ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები საბავშვო ბაღიდან

შენ რა გქვია?

ბიჭი.

შენ?

გოგო.

იმას რა ქვია?

მაშო.

შენ რა გქვია?

ბიჭი.

მიყვარხარ – მოდის ერთი და კიდევ მიმეორებს  ამ სიტყვას. მერე ფერების  ჩამოთვლას იწყებს ინგლისურად. ,, ნახე შუუზ” – მეუბნება ფეხსაცმელზე, რომელიც თოჯინას აცვია. ახლა ინგლისურად ითვლის. დიდი ლოყები და გონიერი თვალები აქვს.

ამასობაში, კიდევ იღება კარი და კიდევ ერთ პატარას უჭირს დედასთან განშორება. იცის, რომ უნდა შეეგუოს ბაღში დარჩენას და ოთახის ცენტრში აგრძელებს ტირილს.

მეორე საათი დაიწყო,  რაც ერთი ჩვეულებრივი საჯარო  ბაღის ბაგაში ვარ და ვცდილობ, საკუთარ შვილთან ერთად სხვებიც გავართო. მისი მზერა წამითაც არ მშორდება, მათვალიერებს, მეძებს, ხომ არ წავედი და ოთახის ისეთი ადგილისაკენ მივყავარ, სადაც ბოლომდე შეძლებს ჩემს  გაკონტროლებას. არ ავიწყდება, რომ იქ ვარ და რომ ყურადღება არ უნდა მოადუნოს. ფერად კუბებს ვაწყობთ ერთად და ამასობაში, სხვებიც შემოგვიერთდნენ. ყველას სხვდასხვა სათამაშო მოაქვს და ვათვალიერებთ, მათ სახელს ხმამაღლა გამოვთქვამთ და ისინიც აღფრთოვანებულები არიან. თითქმის ყველა ჩართულია და მოსწონთ თამაში. განსაკუთრებით, კი ფერადი კუბების კოშკის ფეხით დანგრევა, მერე ისევ თავიდან აწყობა და პატარების მხიარულებაც გრძელდება.

კედელთან მიდგმულ სკამებზე ორი გოგო ზის. ასე სხედან გაუნძრევლად და თამაში არ უნდათ. თუ მათთვის ასეთი განმარტოება და ჩუმად ყოფნა კომფორტულია, ალბათ ხელი არ უნდა შევუშალო, ასე ვფიქრობ, რადგან  პირველ  შეთავაზებაზე არ გამომყვნენ.

დღეს, სულ 15 ბავშვი მოვიდა.  მასწავლებელი  ერთი ყავთ, ისიც ცდილობს,  ჯერ ატირებული პატარები დაამშვიდოს, შემდეგ კი აკვარელით ახატვინებს, მერე სათამაშოებთან ბრუნდებიან, ამასობაში კი საუზმის დრო მოდის და ხელების დასაბანად მიჰყავს ბავშვები.

– ნარგო არ მოვა – მეუბნება ერთი ოქროსფერთმიანი, აცრემლებული ბიჭი. ის ერთერთია, რომელსაც   თავისი განცდების ვერბალური გამოხატვა  შეუძლია. რაზეც წუხს და დარდობს, შეუძლია ჩემნაირ უცხო ადამიანსაც გაუზიაროს.

ჩვენ, მშობლები და კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს გარედან ვუყურებთ, ყოველთვის ვსაუბრობთ ბავშვის ინტერესებზე, იმაზე რომ მათი ყოველდღიურობა შემოქმედებითად უნდა იყოს დატვირთული, მასწავლებელი უნდა ეცადოს, ყველა ბავშვზე იზრუნოს და თითქმის არასდროს არ ვახსენებთ მასწავლებელს, ადამიანს, რომელსაც მაქსიმალური ფიზიკური და მორალური ენერგიის გაღება  უწევს, რომ იყოს კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი, საინტერესო, თავშეკავებული, მოერგოს ყველა ბავშვის ინტერესებს და იყოს შემოქმედებითი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითო ჯგუფში 35 ბავშვია და მათი სამუშაო კი ასეთი სტრესული.

ბავშვებთან ურთიერთობისას ჩვენ უფროსები არაერთ შეცდომას ვუშვებთ და კიდევ არაერთ შეცდომას დავუშვებთ. შეცდომის დაშვება –  სწავლების, ურთიერთობის და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისე როგორც  ამ შეცდომებზე  წუხილი და გამოსწორების გზების ძიება, თუმცა არ უნდა დავუშვათ ისეთი მძიმე და მიუტევებელი შეცდომები, რომელიც პატარა ინდივიდების ცხოვრებაზე მძიმედ აისახება. არ უნდა დავაყენოთ ორი წლის  პატარა ბიჭუნა კედელთან იმის გამო, რომ გოგონას თმა მოქაჩა ან ვუყვიროთ იმიტომ, რომ რაღაც ისე კარგად ვერ გააკეთა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენი აგრესიის სამიზნედ არ უნდა ვაქციოთ ისინი, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. პატარები, რომლებიც დგანან საბავშვო ოთახის ცენტრში და ითხოვენ ყურადღებას, სითბოს და პატივისცემით მოპყრობას.

საუზმის შემდეგ მოვდივარ და მომყვება ბევრი, დაკვირვებული და გონიერი თვალი, რომლებიც კარის ყოველი შეღებისას  ახლობელი ადამიანის სახეს ელიან და მესმის იმ პატარა ბიჭის შეძახილი ” მიყვარხარ”.

მათ, ხომ ასე უცერემონიოდ, პათეტიკის გარეშე შეუძლიათ უცხო ადამიანს უთხრან სიტყვები, რომელიც  ძალიან ძვირფასია და ყველასთვის ვერ ვიმეტებთ. უთხრას მხოლოდ იმიტომ, რომ მათთან ერთად აშენებდა ფერადი კუბებისგან მაღალ კოშკებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი