შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის მოტორული განვითარება

„მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.

  • მსხვილი მოტორიკა (უხეში მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილსა და სხვა.
  • წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა.
  • სენსომოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) ჩვევები გამოხატავს ბავშვის უნარს, გრძნობათა ორგანოების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა. სენსორულ-მოტორული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია თვალისა და ხელის კოორდინაცია”. (ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები. 2010).

მოტორული განვითარება გულისხმობს ბავშვების იმ უნარების ცვლილებებს, რომელიც ეხმარება მათ საკუთარი სხეულის მოძრაობის გაკონტროლებაში.  თუ ჩვილი თავდაპირველად სპონტანურად იქნევს ხელ-ფეხს, თანდათან ის სწავლობს გააზრებულად ხელის გაწოდებას, გადაადგილებას და ითვისებს რთულ სპორტულ ჩვევებს (Adolph, Weise, and Marin 2003, 134). ბავშვის მოტორული განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის პერცეპტულ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებასთან. მისი სხეული, ტვინი და გამოცდილება ერთმანეთზე ახდენს გავლენას. წვრილი მოტორიკა მოიცავს ხატვის, წერის უნარებს, ასევე, ჩაცმისა და ჭამის ჩვევებს. სიცოცხლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჩვილები ცდილობენ თითების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია გარემოდან. თავიდან ბავშვი საკუთარ ხელებს აღმოაჩენს, შემდეგ სხვა საგნებს, საკუთარ ფეხებს და ეს ყველაფერი პირისკენ მიაქვს შესაცნობად. ისინი თანდათან სწავლობენ დაგეგმვას – მისწვდნენ საგანს, აიღონ და დაღეჭონ, ხელის, თვალის და პირის მეშვეობით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანობაში. ბავშვების უმრავლესობას 8 თვისთვის შეუძლია ობიექტის გადატანა ერთი ხელიდან მეორეში, სქელფურცლიანი წიგნის გადაშლა.  მათ ძალიან მოსწონთ ორივე ხელში  ნივთების დაჭერა და ერთმანეთთან შეხებით კაკუნი. ტაშიც იგივე მიღწევაა. ზოგიერთი ბავშვი 12 თვის მერე იწყებს კოვზისa და ჭიქის გამოყენებას სხვების დახმარების გარეშე, მართალია, ამას აკურატულად ვერ ახერხებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია მისი დამოუკიდებლობის  განვითარებისთვის და გარშემომყოფების მხრიდან აუცილებელია მისი წახალისება.

წვრილი მოტორიკის განსავითარებლად მიეცით ბავშვს საშუალება, შეეხოს სხვადასხვა ზედაპირის მქონე საგნებს – ბალახს, ქვიშას, კენჭებს. 1 წლიდან  „ფაზლების”, მოზაიკის, სხვადასხვა სახატავი და საძერწი მასალით, კუბებით და კონსტრუქტორებით თამაში, მძივების აწყობა ეხმარება ბავშვებს ნატიფი მოტორიკის დახვეწაში და შემდგომში უზრუნველყოფს წერის უნარის განვითარებას.

მსხვილი მოტორიკა მოიცავს ისეთ უნარების განვითარებას, როგორიცაა გადაბრუნება, ჯდომა, ხოხვა, სიარული და სირბილი. თუ 2 თვის ბავშვის მიღწევა მუცელზე წოლისას თავის დაჭერაა, 8 თვის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია დაუხმარებლად დაჯდომა და თითქმის ყველა მათგანს, მისაყუდებლის გარეშე ჯდომა, მას შემდეგ, რაც მათ დაეხმარებიან მჯდომარე პოზიციის მიღებაში. ზოგს შეუძლია დგომა რამეზე ჩაჭიდებით, მას შემდეგ, რაც ფეხზე დააყენებენ. ზოგიერთი მათგანი თვითონ დგება. მცირე ნაწილს დადის კიდეც.  7-10 თვემდე ჩვილები იწყებენ ცოცვას, ჯერ მთელი სხეულით, შემდეგ ხელებზე და მუხლებზე დაყრდნობით. ეს არის მათი დამოუკიდებლად გადაადგილების პირველი მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება სიარულში, სირბილსა და ხტუნვაში. ცოცვის დროს ბავშვი ცდილობს ბალანსის დაცვას, რაც ასევე ეხმარება მას მსხვილი მოტორიკის შემდეგი ეტაპების დაძლევაში; ის ასევე უზრუნველყოფს ახლო მანძილზე მხედველობის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად გამოადგება, მაგალითად, კითხვისთვის, ხატვისთვის, წერისთვის.  შეიძლება ბავშვმა გამოტოვოს ეს ეტაპი და პირდაპირ გადავიდეს სიარულზე. იმისათვის, რომ უბიძგოთ მას ხოხვისთვის, საჭიროა პირველივე თვეებში ხშირად დააწვინოთ მუცელზე მღვიძარე, დაუდგეთ წინ და გაუღიმოთ, ფერადი ან ჟღარუნა სათამაშოთი მიიქციოთ მისი ყურადღება. როცა თავის კონტროლს ისწავლის, დაუფინეთ ხალიჩა მყარ ზედაპირზე და მისთვის საინტერესო ნივთები შემოუწყვეთ გარშემო. თანდათან ისწავლის გადაბრუნებას და გახოხდება სასურველი ნივთის მოსაპოვებლად. ამ ასაკში აუცილებელია მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მაგალითად, ისეთი პატარა საგნების გადამალვა, რომლის გადაყლაპვა მათ შეეძლებათ ან ელექტრო ჩამრთველების დაცვა პატარა ცნობისმოყვარეებისგან.

როცა ბავშვი ისწავლის დგომას და სიარულს, ის განსხვავებულად დაინახავს გარემოს. მისი თვალთახედვის სამყარო გაფართოვდება. 12 თვის ბავშვს შეუძლია გაწიოს ხელისშემშლელი საგნები, გახსნას ყუთები,  შეძვრეს კარადებში, აიღოს ასანთის ღერები ცერა და საჩვენებელი თითების გამოყენებით, დაიჭიროს ბურთი ორივე ხელით და გადაუგდოს სხვას და ა.შ. იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს კონკრეტული ნივთის დანიშნულება, მას სჭირდება, რომ ის თვითონ გამოსცადოს, გააგოროს, ხელი ჰკრას, დააბზრიალოს. მიეცით ამის საშუალება, წაახალისეთ საწოლზე ასაძრომად, მაგიდის ქვეშ შესაძრომად. ეს მას დაეხმარება მიზნის მისაღწევად გეგმის შემუშავების და წონასწორობის შენარჩუნების გზების ძიებაში.

მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამიტომ აუცილებელია,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელების შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. ისინი ხომ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ბაგა-ბაღში ატარებენ. 2012 წელს გამოცემული პუბლიკაცია – მშობლისა და აღმზრდელის წიგნი „თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის” საჭირო რესურსია და კარგი იქნება, თუ ბევრი მშობელი და აღმზრდელი მასში აღწერილ თამაშებს ამ მიზნისთვის გამოიყენებს.

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის ღია ცის ქვეშ თამაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხელშემწყობია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა, რაც შეიძლება ხშირად მისცენ ბავშვს ეზოში თამაშის საშუალება. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვიშაში თამაშს, ბურთის კენწვლას და ასკინკილით ხტუნვას არც თუ ისე მოკრძალებული ხიბლი აქვს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი