  –  მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია საოცარი სამყარო შექმნას.

 

 ცისანა ლონდარიძე  – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი           პროგრამით  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ქარელის მუნიციპალიტეტი,  ატოცის საჯარო სკოლა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი