შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კლასგარეშე ღონისძიება – დიოქსინების სასამართლო პროცესი

თანამედროვე გარემოს სავალალო ეკოლოგიური მდგომარეობა იმის აუცილებლობას ქმნის, რომ პედაგოგმა ქიმიის საგნის სწავლება მჭიდროდ დაუკავშიროს არსებულ რეალობას. ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ეკოლოგიური აზროვნების ფორმირებას, სამყაროსა და ადამიანის ერთიანობის გაცნობიერებას. ამ მიზნის განხორციელებას ხელს უწყობს, მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზება, სკოლებში კლუბური მუშაობა, ფაკულტატივები, ასევე სხვადასხვა სახის კლასგარეშე და არასაგაკვეთილო მუშაობის ფორმების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებას.

 მსოფლიო ცივილიზაციისათვის ეკოლოგიური საფრთხის შემცველ ფაქტორთა ვრცელ ჩამონათვალს, უკვე ნახევარი საუკუნეა კიდევ ერთი დაემატა – ჩვენი საარსებო პლანეტის დიოქსინებით მოწამლვის საშიშროება! პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ამ პრობლემის არსის წვდომა. დიოქსინების პრობლემამ უნდა დაგვაფიქროს – ჩვენი პლანეტის ადამიანთა ქმედებების ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და ეკოლოგიურ განათლებაზე.

დიოქსინები – ცოცხალი ორგანიზმებისათვის უცხო წარმომავლობის ნივთიერებებია (ქსენობიოტიკები), რომლებიც ზოგიერთი ტექნოლოგიური ნარჩენებიდან და პროდუქციიდან აღწევენ ცოცხალ და არაცოცხალ გარემოში. დიოქსინები არ წარმოადგენენ ადამიანების ცხოველქმედების პროდუქტს, არამედ მიკრომინარევების სახით თანამდევნი არიან. ათწლეულების მანძილზე, ათასობით და მილიონობით ტონა ტექნოლოგიური ნარჩენების მავნებლობის ფონზე, უმნიშვნელო რაოდენობის დიოქსინთა ნეგატიური ზეგავლენა ცოცხალ პლანეტაზე შეუმჩნეველი იყო. არადა, სწორედ დიოქსინების მიკრომინარევები, რომლებიც უჩვეულო ფიზიკო-ქიმიური თვისებების კომპლექსითა და უნიკალური ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდებიან, შესაძლოა ბიოსფეროს ხანგრძლივი და სახიფათო დასნებოვანების წყარო გახდნენ – ეს კი გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე სხვა ნივთიერებებით გარემოს დაბინძურება.

ღონისძიების მიზანი: გლობალური მასშტაბის ეკოლოგიურ პრობლემებზე მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა და მათი გააზრება; მოზარდთა ეკოლოგიური თვითშეგნების ჩამოყალიბება-განვითარება.

მოქმედი პირები: სასამართლოს მდივანი, მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი, ნაფიცი მსაჯულები, ექიმი-ტოქსიკოლოგი, ექსპერტ-ქიმიკოსი, ექსპერტ-ეკოლოგი, დაზარალებული.

ღონისძიების მსვლელობა (სცენარი)

მდივანი: სასამართლო მოდის! გთხოვთ ადგეთ! (შემოდიან მოსამართლე, პროკურორი).

მოსამართლე: დაბრძანდით!  დღეს ისმინება საქმე „დიოქსინების დანაშაული კაცობრიობის წინაშე!“  ბრალდებულმა დიოქსინებმა ყველგან შეაღწიეს. ისინი აღმოჩენილია მდინარეებისა და ტბების წყლებში,  ფიტო- და ზოოპლანქტონში, თევზებისა და ცხოველების ქსოვილში, დედის რძეშიც კი. მათ ბრალად ედება, ჩვენს პლანეტაზე ყველაფერი ცოცხალის მოსპობა. დიოქსინებს მოიხსენებენ, როგორც „ქიმიურ შიდსს“ ან “დეგრადაციის ჰორმონებს“. მეცნიერთა  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ნივთიერებებს არ გააჩნიათ „მოქმედების ზღვრები“, ანუ დიოქსინების  ნებისმიერი უმცირესი კონცენტრაციაც კი ტოქსიკურ  ქმედებას ავლენს.

სიტყვა ეძლევა დაზარალებულ ივანე პეტრიაშვილს.

დაზარალებული: მე გახლავართ ივანე პეტრიაშვილი. ჯარიდან დაბრუნებულმა, მუშაობა დავიწყე  „ქიმმრეწვის“ ცეხში, რომელიც ქლორფენოლს აწარმოებდა. სამსახურში აყვანამდე, როგორც წესი, გავიარე სამედიცინო შემოწმება. მინდა მხედველობაში იქონიოთ, რომ კომისიის დასკვნის თანახმად, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. სამუშაოს დაწყებიდან 7-8 თვის შემდეგ კანზე გამონაყარი დამეწყო. მკურნალობის შედეგად გამონაყარი ალაგდებოდა, თუმცა მერე კვლავ ჩნდებოდა. ამას თან დაერთო მუდმივი ინფექციები და ხშირი გაციება, რომლებიც ბოლომდე არ რჩებოდა. დანარჩენ თანამშრომლებსაც იგივე ბედი ეწიათ და ცეხი მალევე დახურეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი შევიტყვეთ სიმართლე – რა იყო ჩვენი უბედურების მიზეზი. ჩვენ დავინვალიდდით! მე და ჩემი მეგობრები ვითხოვთ მორალურ და მატერიალურ კომპენსაციას, იმ მძიმე ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობის ფასი დაგვიჯდა. გთხოვთ, საქმეს თან დაურთოთ ჩემი ჩვენება და სამედიცინო დასკვნები.

მოსამართლე: ბატონო ივანე, თქვენი ჩვენებიდან ჩანს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, „ქიმმრეწვში“ მუშაობას უკავშირებთ.

დაზარალებული: დიახ, თქვენო აღმატებულებავ!

მოსამართლე: გთხოვთ, სასამართლოს წარმოუდგინეთ, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

ექიმი-ტოქსიკოლოგი: ჩვენი ლაბორატორია იკვლევს ზოგიერთი ნივთიერებების ტოქსიკოლოგიურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ქლორფენოლის ცეხში მომუშავე პერსონალის უმრავლესობა იტანჯებოდა კანზე გამონაყარით. ჩვენ ამ დაავადებას ვუწოდეთ „ქლორ-აკნე“. დიდხანს ვერ ვადგენდით დაავადების მიზეზს, რადგან ქლორფენოლს არ აქვს კანის გამაღიზიანებელი მოქმედება, ეს 100%-ით დადგენილია. მაშინ ჩვენ წამოვწიეთ ჰიპოთეზა- სინთეზის პროცესში, ქლორფენოლების პარალელურად წარმოიშობა მომყოლი ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ „ქლორ-აკნეგენურ ფაქტორს“. ჩვენი მიგნება სწორი აღმოჩნდა. მალევე განვსაზღვრეთ, რომ გამომწვევი მიზეზი იყო დიოქსინები. მიუხედავად იმისა, რომ დიოქსინთა რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო, მათი ტოქსიკურობის ხარისხი გამაოგნებელი აღმოჩნდა – ერთი მათგანი 70 000-ჯერ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე კალიუმის ციანიდი, რომლითაც გრიგორი რასპუტინის მოწამვლა უნდოდათ. „ქიმმრეწვის“ თანამშრომელთა სისხლში მართლაც აღმოჩნდა დიოქსინები, ეს მიუთითებს ორგანიზმის მოწამვლაზე, რაც დაავადების გამომწვევი მიზეზია.

მოსამართლე: ბატონო ექსპერტო, დიოქსინები მხოლოდ ქიმიური წარმოების მუშაკებს უქმნიან საფრთხეს?

ექიმი-ტოქსიკოლოგი: სამწუხაროდ, არა თქვენო ღირსებავ. რადგანაც ადამიანებმა მაშინვე ვერ შეიტყვეს დიოქსინების ზეტოქსიკურობის შესახებ, მათ მოასწრეს მთელ პლანეტაზე გავრცელება და საკვების მეშვეობით შეაღწიეს ადამიანის ორგანიზმში. დიოქსინები საფრთხეს წარმოადგენენ არა მარტო მათი წარმოქმნის ადგილას, არამედ ათასობით კილომეტრის რადიუსშიც.

მოსამართლე: დაბრძანდით. ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლო სხდომას. სიტყვა ეძლევა ექსპერტ-ქიმიკოსს.

ექსპერტ-ქიმიკოსი: დიოქსინები – სუპერტოქსიკური ნაერთების ჯგუფის ზოგადი დასახელებაა. მათ მიეკუთვნება პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინები და დიბენზოფურანები (სურ. 1.)

სურ. 1. პოლიქლორირებული დიბენზოფურანი (ა),
დიბენზოდიოქსინი (ბ)

დიოქსინებს განარჩევენ ქლორის ატომთა რაოდენობით (მონო-, დი-, ტრი-, ტეტრაქლორდიოქსინი და ა.შ.). გარდა ამისა, ქლორის ატომების მდებარეობის მიხედვით, პოლიქლორდიოქსინებს შეიძლება იზომერები ჰქონდეთ. ამ იზომერების ტოქსიკურობის ხარისხი განსხვავებულია, ყოველი მათგანისათვის ის საერთაშორისო შკალით 1-დან 0-მდეა (ცხოველებზე ჩატარებული ცდების თანახმად). უმაღლესი ტოქსიკურობის ხარისხი გააჩნია 2,3,7,8-ტეტრაქლორდიბენზო-პარა-დიოქსინს. (სურ.2.)

დ

სურ.2. 2,3,7,8-ტეტრაქლორდიბენზო-პარა-დიოქსინი

ისტორიული ცნობა: 1976 წლის 10 ივლისს, ქალაქ სევეზოს (იტალია) ქიმიურ საწარმოში პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომის გამო მოხდა 2,3,7,8-2,3,7,8-ტეტრაქლორდიბენზო-პარა-დიოქსინის გაჟონვა. ამან გამოიწვია მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა, რამაც ასობით ადამიანი დააზიანა. კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისათვის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ნიადაგის ზედა ფენის აღება გახდა საჭირო, რათა თავიდან აეცილებინათ ქვეყნის მასშტაბით დასნებოვანება.

მოსამართლე: ბატონო ექსპერტო, მოახსენეთ სასამართლოს – თქვენთვის ცნობილია ავარიის სხვა შემთხვევებიც, თუ სევეზოს მაგალითი ერთადერთია?

ექსპერტ-ქიმიკოსი: თქვენო ღირსებავ, სამწუხაროდ, ეს ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს, თუმცა სევეზოს კატასტროფა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ავარიების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ცდილობდნენ და ფართოდ არ აშუქებდნენ.

მოსამართლე: მოახსენეთ სასამართლოს, იყენებდნენ თუ არა დიოქსინებს სამხედრო მიზნებისათვის?

ექსპერტ-ქიმიკოსი: ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა გამოიყენეს დეფოლიანტი- ნივთიერება, რომელიც ფოთოლცვენას იწვევდა. ეს უკანასკნელი დაბინძურებული იყო დიოქსინებით, რაც დასტურდება ამერიკელ და ვიეტნამელ ჯარისკაცთა სისხლის ანალიზში მათი შემცველობით. დიოქსინების მნიშვნელოვანი რაოდენობაა აღმოჩენილი მათი შვილებისა და შვილიშვილების სისხლშიც და ისინი თანდაყოლილი დაავადებებით იტანჯებიან.

მოსამართლე: სასამართლო განაგრძობს მოსმენას. სიტყვა ეძლევა ექსპერტ-ეკოლოგს. ბატონო ექსპერტო, რა გზებით აღწევენ დიოქსინები ადამიანის ორგანიზმში?

ექსპერტ-ეკოლოგი: ჩვეულებრივ პირობებში, დიოქსინები კრისტალური ნივთიერებებია, ნაკლებად აქროლადი. მათ გააჩნიათ უნარი მიეკრონ მტვრის, ჭვარტლის, ნაცრის ნაწილაკებს და ამ გზით  ბიოსფეროში მოხვედრის ადგილიდან საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდებიან.

დიოქსინები ცუდად იხსნებიან დისტილირებულ წყალში, მაგრამ შეუძლიათ წარმოქმნან კომპლექსები გუმინების ფუძეზე, რომლებიც ბუნებრივ წყლებშია. ეს კი ზრდის წყალში მათ შემცველობას. ადრე თუ გვიან, დიოქსინები ხვდებიან ცოცხალ ორგანიზმში. ბიოლოგიური ჯაჭვის გავლისას, ყოველ საფეხურზე ხდება შხამის დაგროვება. მაგალითად, მტაცებელთა ორგანიზმში დიოქსინების კონცენტარაცია, შეიძლება მილიარდჯერ აღემატებოდეს წყალში მათ შემცველობას. გარემოსა და ორგანიზმში მათი დაშლის პერიოდი ათეულობით წელია. დიოქსინები მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობას იჩენენ. შესამჩნევ დაშლას იწყებენ 1200-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ამგვარად, დიოქსინები ფაქტობრივად არ იშლებიან, მუდმივად ცირკულირებენ ბიოსფეროში. ადამიანის ორგანიზმში, ისინი წყლიდან, ჰაერიდან და საკვებიდან აღწევენ და გროვდებიან (იხ. ცხრილი).

ცხრილი

ადამიანის ორგანიზმში, დიოქსინების შეღწევის გზები

შეღწევის გზები რაოდენობა, %
საკვები პროდუქტები 98
ჰაერი 1,99
წყალი 0,01

 

მოსამართლე: ბატონო ექსპერტო, მოახსენეთ სასამართლოს, რომელ საკვებშია დიოქსინების ყველაზე მეტი შემცველობა?

ექსპერტ-ეკოლოგი: იმდენად, რამდენადაც დიოქსინები კარგად იხსნებიან ცხიმებში, მათი შემცველობა ცხიმიან საკვებში უფრო მაღალია. ხორცსა და თევზეულში ისინი უფრო ჭარბადაა, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულში.

მოსამართლე: ბატონო ექსპერტო, ქიმიური წარმოებების გარდა, კიდევ არის დიოქსინების წყარო?

ექსპერტ-ეკოლოგი: დიახ, ასეთი წყაროები არსებობს. ეს ავტომობილების გამონაბოლქვი აირია, მით უფრო, თუ საწვავში ტეტრაეთილტყვიისა და დიქლორეთანის მინარევებია. ასეთი საწვავის წვისას, წარმოიქმნება დიოქსინები. ისინი შეიძლება წარმოიქმნან ქლორის ნაერთების შემცველი საყოფაცხოვრებო ნაგვის დაწვისას, მაგალითად, პოლივინილქლორიდის ნაწარმის, ავტომობილისა და ტრანსფორმატორის ნამუშევარი ზეთების წვისას. ცნობილია, რომ ქაღალდის წარმოებაში, ცელულოზის მათეთრებლად ქლორს იყენებენ. დიოქსინების ჯამური შემცველობა ქაღალდის რიგ ნაწარმში (ხელსახოცები, ფილტრები, ჩაის პაკეტები და ა.შ.) შეიძლება საკმაოდ დიდი იყოს, ამიტომ ახლა შემუშავების პროცესშია, ცელულოზის უქლოროდ გათეთრების ტექნოლოგიური პროცესი. ვერ გამოვრიცხავთ დიოქსინების წარმოქმნას, ორგანული ნაერთებისგან (განსაკუთრებით ფენოლებისგან) ცუდად გაფილტრული წყლის ქლორირებისას.

მოსამართლე: მადლობთ. ბატონო ექსპერტო, როგორც თქვენი ნაამბობიდან ვიგებ, თანამედროვე ეპოქაში შეუძლებელია ადამიანმა დიოქსინებთან კონტაქტი აიცილოს.

ექსპერტ-ეკოლოგი: სამწუხაროდ, თქვენო ღირსებავ, ეს ასეა, თუმცა ყველა განვითარებული ქვეყანა იღებს პროგრამებს დიოქსინების რაოდენობის შემცირებისთვის. ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდ რთულია. მთავარ ამოცანაა – არ დავუშვათ ბიოსფეროში დიოქსინების ახალი რაოდენობის მოხვედრა.

მოსამართლე:  სიტყვა ეძლევა პროკურორს.

პროკურორი:  დიოქსინები, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომწამლველი ხელოვნური ნაერთებია. ეს ტოტალური საწამლავი, მცირე დოზებშიც კი ასნებოვნებს ყველა ცოცხალ ორგანიზმს – ბაქტერიით დაწყებული, თბილსისხლიანებით დამთავრებული. ეს ძალიან ვერაგი მტერია იმდენად, რამდენადაც დიოქსინებს გააჩნიათ ფარული ქმედების ხანგრძლივი პერიოდი. ქსოვილში დაგროვებისას ისინი არღვევენ ცვალებად შინაგან სამყაროსთან ორგანიზმის ადაპტაციის მექანიზმს. ახდენენ კარცეროგენულ, მუტაგენურ და ტერატოგენურ მოქმედებას (აღწევენ პლაცენტაში და ნაყოფზე ტოქსიკურ ქმედებას ახდენენ). საფრთხეს წარმოადგენს ისიც, რომ დიოქსინები აძლიერებენ სხვა ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას, მაგალითად, ნიტრატებისას. დიოქსინების ტოქსიკურობა, საკმაოდაა შესწავლილია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე მათი მოქმედების საბოლოო მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. მე მიმაჩნია, რომ დიოქსინები კაცობრიობის უსასტიკესი მტრებია, რომლებიც მას განადგურებით ემუქრება. თუ ჩვენ დღეს არ მივიღებთ ზომებს, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს.

მოსამართლე: სიტყვა ეძლევა დაცვის მხარეს. რა შეგიძლიათ გვითხრათ დამნაშავის გასამართლებლად?

ადვოკატი: თქვენო ღირსებავ, მე არ უარვყოფ ზოგიერთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას, მაგრამ მსურს დავიცვათ ობიექტურობა. დიოქსინების მთელი ოჯახის ტოტალურად დადანაშაულება არ შეიძლება, მათგან ზოგი სულაც არაა ტოქსიკური. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ დიოქსინები – ქსენობიოტიკებია, ანუ ისინი თვით ადამიანის მიერაა ხელოვნურად შექმნილი. აღსანიშნავია, რომ მამონტებისა და გაყინული ესკიმოსების გვამებში, დიოქსინები არ იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, ადამიანი თავად არღვევს საკუთარ საცხოვრებელ გარემოს ფინანსური სარგებლისა და მატერიალური კეთილდღეობისათვის. პრობლემის გადაწყვეტის გზა კი ერთია – პლანეტის მკვიდრმა, ყოველმა ადამიანმა ეს პრობლემა მთელი სერიოზულობით უნდა გააცნობიეროს, მოსალოდნელი საფრთხე დაინახოს და ყოველმხრივ შეუწყოს ხელი გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებას. “ბინძურ მწარმოებელთა“ მიმართ საჯარიმო სანქციები ისე უნდა გამკაცრდეს, რომ მათ მიერ გამოყენებული სახიფათო ტექნოლოგიები არამომგებიანი გახდეს.

მოსამათლემადლობთ, ბატონო ადვოკატო.

მდივანი: გთხოვთ, ფეხზე ადგეთ, ცხადდება განაჩენი.

მოსამართლე: „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, დიოქსინები დამნაშავედ იქნენ ცნობილი, ბიოსფეროს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში. ყველა წარმოება, რომელიც დაკავშირებულია ქლორორგანული ნივთიერებების წარმოებასთან, ნარჩენების გადამუშავებასთან, აყვანილ იქნენ უმკაცრეს ეკოლოგიურ კონტროლზე. ბიოსფეროში დიოქსინების შემცველობის შემცირების პროგრამა პრიორიტეტულად იქნეს მიჩნეული. მაქსიმალურად შემცირდეს, ჩვენი პლანეტის, ამ სუპერტოქსიური ნივთიერებებით დაბინძურება და ამ მიმართულებით მიღებულ იქნეს ქმედითი რეგულაციები და განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები!

წყარო:

1.Dioxin. https://www.epa.gov/dioxin

2.Dioxins. https://www.breastcancerfund.org/clear-science/radiation-chemicals-and-breast-cancer/dioxins.html?referrer=https://www.google.ge/
3.Dioxins and their effects on human health. https://www.who.int/mediacentre/factsheets/fs225/en/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი