ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

,,ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი!“

მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი ომის   უსამართლობისა და სისასტიკის ბატონობის ფონზე, ციცინათელასავით გაიელვებს მოგონებები იმ პატარ-პატარა სიკეთეებზე, რომლებიც წიგნების თუ ისტორიის ფურცლებს შემორჩა.

 

,,ჰოლოკოსტი“  ბერძნული სიტყვაა და ,,სრულიად დაწვას“ ნიშნავს. ეს ტერმინი პოლიტოლოგების ლექსიკონში XX სკ-ის 10-იან წლებში გაჩნდა. მას ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის განადგურებასა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ებრაელების მასობრივი დარბევაზე საუბრისას იყენებდნენ. მეორე მსოფლიო ომის წყალობით კი ჰოლოკოსტი ნაცისტების მსხვერპლთა გენოციდის სინონიმად იქცა.

 

ყველაფერი 1933 წლის 1 აპრილს დაიწყო, როცა ნაცისტებმა ღია ბოიკოტი გამოუცხადეს გერმანიაში ებრაულ საწარმოებს. 1935 წლის 15 სექტემბერს კი მიიღეს „კანონი გერმანული სისხლისა და გერმანული ღირსების დაცვის შესახებ“. ამ კანონის თანახმად, გერმანელებს ჯერ ებრაელებთან ქორწინება, შემდეგ კი მათთან მუშაობაც ეკრძალებოდათ. მალე მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს და გერმანიიდან ებრაული მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო.

 

ებრაელების გეტოებში იზოლაცია ნიშნავდა „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ პოლიტიკის გატარებას, რაც, თავის მხრივ,  ევროპის ებრაული მოსახლეობის მასობრივ განადგურებას გულისხმობდა. ჰიტლერმა ზემოაღნიშნული ტერმინი პირველად 1919 წელს გამოიყენა, თუმცა მაშინ ფიურერი ამ სიტყვათშეთანხმებაში ებრაელების, როგორც „რასობრივად არასრულფასოვანი“ ხალხის კანონით შეზღუდვას გულისხმობდა.

 

ჰოლოკოსტის თემას არაერთი სახელგანთქმული მხატვარი, მუსიკოსი და მწერალი გამოეხმაურა. ალბათ ყველას გახსოვთ პატარა ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღიურები, რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზეა თარგმნილი. თანამედროვე ლიტერატურას ებრაელთა გენოციდის თემაზე შექმნილი კიდევ ბევრი თხზულება შეემატა. მათ შორისაა ჯონ ბოილის ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, რომელიც ამას წინათ აღმოვაჩინე და კიდევ ერთხელ ვიგემე ერთი მარცვალი სიკეთის ძალა. თუმცა სანამ წიგნზე ვისაუბრებდე, სჯობს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკების შემზარავ ისტორიას გადავხედოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზემოხსენებული ,,სიკვდილის ბანაკი“ პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა და ნაცისტური გერმანიის ქვეყანაში შემოჭრის შემდეგ აშენდა.  ოსვენციმთან ახლოს, მიტოვებული ყაზარმები შეარჩიეს. ბანაკს სახელად აუშვიცი-I დაერქვა (გახსნის ოფიციალურ თარიღად 1940 წლის აპრილი სახელდება). მის კარზე ეწერა: ,,შრომა ათავისუფლებს“, თუმცა ზღურბლს გადაბიჯებულებს წინ მხოლოდ ათსაათიანი მძიმე სამუშაო დღეები ელოდათ და მარტო სიკვდილი თუ გაათავისუფლებდა მათ ამ მოვალეობისგან.

 

ოსვენციმში პირველი ტყვეები (728 პოლონელი) 1940 წლის 14 ივნისს მიიღეს. ბანაკმა 1945 წლამდე იარსება. ამ დროის განმავლობაში აქ უამრავ ადამიანს მოუსწრაფეს სიცოცხლე.

აუშვიცი ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული. 1947 წლიდან მის ტერიტორიაზე მუზეუმი ფუნქციონირებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკონცენტრაციო ბანაკების მთავარი მისია შრომით-გამოსასწორებელი გარემოს შექმნა იყო. ამ საკითხზე ზრუნვა ნაცისტებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 1933 წლიდან დაიწყეს. საკონცენტრაციო ბანაკის პირველი ტყვეები გერმანიის კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. ახალი ხელისუფლების მიერ შემოღებული კანონის მიხედვით, ოპოზიციონერობაში ეჭვმიტანილნი, განუსაზღვრელი ვადით დაპატიმრებას ექვემდებარებოდნენ. პოლიტპატიმრების გარდა, სატუსაღოში სისხლის სამართლის დამნაშავეები და ე.წ. დეგრადირებული ინდივიდები – მაწანწალები, ლოთები და სახიჩრები მოჰყავდათ. თუმცა ეროვნული ნიშნით გამორჩეული ებრაელი ტყვეების რიცხვმა ყველა მათგანს გადააჭარბა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ებრაელთა მცირე ნაწილმა ტყვეობიდან თავის დაღწევა საემიგრაციო დოკუმენტების წყალობით მოახერხა. თუმცა ომის დაწყებისთანავე ბანაკების სისტემა გაფართოვდა და, პირველ რიგში, ტყვეთა გათავისუფლება აიკრძალა.

1941 წლიდან  ,,სიკვდილის ბანაკების“ მთავარ მიზანს ევროპელი ებრაელების დახოცვა წარმოადგენდა. ასეთი ბანაკები მრავლად ააშენეს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, უმეტესად, პოლონეთში. პატიმართა ზრდასთან ერთად ბანაკიც გაფართოვდა – აშენდა ,,აუშვიცი-II“ და ,,აუშვიცი-III“, რომელსაც, თავის მხრივ, ორმოცამდე ფილიალი ექვემდებარებოდა. ბანაკები შახტების, ფაბრიკების და კომბინატების სიახლოვეს იყო გაშენებული, რათა შრომით-გამოსასწორებელ კოლონიებს თავიანთი სახელი ,,გაემართლებინათ“.

 

ბანაკებში შესვლისთანავე, ტუსაღებს პარსავდნენ, დეზინფექციას უტარებდნენ, ბანდნენ, არეგისტრირებდნენ და ნომერს ანიჭებდნენ. თავიდან პატიმრებს სურათებსაც უღებდნენ, შემდეგ კი მათი ტატუირება დაიწყეს – აუშვიცის ბინადრებს პირად ნომრებს სხეულზე სვირინგის სახით აწერდნენ. დაკავების მიზეზიდან გამომდინარე, ტყვეებს ტანსაცმელზე სხვადასხვა ფერის სამკუთხედებს აკერებდნენ. პოლიტპატიმრებს წითელსამკუთხედიანი უნიფორმით ამოიცნობდით, ებრაელების ,,სიმბოლო“ კი ყვითელი სამკუთხედებისგან შემდგარი ექვსქიმიანი ვარსკვლავი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პატიმრები ხშირად შიმშილობდნენ, რადგან საუზმედ – ბალახის ნაყენის ან ,,ყავის“, სადილად – დამპალი ბოსტნეულის წვნიანის, ვახშმად კი – 300 გრამი შავი, წებოვანი პურისა და მცირე დანამატის (30 გრამი ძეხვი, მარგარინი ან ყველი) მეტს ვერაფერს იღებდნენ.

40-50 ადამიანზე გათვლილ შენობებში 200-მდე ტუსაღი ცხოვრობდა. ამას ემატებოდა მალარიული კლიმატი, საშინელი საცხოვრებელი პირობები, ჭუჭყი, ავადმყოფობა, სიცივე, ვირთხები, მწერები… მოკლედ, ბანაკი მასობრივი ეპიდემიების ,,გამოსაჩეკად“ იდეალურ ინკუბატორს წარმოადგენდა და პატიმართა ნაწილს სიცოცხლეს სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორები უსპობდა. ფაშისტები ,,ანტისაზოგადოებრივი ელემენტების“ გამოჯანმრთელებაზე დროს არ ხარჯავდნენ (თუ ეს დაავადებები ექსპერიმენტის ნაწილს არ წარმოადგენდა) და პერიოდულად სელექციას მიმართავდნენ, ანუ დაუძლურებულ ადამიანებს გაზის კამერებსა და კრემატორიუმებში გზავნიდნენ.

 

რაც შეეხება აუშვიცში ჩატარებულ ექსპერიმენტებს, ბანაკში ყველაზე ხშირად მამაკაცთა კასტრაციასთან და ქალთა სტერილიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციები ტარდებოდა.  პროფესორი კარლ კლაუბერგი სლავების სწრაფად განადგურების ბიოლოგიური მეთოდს ცდიდა, ექიმი იოზეფ მენგელე (ექიმი-სიკვდილი) კი გენეტიკურ-ანთროპოლოგიური ცდებს ტყუპებზე ან ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებზე ატარებდა. ბანაკში ხშირად ინიშნებოდა კანის გადანერგვის საცდელი ოპერაციებიც. გარდა ამისა, ოსვენციმში ცდიდნენ ახალ პრეპარატებს და პატიმრების ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები შეჰყავდათ. ამ ყველაფერს ათასობით ადამიანი ეწირებოდა.

 

ასეთი საშინელი პირობების მიუხედავად, პატიმრები როგორღაც ახერხებდნენ გარესამყაროსთან დაკავშირებას, საიდანაც ხანდახან პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებდნენ. ბანაკიდან ასევე ჟონავდა ინფორმაცია ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და დაპატიმრებულთა ვინაობის შესახებ. ზოგიერთები გაქცევასაც ახერხებდნენ, თუმცა, შესაძლებლობის გამონახვის მიუხედავად, ამ შანსით იშვიათად სარგებლობდნენ, რადგან ერთი ადამიანის გადარჩენა ათობით სხვა სიცოცხლის მოსპობას უდრიდა (სჯიდნენ გაქცეულის ნათესავებს, მეგობრებსა და ნაცნობებს). თან, აჯანყების და გაქცევის მცდელობების აღმოსაფხვრელად, ბანაკის ტერიტორიაზე ადამიანებზე დაგეშილი ძაღლების გამოყენებაც დაიწყეს.

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სრული სია დღემდე არ არსებობს. ოფიციალური მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს, თუმცა

ვარაუდობენ, რომ ის გაცილებით მეტი უნდა იყოს. საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ ომის მიწურულს გერმანელი ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალის განადგურებას ცდილობდნენ  (არ არეგისტრირებდნენ ტყვეებს, წვავდნენ გვამებს და ა.შ.).

 

 

ებრაელთა გენოციდზე გადაღებული ფილმებიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება წილად ხვდა სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, რომან პოლანსკის „მუსიკოსს“ და რობერტო ბენინის ნამუშევარს – „ცხოვრება მშვენიერია“. თანამედროვე კინოს ისტორიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა მარკ ჰერმანის მიერ, 2008 წელს, ჯონ ბოინის წიგნის მიხედვით გადაღებულმა ბრუნოსა და შმუელის მეგობრობის ამბავმა.

 

ჩემი აზრით, მომავალმა თაობამ კარგად უნდა შეისწავლოს მსოფლიო ისტორია. მოსწავლეებს აუშვიცის შესახებ ჯერ ვერ მოვუყვები, თუმცა წიგნის წაკითხვას კი ვურჩევ. თუნდაც ძალიან ეტკინოთ, ბოლომდე უნდა მიჰყვნენ პატარა გამომძიებლების კვალს, რათა მათ მომავალში ვეღარასდროს შეაღწიოს გასული საუკუნის ორმოციანი წლებისთვის კარგად ნაცნობმა ისტერიამ, რომლის მიხედვითაც, განსხვავებულობა ნიშნავს სიკვდილს, ადამიანური თვისებების გამოვლენა კი – სისუსტეს.

 

ჯონ ბოინი ირლანდიელი მწერალია, რომელსაც ნოველამ ,,ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ მსოფლიო აღიარება მოუტანა. პრესტიჟული ლიტერატურული პრემიების მოპოვების გარდა, წიგნი მის სამშობლოში ერთი წლის განმავლობაში არ თმობდა ბესტსელერის ტიტულს და ირლანდიის საზღვრებს მიღმაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

 

,,ხაზები გვყოფენ, მაგრამ იმედი გვაერთიანებს.“ – ეს სლოგანი ზუსტად ასახავს ნოველაში განვითარებულ მოვლენებს. მავთულხლართს მიღმა პატარა ებრაელ ბიჭს მომავლის იმედი ელოდება, კომენდანტის ვაჟისთვის კი ჯერ კიდევ უცნობია ,,ებრაელთა საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის“ პოლიტიკის მნიშვნელობა. ბრუნოს მხოლოდ საუკეთესო მეგობართან ყოფნა სურს და მოულოდნელ დასასრულსაც მასთან ერთად ეგებება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი