პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰიბრიდიზაცია

ჩვენი კორპუსის დაცვის სამსახურში ერთ ცვლაში მუშაობდნენ გეო და ფარვიზი. გეო სომეხია, ფარვიზი – აზერბაიჯანელი. გეო წინათ მძღოლი იყო, მთელი საბჭოთა კავშირი აქვს მოვლილი, მაგრამ ბოლო ოცი წელია, ერევანშიც აღარ ყოფილა. ფარვიზსაც ჯარის შემდეგ საქართველოდან ფეხი აღარ გადაუდგამს. სომხეთში მივლინებიდან გეოსთვის ყოველთვის ჩამომქონდა სომხური კონიაკი, რაც მას ძალიან ახარებდა, ფარვიზი კი გულდაწყვეტილი მეკითხებოდა ხოლმე, ბაქოში როდის მიდიხარ, იქაური ჩაი რომ ჩამომიტანოო. 2015 წელს ბაქოში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა და მომეცა შანსი, მისთვისაც შემესრულებინა დანაპირები. მერე სამსახური შევიცვალე და გეო და ფარვიზი კარგა ხანს აღარ მინახავს. ცოტა ხნის წინ შევიარე ძველ სამსახურში. ფარვიზი შორიდან ვიცანი, ეზოში მზეს ეფიცხებოდა. დაღონება ეტყობოდა სახეზე. გეო მოვიკითხე. სხვა კორპუსში გადაიყვანეს სამუშაოდო. ფარვიზს კი არა, მეც დამწყდა გული…

რა შეიძლება ეწოდოს გეოსა და ფარვიზის ფენომენს? ამბობენ, ეს ტოლერანტობის გამოხატულებააო, ჩემთვის კი მას სხვა ახსნა აქვს: ეს ქართული ჰიბრიდიზაციის შედეგია

ეს ტერმინი ალბათ ბევრს გაუგონია და სკოლის ბოტანიკის სახელმძღვანელოში დახატულ წითელყვითელმარცვლებიან სიმინდს აგონებს. ჰიბრიდიზაცია წინაპართა ნიშან–თვისებების მატარებელ ახალი ინდივიდს წარმოშობს. ასეთი ჰიბრიდიზაციის შედეგია იეთიმ გურჯის შემოქმედება, ძველი თბილისის არქიტექტურა… აქ ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, საზოგადოდ, აზიური და ევროპული კულტურები ერთმანეთში კი არ არის აღრეული, არამედ მათი ჰიბრიდიზაციის შედეგად ვიღებთ ახალ ფენომენს, რომელსაც უკვე ქართული ჰქვია. ამიტომ ყოველგვარი კირკიტი იმის გასარკვევად, ქართული კულტურა აზიურია თუ ევროპული, აზრს მოკლებულად მიმაჩნია.

ასეა ატომთა სამყაროშიც. წლების განმავლობაში ვერავინ ახსნა, რატომ ავლენდა ნახშირბადატომი ძირითად ოთხვალენტოვნებას და როგორ ახერხებდა მუდმივად „აღგზნებულ“, ანომალიურ მდგომარეობაში ყოფას. ატომური ორბიტალების ცნება საკმარისი არ აღმოჩნდა ნახშირბადის ფენომენის ასახსნელად, რომლის თანახმადაც, ნახშირბადატომს უნდა ჰქონოდა 1s და 3p ელექტრონი (ან 2s და 2p). ამ შემთხვევაში მეთანის წარმოქმნისას ნახშირბადატომთან დაკავშირებული წყალბადტომები სხვადასხვა მანძილზე უნდა განთავსებულიყვნენ, რადგან წარმოიქმნებოდა 1 s-s და 3 s-p კოვალენტური ბმა. ვერც მეთანის მოლეკულის პირამიდული მოდელი მოიწონებდა თავს არქიტექტურული პროპორციების სისადავით – მისი სანაქებო სიმეტრია დაირღვეოდა და მასთან ერთად ბზარი გაუჩნდებოდა მის ტიტანურ ამტანობასა და გამძლეობას გარეგანი აგრესიული ფაქტორების მიმართ.

ბუნებამ გამოსავალს ელექტრონების ჰიბრიდიზაციაში მიაგნო: ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს ატომს 1s და 3p ელექტრონის ნაცვლად მათი ჰიბრიდიზაციით მიღებული ოთხი ერთნაირი sp3 ღრუბელი ჩამოუყალიბდა.

 

ორი დღის წინ ფარვიზი დავინახე და შორიდანვე მივესალმე, სალამ–ალეიქუმ, მეთქი. შორიდანვე მიპასუხა: „ალეიქუმ სალამ, გაიხარე, ელიზბარ-ჯან“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი