შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბუხრის წინ საკითხავი წიგნებიდან: არდადეგები ნარნიაში

ახალი წელი მოდის, ნამდვილ თუ წარმოსახვით ბუხართან ჩამოჯდომისა და შეშის ტკაცუნივით მყუდრო ამბების კითხვის დრო. ბუხრის წინ საკითხავ წიგნებს რა დალევს. ბევრზე აქამდეც დამიწერია, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ თოვლის ქურქში გახვეულ კარადისმიღმეთზე ჯერ არ მისაუბრია.

ნარნია წლების წინ მეგობარმა აღმომაჩენინა. კ. ს. ლუისის „ქრონიკები“ პირველი სქელტანიანი წიგნი იყო, რომელიც უცხო ენაზე წავიკითხე. ალბათ გაიფიქრებთ, ეგ რა აღნიშვნის ღირსიაო, მაგრამ მაშინ, განმარტებითი ლექსიკონით ხელში ასლანის თვალუწვდენელ სამფლობელოში მოხეტიალეს, ეს წიგნიც და ჩემი ცამდე გაზრდილი მოტივაციაც დიდ რამედ მეჩვენებოდა.

წ1

წიგნის გარშემო ატეხილი აურზაურითა და რამდენიმე შთამბეჭდავი ეკრანიზაციით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება, „ნარნიის ქრონიკების“ ავტორი იღბლიან მწერლად მივიჩნიოთ. ლუისის წიგნი დამსახურებულად დაამშვენებდა ოცდამეერთე საუკუნის ბესტსელერების სიას, თუმცა ფაქტია, რომ „ქრონიკებზე“ მუშაობა მწერალმა თითქმის საუკუნის წინ – 1939 წელს დაიწყო. იმ დროს ინგლისი ფაშისტური გერმანიის თავდასხმების მოგერიებას ცდილობდა. მეორე მსოფლიო ომის კადრებს ლუისის წიგნი სარკესავით ირეკლავს, თუმცა მწერალი ცდილობს, წიგნში მაინც შეალამაზოს შემზარავი რეალობა, სადაც უსამართლობა და განუკითხაობა მძვინვარებს.

ლუისმა წიგნი ექვსი წლის ლუსის მიუძღვნა, მთავარ გმირსაც მისი სახელი დაარქვა. ალბათ, იმისთვის, რომ ბავშვი ამ გზით მაინც გაერიდებინა გარემოსთვის, სადაც მცირეწლოვნებსაც კი არავინ ინდობდა. ჩემი აზრით, წიგნის ერთ–ერთი დანიშნულებაც ესაა – მისი წაკითხვის შემდეგ პატარებმა სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვება უნდა დაიჯერონ.

აქ თეთრი ჯადოქრის მიერ დამონებულ არსებებს გადარჩენის იმედს ვერ წაართმევ, რადგან ასლანი ყოველთვის მაშინ ბრუნდება მათთან, როცა ბოროტების დამარცხების დრო მოდის. მოლაპარაკე ლომის სხეულში ჩაბუდებული სინათლე საოცარ სითბოსა და სიმშვიდეს ასხივებს. შეუძლებელია, ვერ შეამჩნიოთ, რომ ასლანი ძალიან ჰგავს იესოს. ის ქცევითა თუ მეტყველებით სიკეთეს თესავს ნარნიელებში, „ადამისა და ევას შვილები“ კი, რომლებიც წიგნის ადრესატის წყალობით ხვდებიან ასწლოვან ზამთარში, მოციქულებს მოგვაგონებენ.

თუ „ნარნიის ქრონიკების“ რიგრიგობით დაგემოვნებას გადაწყვეტთ, ჯერ „ჯადოქრის დისწული“ უნდა წაიკითხოთ. ლუისის სამშობლოში კი ჯერ „ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“ (1950) დაიბეჭდა, მერე კი – „პრინცი კასპიანი“ (1951), „განთიადის დამპყრობლის მოგზაურობა“ (1952), „ვერცხლის სავარძელი“ (1953), „ცხენი და მისი ბიჭუნა“ (1954), „ჯადოქრის დისწული“ (1955) და „უკანასკნელი ბრძოლა“ (1956).

„ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“ მ. ენდეს „დაუსრულებელ ამბავს“ მაგონებს – ლუსი და მისი და–ძმებიც ხომ ისევე შედიან შუაგულ ამბავში, როგორც ბასტიანი და წიგნის სრულიად განსხვავებულ ვერსიას წერენ. შესაძლოა, ამიტომაც მომწონს ყველაზე მეტად „ნარნიის ქრონიკების“ ეს ნაწილი. ისე მომაჯადოვა მასში ჩამწყვდეულმა მაგიამ, რომ ჩვეულებისამებრ ტექსტის გაანალიზება არც მიცდია. არადა, სულაც არ მიყვარს ომის თემატიკით გაჟღენთილი წიგნები. აქ კი საჰაერო თავდასხმებს გარიდებულ და–ძმას მიყრუებულ სოფლამდეც გავყევი და ჯადოსნური კარადის კარიც ლუსისთან ერთად შევაღე.

წ2

მიყრუებული სოფლის უზარმაზარი სახლი სწორად რომ შესაფერისი ადგილია ბავშვური წარმოსახვისთვის ფრთების შესასხმელად. შენობა იმხელაა, რომ შინიდან გაუსვლელადაც შეიძლება, შუაგულ თავგადასავალში ამოყო თავი. ასეც ხდება, ბავშვები ფაქტობრივად შინიდან გაუსვლელად ხვდებიან უცნობ ქვეყანაში, სადაც ხეებიც კი ლაპარაკობენ. წიგნის თითოეულ პერსონაჟზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას: მისტერ ტუმნუსზე, რომელიც თითქმის უცნობი არსებისთვის საშინელ სასჯელსაც არ ერიდება, თახვების წყვილზე, რომლებიც გათოშილ სტუმრებს თბილი წვნიანითა და მომავლის იმედით ხვდებიან… ნარნიის მომავალს კი მწერალი რატომღაც ოთხ „გადამთიელ“ მოზარდში თავმოყრილ ბავშვურ მაქსიმალიზმს, სიჯიუტეს, წინდაუხედაობას, სიხარბესა და სიმამაცეს ანდობს.

ჩემი აზრით, თვისებები, რომლებიც მწერალმა და–ძმა პევენსებს „დაანათლა“, შემთხვევითი არ უნდა იყოს. მცირე ასაკში ადამიანებს უჭირთ სიკეთესა და ბოროტებას, სითბოსა და სიცივეს, სიყვარულსა და სიძულვილს შორის საზღვრის გავლება და ხშირად ვარდებიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში. მწერალი ცდილობს, ედვარდის მაგალითზეც კი დაგვანახოს, რომ იმ პიროვნებად, რომელსაც მოცემულ მომენტში წარმოადგენს, ადამიანს საკუთარი არჩევანი აქცევს.

ორიოდე სიტყვას წიგნის გემოზეც ვიტყვი. ყველა წიგნს, განსაკუთრებით – საბავშვოებს, გამორჩეული გემო აქვს. პეპის მაჭკატებს პატარა მკითხველთა უმეტესობა ყველაზე მადის აღმძვრელ კერძად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უცნაურსახელიანი საჭმელი შეიძლება არც კი გაესინჯოს. ასეთივე მდგომარეობაა კარლსონის შემწვარ გუფთებსა და მურაბებთან, რომლებსაც სახლში არცთუ დიდი ენთუზიაზმით მიირთმევენ. ნარნიას ცხელი შოკოლადისა და რახათ–ლუქუმის სურნელი ასდის, შეცდომისა და მონანიების მოტკბო–მომწარო გემო დაჰკრავს.

„ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“ შესანიშნავად ერგება ზამთრის განწყობას. ამიტომ ბავშვებს ყოველთვის სიამოვნებით ვურჩევ, ზამთრის არდადეგები ნარნიის ჯადოსნურ ატმოსფეროში გაატარონ.

„ნარნიის ქრონიკების“ მსგავს წიგნებს კიდევ ერთი ღირსება აქვს – მათი წაკითხვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მით უმეტეს, რაც უფრო იზრდები, მით უფრო ძნელდება მყუდროების მოხელთება და მაგიური რეალიზმიც უფრო მეტად გიზიდავს. ალბათ ერთ მკითხველსაც ვერ ვიპოვით, რომელსაც ერთხელ მაინც არ გადმოელაგებინოს თაროდან ბავშვობისსუნიანი წიგნები ცხოვრების მეტ–ნაკლებად უდარდელი ხანის გასახსენებლად, მეტიც – თავის გადასარჩენად.

ოდესღაც ძვირფასი, მაგრამ მივიწყებული წიგნი სასწაულის არსებობასაც დაგაჯერებს. მისი წაკითხვის შემდეგ ყველა კარი თუ კარადა ჯადოსნური ხდება. ნუთუ ერთხელ მაინც არ შემძვრალხართ ტანსაცმლის კარადაში იმის იმედით, რომ იქიდან ზამთრის ტყის ცივი ჰაერი დაუბერავდა?! მეც კი გავბრიყვდი და საკმაოდ მოწიფულ ასაკში გადავამოწმე ჩემი გარდერობის არაჯადოსნური საზღვრები. თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დიდი იმედგაცრუება მელოდა.

თუ პიტერ პენი ჯადოსნურ სამყაროში გაზრდის შიშს გაჰქცევია (რისი ანალოგიც რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება), „ლუისის ბავშვები“, პირიქით, სწრაფად გაზრდაზე ოცნებობენ და ნარნიაში მოხვედრის წყალობით მათ რამდენჯერმე ეძლევათ ამ გულუბრყვილო ოცნების ახდენის საშუალება. მწერალს თავისი პერსონაჟები „დიდური“ თვისებებით შეუმკია. კეთილშობილ პიტერს და მამაც ედმუნდს არაფრით ჩამოუვარდებიან თანაგრძნობითა და ერთგულებით სახელგანთქმული დედოფლები – სიუზენი და ლუსი.

რეალურ სამყაროშიც ასეა. ბავშვებს ერთი სული აქვთ, სანამ ტანს აიყრიან და ხმას აიმაღლებენ, გამუდმებით გეწინააღმდეგებიან და ნელ–ნელა აგემოვნებენ დამოუკიდებლობას. პარადოქსია, რომ ცხოვრების საუკეთესო პერიოდში ადამიანი ყველაზე რუტინულ ასაკზე ოცნებობს, მერე კი, როცა ზრდასრულობის ნაოცნებარ საზღვრებს მიაღწევს, ნელ–ნელა იწყებს ბავშობის დროინდელი შეგრძნებების დასაბრუნებლად ბრძოლას, იმ სამყაროს კარზე კაკუნს, რომლიდანაც ოდესღაც თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა. თუმცა უკვე გვიანია… ჯადოსნური სამყაროს კარი მხოლოდ ბავშვებისთვის იღება. აქეთ მომავალ გზას დიდები ვეღარ აგნებენ, რადგან ნარნიული გაზაფხულის მოყვანა მხოლოდ სუფთა გულსა და მოუთოკავ ფანტაზიას შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი