შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მწერლობა იდეის მასწავლებლობაა

სტუმარი: გიორგი კაკაბაძე

„საქართველოში არასოდეს ყოფილა უფრო თავისუფალი შემოქმედი, ვიდრე ფიროსმანია. იგი ნებისმიერი მხატვრული სკოლისგან თავისუფალია და არ შეიძლება, რომელიმე მიმდინარეობას ეკუთვნოდეს, რადგან მხატვრობაში სრულიად დამოუკიდებელი, საკუთარი მიმდინარეობა აქვს, რომელსაც მე ფიროსმანიზმს ვუწოდებდი”, – წერს კრიტიკოსი და პუბლიცისტი გიორგი კაკაბაძე, რომელიც მრავალი წელია იკვლევს ნიკო ფიროსმანის და სხვა ქართველ ხელოვანთა ცხოვრებას, რადგან სჯერა, რომ „ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ საკუთარ მოღვაწეებს, სათანადოდ არ ვიცნობთ სივრცეს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება… არადა, ამის გაუთვალისწინებლობა არასწორი დასკვნებისკენ გვიბიძგებს და ისტორიას გვიმახინჯებს”.

დღეს mastsavlebeli.ge-ს სტუმარია გიორგი კაკაბაძე, რომელთანაც ინტერვიუ მისი ბავშვობის უცნობი დეტალების გახსენებით დავიწყეთ.
– მეეჭვება, ჩემი ბიოგრაფია სანიმუშო იყოს თქვენი გაზეთის მკითხველისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა სკოლას ვერ ვეგუებოდი და ძნელად აღსაზრდელი მოსწავლე ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ ჩემს პედაგოგებს. მოგვიანებით ამის გამო სკოლიდანაც გამრიცხეს. განსაკუთრებული პროტესტი მქონდა ქართული ლიტერატურის მიმართ. არ მესმოდა, რატომ უნდა დამეზეპირებინა ტექსტები, რომლებიც ენის გასატეხს ჰგავდა და შემდეგ მათზე აუცილებლად ბესო ჟღენტის სიტყვებით მელაპარაკა. ტექსტები, რომლებიც საქართველოს მთელ ავბედობას მკითხველს „აბრალებდა” და რეალურად რთული სიტუაციიდან გამოსავალს არ გვთავაზობდა. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო გასული საუკუნის 70-იანი წლები: ჰიპებისა და „ბითლზის” ეპოქა, კლასიკური როკის ოქროს ხანა. მეზობლის ბიჭს ერთი რადიომიმღები ჰქონდა – ეს იყო ერთადერთი ხიდი ჩვენსა და თანამედროვე მსოფლიოს შორის. ღამღამობით მეგობრები დიღმის ტყე-პარკში მივდიოდით და რადიო „თავისუფლების” გადაცემებს ვუსმენდით. ასე ვიღებდით ინფორმაციას თანამედროვე მუსიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გულს ვეღარ ვუდებდი „ყინვა და პატარა მოწაფეს”, „გოგჩას”, „აჩრდილს” და ამგვარ ტექსტებს, რომლებსაც მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს და, ჩემი აზრით, ლიტერატურული საძილე საშუალებაა, ამიტომ საკუთარ სამყაროში დარჩენას ვამჯობინებდი. სკოლის გაცდენის უამრავი ხერხი ვიცოდი, რომლებსაც რიგრიგობით ვიყენებდი ხან პედაგოგებთან და ხან მშობლებთან. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ყველაზე ტკბილად მახსენდება ის დრო, როცა შინ ვრჩებოდი, რომელიმე სქელტანიან წიგნს ვიღებდი და კითხვას ვიწყებდი. ამქვეყნად უამრავი წიგნია და ადამიანი სწორედ იმას ირჩევს, რომელიც მისთვის ნაცნობ ტკივილებს ეხება. ჟიულ ვერნი, დიუმა, მარკ ტვენი, დეფო, ჯეკ ლონდონი, კიპლინგი, შარლ დე კოსტერი, ჰაგარდი, კონან დოილი და სხვები ის თავისუფლება იყო, რომელიც მაშინ ძალიან მაკლდა და რომლისკენაც გული მიმიწევდა.

უნივერსიტეტშიც დაახლოებით იგივე ხდებოდა. უამრავ ზედმეტ საგანს მასწავლიდნენ, რომლებიც არასდროს არაფერში გამომიყენებია. ერთადერთმა ლექტორმა შეძლო, კვლევის აკადემიური ხერხები ესწავლებინა ჩემთვის და ჩემ მიერ დაგროვებული ლიტერატურული ცოდნა სისტემაში მოექცია. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ პედაგოგი მხოლოდ გზის მაჩვენებელი უნდა იყოს, კარგი განათლება კი, საბოლოო ჯამში, თვითგანათლების შედეგია.
– რას ნიშნავს იყო კრიტიკოსი, პუბლიცისტი, რა არის ამ პროფესიის მიზანი?

– უპირველესად, კატეგორიულად ვემიჯნები იმ შემთხვევებს, როდესაც კრიტიკა ვიღაცის დამცირების, აბუჩად აგდების, დასჯის ან შურისძიების იარაღად იქცევა. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კრიტიკოსები იმისთვის ცდილობენ მავანის გამტყუნებას, რომ შემდეგ ზნეობის დამცველებად გაასაღონ თავი. საერთოდ, რისთვისაა საჭირო ლიტერატურა? კარგმა მწერალმა მკითხველი ყოველდღიურობას უნდა მოსწყვიტოს და იდეათა სამყაროში გადაიყვანოს. ეს იდეა შესაძლოა მისაღები იყოს, შესაძლოა არა, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს; მთავარია, მწერალმა მკითხველს სინამდვილის საკუთარი მოდელი შესთავაზოს. მწერლობა იდეის მასწავლებლობაა, თორემ წერა ყველას შეუძლია. კრიტიკოსის საყვარელი საქმიანობა კი ამ იდეების მიგნება, მათზე მსჯელობა და სხვა, მათ შორის – გარდასული დროის მოაზროვნეებთან დისკურსია. ჩემთვის ეს ფილოსოფიის სფეროა. კრიტიკოსმა საკუთარი თაობის კუთხით უნდა შეაფასოს ან გადააფასოს ლიტერატურული ტექსტი. ეს მოვლენა საზოგადოების მხრივაც ადეკვატურად უნდა აღიქმებოდეს. თუ ლიტერატურულ ნაწარმოებს ან რომელიმე ლიტერატორს ჩვენც ისეთსავე პატივს მივაგებთ, როგორსაც კომუნისტური რეჟიმი მიაგებდა, ესე იგი ჩვენი ღირებულებები მათგან არ განსხვავდება, ხოლო თუ ლიტერატურული ტექსტი ახლებურ ინტერპრეტაციას ვერ უძლებს, ესე იგი ეს ლიტერატურა კი არა, გარდაცვლილ იდეათა სასაფლაოა.
– დღეს საქართველოში ბევრი ჩივის, რომ წიგნის მკითხველთა რაოდენობამ იკლო. როგორ ახსნით ამ მოვლენას, რა არის მთვარი პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?

– ამას რამდენიმე სუბიექტური და ობიექტური მიზეზი აქვს. პირველი, რა თქმა უნდა, წიგნების სიძვირეა. ადვილი არ გახლავთ ხელმოკლე ოჯახისთვის, ვთქვათ, რამდენიმე ათლარიანი წიგნის შეძენა. თუმცა ეს ყოველთვის არ არის გამომცემლის ბრალი, წიგნებს ფასის 40 პროცენტს წიგნის მაღაზიები უმატებენ. მეორე – მოუგვარებელია თავად საგამომცემლო მენეჯმენტი. როდესაც რამდენიმე გამომცემელი ნებით თუ უნებლიეთ გამოსცემს ერთი და იმავე დასახელების წიგნს და, გარდა ამისა, ეს წიგნი კომუნისტების დროსაც მაღალი ტირაჟით იყო გამოსული, ბუნებრივია, იგი არ გაიყიდება. ასეთ შემთხვევებსაც მყიდველის მცირე აქტიურობას მიაწერენ.

საქართველომ გამოიარა ურთულესი 90-იანი წლები, როდესაც სწავლა-განათლების დონე საშინლად დაეცა. მაშინ მშობლებსა და შვილებს გადარჩენისთვის უწევდათ ბრძოლა. დღევანდელი მშობლები სწორედ იმდროინდელი მოწაფეები არიან, რომლებიც თავადაც არ გამოირჩევიან განსწავლულობით. ამ სფეროს კი ერთი უცნაური კანონზომიერება ახასიათებს: ყმაწვილებმა კითხვა რომ შეიყვარონ, გამუდმებით უნდა ხედავდნენ, რომ მათ მშობლებსაც წიგნში აქვთ თავი ჩარგული. გარდა ამისა, ახალგაზრდები ხედავენ, რომ ქვეყანაში განათლებული ადამიანის მიმართ პატივისცემა და მოწიწება არ არსებობს, ჩვენთან წიგნიერება პრესტიჟის ნიშანი არ არის. როდესაც ტელევიზია და პრესა მარგინალების საჯირითო ასპარეზად არის ქცეული, ყმაწვილი ხვდება, რომ ნაკითხობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. აქვე შეგვეძლო კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენაზეც გვესაუბრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არაფერს ისეთი ზიანი არ მიუყენებია კითხვის სიყვარულისთვის, როგორიც ქართული ლიტერატურის გაკვეთილებმა მიაყენა. რაც უფრო რთულდება პროგრამა და იზრდება მოთხოვნა, მით უფრო სძულთ ბავშვებს ქართული ლიტერატურაც და, საზოგადოდ, კითხვაც. სკოლის დამთავრების შემდეგ იშვიათად უბრუნდებიან საპროგრამო ავტორებს. ქართველების 90%-ს სკოლის შემდეგ „ვეფხისტყაოსნისკენ” არ გაუხედავს იმიტომ, რომ მათ საგულდაგულოდ შეაძულეს ეს ტექსტი. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ნაწილი ბავშვებს არა საგნის სიყვარულს, არამედ ეროვნულ იდეოლოგიას ასწავლის, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ეროვნულ იდეოლოგიაზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ ამ იდეის სიკვდილი გამოიწვია. რაც უფრო გამკაცრდება ეს პროცესი, მით უფრო უარეს შედეგებს მივიღებთ, რადგან ახალგაზრდების მხრივ წინააღმდეგობაც გაიზრდება. მასწავლებლის უპირველესი ამოცანა მოსწავლისთვის საგნის შეყვარება უნდა იყოს, ლიტერატურაზე შეყვარებული მოსწავლე კი არა მხოლოდ ამ საგანს ისწავლის, არამედ სხვა წიგნებსაც მოძებნის წასაკითხად.
– როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თქვენი პროფესია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის?

– წესით, არც ისე საჭიროა, რადგან ლიტერატურაზე ავტორიტეტების გარეშე უნდა ვისაუბროთ. აუცილებელი არ არის, მოწაფემ თავისი დამოკიდებულება გურამ ასათიანის, აკაკი ბაქრაძის და სხვათა სიტყვებით გამოხატოს. მასწავლებელმა მოსწავლის თამამ და გულწრფელ აზრს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. ლიტერატურა აზროვნების განვითარებაა, ამიტომაც ლიტერატურის გაკვეთილზე მოწაფე თავისუფალ აზროვნებას, მსჯელობასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას უნდა მიეჩვიოს, ასევე – სხვის მოსმენას და განსხვავებული აზრის პატივისცემას. მხოლოდ ასე შეიძლება იმ თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შემდეგ თავისუფალ ქვეყანას ააშენებს.
– თქვენ მწერლების ცხოვრების უცნობ დეტალებს იკვლევთ. რას შეცვლის ასეთი დეტალების გამომზეურება?

– ქართული ლიტერატურის კანონიკური სახე ძირითადად მეოცე საუკუნეში შეიქმნა. ამაში უამრავი მკვლევარი და მეცნიერი მონაწილეობდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხდებოდა ჯერ სოციალისტური, მერე კი ეროვნული ცენზურის ზემოქმედების ქვეშ. ბუნებრივია, ქართველ მკვლევართა ერთმა ნაწილმა გვერდი აუარა იმ თემებსა და საკითხებს, რომლებიც არასასურველი რაკურსით წარმოაჩენდა ამა თუ იმ პიროვნებას. ამის შედეგად ეს ეპიზოდები ქართველი მკითხველისა და ქართველი საზოგადოების განცდისა და მსჯელობის ნაწილი არ გამხდარა. ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ საკუთარ მოღვაწეებს, სათანადოდ არ ვიცნობთ იმ სივრცეს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება. ჩვენ მხოლოდ ის მოდელი ვიცით, რომელიც ტენდენციურმა მკვლევარებმა შემოგვთავაზეს. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ: შეუძლებელია აკაკი წერეთლის პიროვნების გააზრება, თუ არ ვთქვით, რომ მის გამო მანდილოსნები გონებას კარგავდნენ და არც დიდი პოეტი აკლებდა მათ ყურადღებას. ამ მანდილოსანთა შორის იყო ნიკო ნიკოლაძის და ანიჩკა. ანიჩკა მთელი გულით უყვარდა მეორე ქართველ პოეტს – გიორგი ქოჩაკიძეს, მაგრამ აკაკის – პოეტს, თავადს, წარმოსადეგ მამაკაცს – ყოველმხრივ უპირატესობა ჰქონდა რაყიფთან შედარებით. ამ უპირატესობებს აკაკი თავისი მოსწრებული ენის წყალობით ისე წარმატებულად იყენებდა, რომ გიორგი ქოჩაკიძე საქართველოდან გადაიხვეწა და რუსეთში დალია სული. აკაკი ავი ძაღლივით მოიქცა – არც თვითონ იქორწინა ანიჩკა ნიკოლაძეზე და არც სხვას მისცა გაბედნიერების საშუალება. როდესაც ანიჩკა გარდაიცვალა, მის სასთუმალქვეშ ლექსების ორი კრებული უპოვიათ: ერთი – აკაკი წერეთლისა და მეორე -გიორგი ქოჩაკიძისა… როდესაც ვაჟა-ფშაველაზე მოგონებების კრებულს ამზადებდნენ, არ შეიტანეს ერთ-ერთი თავი, სადაც ვაჟამ ხატები ცეცხლში შეყარა და დაწვა. ალექსანდრე სიგუას წიგნის „წამების სამყაროში” მხოლოდ პირველი ნაწილი დაიბეჭდა 90-იან წლებში. მე წამიკითხავს ამ წიგნის მანქანაზე გადაბეჭდილი სრული ვარიანტი. ერთ-ერთ თავში, რომელიც კათალიკოს კალისტრატე ცინცაძეს ეხებოდა, ამოვიკითხე, რომ თედო სახოკიას ალექსანდრე სიგუა სტუმრად წაუყვანია კათალიკოს კალისტრატე ცინცაძესთან, რომელსაც საუბრისას ასეთი რამ უთქვამს: „არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ ვიცი, რომ კაცობრიობას არასოდეს შეუქმნია ისეთი ზნეობრივი მოძღვრება როგორიც ქრისტიანობააო”. შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს, რომ ჩვენი სახელოვანი სიმბოლისტი პოეტები კოკაინის აქტიური მომხმარებლები იყვნენ და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტების მოხმობით ანტიგმირების შექმნას კი არ ვცდილობ, უბრალოდ, მინდა საზოგადოება ილუზიებისგან გათავისუფლდეს და ამა თუ იმ მოღვაწის შეფასებისას გაითვალისწინოს, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით. არსებობს ფაქტები, რომელთა მიჩქმალვაც, პირიქით, ჩრდილს აყენებს რომელიმე საზოგადო მოღვაწეს. მაგალითად, არასდროს ახსენებენ ერთ ფაქტს: 1871 წელს „კრებულში” დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის მოწოდება, რომ სტუმრად მყოფ იმპერატორ ალექსანდრე მეორისთვის საქართველოში „ერობის” შემოღება ეთხოვათ. ამით საქართველოს საქმეები ადგილზევე უნდა გადაწყვეტილიყო. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. ასეთი თვითმმართველობა ჰქონდა პოლონეთს და შემდეგ მათ უფრო ადვილად დაიძვრინეს თავი რუსეთის მმართველობისგან. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობას და სწორედ, აი, ასეთი ფაქტების მიჩქმალვისა და მათთვის მიწის მიყრის გამო ვერ ვაცნობიერებთ, რომ დღეს რეალურად ნიკო ნიკოლაძის მიერ შექმნილ საქართველოში ვცხოვრობთ.

ფაქტები გაინტერესებთ? პირველი რკინიგზა ამიერკავკასიაში. ფოთი-თბილისისა და სამტრედია-ბათუმის შტო. ტყიბულის ქვანახშირის დამუშავების დაწყება და რკინიგზის ხაზის გაყვანა. ჭიათურის მანგანუმის დამუშავების დაწყება და რკინიგზის ხაზის მიყვანა, სურამის გვირაბის გაყვანა, კახეთის რკინიგზის გაყვანა, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მოწყობა. თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზის გაყვანა. ეს პიროვნება ხვდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის აზერბაიჯანის ნავთობს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო, ხოლო ფოთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი საზღვაო ჭიშკარი გამხდარიყო, ამ გეგმების განსახორციელებლად კი საქართველოში როტშილდი მოიწვია. ეს ის ეკონომიკური მოდელია, რომელსაც დღემდე ვიყენებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი და მომავალი საქართველოს შემქმნელი ნიკო ნიკოლაძე გახლავთ და ამ დამსახურებას სხვას ნუ მივაწერთ.

ამ და სხვა ასეთი ფაქტების გაუთვალისწინებლობა არასწორი დასკვნებისკენ გვიბიძგებს და ისტორიას გვიმახინჯებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართული ლიტერატურაც და ისტორიაც ხელახლა უნდა დაიწეროს, რომ ახალ საუკუნეში მაინც ისევ ფუჭი და გულუბრყვილო ილუზიები არ ვატაროთ საგზლად.

– ფიროსმანს თქვენს მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ მხატვრის ცხოვრება დღეს ლეგენდებით არის მოცული, ნამდვილ ფიროსმანს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. რას ნიშნავს ფიროსმანი ქართველისთვის და რა უნდა იცოდეს ახალმა თაობამ მის შესახებ?

– ფერწერა და მუსიკა ხელოვნების უნივერსალური დარგებია, რადგან ისინი ნებისმიერ ხალხს ესმის. სწორედ ამიტომ ნიკო ფიროსმანი უდიდესი ქართველი ხელოვანია, რომელიც მსოფლიომ გაიცნო. მაგრამ იგი, ამისგან დამოუკიდებლადაც, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი გახლავთ. სწორედ ბიოგრაფიული ფაქტების გადარჩევისა და რაღაცების მიჩქმალვის წყალობით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ფიროსმანის სახე კომუნისტური რეჟიმის დროს ძალიან სავალალოდ გამიყურებოდა. ეს იყო ღარიბი და უსწავლელი გლეხი, რომელიც პრიმიტიულ სურათებს ხატავდა, ბოლოს გალოთდა და სად არის დაკრძალული, კაცმა არ იცის. ასეთი ფორმულირება ძალიან აძლევდა ხელს იმდროინდელ მეტროპოლიას, რადგან მიაჩნდა, რომ დიდი ხელოვანები მხოლოდ იმპერიის ცენტრში უნდა დაბადებულიყვნენ. მაგრამ საზღვარგარეთ ფიროსმანის გამოფენის გატანამ საპირისპირო სურათი გვიჩვენა და მისი განსაკუთრებული სიდიადე მსოფლიოს გამორჩეულმა მოღვაწეებმა აღიარეს. როდესაც ფიროსმანის შესახებ დარჩენილი დოკუმენტების შესწავლა დავიწყე, შევამჩნიე, რომ ფიროსმანის ბიოგრაფები მხოლოდ იმ ფაქტებს აქცევდნენ ყურადღებას, რომლებიც საკუთარი დასკვნებისთვის საფუძვლის გასამყარებლად სჭირდებოდათ. სხვებს, რომლებსაც შეიძლებოდა მათი მოსაზრება ეჭვქვეშ დაეყენებინა, უყურადღებოდ ტოვებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა დოკუმენტური რომანი, რომელიც ფიროსმანის შესახებ შემორჩენილ ყველა დოკუმენტს დაეყრდნობოდა. ამან ფიროსმანის სრულიად სხვა სახე დაგვანახვა. ეს არის მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალისტი შემოქმედი, რომელიც უპირისპირდება იმ დროს გაბატონებულ აკადემიურ ფერწერას და იგი სრულიად უცნობი, განსხვავებული გზით მიჰყავს. ცოტა ხნით ადრე ევროპაში თვალსაჩინო გახდა იგივე ტენდენცია: მხატვრების ჯგუფი დაუპირისპირდა აკადემისტებს და ახალი მიმდინარეობა – იმპრესიონიზმი – შექმნა. ეს მიმართულება არ იზიარებდა მხატვრობის აკადემიურ გამოცდილებებს და დამოუკიდებლად ეძებდა გამოსახვის ახალ ფორმებს. უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში იმპრესიონიზმიც სკოლად გადაიქცა და თავისი შესაძლებლობები ამოწურა. სწორედ მაშინ გაჩნდა სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც პირობითად პოსტიმპრესიონიზმს ვუწოდებთ. ეს არ გახლავთ მიმდინარეობა – ეს არის პირობითი მიჯნა, აღმნიშვნელი იმისა, რომ აქ მთავრდება იმპრესიონიზმი და იწყება ის, რისი სახელიც არ ვიცით. ყოველი პოსტიმპრესიონისტი თავად არის ახალი მიმდინარეობა. მათ არ ჰყავთ წინაპარი და არ ჰყავთ მემკვიდრე, რადგან ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი შინაგანი სამყაროს კარნახით მოქმედებენ: ვან გოგი, გოგენი, სეზანი, სერა, ტულუზ-ლოტრეკი. სწორედ ამ სიაშია ნიკო ფიროსმანი და იგი არა უბადრუკი პრიმიტივისტი, არამედ სრულიად უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელი მიმდინარეობის – ფიროსმანიზმის – დამაარსებელია. ეს არის ის, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ფიროსმანის შეფასებისას. სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შევქმენით „ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოება” და თითქმის ერთი წელია, ფიროსმანის საფლავს ვეძებთ. გვაქვს ძალიან იმედისმომცემი შედეგებიც: იქ, სადაც, გადმოცემით, ფიროსმანია დაკრძალული, ჩავატარეთ გეოლოგიური ექპერტიზა, რომელმაც ხუთი უცნობი სამარხის არსებობა დაადასტურა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი მათგანი ფიროსმანის საფლავი აღმოჩნდება. მართალია, ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი და ამჟამად მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ იმედია, გაზაფხულის ბოლომდე ძიებას დავასრულებთ და ქართველ საზოგადოებას სიახლეებით გავახარებთ. ადამიანმა სამყაროს შეცვლის სურვილი არ უნდა დაკარგოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი