ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მწვანე ბალახზე დაწერილი ისტორიები

,,დღეს წითელი პარასკევი,

ხვალ შაბათი შავდებაო,

ხვალზევით რომ კვირა მოვა,

ყელი ჩაიპოხებაო“.

 

აღდგომა მოდის. საგაზაფხულო არდადეგების დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩება. მოსწავლეებს როგორღა ვუსაყვედუროთ, როცა საკლასო ოთახში მასწავლებლებსაც აღარ გვიდგება გული, რაღაც დიდის (თუნდაც გაუცნობიერებლის) მოლოდინი არ გვასვენებს? ამ დროს ყველაზე უკეთ ისმინება მოახლოებული დღესასწაულის შესახებ დაწერილი თხზულებები.

 

ერთ-ერთ კლასში ვაჟა-ფშაველას გავდივართ, ამიტომ მის სააღდგომო მოთხრობას ვუკითხავ პატარა მსმენელებს. მერე „აღდგომის მისაგებებლად მომზადებული ბუნების“, იმ დიდი მოლოდინის ფურცელზე გაცოცხლებას ვცდილობთ:

„სად ქათამი ჩამოსვეს ქანდარიდამ და მოაგდებინეს კისერი, სად ნასუქს ინდაურს მოაშორეს სწორედ ინდაურული, გამოჩერჩეტებული გოგრა, სად ნასუქის ქოსმანის ჭყივილი ისმის, ჭყივილი ვაისა და ვაგლახისა. ამოაშხამეს იმასაც იმდენის სანოვაგის შეყლაპვა და გაოხრება. დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდან კვერცხების ღებით ახალი ფერი. მოისვენებს ამას იქით ლობიოს სადუღარიც… მოხუცებულნი მისხდომიან ცეცხლს კერის პირას, სანთელს ადნობენ და აკეთებენ. მღვდელი და დიაკვანიც, უნდა მოგახსენოთ, დიდს ფაცა-ფუცში არიან. ხურჯინები დააკერეს, ტიჭკორები დარეცხეს… მარილი და შაბიც მოამზადეს ბატკნის ტყავების დასამარილებლად“. აღდგომის წინა ღამეს კოცონთან შეკრებილი პერსონაჟები „გამოპარული ბერისგან“ სააღდგომო ისტორიას ისმენენ. კატის ნაადრევი „გახსნილების“ ეპიზოდი და „ტარასტას“ გულმავიწყობა მონათხრობს იუმორისტულ ელფერს სძენს, რაც შესაძლოა იმასაც უსვამდეს ხაზს, რომ მრევლის ღვთისმოშიშობა უფრო მეტად ტრადიციების მორჩილებას ჰგავს, ვიდრე კარგად გააზრებულ არჩევანს, თუმცა აღდგომის ღამის მადლი ყოველთვის პოულობს ადამიანთა გულებამდე მისასვლელ გზას:

„ხალხი თავჩაკიდებით, მორჩილად ისმენდა მღვდლის სიტყვებს, საბა კი დაჩოქილი იდგა ქრისტეს აღდგომის ხატთან, ცრემლი სიხარულისა ჩამოსდიოდა და ხელაღპყრობით ევედრებოდა მეუფეს“

ზარი ირეკება. გზას ვაგრძელებ და უფროსკლასელებს მეზობელი მთისა და საუკუნის შვილის – გუდამაყრელი მწერლის სააღდგომო ისტორიებს ვუზიარებ. „ლუკას სახარებას“ გვერდს ვერ ავუვლით. ამჯერად მხოლოდ იმ ეპიზოდზე შევჩერდები, სადაც რწმენის უფლება სკოლაში ასე ხელაღებით ირღვევა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელით მივმართავთ უფალს. მთავარი ისაა, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მისი არარსებობა არ დაგვაძალონ:

 

„ – ხომ არ არსებობს აღდგომა?

– დიახ, მასწავლებელო.

– დიახ კი არა, არა–თქო!

– არა, მასწავლებელო!

– მაშ, ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.

– დიახ, მასწავლებელო!

– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.

ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:

– აბა, აღდგა ქრისტე?

– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო!“

 

ბავშვებისთვის კიდევ ერთი სააღდგომო ისტორია მაქვს შემონახული, ისიც გოდერძი ჩოხელის საგანძურიდანაა. ეს ამბავი სულეთის ქვეყნის მკვიდრის წყალობით დაიწერა. თან ის ქვეყანაც ყველაზე ახლო სწორედ აღდგომის დღესასწაულზე გვეჩვენება, სიკვდილი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ხდება. მოთხრობა „ვიცოდი, აუცილებლად დადგებოდა აღდგომა“ ავტობიოგრაფიულია. მწერალი სტუდენტობის წლებს, მოულოდნელ ხიფათს და ბატონ-ძია საშას იხსენებს. სევდანარევი იუმორი, რომლითაც ასე უხვადაა შეზავებული გუდამაყრელი მეცხვარის მოთხრობები, არც თეატრალური ინსტიტუტის გამგის აღწერისას დაუშურებია მწერალს, თუმცა სხვა პერსონაჟებზე საუბრის დროს კარგად ჩანს ის სირთულეები, რომლებიც მას და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ხელმოკლე ახალგაზრდებს გამოუვლიათ სტუდენტობის დროს. ახლა კი ღიმილით იხსენებს, როგორ ეშინოდა წესების დარღვევის და როგორ გამოეცალა ინსტიტუტის ცნობილ დამგვიანებელს მიწა ფეხქვეშ. თუმცა ბატონ საშას იუმორი და წესების დაცვის ჩვევა არც კრიტიკულ სიტუაციაში ღალატობს და უფსკრულიდან ამომზირალ დარეტიანებულ სტუდენტს ჩასძახის: „- არ ამოდიხარ, ხომ? დამაცა, მოგიხსნი სტიპენდიას და იჯექი მანდ მეორედ მოსვლამდე, აღდგომას დაელოდე!“ გოდერძი კი ზის ორმოში, თავბედს იწყევლის და თავის უიღბლობას გუდამაყარში კინოს პირველად ამომტანს აბრალებს. თუმცა სწორედ ეს საბედისწერო შემთხვევა დაატრიალებს აღმა მეცხვარის ჩარხს, ბატონ საშას ძია საშად და ახალბედა რეჟისორის მფარველ ანგელოზად გადააქცევს. ასე დგება გოდერძის ცხოვრებაში პირველი „აღდგომა“. ახლა ძია საშა სულეთის ქვეყნიდან აფრთხილებს მთის ბიჭს, წუთისოფელს არ ჩაუმუხლოო, მაგრამ მწერალს უკვე თავადაც სწამს, რომ ფეხქვეშ მიწა აღარ ჩაეშლება და „აუცილებლად კიდევ იქნება აღდგომა“.

 

 

მოსწავლეებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სააღდგომო ტრადიციის შესახებაც ვუყვები. ძველად რამდენიმე კაცი სოფლის ყველა ოჯახს ჩამოუვლიდა და დალოცავდა – ამას ჭონაობას უწოდებდნენ. აღდგომის მოლოდინში სოფლის ახალგაზრდები ცეკვა-თამაშს ან ჭიდაობას მართავდნენ, მეჭონეები კი ყველა სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

 

„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,

ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,

ლიტანიას შემოვუვლით სამთელ-კელაპტარებითა,

გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.

 

მერე ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ სახლში და სიმღერას აგრძელებდნენ:

 

„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,

ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.

 

მასპინძელი კალათაში წითელ კვერცხებს რომ ჩააწყობდა, მეჭონეები სხვა სახლის ბანზე გადადიოდნენ.

 

https://www.youtube.com/watch?v=GqyAWjo5xQI

 

ადამიანთა მოდგმის მსგავსად, მისი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მრავალფეროვანია. ზოგი მოწიწებით წარმოთქვამს უფლის საყვარელი ძის სახელს, ზოგი მას სულ სხვა სახელით მოიხსენიებს, ზოგსაც მისი არსებობისა სულაც არ სჯერა. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილისთვის ნაზარეველი უბრალოდ „კაი ტიპია“. იესო კი ყოველ წელს „,იბადება“ ჩვენთვის და გაზაფხულის ხასხასა ბალახზე სისხლით წერს თავისი ადამიანური ცხოვრების უკვდავ ისტორიას:

 

,,ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!..

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!..“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი