სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჟიულ ვერნი გეოგრაფიის გაკვეთილზე

გეოგრაფია არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც არის. დედამიწის აღწერა, ქვეყნების დახასიათება, მოსახლეობის კულტურისა და ადათ-წესების სათანადოდ გადმოცემა მოითხოვს დიდ შემოქმედებით და მხატვრულ ნიჭს. ამიტომ გეოგრაფებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი დიდი მწერლები, როგორებიც არიან ალექსანდრ დიუმა, ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი… მათი ნაწარმოებების მეშვეობით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და სხვადასხვა ქვეყანა შევისწავლოთ.

 

განსაკუთრებით ჟიულ ვერნის დახმარებით შეგვიძლია მოსწავლეების დაინტერესება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც მე-7 კლასში გეოგრაფიული კოორდინატების თემას ეხება. გეოგრაფიული გრძედისა და განედის შესწავლა რუტინად რომ არ იქცეს და მოსწავლეებმა მისი გამოყენების მნიშვნელობა გააცნობიერონ, შეიძლება ჩავრთოთ გაკვეთილში სათავგადასავლო რომანი „კაპიტან გრანტის შვილები”.

ამ აქტივობათა წყალობით მოსწავლეს გამოუმუშავდება შემდეგი უნარ-ჩვევები:

* შემოქმედებითობა;
* დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარი;
* ინფორმაციის მოძიების, გაანალიზებისა და გამოყენების უნარი;
* საკუთარი მოსაზრების გამოთქმის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
ამ გზით მივაღწევთ გეოგრაფიის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შემდეგ მიზნებს:
გეო. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
* ლეგენდის გამოყენებით გადააქვს ინფორმაცია კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
* წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
გეო. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
* რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს;
* რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);
* ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
* ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
* იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას.
აქტივობა № 1. ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1. რა არის მერიდიანი?
2. რა არის პარალელი?
3. რა არის გრადუსთა ბადე?
4. რომელი პარალელი უფრო გრძელია – 80-გრადუსიანი თუ 60-გრადუსიანი?
ამ საკითხების განხილვის შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და მასწავლებელი ურიგებს მათ ნაწყვეტს წყაროდან „კაპიტან გრანტის შვილები”.

წყარო: ჟიულ ვერნის წიგნში „კაპიტან გრანტის შვილები” მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტნის გრანტის შესახებ. შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დააარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვალოდ დაიკარგა. მას შემდეგ, რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტნის საძებნელად შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები მიემგზავრებიან. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილებიც – მერი და რობერტი. უცნობია, სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ, რომ კაპიტანი და ორი მეზღვაური გადარჩნენ და იმყოფებიან კუნძულზე, რომელიც განედის 37-ე გრადუსზე მდებარეობს. ნაწერი გაურკვეველია, ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი გამოცანისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდება. მამაც მოგზაურებს უამრავი ხიფათი ელით. გემ „დუნკანით” მოგზაურები თავდაპირველად სამხრეთ ამერიკისკენ მიემართებიან. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიკული ჟაკ პაგანელი (რომელიც ინდოეთში აპირებდა გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას. თქვენ მათთან ერთად იმოგზაურებთ და ნამდვილი მეგობრობისა და სიყვარულის ძალაში დარწმუნდებით.
მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ტექსტი და უპასუხონ კითხვებს:

1. რა გეოგრაფიული ინფორმაციაა მოცემული ტესტში?
2. რატომ მოუხდა „დუნკანის” ეკიპაჟს მსოფლიოს შემოვლა?
3. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო, რომ სასურველ ობიექტს მივაგნოთ?
4. რა არის გრძედი და განედი?
5. რა არის გეოგრაფიული კოორდინატები?
6. რა საჭიროა ორივე გეოგრაფიული კოორდინატის ცოდნა? მოიყვანე მაგალითები.
აქტივობა № 2. პრეზენტაციის შემდეგ შეიძლება მოეწყოს წარმოსახვითი მოგზაურობა რუკაზე. მასწავლებელი კარნახობს გეოგრაფიულ კოორდინატებს და თითოეული ჯგუფი პოულობს შესაბამის ობიექტს. ვინც უფრო მოკლე ხანში იპოვის ყველა ობიექტს, ის იქნება გამარჯვებული.
გეოგრაფიის გაკვეთილების გახალისებაში ჟიულ ვერნის კიდევ ერთი სათაგადასავლო რომანი დაგვეხმარება. ეს არის „80 დღე დედამიწის გარშემო”.

ეს მცირე პროექტია. მასწავლებელი გაკვეთილზე უყვება ბავშვებს ჟიულ ვერნის ბიოგრაფიას და აცნობს მის შემოქმედებას. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წარმატების მიღწევამდე მან საფუძვლიანად შეისწავლა მეცნიერების სხვადასხვა დარგი. ჟიულ ვერნიმ შექმნა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის” 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. ის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

დიდი ფორმატის ქაღალდზე მოსწავლეები ხატავენ კონტინენტების კონტურებს და მონიშნავენ ლონდონს, რადგან სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო მოგზაურობა რომანის ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა ფილეას ფოგმა.

კლასი ჯგუფებად იყოფა. ირჩევენ ფერებს და ლონდონთან ამაგრებენ შესაბამისი ფერის ისარს. მოსწავლეები ინდივიდუალურად იწყებენ რომანის კითხვას. ორი კვირის განმავლობაში თითოეული ჯგუფი პერიოდულად აკეთებს მოგზაურობის ჩანახატს, რომელსაც ფორმატზე მიმაგრებულ კონვერტში ათავსებს. ჩანახატის ფორმაზე ჯგუფის წევრები ერთობლივად თანხმდებიან. ეს შეიძლება იყოს წაკითხულის მოკლე შინაარსი, ანალიზი ან ნახატი. კონვერტებში მოთავსდება იმ პრობლემების ნუსხა და აღწერაც, რომლებიც მოგზაურობის (კითხვის) დროს შეხვდათ.

მოგზაურობის მარშრუტის შესაბამისად, ისარი მიუყვება იტალიას, ხმელთაშუა ზღვას, სუეცის არხს… რომელი ჯგუფიც პირველი დაასრულებს მოგზაურობას (კითხვას), დაჯილდოვდება ჟიულ ვერნის სახელობის საპატიო დიპლომით. პრეზენტაციაზე ყველა ჩანახატი გამოიფინება და მოხდება რომანის განხილვა. მთელი ეს მოგზაურობა ხომ სავსეა მოულოდნელობებითა და ხიფათით, რომლებსაც ჩვენი გმირები მედგრად ხვდებიან. თავგანწირვის, სიმამაცისა და ერთმანეთის ერთგულების წყალობით მისტერ ფოგი და მისი მსახური ყველა დაბრკოლებას გადალახავენ და მიზანს მიაღწევენ. მისტერ ფოგი ხომ უაღრესად დისციპლინირებული, გაწონასწორებული და ფიზიკურად ძლიერი ადამიანია.

რაც შეეხება კონტურულ რუკას, შეიძლება, მასზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მე-7 კლასში ცალკეული თემების გავლის შემდეგ შეიძლება მოინიშნოს რელიეფის ფორმები, ჰიდროსფეროს ერთეულები, ქვეყნები და ქალაქები და ა.შ.

ეს პროექტი რამდენიმე გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციის (წიგნიერება, სწავლის სწავლა, სემიოტიკური და სოციალური და სამოქალაქო) განვითარებაში დაგვეხმარება.
მისტერ ფოგის მოგზაურობა
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://ka.wikipedia.org/wiki/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი