ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ორიენტირი

ისტორიას უამრავი შემფასებელი ჰყავს, თუმცა ყველა თავისი სარკმლიდან გაჰყურებს მის ბურუსით მოცულ კონტურებს და მის წიაღში თავისთვის საინტერესო საგნებსა და მოვლენებს დაეძებს. თიხის უძველეს ჭურჭელში აღმოჩენილ ყურძნის წიპწას აგრონომ-მევენახეები, მეღვინეები თუ გენეტიკოსები თავ-თავიანთი გამადიდებელი შუშით დასცქერიან და თავ-თავიანთი დასკვნები გამოაქვთ. ციხესიმაგრეებსა თუ ეკლესია-მონასტრებს არქიტექტორები და მშენებლები სხვადასხვა რაკურსით განიხილავენ – პირველთათვის თუ ფორმები, სტილი და ტენდენციებია საინტერესო, მეორენი სამშენებლო ტექნოლოგიებითა და გამოყენებული მასალებით ინტერესდებიან… ვრცელი და უკიდეგანო ველია ისტორია. ყველა პოულობს იქ თავისთვის საინტერესო და თავშესაქცევ მასალას. მე კი ყველაზე მეტად იმდროინდელი საინჟინრო გადაწყვეტილებები მიზიდავს. ლეონარდო და ვინჩი ჩემთვის უფრო ინჟინერია, ვიდრე მხატვარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტილოები უბადლოა.

ძველი დროის საინჟინრო ოსტატობის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშია შუქურა. ამ ერთი შეხედვით მარტივმა ნაგებობამ – ვიწრო მაღალმა კოშკმა, რომლის თავზეც ცეცხლი გიზგიზებს – უდიდესი როლი შეასრულა ნავიგაციის განვითარებაში, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გეოგრაფია-კარტოგრაფიას, ვაჭრობას, კულტურათა გაცვლასა და ექსპანსიას და ვინ მოთვლის, კიდევ რას. ამიტომ შუქურა, ჰორიზონტზე მოკიაფე ნათელი წერილი, იმედის, წინსვლის, მიზნისკენ  სწრაფვის გამომხატველ მეტაფორად იქცა.

ნებისმიერ საქმეს, ჩანაფიქრსა თუ ოცნებას სჭირდება თავისი შუქურა. სჭირდება იგი სკოლასა და განათლებასაც.

და რა არის სკოლის ორიენტირი? ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა. ბევრი დაუფიქრებლად უპასუხებს: მეტი განათლებული ადამიანის მომზადება. ცხადია, ასეა, მაგრამ როგორ გავზომოთ (ან როგორ იზომება დღეს) განათლებულობა?

ცოტა ხნის წინ ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი, ქვეყანაში, სადაც წარმატება გეგმების გადაჭარბებით იზომებოდა. მთავარი იყო წარმოება და არა რეალიზაცია. მთავარი იყო რაც შეიძლება მეტი ფოლადისა თუ ღვინის ჩამოსხმა, ფეხსაცმლისა თუ წინდის შეკერვა, ჩაისა თუ ხორბლის აღება. წარმოება ძირითადად რაიკომებსა და აღმასკომებში იგეგმებოდა და რაღაცნაირად აუქციონს წააგავდა. მეწარმეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გეგმასთან შედარებით ვინ უფრო მეტის წარმოებას დაიქადნიდა. ამიტომ არსებობდა გეგმა და გეგმა-ვალდებულება. როგორც ერთის, ისე მეორის შეუსრულებლობა მკაცრად ისჯებოდა პარტიული კომიტეტის სხდომებზე (!). ისინი კი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და ამ სხდომებზე პარტია საჯაროდ იწონებდა თავს, რომ აღებული გეგმა-ვალდებულებები გადაჭარბებით იქნა შესრულებული. თუმცა ბევრი ცხოვრებას ერთი ქურთუკით გალევდა ხოლმე, მეწაღეებს რიგები ედგათ ამძვრალი ლანჩების დასაწებებლად, ბებიები კი საღამოებს წინდების კემსვაში ატარებდნენ.

ეს „ბევრწარმოება“ (ჭარბწარმოებას ვერ დავარქმევ, რადგან თითქმის ყოველთვის ყველაფერი დეფიციტური იყო), სამწუხაროდ, განათლებასაც ეხებოდა. ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი დიპლომირებული სპეციალისტი მიეწოდებინათ სამშობლოსთვის და ამ დიპლომიანთა განათლების ხარისხზე ისევე ხუჭავდნენ თვალს, როგორც წყალწყალა ღვინის ჩამოსხმაზე. უფრო მეტიც – პროტესტი მკაცრად ისჯებოდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ფილმ „გიორგობისთვის“ გადაღება და შემდგომი პერიპეტიები.

ცხადია, სკოლაც ამ ფერხულში იყო ჩაბმული. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟის იდეა – ყველას მიეღო საშუალო განათლება – საუკუნის დასასრულს მანკიერ რუდიმენტად იქცა და დამანგრევლად იმოქმედა მთელ განათლების სისტემაზე. სკოლას მიზნად დაუსახეს, უდანაკარგოდ ეწარმოებინა სიმწიფისატესტატიანი ყმაწვილები, რომლებიც ორ კატეგორიად იყოფოდნენ: უმაღლესში მოწყობილებად (დიახ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას მოწყობა ერქვა) და უსაქმურებად. არადა, სწორედ ეს უკანასკნელნი იწყებდნენ სკოლის დამთავრებისთანავე საწარმოებში ან ბაღ-ვენახებში შრომას და უფრო მეტ ღირებულ პროდუქციას ქმნიდნენ, ვიდრე დიპლომით ხელდამშვენებული ინჟინრები თუ სხვანი, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი თუ ახერხებდა სპეციალობით მუშაობის დაწყებას.

სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ გასული საუკუნის წეს-წყობილება ინერციით კვლავაც გრძელდება. დღეს სკოლის რეიტინგი უმთავრესად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებით იზომება. სკოლის წარმატების შეფასება მარტო ერთი პარამეტრით არ შეიძლება. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქის აღზრდას უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე დარგის სპეციალისტის მომზადებას. ამ პარამეტრით, ქალაქის სკოლა, რომლის ათი მოსწავლე უმაღლეს საგანმანათლებო პროგრამაზე ჩაირიცხა (თუმცაღა არ ვიცით, რა დონის სპეციალისტი დადგება მისგან ოთხი წლის შემდეგ), ყოველთვის უფრო რეიტინგული იქნება, ვიდრე მთის 5-10-კომლიანი სოფლის სკოლა, რომელიც მოახერხებს ისეთი მოქალაქის აღზრდას, იმავე სოფელში რომ დარჩება, კერას არ გააცივებს და ქალაქს თავისი მოწეული ჭირნახულით მოამარაგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი