ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კლასში ბავშვის სტატუსზე მოქმედი ფაქტორები და სოციალური კომპეტენციის მნიშვნელობა უმცროს სასკოლო ასაკში

სკოლაში შესვლისთანავე პატარა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა. დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და აკადემიური მოსწრებაც ხშირად უკეთესი აქვთ. ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, „ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, დაცულობის შეგრძნებას კი, უპირველესად, ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც მეტად იღებს ადამიანს ჯგუფი, რაც მეტი სიყვარულით ეპყრობა და აღიარებს, მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
მეგობრული ურთიერთობების დინამიკა
რობერტ სელმანმა (Selman, 1981) შეისწავლა 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მეგობრული ურთიერთობები. მისი კვლევის მეთოდი ლორანს კოლბერგისას ჰგავდა – ბავშვებს ისიც სთავაზობდა დილემურ სიტუაციებს და უსვამდა კითხვებს.
დილემა: „კეტი და დები ხუთი წლიდან მეგობრობენ და საუკეთესო მეგობრები არიან. მათ მეზობლად ახალი გოგონა გადმოვიდა, ჯანეტი. ჯანეტი ძალიან არ მოეწონა დების, რადგან ზედმეტად პრანჭია და ბაქია მოეჩვენა.
ერთხელ მათ ქალაქში ცირკის დასი ჩამოვიდა. ჯანეტმა კეტი დაპატიჟა. კეტი საგონებელში ჩავარდა, რადგან მანამდე დაჰპირდა დების, რომ საღამოს მას ესტუმრებოდა. როგორ უნდა მოიქცეს კეტი?”
ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით სელმანმა მეგობრობის 4 სტადია გამოყო:
I სტადია 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ ასაკში მეგობარი ის არის, ვისთან ერთადაც ბავშვი უზის მერხს, ვისაც ეთამაშება ეზოში, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ სხვის ადგილას თავის დაყენება, ამიტომ მიაჩნიათ, რომ კეტი ცირკში უნდა წავიდეს.

II სტადიაში (7-დან 9 წლამდე) ჩნდება განცდა, რომ გრძნობები სხვა ადამიანსაც აქვს. ამ ასაკის ბავშვი ამბობს, რომ კეტი მხოლოდ მაშინ უნდა წავიდეს ცირკში, თუ დები წინააღმდეგი არ იქნება.

III სტადიაში (9-დან 12 წლამდე) ჩნდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მეგობრები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. იბადება ურთიერთნდობაც. ამ ასაკის ბავშვები ამგვარად მსჯელობენ: კეტისა და დების განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ისინი ენდობიან ერთმანეთს.

IV სტადიაში (11-12 წელი) ბავშვებს შეუძლიათ გაიაზრონ ურთიერთობა სხვისი პოზიციიდანაც. ამ სტადიაში მყოფი ბავშვი ასე მსჯელობს: „კეტიმ და დებიმ უნდა გაუგონ ერთმანეთს და გაარკვიონ სიტუაცია”.
სელმანის თანახმად, გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობაში მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი სხვის ადგილას თავის წარმოდგენის უნარს იძენს.

ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ახლო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობის წყალობით ბავშვები იმეცნებენ სოციალურ ნორმებს და ივითარებენ თვითპატივისცემის გრძნობას.

კლასში ბავშვის მდგომარეობა განაპირობებს მის თვითგრძნობას. მიკროსოციალური ჯგუფების მეგობრობა V-VI კლასებიდან ხდება აქტუალური. ჯგუფი არის შედარებით მყარი ერთობა ბავშვებისა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ჯგუფს აქვს თავისი ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯგუფის თითოეულ წევრზე. ჯგუფს შიგნით მის წევრებს გარკვეული სტატუსიც აქვთ: ზოგი ლიდერია, ზოგი კი ლიდერს ემორჩილება. მაგრამ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს, შედარებით უფროსებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მეტისმეტად მკაცრი ნორმები და შიგნით განაწილებული როლები.

ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უმცროს სასკოლო ასაკში ჯგუფის შეკვრაზე, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ორიენტირება, ვინაიდან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთი მოსწავლე კლასიდან გარიყული აღმოჩნდება, ეს კი ხელს უშლის მათ შემდგომ ადაპტაციას სოციალურ გარემოში.

სამეგობრო წრიდან გარიყული სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებიც აგრესიულები არიან, ან მეტისმეტად მორცხვები. გარიყვისა და მუდმივი ფრუსტრაციის გამო აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან, მორცხვი და მშფოთვარე ბავშვები კი მუდმივი თავდასხმის ობიექტებად იქცევიან. რაც შეეხება კლასში პოპულარულ ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი მეტად მონაწილეობენ საერთო საქმეებში, შეუძლიათ სხვებთან თანამშრომლობა და თანატოლთა დახმარება. ეს ბავშვები წარმატებითაც გამოირჩევიან სასწავლო, სპორტულ თუ საქმიანობის რომელიმე სხვა სფეროში.

კლასის შეკვრასა და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას დაწყებით კლასებში დიდად უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლება და თავად მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. გაგაცნობთ ორი ექსპერმენტის შედეგებს. პირველი უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებზე საზაფხულო ბანაკში ჩაატარეს (Sherif, Harvey, White, Hood & Sherif, 1961). ბავშვებს სთავაზობდნენ აქტივობებს, რომლებიც მათგან ზოგჯერ კონკურენციას მოითხოვდა, ზოგჯერ კი თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულების დროს, როდესაც ჯგუფს უქმნიდნენ კონკურენტულ გარემოს, იზრდებოდა „საწინააღმდეგო” ჯგუფის წევრების მიმართ აგრესია, მაგრამ საკმარისი იყო, თანამშრომლობაზე ორიენტირებული დავალება შეეთავაზებინათ, რომ ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა მაშინვე ქრებოდა.

ძალზე საინტერესო შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ეხებოდა „პრობლემური მოსწავლეებისადმი” ბავშვების დამოკიდებულებას (White, Kistner, 1992). პირველკლასელებსა და მეორეკლასელებს უჩვენებდნენ ფილმს „პრობლემურ მოსწავლეზე” (რომლის როლსაც მსახიობი ასრულებდა). ის კლასსაც გარიყული ჰყავდა. ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი ხაზს უსვამდა ამ მოსწავლის დადებით მხარეებს. ამის შემდეგ გამართული დიკუსიის დროს ბავშვები დადებითად ახასიათებდნენ მოსწავლეს. ამგვარად, „პრობლემური” მოსწავლის მიღებით მასწავლებელს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლასში ბავშვის სტატუსზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგზე. ამისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა კლასში იმგვარი გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეებს საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა და თითოეული თანაკლასელის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირება მოუწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანბანის წიგნი

ლიტერატურული თამაშები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი