შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პაზოლინის ბიჭები

პიერ პაოლო პაზოლინის „ქუჩის ბიჭები“ ისეთი წიგნია, წაკითხვის შემდეგ დახურვა და გვერდზე გადადება რომ გაგიძნელდება. კითხულობ და მთელი სიმძაფრით გრძნობ მთავარი გმირების შიშს, ტკივილს, სასოწარკვეთასა თუ მოულოდნელ სიხარულს. სამყაროსთვის ისინი არ არსებობენ, ეს მშფოთვარე, მუდმივი ხიფათით სავსე არარსებობა კი ერთგვარი არჩევანიცაა და ყველაზე მისაღები გამოსავალიც მიუღებელ, სულის შემხუთველ სინამდვილეში.

თავზეხელაღებული, შინიდან გაქცეული მოზარდების ცხოვრებაზე სხვა მწერლებსაც დაუწერიათ, ამ წიგნის ავტორის დამსახურებად კი, ერთი მხრივ, ქუჩის სამყაროს მეტად რეალისტური, ყოველგვარ რომანტიკულობას მოკლებული სურათის ჩვენება შეიძლება ჩაითვალოს, მეორე მხრივ კი – ყურადღების გამახვილება იმ სიფაქიზეზე, ყოველდღიურ სისასტიკეს ნაჩვევ მოზარდებს სულ სხვა შუქში რომ დაგვანახებს ხოლმე. პატარა ბიჭი წყალში ჩახტება და მერცხალს გადაარჩენს, სხვა ბიჭები სხვა შემთხვევაში ავლენენ გულისამაჩუყებელ სინაზეს. ოღონდ ეს ყოველთვის ცოტა ხანს გრძელდება – ქუჩა კეთილი საქმეების, თუნდაც საკუთარი კეთილშობილებით ნარცისული ტკბობის ადგილი არ არის.

რომანის დასაწყისშივე ინგრევა სკოლის შენობა, რომელსაც ის ოჯახები აფარებენ თავს, ვალების გადაუხდელობის გამო რომ გამოუსახლებიათ. ერთ-ერთი მთავარი გმირის, რიჩეტოს ოჯახიც სწორედ აქ ცხოვრობს. ადამიანები კვდებიან, ხეიბრებად იქცევიან, უსახლკაროდ რჩებიან, იპარავენ, თაღლითობენ, საკუთარ სხეულს ჰყიდიან – ეს ყველაფერი კი ბუნებრივზე ბუნებრივად მოჩანს იმ სამყაროში, სადაც ძალადობა ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ოჯახის წევრებს შორის სიყვარულიც და სიძულვილიც თანაბარი ძალით იფეთქებს ხოლმე. სიკვდილი კი ყოველთვის სადღაც იქვეა, ძველი ქოხმახის რომელიღაც კედელსაა ამოფარებული.

ბავშვები სიკვდილს შესჩვევიან. მათ მხოლოდ მშობლებისა თუ ციხიდან ახლად გამოსული ძმების დაუნდობლობის, ცხვირ-პირის დანაყვის, ფეხქვეშ გაგდებისა და გამეტებით ცემით ეშინიათ. ალბათ ამიტომაც მიუწევთ გული ქუჩისაკენ – შიშს, შიმშილს, სასოწარკვეთას გაურბიან და იმედის ნამცეცებს გაფაციცებით დაეძებენ იქ, სადაც კიდევ უფრო დიდი სისასტიკე და ბოროტებაა.

ფული. როგორი გზითაც უნდა იყოს ნაშოვნი, ის ნიშნავს შიმშილის დამარცხებას, სასიამოვნოდ გატარებულ საღამოს, მეგობრებთან ერთად მხიარულებას, ქონმოდებული ქუჩის ქალების ხანმოკლე ალერსს. ბიჭებისთვის ის ყველაფერია.

„რა ლამაზია რომი…

რა ლამაზია ამ გაზაფხულის პირველ საღამოს…“

რიჩეტო მთელი ძალით გაჰყვიროდა სიმღერის სიტყვებს და კმაყოფილი, იმედითა და გეგმებით აღსავსე, იმედიანად ისინჯავდა ჯიბეში ფულს: მისი ბედნიერების ერთადერთ წყაროს ამ დამპალ სამყაროში. კაჩოტა ფეხდაფეხ მისდევდა, მშვიდი და ნეტარი“.

ისინი ზღვარს არ სცნობენ. ზოგჯერ იმდენად შეუბრალებლები არიან, უნაპირო თავისუფლებით თავბრუდახვეულები, უწარსულო და უმომავლო ცხოვრებას მიჩვეულები, რომ მათ ნაბიჯებს შიშით ადევნებ თვალს – ცოტაც და რაღაც გამოუსწორებელს ჩაიდენენ, დასაწყისშივე მოპოვებულ შენს კეთილგანწყობას სამუდამოდ დაკარგავენ. არადა, არ გეთმობა – როგორი განსხვავებული ბავშვობაც უნდა გქონოდა, როგორი წესიერი, დამჯერი და წიგნებს გადაყოლილიც უნდა ყოფილიყავი, მათთან დიდ სიახლოვეს გრძნობ, კარგად გესმის, რატომ არ უჩერდებათ გული თავიანთ ქოხმახებში, რატომ მოსწონთ აღმა-დაღმა ხეტიალი, ჯართის ტომრების თრევა, შიმშილის ჩასაცხრობად ბაზარში ხილისა თუ ყველის ნაჭრის მოპარვა და ღია ცის ქვეშ ღამის გათენება.

პიერ პაოლო პაზოლინი, დიდი ხნის წინ, „ათას ერთი ღამის ყვავილით“ გავიცანი, რასაც მისი სხვა ფილმები მოჰყვა. მახსოვს მეგობართან ხანგრძლივი საუბრები – ხანდახან კამათიც – „მედეასა“ თუ „სალო, ანუ სოდომის 120 დღის“ შესახებ – ურთიერთსაპირისპირო განცდები, ახალგაზრდული თავდაჯერებით გამოთქმული მოსაზრებები. რომანი „ქუჩის ბიჭები“ სრულყოფილად ავსებს წარმოსახვით შექმნილ სურათს, რომელსაც აქამდე თითქოს რაღაც აკლდა. წაკითხული ნანახის გაგრძელებად იქცევა, მის ლიტერატურულ კომენტარებად; ან პირიქით – ფილმები ასურათებენ წიგნში მოთხრობილ ამბავს – გულში ჩამწვდომსა და დაუვიწყარს.

„ – აუ, რა მაგრა მიყვარს კინო! – კმაყოფილი იმეორებდა ოთხი საათის შემდეგ კინოდან გამოსული კაჩოტა. ზედიზედ ორჯერ უყურეს ფილმს. მზის სათვალე ცხვირზე ჩამოეწია. არხეინად მისეირნობდა ვია დუე მაჩელის ტროტუარზე და განგებ ეჯახებოდა გამვლელებს“.

განგებ ეჯახებოდა გამვლელებს. კაჩოტა. ქუჩის ბიჭი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი