შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში

ასეთი ჩვევა მაქვს: ვცდილობ, არც ერთი ახალი ქართული ფილმი არ გამომრჩეს. „ანას ცხოვრების“ თრეილერს რამდენჯერმე მოვკარი თვალი, მაგრამ როცა გავიგე, რომ დრამა მთავარი გმირის – ანასა და მისი მცირეწლოვანი აუტიზმის მქონე ვაჟის გარშემო ვითარდება, მაშინვე „სასწრაფოდ სანახავთა“ სიაში მოვინიშნე და ფილმის საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლის პირველივე დღეს გავეშურე მის საყურებლად.

ანა მარტოხელა დედაა და თავის სარჩენად უამრავ ადგილას უწევს მუშაობა. სკლეროზიან ბებიასაც მის გარდა არავინ ჰყავს. ანას ბიჭი – სანდრო ინტერნატში ცხოვრობს ძალიან გულისხმიერ, ასაკიან მასწავლებელთან ერთად. თუმცა დედა მიიჩნევს, რომ იქ მისი შვილი სათანადოდ ვერ განვითარდება და ბიჭის ფასიან სკოლაში გადაყვანაა საჭირო. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობისადმი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გულგრილნი არიან. მას ხომ ხელფასი აქვს, არადა ზოგს ქაღალდის ფული კარგა ხანია არ უნახავს, მხოლოდ რკინის ფულის არსებობის შესახებ თუ იცის. ანას კი ნორმალურად აცვია, არ შია, ხოლო მისი მიზანი საზოგადოების თანაგრძნობას არ იწვევს. აუტიზმის მქონე ვაჟის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, ყიდის სახლს და თაღლითურ გარიგებაში ეხვევა.

როგორც რეჟისორმა ნინო ბასილიამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, თემა ერთნაირად აქტუალური აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა, მარტოხელა დედებს გარკვეული პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა მაინც უწევთ. ფილმი სცდება საქართველოს სოციალურ ფონს, სასიყვარულო ხაზის შემოსვლა კი ნებისმიერი ეროვნების მაყურებელს დრამაში კიდევ უფრო ითრევს. ანას ცხოვრება სავსეა ახალ-ახალი სტრესით, ის რამდენჯერმე იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებასაც, დგამს გამოუსწორებელ ნაბიჯებს, თუმცა არასდროს მიდის მორალურ კომპრომისზე.

აღსანიშნავია მსახიობების ბრწყინვალე შესრულება, განსაკუთრებით კი ეკა დემეტრაძეს (ანა) და ბავშვებს გამოვყოფდი. დრამატული 108 წუთის განმავლობაში ჩემთვის ერთ-ერთი ძლიერი და ემოციური სცენა შვილთან მისული დედის მონოლოგი აღმოჩნდა. დედისა, რომელმაც ახალი ფეხსაცმელი მიიტანა ინტერნატში. „შემომხედე! ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში… დედა ვარ შენი! ფეხი როდის გაგეზარდა, შვილო?!..“ დიალოგი დედასა და შვილს შორის არც სულისშემძვრელი სიტყვების შემდეგ შედგება. აქ მაყურებელი ვერ ნახავს ისეთ შთამბეჭდავ სცენას, როგორიც ნანა ჯანელიძის ფილმ „იავნანაში“ უნახავს, ვერ გაიგონებს შვილის ნათქვამ „დედას“, ვერც რაიმე სიტყვას პასუხად… მაგრამ ცხადად დაინახავს გაუსაძლის ყოფას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მშობლებს უწევთ ცხოვრება. ფილმის რეჟისორს უდავოდ მადლობა ეკუთვნის აუტიზმის თემის წამოწევისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აჩვენებს რეალობას.

„ანას ცხოვრებაში“, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობასა და ისეთ გარემოს ხატავს, სადაც მარტოხელა დედას ყველა გზა აქვს მოჭრილი, სადაც ახალგაზრდა ქალი მუდმივად წინაღობას აწყდება, საბოლოოდ მაინც ხედავ სხივს – ახალ სიცოცხლეს. ჩემი აზრით, ამ ძლიერ ფილმს კარგი ფინალი, თუმცა სუსტი საფინალო კადრი აქვს. როდესაც კადრი შეშდება, მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ფირის წუნია. არადა ჯობდა ტიტრები შავი ფონის ნაცვლად პირდაპირ კადრებზე გადასულიყო.

ნიშანდობლივია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე დასწრება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემი ნათესავისა და მეგობრის ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ეტლით მოსარგებლე გოგონა წლების განმავლობაში არ იყო კინოთეატრში ნამყოფი. კინოთეატრ „რუსთაველის“ სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არ აქვს ადაპტირებული გარემო და უარით გამოგვისტუმრეს. დარბაზები მეორე-მესამე სართულებზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ კიბის საშუალებით თუ მოხვდები. არანაკლებ აღშფოთებული ვარ კინოთეატრ „ამირანზე“, სადაც ბილეთების რამდენიმე დღით ადრე შეძენისას დაგვამშვიდეს, რომ ეტლით მოსარგებლე უპრობლემოდ დაესწრებოდა სეანსს. ჩვენც ვენდეთ, რადგან დარბაზი პირველვე სართულზე მდებარეობდა. ჩვენებაზე მისულები კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით: დარბაზში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ჩავლაა საჭირო და არც სკამებზე მოსათავსებლადაა რამენაირი ხელშეწყობა – იქაც გვერდებზე კიბე გხვდება. ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად ვერ მოხვდება დარბაზში, მეტიც, ზედა რიგებში დასაჯდომად ის აუცილებლად ხელში უნდა აიყვანო. რაც შეეხება პანდუსს, ის ჩემდა გასაოცრად ფოიედან გარდერობისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ხოლო გარდერობი არ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლარემ იგულისხმა მეორე დარბაზი, სადაც სკამების რიგებს კიბის ნაცვლად დაქანება მიუყვება, ბილეთი კი სულ სხვა, ეტლისათვის ყოვლად შეუსაბამო დარბაზისა მოგვყიდა.

პრობლემებს, რომელზეც ქართული მხატვრული ფილმების ყურებისას ცრემლს ვღვრით, რეალურად ვაწყდებით ყველგან, მათ შორის დედაქალაქის ცენტრში მდებარე პრესტიჟული კინოთეატრების შენობებშიც. შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს ადაპტირება ხომ მხოლოდ ერთი ტუალეტი და პატარა პანდუსი არაა?!. კარგი იქნება, თუ პერსონალიც სათანადოდ გადამზადდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი