ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დიდი ჯაჭვის პატარა რგოლი

ეპოქის თავისებურების გააზრებისთვის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

 

ადამიანთა უმეტესობა მიფრინავს ან მოფრინავს, ანუ მოგზაურობს აღმოსავლეთით ან დასავლეთით, მაგრამ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ყველასგან განსხვავდება, და „გუგულის ბუდეს გადაუფრენს“. ასეთი პერსონაჟია ვასიკო კეჟერაძე, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. მოსწავლე სათანადოდ ვერ აფასებს ეპოქის თავისებურებებს. მას უნდა მივაწოდოთ ნაწარმოები როგორც ორგანული ნაწილი იმ ისტორიულ-სოციალური გარემოსი, რომელიც ამ ნაწარმოებშია აღწერილი. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწერა. გურამ დოჩანაშვილი შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ საბჭოური ეპოქის თავისებურებებს, ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობის პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკაფიოდ ასახავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ანტისაბჭოთა ნაწარმოებია, ის, უპირველესად, ამ ქვეყნის ისტორიას ჰყვება. ჰყვება მსუბუქად, ირონიისა და იუმორის ზღვარზე, ჰყვება ისე, რომ საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმი თითქმის არ ჩანს, მას თანდათან, ოსტატურად გვაპარებს მწერალი. მაღალფარდოვანი სიტყვებისა და ყალბი პათეტიკის მიღმა ჩვენ თვალწინ გადაიშლება სინამდვილე, რომელსაც ვასიკო კეჟერაძე უნდა გადაურჩეს. ამაში მას იუმორი და ლიტერატურის სიყვარული ეხმარება.

„კულტურული რევოლუციის“ მთავარ მიზანს „ადამიანის შექმნა“ წარმოადგენდა. ეს იყო საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომლის გასამარტივებლად საჭირო გახდა სახელმწიფოში მასობრივი უწიგნურობის აღმოფხვრა. ამ სიტყვებმა შესაძლოა დააბნიოს მოსწავლე – უწიგნურობის აღმოხვრა ხომ თითქოს კარგი უნდა ყოფილიყო თავისთავად. მაგრამ მიზანი? მიზანი მზაკვრული გახლდათ: „წიგნიერ“ საზოგადოებაში უფრო ადვილი იქნებოდა პროპაგანდისტული პრესისა და ლიტერატურის გავრცელება, რომელსაც, საბჭოთა ხელისუფლების რწმენით, ხელი უნდა შეეწყო მთავრობის იდეოლოგიურ ყალიბს მორგებული ინტელიგენციის ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ამ ინტელიგენციას ეკუთვნიან თამაზი და მისი ხელმძღვანელი.

ადამიანთა შემოქმედებითი აქტიურობა ზედემიწევნით იყო გაკონტროლებული და ხშირად პოლიტიზებულიც კი. საბჭოთა ადამიანი აკეთებდა იმას, რაც მიღებული და მოწონებული იქნებოდა მთავრობის მიერ. ყოველი განსხვავებული ნაბიჯი აღიქმებოდა ღალატად, სისტემის მიმართ მტრულ დამოკიდებულებად. აუცილებელი იყო, ხელოვნება ქცეულიყო მხატვრული ფორმებით „მოაზროვნე“ იდეოლოგიად. პარტიის პოლიტიკას უნდა დაედგინა და განესაზღვრა ხელოვნების ქმნილებათა ფორმა და შინაარსი. უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა ადამიანს შეუქმნეს ე.წ. „მტრის ხატი“. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის მოიაზრებდნენ მტრად. მთავარი იყო ფაქტი, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ჩასაფრებულია და ელოდება, როდის „ჩათვლემს“ საზოგადოება, როდის მოადუნებს ყურადღებას, რომ გამოჩნდეს, ავნოს მას და დაანგრიოს „საათივით აწყობილი“ სახელმწიფო. სწორედ ამიტომ ატარებს გამოკითხვას ხელმძღვანელი. საბჭოთა სისტემას სურს გაიგოს, რითი სუნთქავს საბჭოთა ადამიანი თავისუფალ დროს… „და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის „თავისუფალ დროს“. ხალხის გასაკონტროლებლად მოხერხებული გზა იყო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებაც. მას სჭირდებოდა ახალი და ახალი გეგმები, რათა მუშაობაში გართულს, ფიქრის დრო და სურვილი დაჰკარგვოდა. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საბჭოთა ადამიანში ჩაეკლათ ყოველგვარი ინდივიდუალიზმი. ის არაფრით უნდა ყოფილიყო სხვა საბჭოთა ადამიანებისგან განსხვავებული. არ შეიძლებოდა ჰქონოდა უფრო მეტი ფული, უფრო კარგი სახლი… სწორედ ამიტომ აინტერესებთ მოსახლეობის კომუნალური პირობები.

ადამიანს, ფაქტობრივად, არ გააჩნია ხელისუფლების ნებისგან დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება. საბჭოთა ადამიანები მოქცეული იყვნენ ერთიანი ღირებულებების ყალიბში და მათი მართვა გაცილებით ადვილი ხდებოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ გეგმურად „გამოძერწილი“ საბჭოთა ადამიანები ქმნიდნენ პარტიულ ნომენკლატურას (იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომელთაც ეკავათ მაღალი თანამდებობები. ნომენკლატურა წარმოადგენს ტოტალიტარული სახელმწიფოს მთავარ საყრდენს) და ე.წ. „წითელ ინტელიგენციას“. მათი დანიშნულება იყო კულტურისა და მეცნიერების გზით საზოგადოებაში კომუნისტური იდეოლოგიური ხაზის გატარება. ერთნი საბჭოთა იდეოლოგიას ემსახურებიან, მორგებული აქვთ შესაბამისი როლები და უბადლოდ განასახიერებენ იმ ტყუილს, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის არც ისაა თავისთავად გასაგები, რომ სოციოლოგიური კვლევა საბჭოეთში არ არსებობდა და თუ არსებობდა, ან ისეთივე ფიქცია იყო, როგორიც ამ მოთხრობაშია აღწერილი, ან მასების უკეთ მართვისთვის სჭირდებოდათ, თუმცა მაინცდამაინც არც სჭირდებოდათ, რადგან სოციალოგიური კვლევა ხალხთან შეიძლება ჩაატარო, თორემ მასების ფსიქოლოგია ადვილი გასაგებია, ხალხად ყოფნის საშუალებას კი სისტემა არ იძლეოდა. არსებობდა უამრავი ასეთი ინსტიტუტი, მეცნიერი თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, რომლებიც აკეთებდნენ რაღაცას, რაც თავისთავად არავის სჭირდებოდა, მაგრამ ემსახურებოდა ტყუილის იდეოლოგიას, ამიტომ მსგავსი ინსტიტუტების შენახვაზე კრემლი უკან არ იხევდა.

ვასიკო კეჟერაძე სოციოლოგ თამაზს ინტერვიუს დაწყებამდე დააბნევს: თამაზი მას ვიღაცას აგონებს – „აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა, მარშალის ბიძაშვილს, ეულალიას ქმარს“. გაუგებრობა მალევე გაირკვევა: „მისალოც“ თამაზს არც „ბეტანკურიანი რომანი“, არც „ანსელმოიანი რომანი, ლიოსასი, მარიო ვარგასის“ არ წაუკითხავს და ამიტომ ლიტერატურის მოყვარულის მინიშნებებს ვერ ხვდება. ვასიკოს მინიშნებებს ვერც ხელმძღვანელი ხვდება, როცა ის ჯანჯაკომო სემინარიელს, მარშალ ბეტანკურის უფროს ძმას ადარებს. მარშალის ნათესავებთან მსგავსების გამო თამაზი და მისი ხელმძღვანელი რეპრესიულ სახელმწიფოსთან ასოციაციას იწვევენ.

ვასიკო კეჟერაძეს, XIX საუკუნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა დარად, შეეძლო თავშესაფარი წიგნებში ეძებნა, თავისი წარმოსახვითი სამყარო შეექმნა, ლიტერატურა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ექცია. ლიტერატურა მისთვის ინდივიდუალური თავისუფლების სივრცეა. ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ფლობენ ყველა იმ ტექსტს, რომლებსაც ასახელებენ, თამაზი და მისი ხელმძღვანელი კი არც ერთს – უმრავლესობა არ წაუკითხავთ, რომლებიც წაუკითხავთ, არ გაუთავისებიათ. ვასიკო და კლიმი ერთადერთ რეალობად ლიტერატურას აღიარებენ, თამაზისა და მისი ხელმძღვანელისთვის რეალურია მხოლოდ მატერიალური სამყარო და სავსებით არარეალურია ლიტერატურა. ერთი წყვილი ფიზიკურად ცხოვრობს მხოლოდ იმისთვის, რომ ურიცხვ მხატვრულ ტექსტში შეჭრის საშუალება მიეცეს. მეორე წყვილის შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით დასაზღვრულია. ისინი მუდამ დარჩებიან თავიანთი ერთადერთი მატერიალური ცხოვრების ამარა და შეეცდებიან, უკიდურეს შემთხვევაში, მხატვრული ნაწარმოები აქციონ მიწიერი სამყაროს ატრიბუტად (მაგალითად, იკითხონ დიკენსი ჩრდილში, ისიც ხანდახან). მწერალი მიგვანიშნებს, რომ თუ კაცი ცხოვრობს სულიერი ფასეულობებით, ამ შემთხვევაში – ლიტერატურის სიყვარულით, მაშინ მას შეუძლია, თვით ტოტალიტარული რეჟიმისგანაც დაიხსნას თავი.

ვასიკო კეჟერაძის სივრცე, თამაზისა და მისი ხელმძღვანელის სივრცისაგან განსხვავებით, იერარქიულად კი არა, თანასწორად არის მოწყობილი: „თქვენთვის, მისალოცებისათვის, – ეუბნება ვასიკო სოციოლოგებს, – ზოგი უფროსი ბრძანდებით, ზოგიც – უმცროსი, არ არსებობს მხოლოდ ტოლი… მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო, მიწოდეთ მე თუნდაც ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას – თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა“.

ლიტერატურის მოყვარულები ერთმანეთს სრულ განურჩევლობამდე ჰგვანან, ამიტომ საჯარო სივრცის ცნება ზედმეტი ხდება. კეჟერაძე, მართალია, გაურბოდა ტოტალიტარიზმის უნიფორმულობას, მაგრამ თვითონვე შექმნა ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების არსებობაა შესაძლებელი.

მოსწავლეებს აბნევს სიტყვა ,,კარცერი“. კარცერს რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ეძახდნენ განსაკუთრებით მკაცრი დისციპლინურ სასჯელს სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმრებისთვის უმკაცრეს პირობებში (იზოლაციას სინათლისა და გათბობის გარეშე საკვების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვით). თავად სიტყვა, რომელიც ლათინურიდან მომდინარეობს და დილეგს ნიშნავს, რუსულსა და ქართულში გერმანულიდან შემოვიდა. აკადემიური იურისდიქციის ფარგლებში, XX საუკუნემდე, კარცერს, სასკოლო და საუნივერსიტეტო საპატიმროს, აღმზრდელობითი დანიშნულება ჰქონდა. გამოდის, რომ ვასიკო კეჟერაძე თავისი „პროექტით“ სიტყვას თავის პირველად მნიშვნელობას უბრუნებს. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში კარცერმა აღმზრდელობითი მნიშვნელობა დაკარგა. სტუდენტისთვის კარცერში მოხვედრა საპატიოდაც კი მიიჩნეოდა. ამიტომ ეს სიტყვა არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყების მნიშვნელობასაც ატარებს, რომელიც ჩაკეტილ სივრცეს თავისუფლების სივრცედ აქცევს.

ეეეჰ, არ იცნობდნენ თამაზი და მისი ხელმძღვანელი აურელიანოს, თორემ მიხვდებოდნენ, რისი თქმა უნდოდა ამით ვასიკო კეჟერაძეს:

,,…ერთ საღამოს პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ პოლკოვნიკ ხერინელდო მარკესს ჰკითხა:

– მეგობარო, იქნებ, მითხრა, რისთვის იბრძვი?

– რისთვისაც მოვალე ვარ ვიბრძოდე, მეგობარო, – უპასუხა პოლკოვნიკმა ხერინელდო მარკესმა, – ლიბერალთა დიადი პარტიისათვის.

– ბედნიერი ხარ. იცი, რისთვისაც იბრძვი, – უთხრა პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ, – მე კი მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ სიამაყის გამო ვიბრძვი.

– ეგ ცუდია, – შენიშნა პოლკოვნიკმა ხერინელდო მარკესმა.
მეგობარს შეშფოთება რომ შეამჩნია, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას გაეღიმა.

– რა თქმა უნდა, ცუდია, – უთხრა მან, – მაგრამ იმას მაინც სჯობს, როცა სულ არ იცი, რისთვის იბრძვი, – მერე მეგობარს თვალებში ჩახედა და კვლავ ღიმილით დაუმატა: – ან როცა ისეთი რაღაცისთვის იბრძვი, – აი, მაგალითად, შენსავით, – რაც არავის არაფრად სჭირდება“.

რა ექნა ხელმძღვანელს, დიდი ჯაჭვის პატარა რგოლი იყო, ძლიერთა ამა ქვეყნისათა საამებლად მოვლენილი, ბრმად და მორჩილად მიჰყვებოდა დინებას და ჯაჭვის მომცრო რგოლს, თამაზს, მისი მარცხი რომ არ შეემჩნია, ჩამოალაბორანტა…

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.https://mastsavlebeli.ge/?p=9159

 24 თებერვალი, 2016 თეონა ბექიშვილი

გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

  1. https://www.scribd.com/doc/49236968

ქართული-მწერლობა-საბჭოთა-სისტემაში-რეალობის-განზომილება

ნინო ბექიშვილი; გიორგიკეკელიძე;

  1. გურამ დოჩანაშვილი – ,,სამოსელი პირველი’’, თბ., 2011წ.
  2. გაბრიელ გარსია მარკესი -,,მარტოობის ასი წელიწადი’’ SABA.COM.GE (ელექტრონული ვერსია)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი