პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ დავწეროთ გაკვეთილი?

თომას ედისონმა აღნიშნა: `გენიოსი 1% შთაგონებაა და 99% ოფლისღვრა~. ის დიდი გამომგონებელი იყო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დიდი ნოვატორიც. გამომგონებელი ახალი საქონლისა და მომსახურების შემქმნელია; ნოვატორი კი გამოგონებას ეკონომიკური ღირებულების მქონე პრაქტიკულ საგნად აქცევს.

გაკვეთილის დამწერი გამომგონებელი უნდა იყოს, მაგრამ გამომგონებლობა საკმარისი არ არის, ის ნოვატორიც უნდა იყოს. შეიძლება დამწერს ჰქონდეს გაკვეთილისათვის სანიმუშო იდეა, მაგრამ ამ გაკვეთილს ვერ გამოიყენებს სხვა, თუ ის იქნება არა მხოლოდ ახლებური, არამედ ნათელიც, მოკლეც, ზუსტიც, სრულყოფილიც და გამოსაყენებლად ადვილიც. როცა გაკვეთილს ყველა აღნიშნული თვისება აქვს, ის ეკონომიკურ ღირებულებას იძენს – ნოვატორული ხდება.

ხშირად მასწავლებელის მიდგომა სწავლებისადმი ღირებულია. მან შეიძლება ეს მიდგომა სხვასაც გაუზიაროს, გამოაქვეყნოს კიდეც რამდენიმე გაკვეთილი. თუმცა, შესაძლებელია, ბევრი მათგანი ვერ გახდეს წარმატებული და ვერ გაიზიაროს სხვა მასწავლებელმა. ის მხოლოდ ერთ საკლასო ოთახში – გაკვეთილის დამწერის საკლასო ოთახში გამოდგება. გაკვეთილის გეგმის აგების უამრავი ვარიანტი არსებობს. უამრავი რამ უნდა იქნეს განხილული ყურადღებით და დეტალურად. კარგი გაკვეთილის დასაწერად საჭიროა დიდი ძალისხმევა.

გაკვეთილის ფორმატი.

განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ეფექტური გაკვეთილის გეგმის ძალიან ბევრ ფორმატს გვთავაზობენ. ამომწურავი, კარგი გაკვეთილის ფორმატის ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია:

  1. გაკვეთილის სათაური
  2. გაკვეთილის აღწერა
  3. შინაარსობრივი სტანდარტები
  4. ტერმინები/ცნებები
  5. მოსაზღვრე საგნები
  6. მიზნები
  7. საჭირო დრო
  8. საჭირო მასალები
  9. მსვლელობა
  10. დასკვნითი ნაწილი
  11. შეფასება
  12. განმტკიცება/დაკავშირება

განვიხილოთ თითოეული პუნქტი.

გაკვეთილის სათაური. სასურველია, გაკვეთილის სათაური არატრაფარეტული იყოს და დაფაზე დაიწეროს – ეს ერთგვარი ანკესის გადაგდება იქნება მოსწავლეებისათვის. სათაური მათ გაკვეთილის მიმართ გარკვეულ განწყობას შეუქმნის და მის მოსასმენად ინტერესს გაუღვიძებს.

გაკვეთილის აღწერა. ამ ნაწილით გაკვეთილის ავტორი წარმოგვიდგენს გაკვეთილის დანიშნულებასა და მიზნებს და გაკვეთილის მსვლელობის მოკლე აღწერას. მკითხველმა ამ ნაწილის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, გამოადგება თუ არა ეს გაკვეთილი დასახული სასწავლო მიზნების მისაღწევად. ამის გამო მნიშვნელოვანია, გეგმის ეს ნაწილი იყოს ზუსტი და მოკლე.

შინაარსობრივი სტანდარტები. ხშირად მასწავლებლები ეძებენ კონკრეტული შინაარსის მქონე გაკვეთილს. სწორედ ამ ნაწილის მიხედვით მკითხველი ადვილად იგებს, გამოადგება თუ არა მას მოცემული გაკვეთილი მოცემული კონკრეტული მიზნისათვის. აქ ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი სასწავლო შინაარსი. ზოგჯერ ჩამოთვლილია ხოლმე ის საკითხებიც, რომლებიც გაკვეთილში ნახსენებია და არ ისწავლება, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. მაგ., თუ ავტორი ამ ნაწილში ახსენებს `სამოქალაქო უფლებებს~ და არ აზუსტებს ამ უფლებათა სწავლების საფეხურებს, მაშინ არ არის მიზანშეწონილი სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული შინაარსობრივი სტანდარტის მოხსენიება ამ ნაწილში. როგორ უნდა ისწავლოს მოსწავლემ ის შინაარსი, რომელიც გაკვეთილში არ არის მოცემული? გაკვეთილის ავტორი უნდა ერიდოს იმ შინაარსობრივი სტანდარტების ჩამოთვლას, რომელიც ზუსტად ან სრულად არ არის ახსნილი გაკვეთილში.

ტერმინები/ცნებები. ზოგიერთი მასწავლებელი შეიძლება სულ არ იცნობდეს შინაარსობრივ სტანდარტებს და ეძებდეს გაკვეთილს, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ კონცეფციას, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოებას, ასწავლის. სწორედ ამიტომ არის სასარგებლო კონცეფციების ჩამოთვლა. აქაც იგივე საფრთხეა მოსალოდნელი, რაც შინაარსობრივი სტანდარტების წერისას – ავტორმა მხოლოდ ის ცნებები/ტერმინები უნდა ჩამოთვალოს, რომელიც ზუსტად და სრულად არის ახსნილი გაკვეთილში.

მოსაზღვრე საგნები. სამოქალაქო განათლების ბევრი გაკვეთილი ინტეგრირებულია სხვა საგნებთან, მაგ., მშობლიურ ენასთან, უცხო ენასთან, ისტორიასთან, გეოგრაფიასთან და სხვ. თუ გავითვალისწინებთ საგაკვეთილო დროის შეზღუდულობას, ინტეგრაცია სასურველია. ინტეგრაცია არა მარტო საშუალებას აძლევს მასწავლებელს სხვადასხვა დისციპლინები ერთდროულად ასწავლოს, არამედ თავად სწავლებასაც სახალისოს ხდის მოსწავლეებისათვის. სამრეწველო რევოლუციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი სტრუქტურის ცვლილებები, ძალიან მიმზიდველი იქნება მსოფლიო ისტორიის მასწავლებლისთვისაც, რომელსაც ორი კურდღლის მოკვლა სურს ერთი გასროლით. ამ ნაწილში ჩამოთვლილი უნდა იყოს ის საგნები, რომელთანაც ეს გაკვეთილია ინტეგრირებული.

მიზნები. გაკვეთილის მიზნებში აღწერილია საგანმანათლებლო მიზნები მოსწავლეებისათვის, ანუ სწავლების სასურველი შედეგები. კარგად დაწერილი მიზნები აღწერს, თუ რა ეცოდინებათ და რის გაკეთებას შეძლებენ მოსწავლეები მოცემული გაკვეთილის შესწავლის შედეგად.

გაკვეთილის დაწერამდე ავტორმა კარგად უნდა ჩამოაყალიბოს სასურველი შედეგები, რადგან გაკვეთილის მთელი მსვლელობა პირდაპირ არის დაკავშირებული შედეგებთან. თუ მიზნები არ არის ნათელი, ავტორმა შეიძლება სულ სხვაგვარი, არასასურველი შედეგებით დაამთავროს გაკვეთილი. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს გაკვეთილის მიზნების განსაზღვრისას: ისინი უნდა იყოს მოსწავლეებზე ორიენტირებული, გასაგები და არაორაზროვანი და მასში ნათლად უნდა ჩანდეს სწავლების მოსალოდნელი შედეგები.

მოსწავლეზე ორიენტირებული. მიზანი აღწერს თუ რა ცვლილებაა მოსალოდნელი მოსწავლეში. ხშირად მიზნები იწყება შემდეგი ფრაზით: `მოსწავლეები შეძლებენ~, ანუ ის მიმართულია მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მიზანი აღწერს, თუ რა შეეძლება მოსწავლეს ამ გაკვეთილის შესწავლის შემდეგ.

გასაგები და არაორაზროვანი. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

`მოსწავლეები გაიგებენ საზოგადოების სტრუქტურას~

და

`მოსწავლეები აღწერენ კავშირს საზოგადოების სტრუქტურასა და სამრეწველო რევოლუციას შორის~.

პირველი მიზანი ძალიან ზოგადია და მასში არ ჩანს, თუ როგორ გამოამჟღავნებენ მოსწავლეები იმას, რომ საზოგადოების სტრუქტურა გაიგეს. ამგვარი მიზანი არ უზრუნველყოფს მასწავლებლისათვის სრულ ინფორმაციას, თუ რა ეცოდინებათ მის მოსწავლეებს ამ გაკვეთილის შესწავლის შემდეგ და არც იმას, თუ როგორ უნდა შეაფასოს, მიაღწიეს თუ არა მოსწავლეებმა მიზანს. მეორე მაგალითში ნათლად არის ნაჩვენები მოსწავლეთა მოსალოდნელი ქცევა.

საჭირო დრო. კითხვაზე, რა დრო არის საჭირო გაკვეთილის ჩასატარებლად, მოკლე პასუხი ასეთია, `იმდენი, რამდენიც დასჭირდება!~ ზოგიერთ გაკვეთილს შეიძლება 30წთ დასჭირდეს, ზოგს კი – 2 გაკვეთილი. გაკვეთილის წერისას უნდა გვახსოვდეს, რომ პროგრამა გადატვირთულია. არ უნდა ვეცადოთ `ჩავატიოთ~ რაც შეიძლება ბევრი ერთ გაკვეთილში. თუ გაკვეთილი მოიცავს უხვ მასალას, მოსალოდნელია, რომ მოსწავლეები ისწავლიან ძალიან ცოტას. უნდა ვეცადოთ გაკვეთილის დედააზრის შენარჩუნებას და გამოვცადოთ გაკვეთილი რაც შეიძლება მეტ კლასში, რათა განვსაზღვროთ საჭირო დრო.

საჭირო მასალები. საჭირო მასალები ჩამოთვლილი უნდა იყოს გაკვეთილის დასაწყისშივე. მასწავლებლებს არ უნდა ჰქონდეთ მოულოდნელი სიურპრიზები გაკვეთილის მსვლელობისას. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, როგორი სამუშაო ფურცლები, რა თვალსაჩინოებები, რა სავარჯიშოები უნდა მოამზადონ კლასში შესვლამდე. ყველა სამუშაო ფურცლის, თვალსაჩინოების და სავარჯიშოს ასლი უნდა იყოს მოცემული გაკვეთილში. მასწავლებელმა არ უნდა იზრუნოს მის დამზადებაზე.

მსვლელობა. ეს გაკვეთილის ძირითადი ნაწილია. მასში აღწერილია, თუ როგორ ეხმარება მასწავლებელი მოსწავლეებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. ეს ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს.

ა) ყოველთვის, როცა შესაძლებელია, გამოყენებული უნდა იყოს აქტიური სწავლების მეთოდი. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როცა ისინი ჩართულები არიან სასწავლო პროცესში, ვიდრე მაშინ, როცა ისინი უსმენენ მასწავლებელს.

ბ) ზუსტად უნდა შეფასდეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა მოსწავლეებს. აქვთ თუ არა მათ ამ გაკვეთილისთვის საჭირო უნარები? შეძლებს თუ არა გაკვეთილი მათი ყურადღების დაპყრობას? საკმარისია აქტივობები მათი ყურადღების შესანარჩუნებლად?

გ) პროცედურა უნდა იყოს ზუსტი და ნათელი. ხშირად გაკვეთილი ისე მაღალფარდოვნად არის დაწერილი, რომ მკითხველს აფრთხობს. თუ მასწავლებელი ვერ მიხვდება, როგორ უნდა ასწავლოს კონკრეტული გაკვეთილი, ის სულაც უარს იტყვის მის გამოყენებაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ყურადღებით, ზუსტად და ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნით აქტივობებს. ამ გაკვეთილის `მომხმარებელს~ არაფერი უნდა დავუტოვოთ `გამოსაცნობი~. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მას, ვინც ამ გაკვეთილს გამოიყენებს, მანამდე არასოდეს უსწავლებია.

დ) უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასწავლო შინაარსი ზუსტად არის მოცემული. ავტორი არ უნდა იყოს დაუდევარი საგანთან დაკავშირებული ლექსიკის და/ან საგნის საფუძვლების სწავლებისას. ტერმინები და განსაზღვრებები ისე უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ეს სპეციალისტთა წრეშია მიღებული. გაცილებით ადვილია თავიდანვე სწორად სწავლა, ვიდრე მცდარად ნასწავლის ხელახლა სწავლა.

ე) უნდა ვცვალოთ სწავლების მეთოდები. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეები სხვადასხვაგვარად სწავლობენ და ვეცადოთ, ყოველ მათგანს შევუქმნათ მოცემული თემის შესწავლისათვის საჭირო პირობები.

ვ) გაკვეთილში უნდა იყოს კითხვები და მათი პასუხები. გაკვეთილში ასევე აუცილებლად უნდა იყოს კითხვები დისკუსიისათვის და სავარაუდო პასუხები. ხშირი კითხვები გაკვეთილის მსვლელობისას ეხმარება მოსწავლეს დაიმახსოვროს ძირითადი, იყოს აქტიური და არ მოადუნოს ყურადღება.

ზ) გვახსოვდეს გაკვეთილის მიზნები. ავტორმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს, ყველა მიზანი არის თუ არა მიღწეული გაკვეთილის მსვლელობაში.

თ) საფრთხეები. უნდა ვერიდოთ გაკვეთილში ზუსტთარიღებიანი მაგალითების მოტანას, ეს ამცირებს გაკვეთილის სიცოცხლეს. ასევე უნდა ვერიდოთ უმიზნო იუმორს.

დასკვნითი ნაწილი. წარმოიდგინეთ ასეთი დიალოგი მშობელსა და შვილს შორის:

– რა გააკეთეთ დღეს სკოლაში?

– ვითამაშეთ.

– რა ისწავლეთ ამ თამაშით?

– არ ვიცი.

როცა გაკვეთილის ყველა აქტივობა დასრულებულია, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი მომენტები. დასკვნითი ნაწილი მათ ამ მნიშვნელოვანი მომენტების გამოყოფაში ეხმარება. ძირითადი მომენტების მიმოხილვა ან სხვა დასკვნითი აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ასპექტების გააზრებაში. ეს ნაწილი მასწავლებელსაც ეხმარება გაიგოს, მიაღწიეს თუ არა მისმა მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს.

შეფასება. ეხმარება მასწავლებელს გაიგოს, თუ რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა დასახულ მიზნებს, საჭიროა თუ არა შემდგომი მუშაობა. შეფასებისას შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენება: მრავალპასუხიანი კითხვები, ესეები, რეფერატები, მინი წარმოდგენის შეფასება, ავთენტური შეფასება.

განვრცობა/დაკავშირება. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მის მოსწავლეებს მეტის გაგება უნდათ ახსნილი თემის ირგვლივ. პედაგოგს უნდა ჰქონდეს გაკვეთილისაგან განსხვავებული სხვადასხვაგვარი ვარიანტები, რომელსაც შესთავაზებს მოსწავლეებს ცოდნის გასაღრმავებლად. სასურველია, მასწავლებელმა დააკავშიროს ახსნილი თემა ბავშვების მიერ უკვე ნასწავლ მასალასთან. ნასწავლი მასალის სხვადასხვა კონტექსტებთან დაკავშირების მრავალი გზა არსებობს.

წარმატებული იქნება თუ არა გაკვეთილი?

 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება გაკვეთილის გეგმის შესამოწმებელი კითხვარი

  1. ნათლად გამოხატავს თუ არა გაკვეთილის აღწერა გაკვეთილის მიზნებს? შეექმნება თუ არა მკითხველს ნათელი წარმოდგენა გაკვეთილში მოცემული სავარჯიშოების შესახებ და გაუჩნდება თუ არა მოცემული გაკვეთილის გამოყენების სურვილი?
  2. არის თუ არა დეტალურად და სრულად ახსნილი შინაარსობრივი სტანდარტები და ტერმინები?
  3. არის თუ არა ჩამოთვლილი მომიჯნავე საგნები გაკვეთილის მნიშვნელოვანი დამატება?
  4. არის თუ არა მიზნები მოსწავლეზე ორიენტირებული? გასაგები? არაორაზროვანი? გამოხატავს თუ არა სწავლების შედეგს?
  5. გაკვეთილისათვის `საჭირო დრო~ რეალურია თუ არა?
  6. ჩამოთვლილია თუ არა ყველა საჭირო მასალა? სრულყოფილად არის თუ არა მოცემული მოსწავლეთა სამუშაო ფურცლებისა და თვალსაჩინოების ნიმუშები?
  7. ნათლად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის თუ არა ახსნილი გაკვეთილის მსვლელობა?
  8. შეძლებს თუ არა გაკვეთილის მსვლელობა მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევასა და შენარჩუნებას?
  9. მრავალფეროვანია თუ არა გაკვეთილში მოცემული სავარჯიშოები და აქტივობები?
  10. ზუსტად და სრულად არის თუ არა ახსნილი გაკვეთილში შინაარსი?
  11. შეესაბამება თუ არა გაკვეთილში მოცემული კითხვები ბლუმის ტაქსონომიის სხვადასხვა დონეებს? მოცემულია თუ არა კითხვების პასუხები?
  12. უზრუნველყოფს თუ არა გაკვეთილის მსვლელობაში მოცემული ხერხები მოსწავლეების მიერ დასახული მიზნების მიღწევას?
  13. შეძლებს თუ არა მასწავლებელი იმის განსაზღვრას, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გაკვეთილი?
  14. არის თუ არა მოცემულ გაკვეთილში ცოდნის გაღრმავებისა და გაძლიერების მეთოდები?

 

წყარო: Connecting the Pieces: Building a Better Economics Lesson, Teacher Resource Manual, (1997) Richard D. Western ed., National Council on Economic Education.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი