ბაიკალის ტბა – ახდენილი ოცნება

ბაიკალის ტბაზე სტუდენტობისდროინდელ მოგზაურობაზე მინდა გიამბოთ. მე-20 საუკუნის ახალგაზრდობას სამოგზაუროდ არც თუ ისე დიდი სივრცე გვქონდა – სოციალისტური ბანაკის ქვეყნები და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები. თუმცაღა როგორც ახლა, მაშინაც პერიოდულად ავიკვიატებდით და გატკეპნილი ტურისტული მარშრუტებით ვმოძრაობდით: მოსკოვი, ლენინგრადი (პეტერბურგი), ბუხარა, სამარყანდი, უკეთეს შემთხვევაში პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია. წარმოიდგინეთ ასეთ პერიოდში გეოგრაფიის ფაკულტეტის მეოთხე კურსელები ორკვირიან პრაქტიკას ბაიკალის ტბაზე რა სიხარულით შევხვდებოდით. ტბაზე, რომლის შესახებაც გეოგრაფიული მონაცემების გარდა ლეგენდებიც გვხიბლავდა. თან ხომ ხვდებით ციმბირში წასვლა საკმაოდ რომანტიკულ ემოციებს იწვევდა.

ბაიკალის ტბა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბაა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე.

მართლაც დაუვიწყარი იყო ეს მოგზაურობა. მერე რა რომ 8-10 საათი თვითმფრინავში ვიყავით, მერე რა რომ ორჯერ მოგვიხდა გადაჯდომა (ჯერ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში- მოსკოვში და შემდეგ ქ. ნოვოსიბირსკში), მერე რა, რომ ჩასულებს ნომრები არ დაგვხვდა, მერე რა რომ ერთი მეგობარი ძაღლებმა დაგვიკბინა და 40 დღე ნემსები დასჭირდა… ჩვენ ხომ დასავლეთ ციმბირის ვაკეს გადავუფრინეთ და ირკუტსკში დავეშვით. ქალაქში სადაც სიხარულითა და პატივისცემით დაგვხვდნენ, სადაც ქართველი ანარქისტი ნესტორ კალანდარიშვილი ეროვნულ გმირად ყავთ აღიარებული და საფლავსაც რუდუნებით უვლიან. მისი სახელობის ქუჩები დღემდეა ციმბირის ქალაქებში: ირკუტსკში, იაკუტსკში, კიახტაში, კანსკსა და ლენსკში. კალანდარიშვილი ანარქისტი და რევოლუციონერი იყო, რომელიც ციმბირში მოღვაწეობდა და ისტორიაში შევიდა როგორც „ციმბირელი პაპა” და „პაპა ნესტორი”. არ ვიცი რატომ გიყვებით ანარქისტზე, მაგრამ მაშინაც და ახლაც მწყინს, როდესაც სხვა ერი უფრო აფასებს ქართველს, ჩვენ კი მის შესახებ არაფერი ვიცით. არადა, როგორი პატივისცემითა და მოწიწებით მიგვიღეს მათი ეროვნული გმირის თანამემამულენი და ამაყად გვაჩვენეს “ციმბირელი პაპის” მოვლილი საფლავი.

ქალაქი ირკუტსკი

baik1

ბაიკალი ცნობილია როგორც „ციმბირის მარგალიტი”. ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. როგორც წესი, ტბის მნახველები თავდაპირველად ახლომდებარე რომელიმე მსხვილ ქალაქში მიემგზავრებიან: ირკუტსკში, ულან-უდეში ან სევერობაიკალსკში, საიდანაც შესაძლებელი ხდება დეტალურად დაიგეგმოს მოგზაურობის მარშრუტი. ირკუტსკიდან 70 კმ-ში, ბაიკალის სანაპიროზე, მდინარე ანგარის სათავის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ლისტვიანკა – ბაიკალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული პუნქტი. საოლქო ცენტრიდან აქ მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსით ან თბომავალით. ტბის ირგვლივ სხვადასხვა მონაკვეთზე გადის ბაიკალის დიდი ბილიკი — ეკოლოგიური ბილიკების სისტემა. ლისტვიანკიდან ყველაზე პოპულარული მარშრუტები გადის ბოლშიე-კოტიში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულზე, და სხვა ადგილებში, სადაც ტურისტებს მისვლა შეუძლიათ.

baik2

ჩვენც ირკუტსკიდან სოფ. ლისტვიანკაში ჩავედით და იქიდან თბომავლით გავემგზავრეთ პესჩანაიას ყურისაკენ, რომელიც თვალწარმტაცი ლანდშაფტით გამოირჩევა.

თავისებურ ყურეების ჯგუფს ქმნიან (უფრო ზუსტად ლაგუნებს) პოსოლისა და ისტოკის უბეები (ბაიკალზე მათ „სორებს” უწოდებენ), რომლებიც ბაიკალიდან გამოყოფილი არიან ხმელეთის ვიწრო მონაკვეთებით. აღსანიშნავია ანგარის სორი. სორები გვხვდება აგრეთვე ჩივირკუის ყურეში. თითოეული მათგანი ბაიკალიდან გამოყოფილია ვიწრო ხაზობრივი ნაყარით; ზოგჯერ სორები დიდწყლიანობის დროს წყლითაა დაფარული. ბაიკალის ტბის სანაპიროს მრავალ ადგილას ეშვება რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის კლდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოსნოვკისა და ჩივირკუის ყურის მონაკვეთი, აგრეთვე მონაკვეთი ონგურენისა და კოჩერიკოვსკის კონცხს შორის. სანაპირო ზოლზე დაშვებული კლდეები განუმეორებელ სანახაობას ქმნის. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ფერდობები ტყით არის დაფარული.

აღმოსავლეთ სანაპიროზე პოპულარობით სარგებლობს ბარგუზინის ყურე, სადაც გრძელდება ტურისტულ-რეკრეაციული ზონის მშენებლობა.

მაინც რა არის ასეთი ბაიკალის ტბა?

დედამიწაზე ყველაზე ღრმა ტბა, რომელიც სიდიდით მე-6 ადგილზეა. მისი მაქსიმალური სიღრმე 1642 მეტრია. მის გარდა, მხოლოდ 2 ტბა არსებობს, რომელთა სიღრმე 1000 მეტრს აჭარბებს: ტანგანიკა 1470 მ და კასპიის ზღვა-ტბა 1025 მეტრი. ბაიკალის საშუალო სიღრმე კი 744,4 მეტრია. იგი მტკნარი წყლის მარაგის ყველაზე დიდი რეზერვუარია, მსოფლიო მარაგის 1/5 -ია. ადგილობრივები ბაიკალის ტბის წყალს სასმელად ინტენსიურად იყენებენ. ტურისტები პირდაპირ ტბიდან ამოღებულ წყალს აგემოვნებენ.

ბაიკალის წყლის მასა გავლენას ახდენს და არბილებს სანაპირო ჰავას. ზამთარი შედარებით რბილია, ზაფხული გრილი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარ-თებერვალში დაახლოებით –19 °C, აგვისტოში – დაახლოებით 11 °C.

აგვისტოში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე (ტბის ღია ნაწილში) 9-12 °C, ნაპირებთან ზოგჯერ 20 °C. წყლის ტემპერატურის სეზონური რყევა 250-300 მ სიღრმემდე შეინიშნება, ქვემოთ კი ტემპერატურა შედარებით მუდმივია 3,2-3,5 °C. ამიტომაც აგვისტოს თვეშიც კი ისეთი ცივი წყალი იყო, რომ ბანაობა ვერ გავბედეთ, თუმცა ბაიკალის წყალი ჩვენც მივირთვით. ზამთარში ბაიკალი იყინება, იანვრიდან მაისის ჩათვლით ტბა გაყინულია.

baik3

ადგილობრივი მოსახლეობა ბაიკალის ტბას ზღვას უწოდებს. სახელწოდების ეტიმოლოგია არ არის დადგენილი. მიიჩნევენ, რომ სახელწოდება მონღოლური „ბაიგალი” (მდიდარი ცეცხლი), ან თურქული – „ბაი-ყული”-იდან (მდიდარი ტბა) მომდინარეობს. ბაიკალს გააჩნია სხვა სახელწოდებებიც, ასე მაგალითად, ჩინეთის ისტორიაში ტბა მოიხსენება „პეხაის” სახელწოდებით, რაც ქართულ თარგმანში ჟღერს როგორც „ჩრდილოეთი ზღვა”. ტუნგუსები ბაიკალს „ლამუს” უწოდებენ, ე.ი. ზღვას, ხოლო ბურიატ-მონღოლები „დალანორს”, რაც „წმინდა ტბას” ნიშნავს. XIX საუკუნემდე მისი ფართოდ გავრცელებული სახელწოდება იყო „ზღვა”. ტერმინი ბაიკალი მხოლოდ XIX საუკუნის შუა ხანების შემდეგ განმტკიცდა.

ლეგენდის თანახმად, ბაიკალის მამას 336 მდინარე – ბიჭი და 1 გოგო – ანგარა ჰყავდა. ისინი მამას ერთვოდნენ, რათა მისი წყლები შეევსოთ, მაგრამ ქალიშვილს მდინარე ენისეი შეუყვარდა. ანგარამ შეყვარებულთან მამამისის წყლების გატანა დაიწყო. მამა გაბრაზდა და საკუთარ შვილს კლდის დიდი ლოდი ესროლა და დაწყევლა. ამ კლდეს, რომელიც მდინარე ანგარის სათავესთან მდებარეობს შამან-ქვა ეწოდება.

ლეგენდის მეორე ვარიანტში ბაიკალს ერთი შვილი ანგარა ჰყავდა, რომელსაც მდინარე ენისეი შეუყვარდა და მასთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. ბაიკალმა, რომ გაიგო განრისხდა და გადაწყვიტა გზის გადაღობვა, სათავეებთან შამან-ქვა გადააგდო, თუმცა ანგარამ სვლის გაგრძელება მაინც შეძლო. მაშინ ბაიკალმა მის დასაჭერად ირკუტი (ანგარას მარცხენა შენაკადი) გაუშვა, რომელმაც შეიბრალა ანგარა და გზიდან გადაუხვია. ანგარა ენისეის შეხვდა და გზა მასთან ერთად განაგრძო.

ბაიკალის ტბაში გვხვდება 54 სახეობის თევზი. ამათგან 27 სახეობა მხოლოდ ამ ტბისთვის არის ნიშანდობლივი. ბევრია ღორჯო. სამრეწველო მნიშვნელობისაა ომული, კაპოეტი და სიგი. აქაური თართი სიგრძით 180 სმ, წონით 100-120 კგ აღწევს. ენდემებს შორის აღსანიშნავია ცოცხლადმშობი გოლომინკა. იგი 1000 მეტრ სიღრმეზე ცურავს და მხოლოდ ღამით ამოდის 50–100 მეტრის სიღრმეზე. თევზი მოთეთრო – მოვარდისფრო ფერისაა და ისეთი ცხიმიანია, რომ ზაფხულში ტალღების მიერ სანაპიროზე ამოგდებული მზეზე დნება და მიწაზე ცხიმის ლაქას ტოვებს.

baik4

1996 წელს იუნესკომ ბაიკალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი. 2007 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ბაიკალის რეგიონი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა.

კომენტარები

comments