შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 ზოგი ტრადიციის შესახებ

გავუფრთხილდეთ ტრადიციებს, პირველ რიგში, არგადაჭარბებით. ბევრი ტრადიცია თავისი არსით ჰუმანური იყო, თუმცა მერე, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში ზოგიერთმა ტრადიციამ ბრუტალური ფორმა მიიღო.

რაც შეეხება აღდგომას სასაფლაოზე გასვლას მცირე საკვებით, გარდა რიტუალური ნაწილისა, ერთგვარი საქველმოქმედო ფორმაც ჰქონდა. ბებიაჩემს ბაბუაჩემის სასაფლაოზე რამდენიმე პასკა და ხაჭაპური გაჰქონდა და გამოსაჩენ ადგილზე ტოვებდა. მერე ჩამოივლიდნენ შეჭივრებულები და მიჰქონდათ. მთავარი ზომიერების დაცვაა. ამას წინათ ვიხუმრე კიდეც, მიცვალებულთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს სასაფლაოზე მიასვენებენ, მიცვალებულთა დღეს სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან „გარდაცვლილებს“. ასე არ ვარგა, არავის წაადგება. მათ შორის ტრადიციასაც. საფლავზე სააღდგომო კვერცხივით გაგორებული კაცი მისაბაძი არ არის – ასეთი ქცევა არც კარგ წინაპრებს უკარნახიათ ჩვენთვის და ნურც ჩვენ გადავცემთ მომავალს.

აი, მაგალითად ქელეხი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ის სტუმრის პატივსაცემად დამკვიდრდა, როცა შორი გზიდან მოსული ადამიანი მოშივებული იყო, ჭირისუფალი მას ამ ფორმით უმასპინძლდებოდა. თუმცა საბჭოთა პერიოდის მეორე ნახევარში ჭირის სუფრამ ცოტა გაუგებარი ხასიათი მიიღო – ნოდარ დუმბაძის ფელეტონების წაკითხვას გირჩევთ – ზუსტად ასახავს, როგორ შეცვალა თავსმოხვეულმა წესებმა ნამდვილი ადათები.

ზოგადად, ადამიანი საკრალურობისკენ არის მიდრეკილი, ამიტომაც, მაგალითად, მიცვალებულისთვის რამის ჩატანება არ მგონია დიდი ტრაგედია, თუმცა ეს ქრისტიანული ტრადიცია ნამდვილად არ არის. ძველი ცივილიზაციები, სადაც სხეულის კულტი ხშირად ერწყმოდა სულისას, ხშირად მიმართავდნენ ამ მეთოდს – ასე განსაჯეთ, ადამიანებსაც კი აყოლებდნენ, რაც, ცხადია მიუღებელია. ამგვარი ცოდნის ფრაგმენტული ნაწილია ეს ჩვევაც.

იგივე ითქმის ცხოველების სასტიკ და მასობრივ შეწირვაზე. რაც შეეხება სუფრის ტრადიციებს, არ მგონია, რომ სასმელის დაჟინებული დაძალება რომელიმე ტრადიციის ნაწილი იყოს, ეს ადამიანის კულტურაზე და ეთიკურ მზაობაზე უფროა დამოკიდებული. მოკლედ, ტრადიციები მშვენიერი გვაქვს, უბრალოდ მისი გაგება და გათავისება გვჭირდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი