ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა, ასთავიანი დევი და ,,ხულიგანი“ პრობლემები

დიდი ხანია მინდა ამ თემაზე რაიმეს დაწერა. მოსწავლეობის დროს მოთხრობად ჩავიფიქრე, მაგრამ გაილექსა. მერე ის ლექსიც დავივიწყე. დიდი ხნის შემდეგ კი ისევ მოვხვდი ასთავიანი დევის სამყაროში – ბავშვობაში, სადაც ,,ხელიხელნაგოგმანები“  პრობლემები, დევის ხელახლა ამოზრდილი თავების მსგავსად, ისევ იქ დამხვდა, სადაც დავტოვე.

ძალადობის თემაზე ძალიან ხშირად წერენ, თუმცა მასთან ბრძოლის კვალს იშვიათად თუ გადავაწყდებით სადმე. მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც – სოციოლოგი, ახალს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ ცოტა ხნით თანამედროვე სკოლის სარკეში ჩაგახედებთ, რომ ბულინგის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის მიერ დაგროვილ გამოცდილებას კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

ხანდახან გაოცდები, იმდენად დაუნდობელი შეიძლება გახდეს  პატარა ადამიანი, რომელიც ორი წამის წინ დედამიწის უსაყვარლეს არსებად წარმოგედგინა. ემოციური არასტაბილურობა, ზღვარს გადასული მღელვარება, ზედმეტად მაღალი ან პირიქით, დაბალი თვითშეფასება და საზოგადოებიდან გარიყვის, საკუთარი ადგილის გარეშე დარჩენის შიში ხშირად აქცევს მოზარდს მოძალადედ ან  მსხვერპლად.

როგორც ვიცით, სამეცნიერო  ლიტერატურაში  სასტიკი  მოპყრობის  აღსანიშნავ ტერმინად  ბულინგს  იყენებენ  (ინგ. Bully – ხულიგანი, მოძალადე). დაშინებას, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დევნას ხშირად მეორე ადამიანში  შიშისა და მორჩილების გამოწვევა აქვს მიზნად. როგორც წესი, ამგვარი ნეგატიური ქცევა რეგულარულად მეორდება, იგი წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული აქტივობაა.

პირველად ბულინგის თემით სკანდინავიელი მეცნიერები დაინტერესდნენ, საგანმანათლებლო დაწესებულებები კი სოციალიზაციის საკითხს  ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.  ამასობაში სასკოლო ბულინგი იმდენად გაძლიერდა, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაძლევ პრობლემად ითვლება.

თავდაპირველად ბულინგი განიხილებოდა ერთი ინდივიდის მიმართ წარმართული  ძალადობის აღმნიშვნელ ტერმინად, ხოლო მობინგს მოძალადეთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ აგრესიულ აქტს უწოდებდნენ. ორივე ტერმინი საერთო იდეას ემსახურება და ასახავს სოციალურ აგრესიას, რის შედეგადაც ლიდერის სტატუსით შემკული ინდივიდი (ან ჯგუფი) განზრახ დევნის მეორე ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს.

სკოლა შემთხვევით არ წარმოადგენს ერთგვარ სასტარტო ზოლს.  გზა როლური თამაშებიდან  როლურ ურთიერთობებამდე სწორედ სკოლაზე გადის.  სოციალური როლებიდან ყველაზე გავრცელებული პერსონაჟების – ლიდერისა და, ე.წ. ლუზერის დაპირისპირება ხშირად მსხვერპლს ბავშვობის ხანას ჯოჯოხეთად უქცევს. დაცინვის საგნად კი უამრავი რამ შეიძლება იქცეს:  განსხვავებული ეროვნება, რწმენა, სქესი, კანის ფერი, ძველმოდური სამოსი, სიმსუქნე,  გამონაყარი,  ცუდი მხედველობა, საზოგადოების მიერ ათვალწუნებული მეგობარი და სხვ. მსხვერპლად ქცეული ბავშვების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისევ და ისევ განსხვავებულობაა.

არსებობს ჩაგვრის სხვადასხვა  მეთოდი. ფიზიკური ბულინგი გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმას,  ემოციური კი – სიტყვიერ შეურაცხყოფას. არასწორი ინფორმაციის,  ჭორის გავრცელება არაპირდაპირი ჩაგვრის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს და მას ყველაზე ხშირად ნეგატიური ენერგიით დამუხტული, გაუბედავი ადამიანები მიმართავენ.

დღეისათვის ჩაგვრის ყველაზე გავრცელებულ ფორმად კიბერბულინგი მიიჩნევა. ეს ტერმინი ტექსტური გზავნილების, სურათების, ბლოგებისა და სოციალური ქსელის საშუალებით ადამიანის დევნას, შევიწროვებას გულისხმობს. ჩაგვრის მოტივატორად უამრავი ფაქტორი სახელდება, მათგან ყველაზე გავრცელებული კი კონკურენცია, შურისძიება და დომინირებისკენ მიდრეკილებაა.

მამრობითი სქესის წარმომადგენლები ბულინგის იარაღად უმეტესად ფიზიკურ ზეწოლას იყენებენ, გოგონები კი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად იკავეფავენ გზას ლიდერობისკენ. ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოძალადის ნიღბის უკან უმეტესად დაბალი თვითშეფასების,  ემოციურად  გაუწონასწორებელი ინდივიდი დგას, დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ცხადი გახდა, რომ აგრესორთა უმეტესობა საკუთარ ძალებში მყარად დარწმუნებული, ფიზიკურად ძლიერი, მშვიდი და გულგრილი ინდივიდია.

მოძალადისა და მსხვერპლის ამოცნობა ძალიან ადვილია. „ხულიგნებს“ ახასიათებთ გარკვეული მაგნეტიზმი, იმპულსურობა,  ეპატაჟური ქცევა, ასაკობრივი სხვაობის უგულებელყოფა (უფროსებსაც ისევე აგდებულად შეუძლიათ მოექცნენ, როგორც თანატოლებს). ხშირად მათი თავხედური ქცევა სითამამის ნიღაბქვეშ უფროსების ხელშეწყობითვე იმალება. მსხვერპლის როლში კი უმეტესად მორიდებული, დაბალი თვითშეფასების, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ფიზიკურად სუსტი ადამიანები გვევლინებიან. დეპრესიული, სუიციდისადმი მიდრეკილი მოზარდები იშვიათად პოულობენ საერთოს თანატოლებთან და მეგობარს უფროსი ასაკის ადამიანებში ეძებენ.

მჩაგვრელ-ჩაგრულთა ამოცნობა ადვილად შეიძლება ამ თემაზე საუბრისას. მოძალადეს აუცილებლად „აეწვება კუდი“ და აგრესიის გამოყენებით შეეცდება მოსაუბრესთან დისტანციის დაცვას; დაჩაგრული კი ამ საუბარს ისე ჩაეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს  – დასახრჩობად განწირული ადამიანი.

მჩაგვრელი, დაუსჯელობის სინდრომის წყალობით, უმეტესად გზას კრიმინალური მომავლისკენ იკაფავს, მსხვერპლს კი დიდხანს უხდება ფსიქიკური იარების მოშუშება. ასევე ზიანდება იმ ინდივიდების ემოციური ფონი, ვინც ჩაგვრის უშუალო მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დიდხანს მოუხდა შიშის ქვეშ („ოღონდ მე არა“) სირაქლემის პოზაში ყოფნა.

სამწუხაროდ, სასკოლო ბულინგთან ბრძოლა უმეტესად მხოლოდ პედაგოგებს უწევთ.  მოზარდები მათზეც ხშირად ახორცილებენ ძალადობას. შედეგად მასწავლებლების გარკვეული ნაწილი მსხვერპლის პოზიციაში აღმოჩნდება. უმეტეს შემთხვევაში რეაგირება ძალადობის შედეგებზე ხდება, ბულინგის პრევენციას კი საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვება და, რაც მთავარია, სპეციალისტის  ჩარევა სჭირდება. თუმცა მასწავლებელს მოსწავლეთა  დროულად გაფრთხილება და მათი საჭირო ინფორმაციით აღჭურვა შეუძლია.

მოზარდებთან  ბულინგზე საუბრისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი. თუ ბულინგის თემას საშუალო საფეხურზე განიხილავთ, „ტბის“  სარკეში ჩახედვას გირჩევთ. აღნიშნული ფილმი იმ თვალსაზრისითაც უნიკალურია, რომ მჩაგვრელსაც და მსხვერპლსაც  ერთი პერსონაჟის მაგალითზე წარმოგვიდგენს. საშუალო საფეხურზე ასევე შეგვიძლია კენ ლოუჩის ეკრანიზაციის გამოყენება („კესი“ 1969), სადაც  მარტოსული, მაგრამ ძლიერი ნებისყოფის მოზარდი ერთადერთ მეგობრად თავისივე გაწვრთნილ შავარდენს მიიჩნევს.

ყველაზე ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ფრთხილად მაინც დაწყებით საფეხურზე უნდა ვიყოთ, თუმცა მეოთხე კლასიდან  ანტიბულინგზე ორიენტირებული შეხვედრის მოწყობა სამომავლო საფრთხეების პრევენციას ნაწილობრივ მაინც შეუწყობს ხელს.

პირველ რიგში, მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე  ხუმრობისა და ჩაგვრის განმასხვავებელ ნიშნებზე ხაზგასმას გირჩევთ, რადგან ამ ასაკში ხშირად გადადის ზღვარს მოზარდებს შორის, ე.წ. ჭიდაობა თუ  იუმორი. შემდეგ ორიოდე სიტყვით ბულინგის სახეობებზეც შეგიძლიათ ესაუბროთ.  თემატური ფილმის (მაგალითად, ,,სუფთა დაფა“) ჩვენების შემდეგ, საჭირო ინფორმაციით შეიარაღებული მოსწავლეები ფილმში გამოკვეთილ ბულინგის ტიპებსაც დაასახელებენ და შესაძლოა, ჩაგვრის წარმომშობი მიზეზებიც აღმოაჩინონ.

 

ზემოაღნიშნული  ფილმი საკმაო მასალას იძლევა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩასატარებლად. აგრესორისა და მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებების დასახარისხებლად  T დიაგრამა გამოგადგებათ. დისკუსიის პროცესში ცხადი გახდება, რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა  მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ხედავენ თუ არა მსგავს საფრთხეს რეალურ გარემოში და რამდენად აღიქვამენ პრობლემად სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებულ სახეობას – სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ჩაგვრისგან  მთავარ დამცავ ბერკეტს ისეთი გარემოს შექმნა წარმოადგენს, რომელშიც ბულინგი ვერ განხორციელდება. ეს კი საკმაოდ რთულად შესასრულებელი და გლობალური საკითხია, რადგან გარემოს შეცვლას დიდი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი ესაჭიროება. გვრჩება ბავშვის სტრესისგან დაცვის პერსპექტივა, რომლის განხორციელება მხოლოდ ცალკეული ინდივიდების დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. თუ თქვენს საკლასო ოთახში ბულინგი მძვინვარებს, მოგიწევთ თითოეული სიტყვის, მზერისა თუ გადაჩურჩულების გაკონტროლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის ტერიტორიაზე „დიდ ძმად“ უნდა გადაიქცეთ.

ბულინგის მოსპობისკენ პირველ წინგადადგმულ ნაბიჯად პრობლემის აღიარება ითვლება. ყველამ, სკოლით დაწყებული და მოსწავლითა და მშობლით დამთავრებული, უნდა აღიაროს პრობლემის არსებობა და შეუდგეს მის შესწავლას. პრობლემის მასშტაბის, სიხშირისა და სიძლიერის, მსხვერპლის, მოძალადისა და მოწმეების სულიერი მდგომარეობის განსაზღვრის შემდეგ, ერთგვარი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაც მოგიწევთ, რადგან ორგანიზებული და ფესვგადმული ძალადობრივი აქტის დამარცხებას სპონტანური იდეებით ვერ შეძლებთ. სასურველია, გეგმის პირველ საფეხურს ნებისმიერი ტიპის ძალადობის აქტის მიუღებლობა წარმოადგენდეს. შემდეგ ნაბიჯად სახელდება მოსწავლეთა ურთიერთობებზე დაკვირვება და ბავშვებთან ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობა, რასაც სკოლის ფსიქოლოგი უნდა უზრუნველყოფდეს. დამრიგებელს კი, თავის მხრივ, ანტიბულინგის ერთგვარი პროპაგანდის წარმოება შეუძლია. სერიოზულად მოეკიდეთ თუნდაც უმნიშვნელო ჩაგვრის შემთხვევებს და ყოველთვის თანადგომა გამოუცხადეთ ძალადობის მსხვერპლს, რის შედეგადაც მოძალადეს  ხელშეუხებლობის შეგრძნება ნელ-ნელა გაუქრება. რაც მთავარია, ხშირად შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ პრობლემის გადაჭრა ძალადობის გვერდის ავლითაც შეიძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი