სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ალბომი ახალგაზრდობისთვის

მეოცნებე კომპოზიტორს რობერტ შუმანს ძალიან უყვარდა ბავშვები და ბევრს წერდა მათთვის. „დიდებისა“ და „ბავშვებისთვის“ განკუთვნილ მუსიკას შორის ის მკაფიო ზღვარს არ ავლებდა და ერთნაირად აქსოვდა მათში მუსიკალურად მდიდარ შინაარსს.

საბავშვო საფორტეპიანო ლიტერატურას, კერძოდ, კრებულებს „საბავშვო სცენები“, „12 პიესა პატარა და დიდი ბავშვებისთვის“, „საბავშვო მეჯლისი“ და „ალბომი ახალგაზრდობისთვის“, წამყვანი როლი ენიჭება შუმანის შემოქმედებაში, თავად ამ უკანასკნელს კი საბავშვო რეპერტუარში დამსახურებულად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.

ალბომში შემავალი პიესები ზედმიწევნით ითვალისწინებს პატარა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობებს. შუმანი მათში ბავშვების მხიარულ და გასაოცარ, ზღაპრულ სამყაროს გადმოსცემს.

შუმანის საბავშვო მუსიკა და ნაწილობრივ – „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ საკმაოდ განსხვავდებოდა იმ დროის საბავშვო მუსიკალური ლიტერატურისგან უჩვეულო სირთულით, გულწრფელობით, აღმაფრენით, სიფაქიზითა და პროგრამულობით. „პიესები, რომელებსაც ბავშვები უნდა სწავლობდნენ, ძალიან უხარისხოა“, – წერდა კომპოზიტორი ერთ-ერთ ჩანაწერში. მას მოაფიქრდა, შეექმნა და გამოეცა კრებული ბავშვებისთვის. კრებულის შექმნის ისტორიას მჭიდრო კავშირი აქვს კომპოზიტორის მამობრივ მუსიკალურ-აღმზრდელობით ცდასთან. ეს ის დროა, როდესაც მისი შვილები მუსიკის შესწავლას იწყებენ. პირველი საფორტეპიანო პიესები შუმანმა უფროსი ქალიშვილის მარიას დაბადების დღის (1848 წლის 1 სექტემბერი) აღსანიშნავად დაწერა. სწორედ ეს ნამუშევრები დაედო საფუძვლად კრებულს „ალბომი ახალგაზრდობისთვის“.

ეს „მოწიფული“ საბავშვო კრებული, რომელსაც ატყვია შუმანის სტილისთვის დამახასიათებელი სიღრმე და ორიგინალობა, სავსებით მისაწვდომია ბავშვებისთვის. ალბომი, მასში წარმოდგენილი ფართო ინტონაციური სამყაროთი, სამართლიანად მიიჩნევა კომპოზიტორის ყველაზე უნივერსალურ ნაწარმოებად. უბრალოებითა და გამჭვირვალობით გამორჩეული კრებული აგებულია სერიოზულობისა და თამაშის კონტრასტზე. „ალბომი ახალგაზრდობისთვის“ მოიცავს 2 რვეულს 43 პროგრამული პიესით. პირველი რვეული პატარებისთვის არის განკუთვნილი. რვეულში შემავალ პიესებს საერთო ტონალობა – დო მაჟორი აერთიანებს. მეორე რვეული კი, რომელიც სამი უსათაურო ლირიკული პიესისგან შედგება, მოზრდილებისთვისაა განკუთვნილი. ალბომში თავმოყრილ „მუსიკალურ ნოველებს“ იმ მრავალფეროვან სამყაროში შევყავართ, რომლითაც გარემოცულია ბავშვი. ეს არის სახლი, საბავშვო ოთახი, ბუნების სურათები, სოფლის სცენები და ა.შ.

გაკვეთილზე მეცადინეობის ნიმუში:

ყოველი შეცნობა აღქმით იწყება, ამიტომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ბავშვებს მუსიკის მოსმენა ვასწავლოთ. თანდათან შევაჩვიოთ მუსიკალური ნაწარმოების ხასიათის, ჟანრული განსაკუთრებულობის, ფორმის წარმოქმნის მომენტების განსაზღვრას, მუსიკალური ენის გაგებას.

სოლფეჯიოს პროგრამა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზს ითვალისწინებს. განიხილება ნაწარმოების ხასიათი, ფრაზების რაოდენობა, კილო, აღმავალი და დაღმავალი საფეხურებრივი სვლები, მყარი და მერყევი საფეხურების მოძრაობა, ზომა, ტემპი, რიტმი, მაჟორული და მინორული სამხმოვანების განსაზღვრა, ტონიკური სამხმოვანების, ინტერვალებისა და დინამიკური შეფერილობების ამოცნობა და ა.შ

დღეისთვის შევარჩიე რობერტ შუმანის მეტ-ნაკლებად ადვილად ამოსაცნობი პიესა „მამაცი მხედარი“. სასწავლო-მეთოდური მიზნით ის უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

უპირველეს ყოვლისა, მოვისმინოთ და გამოვიცნოთ, როგორი ხასიათია გადმოცემული მუსიკით და რას მოგვითხრობს ეს პიესა. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მუსიკას საკუთარი ენა აქვს და ის ბგერებით „ჰყვება“.

ბავშვებს მარტივად ავუხსნათ, რომ პიესა „მამაცი მხედარი“ სწრაფია, ენერგიული, მხიარული, ლაღი, გაბედული; მამაცი მხედარი დაბრკოლებათა გადალახვით უშიშრად მიაქროლებს ცხენს. ამის შემდეგ პიესა კიდევ ერთხელ მოვასმენინოთ. ყურადღება მივაქციოთ რიტმსა და ტემპს.

საინტერესო მოსასმენი იქნება ბავშვების პასუხი კითხვაზე, რატომ ჰქვია პიესას „მამაცი მხედარი“. მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება ბავშვების წარმოდგენაში აუცილებლად დაუკავშირდება ცხენის სწრაფი ქროლას და ჩლიქების თქარუნს. მათ ასევე უნდა დაადგინონ, იცვლება თუ არა პიესაში მუსიკის ხასიათი და რამდენ ნაწილად შეიძლება დაიყოს ის. თუ სწორი პასუხი ვერ მივიღეთ, ავუხსნათ, რომ პიესის დასაწყისში და დასასრულს მუსიკა ერთნაირია – ენერგიული, გამბედავი, ხოლო შუაში ჟღერადობის შეფერილობა იცვლება; ის მღელვარე და მოუსვენარია, ვინაიდან მხედარს საფრთხეებთან გამკლავება უწევს. შესაბამისად, პიესა 3 ნაწილისგან შედგება.

ახლა გადავხედოთ მუსიკალურ გამომსახველობით ხერხებს. ერთმანეთისგან განვასხვაოთ წყვეტილი ჟღერადობა, მახვილები, ტემპი, რეგისტრი, დინამიკა.

მასწავლებლებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, შუმანისავე პიესების „მელოდიისა“ და „მარშისგან“ განსხვავებით, „მამაც მხედარში“ პატარა მუსიკოსის საშემსრულებლო ამოცანა რიტმის (ტრიოლური) თვალსაზრისით უფრო რთულია. აქ, ერთი მხრივ, აკორდებში ხელების სწრაფი კოორდინაცია და დინამიკური ბალანსი მოითხოვება, მეორე მხრივ კი – დომინირებულ სტაკატოებთან ერთად აქა-იქ გადაბმით დაკვრა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მელოდიასა და აკომპანემენტს შორის ჟღერადობის ბალანსის მიღწევა.

პიესას მარტივი სამნაწილიანი ფორმა აქვს ზუსტი რეპრიზით. შუა ნაწილში მელოდია და აკომპანემენტი „სივრცის“ შეგრძნებას ბადებს. მინიატურის მთავარი სახე მხედრის „პორტრეტია“ – გმირის აღფრთოვანება საკუთარი თავგანწირვით, სიმამაცითა და მოხერხებულობით. მხედრის სახისა და ემოციური ატმოსფეროს შესაქმნელად კომპოზიტორი ძალზე ზუსტად არჩევს გამომსახველობით ხერხებს.

დაწერილია 6/8 ზომაში, მინორულ ტონალობაში. მოტივები ერთმანეთზეა „გადაჯაჭვული“ და შეუჩერებელი რიტმული პულსაციით მიქრის. სწრაფი, მოუსვენარი ტემპით აკომპანემენტის წყვეტილი აკორდები გადმოსცემს ნახტომისებურ რიტმს. მელოდია ზევით, კულმინაციისკენ მიისწრაფვის. მელოდიური ხაზის საფუძველში ჩადებული აღმავალი კვარტებით სვლა დამახასიათებელია შუმანის მუსიკისთვის.

მეოთხედებზე მითითებულ sforzando-ს მოკლე ლიგებთან შეხამებით უთანაბრობისა და ბიძგების შეგრძნება შეაქვს საერთო მოძრაობაში. ასეთი აქტიური და ოპტიმისტური განწყობა მცირეწლოვან მუსიკოსზე ძალზე დადებით გავლენას ახდენს.

განვიხილოთ მეორე პიესაც – „ჯარისკაცის მარში“. ის დაწერილია მარტივი სამნაწილიანი ფორმით ყველა ნაწილის გამეორებით. პიესა ნათელი, მხნე, ენერგიული და შეუპოვარი ხასიათისაა. სათაურის არცოდნის შემთხვევაშიც კი ნაწარმოების ჟანრის (მარში) ამოცნობა ადვილია – მასზე მიუთითებს ზომა 2/4, პუნქტირული რიტმი და მწყობრი ნაბიჯის ტემპი. ამავე დროს, გვაოცებს მარშისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მსუბუქი, სკერცოზული, თითქმის საცეკვაო ხასიათი.

სისადავითა და ბუნებრიობით გამორჩეულ მელოდიას არ ახასიათებს ნახტომები, ჭარბობს საფეხურებრივი მოძრაობა აღმავალი და დაღმავალი მიმართულებით, რაც მელოდიური ტალღების ასოციაციას იწვევს. ქვედა ხმაში მელოდიის დუბლირება ინტერვალ დეციმაში მიმდინარეობს. ნაწარმოებზე მუშაობისას უნდა ვეცადოთ, დანაწევრებისკენ მიდრეკილმა პაუზებმა ხელი არ შეგვიშალოს ფრაზის გამთლიანებაში.

პიესის უცვლელი, თანაბარი ხასიათის გამო ნაგებობაში მელოდიური კულმინაცია არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ორ – მეორე ოქტავის მი (e 2) და სოლ (g 2) – მწვერვალს. მთლიანობაში პიესა არ შეიცავს კონტრასტულ სახეებსა და თემებს.

ამ პიესის ანალიზის შემდეგ პარალელების გასავლებად სასურველია ამავე ჟანრის სხვა პიესებიც განვიხილოთ.

***

შუმანის 1848 წელს გამოცემული „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ დღემდე მიიჩნევა პედაგოგიური რეპერტუარის უბადლო ნიმუშად და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საბავშვო ენციკლოპედია“.

უნდა ითქვას, რომ ჩაიკოვსკიმ არა მხოლოდ მაღალი შეფასება მისცა ამ კრებულს, არამედ თავადაც შექმნა შესანიშნავი „საბავშვო ალბომი“. კომპოზიტორი წერდა: „მსურს, შევქმნა პატარა, მსუბუქი პიესების წყება მიმზიდველი სათაურებით, როგორებიც აქვს შუმანს“.

იმედი დავიტოვოთ, რომ პედაგოგების მზერა მუდამ იქნება მიმართული რობერტ შუმანის აღმზრდელობითი დანიშნულების მდიდარი შემოქმედებისკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი