საკლასო ოთახებში სასწავლო შინაარსების მოხუფვა ჯერაც წამყვანი პრაქტიკაა.
სხედან მოსწავლეები ოთახებში, გადაშლილი აქვთ სახელმძღვანელოები და მიმდინარეობს გაკვეთილი, გაწერილი იმავე პრინციპითა და მეთოდოლოგიით, როგორც უწინ (უფრო ზუსტად? – 10, 30, 100 წლის წინ).
ზოგიერთს ჰბეზრდება.
ძალიან ჰბეზრდება და იწყებს „სამაშველო ოპერაციას“ – ცდილობს, როგორმე გაერთოს, დრო უფრო სწრაფად გაიყვანოს. თუ ეს დაუდგრომლობა „ხელს უშლის“ მასწავლებელს, ის იყენებს „აღმკვეთ ღონისძიებას“ და გასცემს ბრძანებას – ახლავე დატოვე საკლასო ოთახი. მოსწავლისთვის ეს შვებასავით ისმის – ის ტოვებს საკლასო ოთახს და დერეფანში ან სადმე, სკოლის ტერიტორიაზე გასანიავებლად მიეშურება.
ამ წერილში კლასის დატოვება შემეცნებით და პედაგოგიურ სამარჯვად მინდა, ვაქციო. გაგიზიარებთ ერთ მეთოდს, რომელსაც ხშირად მივმართავ, როცა მინდა განსხვავებული ფორმატის გაკვეთილი ჩავატარო (საშუალო საფეხურზე), როცა მინდა, გამოვხატო ნდობა მოსწავლეების მიმართ, დავეხმარო მათ თვითსწავლის უნარების განვითარებაში, სასკოლო რუტინული ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
თუ შინაარსების გადაცემასა და განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილ ლოზუნგებს ცოტა ხნით თავს დავანებებთ, შევყოვნდებით და თანამედროვეობის მოთხოვნებს, არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ, სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობასაც შევნიშნავთ.
სკოლა დღეს მოსაწყენ გეტოდ იქცა, მოსწავლეთა იძულებითი თავშეყრის ადგილად. ჰკითხეთ თქვენ ირგვლივ მოზარდებს, რას ფიქრობენ სკოლაზე, სკოლაში გატარებულ საათებზე, გაკვეთილების კალეიდოსკოპურ სისტემაზე, ცოდნასა და უნარებზე, რასაც იქიდან იღებენ. მათი მოსმენა მნიშვნელოვანია, მათი საჭიროებების, კრიტიკის, სურვილების, რჩევების გათვალისწინება – აუცილებელი.
აქტივობა, რომელსაც აქ გიზიარებთ, მრავალი მიზეზის გამო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პედაგოგიური სამარჯვია. ის საშუალებას მაძლევს, მოსწავლეებთან თანამშრომლობითი, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა ჩამოვაყალიბო და დავეხმარო მათ საკუთარ უნარებზე დაკვირვებაში, სასურველი მიმართულებით განვითარებაში. საუბარი ჯგუფური მუშაობის ერთ ნაირსახეობაზეა:
ეს ჯგუფური სამუშაო ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ. მე ხშირად ახალი მასალის ახსნამდე ვიყენებ ხოლმე. ასევე – უკვე დამუშავებული მასალის შეჯამება-შეჯერებისთვის.
გასათვალისწინებელია: აქტივობას ორი გაკვეთილის დრო დასჭირდება (ეს წინასწარაა განსასაზღვრი).
ნაბიჯები:
I
კლასი წინასწარ უნდა დაყოთ ჯგუფებად. თავიდან ჯგუფები თავად შეგიძლიათ დააკომპლექტოთ, შემდეგში მთელ პროცესს თავად მოსწავლეები წარმართავენ.
II
რაოდენობის მიხედვით დაყოფილ ჯგუფებს ეძლევათ სხვადასხვა დავალება.
წინასწარ დათქვით დრო, როდის უნდა დასრულდეს სამუშაო (ეს მნიშვნელოვანი პუნქტია).
III
ჯგუფებს ეძლევათ განსხვავებული ინსტრუქციები და დავალებები:
მათ აქვთ საშუალება, დატოვონ საკლასო ოთახი, მოძებნონ მათთვის კომფორტული სივრცე სკოლის შენობაში ან ეზოში, გააფრთხილონ მასწავლებელი და გავიდნენ სამუშაოდ დათქმული დროით.
IV
შეთანხმებული დროის შემდეგ მოსწავლეები ბრუნდებიან კლასში და იწყებენ ნამუშევრების პრეზენტირებას.
ეს არის მოკლე მონახაზი, ახლა შევეცდები უკვე განხორციელებული აქტივობის აღწერით უფრო თვალსაჩინოდ წარმოგადგენინოთ, როგორ ხორციელდება აქტივობა:
მე-11 კლასში ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალის“ კითხვა უნდა დაგვეწყო. პირველ გაკვეთილზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისტორიული კონტექსტის და გარკვეული თეორიული ცოდნის მიწოდება მოსწავლეებისთვის. ასევე – ტექსტის პროლოგიც მინდოდა გამეცნო.
კლასი დავყავი ჯგუფებად: 4 მოსწავლეს დაევალა რაინდობის ინსტიტუტის შესახებ ცნობების მოძიება, დამუშავება, ზეპირი წარდგენისთვის მომზადება. ერთი წყარო თავად მივაწოდე. მათ უნდა შეევსოთ მოძიებული ინფორმაციით და უნდა გამოეყენებინათ რომელიმე არაქართულენოვანი წყარო (ჯგუფში ერთი ბილინგვა ჰყავდათ, მან გერმანული მშობლიურივით იცის, დანარჩენებმა ინგლისური იცოდნენ). დრო 35 წუთი. შეეძლოთ სკოლის ბიბლიოთეკის ან საკუთარი ტელეფონების გამოყენება. მათ ტელეფონი არჩიეს და ადგილად წინა ეზოს ერთ-ერთი ფანჩატური შეარჩიეს.
მეორე და მესამე ჯგუფს დავურიგე ფრაზები პროლოგიდან:
„*გულს ორჭოფობა თუ შეეპარა, სამშვინველს სიმწარე ერევა. როს
ერთურთს ებმის – მსგავსად კაჭკაჭის ორი ფერისა – ვაჟკაცური შემართება და ზნე მისი საპირისპირო, საქებარიცაა ეს ამბავი და საძრახისიც. თუმცაღა, მერყევს შეუძლია, მაინც იხაროს; რამეთუ მასში წილი უდევს ცას და ჯოჯოხეთს. უღერძო კაცს კი ეძალება წყვდიადის ფერი და საბოლოოდ ჯოჯოხეთის უკუნი დანთქავს. და პირიქით: ქედუხრელს ცათა ნათელი მოსავს“.
და:
„*ვინაც შეიცნო წუთისოფლის ცვალებადობა, გონება
თვისი იმას სწორად გაუხედნია – ის არც ღუმელს მიეფიცხება და არც
უმიზნოდ იხეტიალებს, არამედ ფეხს აუწყობს ქვეყნის ტრიალს“ (*ვოლფრამ ფონ ეშენბახი, „პარციფალი“, პროლოგი, ელენე კოშორიძის თარგმანი)…
ჯგუფებმა უკანა ეზო და სტადიონის კუთხე შეარჩიეს სამუშაოდ (ჩვენს სკოლაში ამ ადგილებში ხის კუნძებია, მათ შეეძლოთ მყუდროდ მოკალათება და მუშაობა სუფთა ჰაერზე).
მათ უნდა აეხსნათ საკუთარი სიტყვებით ნათქვამის არსი და საინტერესო ანალიტიკური კომენტარი დაერთოთ. თუ სურვილი ექნებოდათ, შეეძლოთ სათანადოდ გაფორმება – დაფის ან ფორმატის ქაღალდის გამოყენება ახსნისას, ზეპირი წარდგენისას.
მოსწავლეების დარჩენილი რაოდენობა პროლოგის წასაკითხად კლასში დარჩა. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერს შეეძლო დაეტოვებინა საკლასო ოთახი, შეერჩია მყუდრო ადგილი და დამოუკიდებლად, საკლასო ოთახის გარეთ შეესრულებინა დავალება.
გამოვიყენეთ აქტიური კითხვის მეთოდი – მოსწავლეებმა წაიკითხეს და დაამუშავეს პროლოგის მოცემული მონაკვეთი – ამოწერეს გასაგები და გაუგებარი ადგილები, კითხვები, რომლებიც გაგებასა და ვერგაგებას ასახავდა, საინტერესო მოსაზრებები, რომლებიც აღეძრათ კითხვისას.
მასწავლებელს ამ აქტივობის განმავლობაში შეუძლია ჯგუფების მონახულება დამკვირვებლის ამპლუაში. თუ მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ ან კითხვები აქვთ, მასწავლებელი ეხმარება პროცესში.
მაგალითად, რაინდობის საპრეზენტაციო ჯგუფს კითხვა არ გასჩენია. როცა მივუახლოვდი, ტექსტს ინაწილებდნენ და ფაქტებს აზუსტებდნენ. საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვება შრომის გადანაწილების პროცესში ერთი სიამოვნებაა!
დათქმულ დროს ყველა სამუშაო ჯგუფი ოთახში დაბრუნდა.
ზეპირი წარდგენა დაიწყო ოთხეულმა. მათ განაწილებული ჰქონდათ საინტერესო ცნობები რაინდობის შესახებ.
შემდეგ მეორე და მესამე ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ციტატების მიხედვით და ბოლოს კლასმა გაუზიარა გასულებს თავისი ნამუშევარი და ნააზრევი.
აქტივობა ავითარებს შემოქმედებით, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაცია/ზეპირი წარდგენის, ჯგუფური მუშაობის უნარებს. ასწავლის მოსწავლეებს შეზღუდულ დროში დროის მართვას, შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას, ავარჯიშებს კონსტრუქციული ინტერაქციის უნარებს.
გარდა ამისა, სთავაზობს მოსწავლეებს მუშაობის განსხვავებულ ფორმატს, როცა ისინი პასიური მიმღებნი კი არ არიან, არამედ თავად ქმედებენ, ქმნიან, იმეცნებენ, ინაწილებენ სამუშაოს, იღებენ (ან თავს არიდებენ – ესეც მნიშვნელოვანი დაკვირვებაა!) პასუხისმგებლობას.