სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

დაბადება

დაბადება ალბათ ყველაზე მაგიური სიტყვაა ჩვენს მრავალრიცხოვან ლექსიკონში. მაგიურია როგორც თვით პროცესი, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, ისე ამ პროცესის შედეგიც. ძველი აღთქმაც ამ სიტყვით იწყება. ის რაღაც ახლის, მანამდე არარსებულის შექმნას ნიშნავს. და კიდევ – მოკვდავის მარადიულ ოცნებასთან, უკვდავებასთან, თითქმის მიახლებას. თუმცა სამყაროში ბალანსის დარღვევა არ შეიძლება – რამდენიც დაიბადება, იმდენივე სიკვდილის მომსწრე გახდება სამყაროს განმგებელი.

მარადიული არაფერია ამქვეყნად, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც დღეს არის, ოდესმე აღარ იქნება, მაგრამ მის ადგილს სხვა დაიკავებს და სამყაროს ამით არაფერი დააკლდება.

ოდესღაც დაბადებულა ყველაფერი, რასაც ჩვენი თვალი ხედავს თუ ცნობიერება სწვდება. და რაკი ვიცით, რომ ეს ყველაფერი წარმავალია, ძალ–ღონეს არ ვზოგავთ ახლის შექმნისთვის, დაბადებისთვის. თუმცა ასე ნანატრი დაბადება ტანჯვის გარეშე არასოდეს ეძლევა სამყაროს. ესეც საყოველთაო კანონია. ჩვენს დაბადებას დედის ტანჯვა უძღვის წინ. თუ უფრო შორეული წარსულისკენ გავიხედავთ, ადვილად წარმოვიდგენთ, როგორ ტკივილებს განიცდიდა დედა-დედამიწა მთების დაბადებისას, რაოდენი ძალისხმევა, გრგვინვა და კვნესა დასჭირდებოდა, რომ მისი წიაღიდან ეს ბუმბერაზები ამოზრდილიყვნენ, რომ მათ მწვერვალებს ეხილათ მზის სინათლე. ზღვები და ოკეანეებიც ტანჯვითა და ვაებით იშვნენ – მყინვართა მრავალსაუკუნოვანი ცრემლთა დენით მოევლინნენ ამა სოფელს. ყოველ მცენარეს, გიგანტური ბაობაბი იქნება, თუ ერთი ციცქნა ია, სანამ დღის სინათლეს იხილავდეს, უდიდესი ძალისხმევა სჭირდება ნიადაგის ამოსამტვრევად და მიწიდან თავის ამოსაყოფად.

ტანჯვით დაბადებულან სოფლები, ქალაქები და ქვეყნებიც. უამრავი ოფლი და სისხლია დაღვრილი მათი გაჩენისას. დაბადებულა არაერთი ლექსი, რომანი, სიმღერა თუ ტილო… თუ ისტორიის მიერ მიყრილი ფერფლის სქელ ფენას გადავფხეკთ, დავინახავთ, რაოდენი სევდა და ნაღველია თითოეულ მათგანში. სევდა და ნაღველი, რომელსაც მათი ავტორი დაატარებდა და ბოლოს ისევე ამოტყორცნა სამზეოზე, როგორც დედამიწა ისვრის ხოლმე ვულკანურ მაგმას…

იბადებიან ქიმიური მოლეკულებიც. იბადებიან კოსმოსში, პლანეტების წიაღში, სულიერ თუ უსულო არსებებში, კოლბებსა და სინჯარებში.

დროგამოშვებით იბადებიან ქიმიური ელემენტებიც. ელემენტები, რომელთა დაბადებასაც აღარ ველოდით. სულ ახლახან პერიოდულობის სისტემას კიდევ ოთხი ელემენტი შეემატა.

ყოველ დაბადებას ნათლობა მოსდევს. ელემენტისთვის სახელის დარქმევის უფლება აღმომჩენს აქვს, თუმცა „დაბადების მოწმობაში“ მის ჩაწერამდე რამდენიმეთვიანი პროცედურაა გასავლელი და საერთო შეთანხმება მისაღები.

ახალაღმოჩენილ ელემენტს, ტრადიციისამებრ, სახელს ანიჭებენ: მითოლოგიური კონცეფციის ან ხასიათის (ასტრონომიული ობიექტების ჩათვლით), მინერალების ან მსგავსი მასალების, ადგილისა და გეოგრაფიული რეგიონის, ელემენტის თვისების ან მეცნიერის სახელის მიხედვით.

ახალი ელემენტების დაბოლოებაც საზოგადოდ დადგენილი წესით განისაზღვრება: „-ium“ სუფიქსით ბოლოვდება 1-16 ჯგუფის ელემენტები, მე-17 ჯგუფისთვის განკუთვნილია „-ine“, ხოლო მე-18–სთვის – „-on“ დაბოლოება. ელემენტების სახელდება ინგლისურად ხდება და სხვა ენებში შესაბამისად გადადის.

ახალი ელემენტების აღმომჩენთა მიერ შემოთავაზებული სიმბოლოები და სახელწოდებები IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილებამ მიიღო და საჯარო განხილვაზე გამოიტანა, 2016 წლის 8 ნოემბერს კი მათ უკვე ოფიციალურად ეწოდა ეს სახელები.

113-ე ელემენტს, რომელიც აღმოჩენილი იქნა იაპონიაში, RIKEN ნიშინას ცენტრში, ეწოდა ნიჰონიუმი (nihonium). მისი ქიმიური სიმბოლოა Nh. „ნიჰონი“ იაპონიის ერთ-ერთი იაპონური დასახელებაა, რომელიც სიტყვასიტყვით „ამომავალი მზის ქვეყანას (მიწას)“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ნიჰონიუმი პირველი სინთეზური ელემენტია, რომელიც აზიის კონტინეტზე იქნა მიღებული.

115-ე ელემენტს დაერქვა მოსკოვიუმი (სიმბოლო – Mc), ხოლო 117-ეს – ტენესინი (სიმბოლო – Ts). ორივე ელემენტი სინთეზირებულ იქნა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების (Nuclear Research, Dubna (Russia), Oak Ridge National Laboratory (USA), Vanderbilt University (USA) and Lawrence Livermore National Laboratory (USA)) ერთობლივი კვლევითი ინსტიტუტის მიერ.

118-ე ელემენტს სახელი ეწოდა დარგის ერთ–ერთი პიონერის, პროფესორ ოლეგ ოგანესიანის პატივსაცემად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვნის სუპერმძიმე ელემენტების აღმოჩენაში.

ყოველ დაბადებას დიდი შვება და სიხარული მოაქვს, რადგან დაბადება ტანჯვის დასასრულსაც ნიშნავს. ამ უკიდეგანო სამყაროში უამრავი რამ დაბადებულა. მომავალშიც ბევრი დაიბადება. მაგრამ ყველაზე დიდი და მშვენიერი, თუკი რამ გაუჩენია არსთა გამრიგეს, იმედია. ყოველ ახალდაბადებულ მოლეკულასა თუ ელემენტს ისეთივე იმედის თვალით შევცქერით, როგორითაც ახალშობილ ჩვილს – ვინ იცის, ვინ გაიზრდება, რა დადგება მისგან…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი