კენეთ გრემის `ქარი ტირიფებში~ – საბავშვო წიგნი, სადიდო საფიქრალი

“ზღაპრული გმირების გარეშე ბავშვი შავ-თეთრი

 ცხოვრების ამარა რჩება”

(დ.პენაკი)

“ქარი ტირიფებში” –  შოტლანდიელი მწერლის კენეთ გრემის წიგნია, რომელიც 1908 წელს ინგლისში გამოიცა, არნახული აღიარება მოუტანა ავტორს, დღეს კი საბავშვო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. სამწუხაროდ, საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდა, სანამ ქართულ ენაზე გადათარგმნიდნენ და ქართველი მკითხველიც გაიცნობდა ამ უცნაურ წიგნს – უცნაურს, იმის გამო, რომ ძალზე რთულია ასაკობრივი ცენზი მიანიჭო და გადაჭრით თქვა პატარებისთვისაა დაწერილი თუ დიდებისთვის.

ჯონ ლენონის ბავშვობისდროინდელი ოთხი საყვარელი წიგნიდან ერთ-ერთი სწორედ `ქარი ტირიფებში~ ყოფილა. ჯონ ლენონს ამ წიგნის სიყვარულში არც ლეგენდარული როკ ჯგუფის Pink Floyd დამფუძნებელი სიდ ბარეტი ჩამოუვარდებოდა: Pink Floyd პიველი ალბომი სწორედ მისი ზეგავლენით შექმნა,  სახელწოდებად კი მერვე თავის სათაური The Piper at the Gates of Dawn  (`მესტვირე განთიადის კარიბჭესთან~) გამოიყენა. ეს ის ფილოსოფიურ-მისტიკური თავია, პაწაწინა წავი რომ დაიკარგება, მოხუცი ვირთხა და ძია თხუნელა მის  საძებრად გასწევენ და ოჩოპინტრეს მსგავს არსებას გადაეყრებიან, რომელიც სტვირს ამღერებს და კეთილ თვალებს ახამხამებს.

მაპატიეთ, შესაძლოა `ქარი ტირიფებში~ ჯერაც არ წაგიკითხავთ, მე კი ფამილარულად მოვიხსენიე პერსონაჟები და პირდაპირ წიგნის მეორე ნახევარში ამოგაყოფინეთ თავი. ვერაფერს გახდები, ამ `უცნაურ~ წიგნზე საუბარი თუ დაიწყე, გაჩერება რთულია. კენეთ გრემმაც განსაკუთრებულად მოინდომა, ზღაპარს საკუთარი ვაჟისთვის წერდა, ფაქიზი გრნობებით უხვად გააჯერა და გამოუვიდა კიდეც ამბავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით ბავშვს დღემდე რომ ხიბლავს.

ოთხი მთავარი გმირის – მოხუცი წყლის ვირთხას, ძია თხუნელას, ბატონი მაჩვისა და მდიდარი გომბეშოს თავგადასავლები დიდსა თუ პატარას ერთნაირად ახალისებს, თუმცა, განსხვავებულ საფიქრალს უჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების სამყაროში გადავდივრთ, მათი ყოფისა და პრობლემების თანაზიარი ვხდებით, გვერდს ვერ ვუვლით ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ახლობლის თანადგომა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება, საკუთარი სახლის, კუთხის სიყვარული და ბუნებისადმი განსაკუთრებული მოწიწება.

`ქარი ტირიფებში~ ნამდვილი საგანძურია ცხოვრებაში გამოსაყენებელი გაკვეთილებითა თუ ჭკუის სასწავლებელი ამბებით.

სამყარო მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით არ უნდა გავზომოთ

სამართლიანი, გულღია და ცოტა არ იყოს მიამიტი თხუნელა წიგნის პირველ გვერდზე სახლის საგაზაფხულო ლაგებითაა გართული, ცოცხით, მტვრის ჩვრებით და თეთრსაღებავიანი ფუნჯით ხელში ფაციფუცობს, თვალები და ყელი მტვრით გავსებია, დაქანცულა, ზურგი სტკივა. და აი, მიუხედავად იმისა, რომ `დაბადებითა და აღზრდით მიწისქვეშა ცხოველია,~ ცვლილებების ჟინი შეიპყრობს, გადაწყვეტს თვალებში გამოიხედოს (ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით), ფუნჯს მოისვრის, ესღა მაკლდაო, ჯანდაბასო, ჭირსაც წაუღია საგაზაფხულო მზადებაო და სახლიდან მოკურცხლავს.

მიწისქვეშა სახლს თავდაღწეული თხუნელა მზით გამთბარ, გაზაფხულის სურნელით გაჯერებულ სამყაროს აღმოაჩენს, დაკვირვებებს აწარმოებს და ახალი ცხოვრების ბრწყინვალებით ტკბება. უჭირს მთელი სიმძაფრით აღიქვას და გაისიგრძეგანოს პირველი თავისუფალი დღე საკუთარ ცხოვრებაში, ამიტომ ხან თითებში მალავს სახეს, ხან გაოცებისგან ოხრავს.

მკითხველი თხუნელასთან ერთად იწყებს მდინარეზე მოგზაურობას, ნელა და აუჩქარებლად მიჰყვება კენეთ გრემისეული სიტყვების ტალღებს, საბოლოოდ კი გავლილი გზა ათასფერი ნახატებით დასურათებულ სქელტანიან წიგნს ემგვანება. ასე რომ, ხელიდან არ გაუშვათ ამ რომანტიკულ პერსონაჟთან დამეგობრების შანსი. გადაიქეცით თხუნელად და მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებში კარგი თვისებების აღმოჩენასა თუ დაფასებას.

 

DOLCE DOMUM

`ქარი ტირიფებში~ ადამიანურ განცდებითა და ემოციებით ისეა გაჯერებული, ზოგჯერ გავიწყდება, წიგნის გმირების უმრავლესობა ცხოველები რომ არიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს ტენდენცია, საქმე სახლის, მშობლიური კერის სიყვარულს როცა ეხება.

წყლის ვირთხა ბრძენი რეალისტია პოეტური თვისებებით, სიმღერებს (`სახუმარო საიხვო~ და მისთანანი) თხზავს და არც ნავში ცელქობის მიმართ გახლავთ გულგრილი. თუმცა, თხუნელასგან განსხვავებით სიახლე და აღმოჩენები არ ხიბლავს, თავისი საცხოვრებელი ყველაფერს ურჩევნია. `მდინარე ჩემი ძმაა, დაა, ახლობელია, მეგობარია… რაც მდინარეში არ არის ის საჭიროც არაა, რაც მდინარემ არ იცის, არც იმის ცოდნაა აუცილებელი,~-  ასეთია მისი ფილოსოფია.

მაჩვი, რომელიც აშკარად მნიშვნელოვანი ცხოველია (`იშვიათად ენახვება დანარჩენებს, მაგრამ მისი არსებობა დაუსწრებლადაც მშვენივრად იგრძნობა~), ტყის შუაგულში ცხოვრობს და იქაურობას არანაირ სიმდიდრეზე არ ცვლის: `მიწის ზემოთ წოწიალი მაშინაა კარგი, როცა საქმეს უნდა მიხედო, საღამოობით კი მიწისქვეშ, ტკბილ სახლში უნდა დაბრუნდე!~

სახლი, თითქოს ცოცხალი არსებააო, `მაცნეებსა~ და `შკრიკებს~ უგზავნის თხუნელას, `სურს~ დაიბრუნოს უეცრად გამქრალი პატრონი. და, ვინ არიან ეს `შიკრიკები~ და `მაცნეები?~ პასუხი გაგაოცებთ – სახლის სურნელი და მისი მომნუსხველი ძახილი, ასევე ოთახებიდან წამოქროლილი ნაზი ჰაერი.

დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე ნებისმიერი სულიერი გადააწყდება საკუთარი სახლის სუნს, დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მჯერა კენეთ გრემის სიტყვების: `სახლის სიყვარული ყველას ისე ღრმად გვაქვს გამჯდარი სულსა და გულში, თითქოს იქ ღუზით ჩაუშვესო.~

Dulce Domum (ტკბილი სახლი) ასეთია მეხუთე თავის სათაური. Dulce Domum  დაბრუნებულ პატრონს მუდამ სიხარულით იპატიჟებს და წყენის გარეშე იღებს უკან. მარტივი მიზეზსი გამო – Dulce Domum  კარგად ცნობს პატრონს, რომელიც თითოეულ ნივთზე მოგონებას გონების კუთხე-კუნჭულში ერთგულად დაატარებს.

განსხვავებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან.

დიახ, ადამიანები! ზოგჯერ გეუხერხულება კენეთ გრმის პერსონაჟებს ცხოველები უწოდო – ისეთი სამაგალითო მეგობრობა შეუძლიათ.

მდიდარი გომბეშო ადგილობრივი მემამულეა, წითელი აგურით ნაშენებ მის მდიდრულ სახლს კოხტად შეკრეჭილი ბალახი ამშვენებს. ხან ახალთახალი კანოეთი დასეირნობს, ხან იალქნიანი ნავი ან გემი-სახლი იტაცებს, დღეს თუ `სრულიად აღჭურვილი იადონისფერი ფურგონით~ სურს სამყაროს შემოვლა, ხვალ ავტომობილების შესყიდვის მანია იპყრობს. თუმცა, ყველაფერი სწრაფად სწყინდება, მუდამ ახალ გასართობს დაეძებს, მამის დანატოვარი ფული გაფლანგა, პოლიციასთან კინკლაობს, გამუდმებით ავარიებს ახდენს და როგორც მაჩვი ამბობს, `ნებისმიერ წესიერ ცხოველს ამოყირავებით ემუქრება.~

ზოგჯერ გასაკვირია, როგორ ახერხებენ მეგობრობას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის არსებები. მართალია, კონსერვატორ თხუნელას, ვირთხასა და მაჩვს არ მოსწონთ გომბეშოს ცხოვრების სტილი, თავმდაბლად იტანენ მის ახირებებს, მაგრამ საუკეთესო მეგობრის წოდებას ღირსეულად ატარებენ. ჭოჭმანის გარეშე ერთვებიან `გომბეშოს გადარჩენის სამუშაოში.~ ძალისხმევას არ აკლებენ, რათა გზატკეცილების შემმუსვრელი ცხოველი `გომბეშოთა შორის ყველაზე მორჯულებულ გომბეშოდ~ აქციონ.

თავზეხელაღებული ცხოვრების წესის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ დუმილის პირობის დადებისთანავე მზადაა საიდუმლო ყველას აღტაცებით გაანდოს, მეგობრობისა და მასპინძლობის საქმეში გომბეშოც სამაგალითო და ღირსეულია. `სხვებისთვის ცხოვრება ჩემი ცხოვრების დევიზიაო!~- ხშირად იმეორებს და საქციელითაც ამტიკეცებს.

გაშლილი მინდვრები, შუაგული ტყე და სანაპირო.

კენეთ გრემის `ქარი ტირიფებში~ ნებისმიერი გამოცემა ულამაზესი წიგნია, ილუსტრაციების საოცარი ალბომია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააფორმა იგი `ვინი ფუუჰის~ ილუსტრატორმა ერნესტ შეპარდმა თუ ანდერსენის მედალოსანმა რობერტ ინგპენმა. რა თქმა უნდა, ეს მწერლის დამსახურებაა. კენეთ გრემი  საოცარი ოსტატობით აღწერს მომაჯადოებელ ბუნებას, წელიწადის დროებს, მხარეებს. სადაც არ უნდა გვამოგზაუროს: გაშლილ მინდვრებში, შუაგულ ტყეში თუ სანაპიროზე, ნებისმიერ ადგილს განუმეორებელი ხიბლი ახლავს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბუნება დადებით ზეგევლენას ახდენს პერსონაჟებზე: აკეთილშობილებს მათ, ასწავლის სწორად ფიქრს, ავისგან კარგის გარჩევას. სწორედ ბუნებაზე დაკვირვებისა და მისდამი მოწიწების დამსახურებაა, რომ წიგნის გმირები ზედმიწევნით იცავენ `ცხოველური ზრდილობის წესებს.~ მაგალითად, მდინარისპირელები შუაგულ ტყეში მეწყვილის გარეშე არ დადიან, არც ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ავლენენ, მოსალოდნელ საშიშ ამბებზე არა თუ საუბარს, ფიქრსაც გაურბიან და საჭირო მომენტში ყოველთვის ჩუმდებიან.

`ცხოველური ზრდილობის წესებთან~ ერთად ავტორი პატარა მკითხველსაც მოძღვრავს, შეპარვით ასწავლის, რომ თუ საჭმლით გაქვს პირი გამოტენილი, ზრდილობიანი საუბარი არ გამოგივა, მაგიდას იდაყვებით არ უნდა დაებჯინო და როდესაც სხვა საუბრობს, არ აჰყვე, მოუსმინო და შემდეგ გამოთქვა საკუთარი აზრი.

ბუნების სურათების კენეთ გრემისეულ აღწერას დიდი თუ პატარა ერთნაირი ინტერესითა და სიამოვნებით მოისმენს. მე ვთვლი, რომ `ქარი ტირიფებში~ ის წიგნია, რომელსაც ხმამაღლა კითხვა უხდება, რომელიც მშობლებმა შვილებს  (ბაღის ასაკის თუ დაწყებითი კლასიების მოსწავლეებს) უნდა წაუკითხონ. ნახავთ, როგორი მსახიოობის ხასიათზე დადგებით, თუნდაც კომიკურ სიტუაციებში მოხვედრის დიდოსტატი გომბეშოს განსახიერება რად ღირს! გექნებათ მომენტები, როდესაც უფროსები ერთმანეთსაც წაუკითხავთ გამორჩეულ პასაჟებს, როდესაც პერსონაჟების ხასიათზე დაკვირვებით არაერთი ნაცნობი თუ მეგობარი გაგახსენდებათ, ემოციებში აჰყვებით გმირებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საბავშვო წიგნების უმრავლესობა დიდებისთვისაცაა დაწერლი.

 

კომენტარები

comments