შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ფილიპ დელერმი – საშინაო დავალებები სამზარეულოს მაგიდაზე

ილიპ დელერმი ერთგვერდიანი ჩანაწერების კაცია. უფრო დიდი ტექსტებიც დაუწერია, მაგრამ ყველაზე კარგად მაინც ეს გამოსდის – მინიატურები: ერთი ჩასუნთქვა, ერთი ამოსუნთქვა. მოზომილი სენტიმენტალიზმი, ყოველდღიური ნივთების მაგიურობის, ყოფით სიტუაციებში მოულოდნელი სიხარულის დანახვის უნარი, მელანქოლიური ინტონაციები – დასასრულისკენ; ამბავი, რომელიც იყო და არც იყო…

მისი ყველაზე გახმაურებული წიგნი – „ლუდის პირველი ყლუპი და სხვა პატარა სიამოვნებები“ „ალიანს ფრანსეზში“ სწავლის ბოლო წელს წავიკითხე – პატრიკ მოდიანოსა და პოლ კონსტანის წიგნებთან ერთად პროგრამის ნაწილს წარმოადგენდა, ეს პროგრამა კი ფრანგულის მასწავლებლის, ლომიგ ლე პაპის შედგენილი იყო. რა ვთქვა ჩემს მასწავლებელზე – მაღალ, გამხდარ, ახალგაზრდა ბრეტანელზე, რომელიც ესეებს წითელი კალმით მისწორებდა, ჯერ ერთიანად გააწითლებდა, ბოლოს კი მიაწერდა ხოლმე – ეს რა კარგი რამე დაგიწერიაო. იცოდა ლომიგ ლე პაპმა თავისი საქმე. ვფიქრობდი, თუ ამდენი საზარელი შეცდომა დავუშვი, კარგი როგორღაა ჩემი ნაწერი-მეთქი, მაგრამ შექება მაინც ძალიან მიხაროდა და ვწერდი და ვწერდი.

ერთ დღესაც დაფაზე სათაურები ჩამოგვიწერა:

„დანა ჯიბეში“

„ვაშლის სუნი“

„ლუდის პირველი ყლუპი“

„ესპადრილების დასველება“

„მოულოდნელი სტუმარი“

„კვირა საღამო“

„წიგნის კითხვა პლაჟზე“

„შემოდგომის პულოვერი“

„ახალი ამბის გაგება მანქანაში“

და სხვები – ფილიპ დელერმის ერთგვერდიანი ჩანაწერების სათაურები.

დაგვავალა: ერთ-ერთი ფრაზა უნდა ამოგვერჩია და მინიატურა დაგვეწერა მომდევნო გაკვეთილისთვის. მეტი არაფერი უთქვამს, არც მითითებები მოუცია. მახსოვს, ბუხარზე დავწერე, ცეცხლის ალზე, ჩემს მაშინდელ ცეცხლსა და ნაცარზე. ისევ ააწითლა მთელი გვერდი თავისი კალმით. ისევ მიაწერა რაღაც წასახალისებლად.

ბოლოს ფილიპ დელერმის ტექსტების ქსეროასლები დაგვირიგა. ამ მწერლის სახელიც მაშინ გავიგე. დიუმას ცენტრის ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე და მინიატურების ქართულად თარგმნა ვცადე. დამწყები მთარგმნელისთვის დაუძლეველი ამოცანაა – მსგავსი სირთულის პროზას თავს ვერ გაართმევს. რაც უფრო მოკლეა ტექსტი, რაც უფრო მარტივი მიგნებებია, მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ავტორისეული სისადავის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, უჩვეულო კონტექსტში სიტყვების ახლებური ბრწყინვალების ჩვენება.

გამაწვალა ამ წიგნმა, სწორი სიტყვების ძებნაში დღეები და ღამეები გამატარებინა.

ფილიპ დელერმმა – ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, რომელსაც უბრალო ნივთებზე, ამ ნივთების არსში ჩაკარგვაზე, ყოველდღიურ რიტუალებზე, ტკივილის სიტკბოსა და ადამიანად ყოფნის სიხარულზე წერის არ ეშინია – იცის, როგორ უნდა აგიჩქაროთ გულისცემა, როგორ უნდა წამოგიშალოთ მოგონებები. ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის, მაგრამ ვაღიაროთ – მისატევებელი ცოდვაა მისი პროზის უდავო ღირსებების გათვალისწინებით.

ესეც – ოდნავ შესწორებული ძველი თარგმანი ზემოთ ნახსენები წიგნიდან.

მოულოდნელი სტუმარი

 

არსადაც არ მიდიოდი. იმდენი რაღაც უნდა მოგესწრო მეორე დღისთვის. მხოლოდ რაღაცის საკითხავად შეიარე და უცებ:

– ჩვენთან ხომ არ ისადილებ? უბრალოდ, ყველი, პური…

რა შეედრება იმ რამდენიმე წუთს, როცა გრძნობ – აი, ახლა შემოგთავაზებენ. მხოლოდ სიამოვნების გახანგრძლივების კი არა, დროის დამარცხების სურვილიც გკლავს. დღე ხომ ზუსტად ისე გავიდა, როგორც უნდა გასულიყო; საღამოც ისეთი განსაზღვრული, საგულდაგულოდ დაგეგმილი ჩანდა. ორი წამი და ყმაწვილივით თავნებობ – მოვლენათა მსვლელობის შეცვლის ძალა შეგწევს. რა თქმა უნდა, მიპატიჟებაზე იოლად თანხმდები.

ამჯერად ყველაფერი მარტივადაა: არც სასტუმრო ოთახის სავარძელში დაგსვამენ, არც სავალდებულო აპერიტივს შემოგთავაზებენ. საუბარი სამზარეულოში გაიბმება – კარტოფილის გაფცქვნაში ვერ მომეხმარები? ხელში ბოსტნეულის საფცქვნელით, ბევრად უფრო ბუნებრივად და გულითადად საუბრობ. ლაპარაკ-ლაპარაკში ბოლოკსაც გახეხავ.  მოულოდნელი სტუმარი თითქმის ოჯახის წევრია, თითქმის შინაური. სადაც გინდა, შეძვრები, ყველა კუთხე-კუნჭულს მოივლი, განჯინის კარს გამოაღებ. მდოგვს სად ინახავ? საიდანღაც პრასისა და ოხრახუშის სუნი მოგდის, როგორც იმ დროს, საღამოობით საშინაო დავალებებს სამზარეულოს მაგიდაზე რომ წერდი.

თანდათან მიჩუმდებით. აღარ არის საჭირო სიტყვების უწყვეტი ნაკადი. ყველაზე მშვენიერი, ახლა, ფრაზებს შორის დარჩენილი მყუდრო ადგილებია. არანაირი უხერხულობა. თაროდან იმ წიგნს გადმოიღებ, რომელიც ხელში მოგხვდება. გადაფურცლავ. „მგონი, ყველაფერი მზადაა“, – გესმის და აპერიტივსაც გთავაზობენ. უარს ამბობ მასზე – სწორ დროს შემოთავაზებულზე. გაშლილ სუფრას მიუსხდებით და მოწნული სკამების ქვედა ხარიხაზე ფეხებს შემოაწყობთ. მოულოდნელ სტუმრად თავს მშვენივრად გრძნობ – თავისუფლად, მსუბუქად. ნებიერა შავი კატა შენს მუხლებზე მოკალათდა – უკვე შინაური ხარ. ცხოვრება გაჩერდა – მოულოდნელ სტუმრად იქცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი