პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შემეცნებითი უნარების განვითარება – ნეგატიური დემონსტრატიულობა, ვერბალიზმი

(ნაწილი მესამე)

პირობითად ანტონი ნიჭიერი ბავშვია, დიდ ოჯახში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მხოლოდ მამიდა იცლის. თავისუფალ დროს ასწავლის ლექსებს, ზღაპრებს,  4 წლიდან  ერთად კითხულობენ. მამიდა პროფესიით ინჟინერია. უხარია, რომ მისი უმცროსი ძმის შვილი ახლად წაკითხულ ლექსს, ზღაპარსა თუ მოთხრობას იოლად ითვისებს და ნოდარ დუმბაძის ყველა საბავშვო ლექსი ზეპირად იცის. სკოლაში ანტონი სწრაფად ანგარიშობს, გაწაფულად კითხულობს და სხვებისგანაც იმავეს ითხოვს. აღიზიანებს თანაკლასელთა შენელებული კითხვის ტემპი და ნელი აზროვნება. ურჩევნია, მუდამ დაასწროს სხვას, არ დააცადოს, ჩაერიოს და თუ ვინმე შენიშვნას მისცემს, ხამამღლა და ზოგჯერ უხეშადაც გააპროტესტოს.  7 წლის ანტონი ეზოში თამაშისას ხმამაღლა ჰყვება ლექსებს, უფროსი მეზობლის თხოვნის მიუხედავად, არ ჩუმდება. პატარა ლუკას ძილი მას სულაც არ ანაღვლებს.

ბევრი მშობელი და პედაგოგი თვლის, რომ მეტყველება ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ მიმართავენ დიდ ძალისხმევას მეტყველების, აბსტარქტული თუ პრაქტიკული აზროვნების განვითარებისათვის. ასწავლიან ლექსებს, ზღაპრებს, გამოცანებს, ანგარიშს… „მოსხმარტალე“, „მოჭიკჭიკე“ მოზარდი ხშირად ოჯახის სიამაყეა. სკოლაში მისვლისთანავე მასწავლებელიც ინფორმირებულია, რომ მან „თითქმის ყველაფერი ზეპირად იცის და ძალიან ნიჭიერია“. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია ურთიერთობა ამგვარ მოსწავლეებთან. მათ აქვს ყურადღების მაღალი მოთხოვნილება და  არა ცუდი სწავლის, არამედ ცუდი ქცევის გამო სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ისინი არღვევენ დისციპლინას საკლასო ოთახსა  თუ შესვენებაზე და გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობას ნებისმიერი ფორმით ცდილობენ.

 ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ასეთ ბავშვებს მშობლების მხრიდან  სიყვარული, მოფერება, გაგება ან მიღება აკლდეთ. თუმცა მათთან ურთიერთობისას ნებისმიერი ემოციური გამოვლინება – როგორც დადებითი (შექება, თბილი სიტყვა), ასევე უარყოფითი (ყვირილი, შენიშვნა) – ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის განმამტკიცებლად ფასდება და სჯობს, რომ მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების განვითარების მაღალი დონე, თუმცა აზროვნების განვითარება შეფერხებული აქვთ.

ნეგატიური დემონსტრატიულობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ბოდოკია კლასს გამოკითხვამდე მათ საგანგებო დავალებას ურჩევს. კერძოდ, ტექსტებს ცალკეულ ეპიზოდებად ჰყოფს და ასათაურებინებს, მათზე კითხვების მოაფიქრებინებს ან ტესტს შეადგენინებს-ხოლმე. ეს, მისი თქმით, ამართლებს და ყოველთვის სასურველი შედეგის მომტანია. ამგვარი ბავშვები დაფასთან ან რვეულში მითითებულ დავალებას ასრულებენ, შემეცნებით უნარებსაც ივითარებენ და, ამავდროულად, მასწავლებელს საგაკვეთილო აქტივობებში ხელს აღარ უშლიან.

დაწყებითი კლასების გამოცდილი პედაგოგები ხშირად მიმართავენ მხატვრული ტექსტების კითხვის მეთოდს. ისინი ისეთ მოთხრობებს არჩევენ, სადაც პერსონაჟები მსგავსი ქცევის ბავშვები არიან და პრობლემის გასაღებს თავადვე აღმოაჩენინებენ-ხოლმე. ამ მეთოდის გარდა, ერთ-ერთმა გამოცდილმა პედაგოგმა, რუსუდან ცაგარეიშვილმა მსგავს ბავშვებთან ურთიერთობის შემდეგი პედაგოგიური ხერხი შემოგვთავაზა: მისი თქმით, ოდესღაც ყველა ბავშვი უშვებს შეცდომას. იგი ჯგუფური დავალების შერჩევისას მოსწავლეთა სუსტ და ძლიერ მხარეებს ითვალისწინებს. მასწავლებელი – მეწყვილე ან თანაგუნდელი, ნეგატიური დემონსტრაციული ქცევის ბავშვში მოსალოდნელ სისუსტეს აღმოაჩენს, მას მშვიდად გაააზრებინებს შეცდომას, აღნიშნავს, რომ ეს არაფერია, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ. მაგრამ თუკი მსგავსი ხერხის გამოყენებას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ძალიან ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. ნეგატიური დემონსტრატიულობის ბავშვები ხომ ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან და დამარცხებას იოლად ვერ ეგუებიან. აჯობებს, გარკვეული წერითი მითითებების გათვალისწინებით მათ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული ნახატის, მოთხრობის ან კომიქსის მოფიქრება შევთავაზოთ.

ვერბალიზმი

თანამედროვე ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ნიჭი ყოველთვის არ არის ერთი შეხედვით შესამჩნევი და ნიჭიერები არ არიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარი ტალანტის მკვეთრად გამოხატვა შეუძლიათ. ოდესღაც „ვუნდერკინდებად“ მონათლულ ბავშვებს დიდ მომავალს ამაოდ უწინასწარმეტყველებდნენ-ხოლმე. დიდი ადამიანების ბიოგრაფიები მოწმობს, რომ  ბავშვობაში ვუნდერკინდი ხშირად ჩვეულებრივ ადამიანად ყალიბდება. „ვუნდერკინდებად“ კი არცთუ იშვიათად თვლიან ვერბალისტებს – ადამიანებს, რომელთა შემთხვევაში იშვიათი გონებრივი გამოვლინებისა და ინტელექტუალური ნიჭის ნაცვლად განვითარების დარღვევასა და ჩამორჩენასთნ გვაქვს საქმე.

ვერბალიზმი ძირითადად, განისაზღვრება ტენდენციად, რომლის დროსაც გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობა და აზრი  უცნობია მოსაუბრისთვის. მხედველობის არმქონე ბავშვების შემთხვევაში დემონსტრატიულ ვერბალიზმად განიხილება მათ მიერ მხედველობის ტერმინების – ფერთა სახელწოდებების, მიმართულების ზმნიზედებისა და  ხედვის ზედსართავების გამოყენება [Rosel, Caballer, Jara, Oliver 2005]. სმენითი თუ მხედველობის დარღვევის არმქონე ბავშვებში კი ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი ბევრს და სწრაფად ლაპარაკობს, მაგრამ პირამიდასაც ვერ ააგებს. ვერბალიზმი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და განპირობებულია შემეცნებითი პროცესების განვითარების თავისებურებებით. დიდებივით სერიოზულად საუბარი, გამართული მეტყველება, უფროსების შეკითხვაზე გამოკვეთილი პასუხები, ბავშვის მაღალი თვითშეფასება – ზრდასრულთა მხრიდან არ უნდა შეფასდეს, როგორც განვითარების მაღალი მაჩვენებელი, რადგან სკოლაში სწავლის დროს აღმოჩნდება, რომ ბავშვს უჭირს ამოცანის ამოხსნა, დავალებები, რომლებიც საჭიროებენ ხატოვან აზროვნებას, იწვევს სირთულეებს, არ ესმის პრობლემის ნამდვილი მიზეზი. მშობლები ადანაშაულებენ პედაგოგს ან ბავშვს აიძულებენ, მეტი იმეცადინოს. ეს კი იწვევს ბავშვებში შფოთვის მომატებას, დაურწმუნებლობას საკუთარ ძალებში, არასრულფასოვნების გრძნობას და ა. შ.

როგორ დავეხმაროთ?

საკლასო კაბინეტებსა თუ რესურსოთახებში მეტი ყურადღება მივაქციოთ ხატოვანი და ცნებით-ლოგიკური აზროვნების განვითარებას. შევთავაზოთ, ერთიანი აკუსტიკური ან ვიზუალური ხატის ცნებებად დანაწევრება და გააზრება, ცნებებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. მაგ., ლექსებში ყურადღება გავამახვილოთ არა ტექსტის დასწავლაზე, არამედ მასში არსებული ცნებების მნიშვნელობებისა და პრობლემის არსის გააზრებაზე. რას მოგაგონებთ ერთი ცნება? რით განსხვავდება მეორისაგან? როგორია იგი? რისთვის ვიყენებთ? როგორ დავხატოთ? როგორ ავაგოთ? როგორ გავითამაშოთ?.. რატომ ჩნდება პრობლემა? რას და როგორ ვაკეთებთ მის გადასჭრელად?..

ამგვარი შეკითხვების მოფიქრება პედაგოგებს ნებისმიერ საგანსა თუ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე თავადაც ხელეწიფებათ. მთავარია, აქცენტები ცნებით-ლოგიკურ აზროვნებაზე გაკეთდეს და არა მხოლოდ დასწავლა-დაზეპირებაზე, რაც კლასში ნამდვილად შეგვიმცირებს დემოსტრატიული ვერბალისტების რიცხვს და მათ სხვა, აზროვნების სივრცეში გადაყვანაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. ეს კი სავსებით შესაძლებელია. თუკი არ დავიზარებთ, ამგვარ მოსწავლეს აზროვნების დაბალი სააზროვნო უნარების (ცოდნა, გაგება, გამოყენება) განვითარებაშიც დავეხმარებით და  ანალიზის, სინთეზის, შეფასებისა და შექმნის უფრო მაღალ სააზროვნო საფეხურზე ასვლასაც შევაძლებინებთ.

თუ ბავშვს ენციკლოპედიების კითხვა ზღაპრების ან მოთხრობების კითხვაზე მეტად უყვარს, იგი „ერუდიტის“ უნარ-ჩვევებს ფლობს, ფიქრი კი ნაკლებად იცის, აუცილებლად უნდა ვიკითხოთ მასთან ერთად ზღაპრები და ყურადღება ცნებების მნიშვნელობებზე, ეთნოსურ თუ სხვა ტიპის სიმბოლოებზე გავამახვილოთ. ჩვენ ხომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ მოწაფეებში „მძინარე ვარსკვლავები“ გამოვაღვიძოთ და მათი ნიჭი საჭიროების მიხედვით წარვმართოთ. რაკი მიჩნეულია, რომ „უნიჭობა – თითქმის ყოველთვის – აღზრდის უიღბლობაა“ და ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი უნარების განვითარება საშუალოზე მაღალ დონემდე ყოველთვის შეიძლება,  ამიტომ არ უნდა მოვეშვათ და ყოველნაირად შევეცადოთ ბავშვებში ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. ყოველ ჯერზე ოდნავ უფრო რთული ამოცანის – არა ძალიან ძნელის ან მოსაწყენის – შეთავაზებით შევქმნათ მდიდარი და მრავალფეროვანი გარემო, სადაც აქტიურ, ცნობისმოყვარე, მჩხრეკელი ბუნების ადამიანებს განვავითარებთ და შევქმნით.

ვერბალისტებთან მუშაობა ფსიქო-ფიზიკური ინფანტილიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობაზე ბევრად მარტივია, რადგან ეს უკანასკნელი ისეთი ფსიქიკური განვითარების შეფერხებაა, რომ სკოლის მოსწავლისათვის დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტერესები და მოთხოვნილებები. მისთვის არ არის ღირებული სკოლის მოთხოვნები. სწავლაში მათი წარმატებები აღელვებთ მხოლოდ მათ პედაგოგებსა და მშობლებს, თავად კი  ჩამოყალიბებული არ აქვთ სწავლის მოტივაცია. ამიტომ მათთან, სიზარმაცის, დაქვეითებული შემეცნებითი ინტერესების („არ გავაკეთებ იმიტომ, რომ მაინც არ გამომივა“, „მე არ შემიძლია“), შენელებული ტემპერამენტის კეთილსინდისიერ, მაგრამ დინჯ, ასევე დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას შფოთვის და ქცევის დეზორგანიზაციის,  საკუთარ ცოდნაში დაურწმუნებლობის, სასწავლო საქმიანობის თავის არიდებისგან თავდასაცავად, ასევე სხვა ტიპის სირთულეების დასაძლევად საჭიროა საგნისა თუ სპეცპედაგოგების, მშობლებისა და ფსიქოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა.

სტატიის დასაწყისში ანტონის შესახებ ვყვებოდი. იგი 9 წლისა იყო, როცა მამიდა სოფელში გათხოვდა. ანტონი ახლა 20 წლისაა და ერთ-ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში   ჯგუფური დანაშაულისთვის იხდის სასჯელს – ერთიოდე წლის წინ მეგობრებთან ერთად ღამით მაღაზიაში შეიჭრა, შოკოლადები, მზესუმზირა, სიგარეტები და ერთი ბოთლი სასმელი გაიტაცა. არადა, ბავშვობაში სულ სხვა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მან ხომ ზეპირად უამრავი რამ იცოდა.

სასარგებლო რესურსები:

  1. Jesús Rosel, Antonio Caballer, Pilar Jara, and Juan Carlos Oliver, – Verbalism in the Narrative Language of Children Who Are Blind and Sighted. Language, 99, Numb. 7. July 2005.
  2. მანანა მელიქიშვილი, ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები, თბ., 2013.
  3. https://www.ipress.ge/new/50344-jejelava-dazepireba-tvins-avitarebso-amis-avtors-etyoba-tvini-monolituri-raghac-hgonia
  4. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ692448.pdf
  5. https://www.cyberspaces.net/6traits/sense.html
  6. https://lady.mcvane.ge/main/rchevebi/rchevebi-dedebistvis/19280-bbbbb-bbbbbbyebbb-bbbbebbb-bbbb.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი