პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აისბერგთან ახლოს   

ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი დღეც არ იყო გასული, რომ „ნიუ იორკერის“ ვებსაიტზე ამერიკელი მწერლის, ადამ გოპნიკის პატარა ტექსტი გამოქვეყნდა – „როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ტრამპის გამარჯვებაზე“. ავტორისთვის ერთგვარ გამოცანად რჩება ის, თუ როგორ დაემთხვა ერთმანეთს ტრამპის აღზევება და ენამჭევრობითა თუ კეთილგონიერებით გამორჩეული პრეზიდენტის, ობამას მაღალი რეიტინგი. ისტორიას ასეთი გამოცანა სხვაც ბევრი ახსოვს. „ისტორიის გაკვეთილი – ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი გაკვეთილი – ისაა, რომ მასში გასროლილი ისარივით სწორხაზოვანი არაფერია; რომ ტრაგედია ყველა კუთხე-კუნჭულშია მიმალული; რომ აისბერგი მაინც იქ იქნებოდა, დიდებულ „ტიტანიკს“ გვერდი რომ აევლო და გადარჩენილიყო. სავსებით შესაძლებელია ცხოვრების ტრაგიკული ხედვის შეთავსება ჩვენი ყოველდღიური მოვალეობების პოზიტიურ ხედვასთან“, – წერს ადამ გოპნიკი.

ამ ტექსტის პათოსი ჩემთვის ბოლომდე მისაღები აღმოჩნდა, ხოლო ის, რომ არჩევნების მეორე დღესვე მწერალი ახალი სინამდვილის პირისპირ აღმოჩენილ ბავშვებზე, მათ რეაქციებზე, აღქმის სირთულეებზე დარდობს, მეტად მნიშვნელოვნად და ამაღელვებლადაც კი მომეჩვენა.

ჩემს ბავშვობაში პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად დიდების საქმედ და ინტერესის სფეროდ ითვლებოდა, შესაბამისად, რეფლექსიის, დასკვნების გამოტანის უფლებაც მხოლოდ მათ ჰქონდათ. არავინ იწუხებდა თავს „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა კავშირში მოზარდებისთვის იმის ახსნით, რატომ იყო ქვეყნის მეთაური ის, ვინც იყო; ან რატომ ვცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა გეთვალთმაქცა, სიმართლე შეფარვით უნდა გეთქვა, ქონების დასაგროვებლად კი უკანონო გზები გეძებნა.  უფროსებს ასეთ თემებზე საუბარი არ უყვარდათ. სხვა რა გზა იყო – ყურმოკრულ ფრაზებს, სუფრული ანალიზის ნაწყვეტებს უნდა დავჯერებოდით.

12-13 წლის ასაკში სუნთქვაშეკრული ვუსმენდი „მოამბის“ საერთაშორისო ამბების მიმოხილვას, რომლის წამყვანიც, შესაბამისი ტონით, სრულიად აპოკალიფსურ სურათებს ხატავდა. სამყარო სავსე იყო მტრებით, დედამიწაზე სიცოცხლის განადგურების მოსურნე შეშლილებით, საბჭოთა ადამიანის სისხლს მოწყურებული კაპიტალისტებით, ფულს ყველაზე ბინძურ საქმეებში რომ აბანდებდნენ. მიმომხილველი ირწმუნებოდა, ბირთვული ომი კარსაა მომდგარი და ის, რომ ჯერ კიდევ უდარდელად ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს, ვარშავის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის უდიდესი ძალისხმევის შედეგიაო.

მერე ვიტალი კოროტიჩის „სახე სიძულვილისა“ წავიკითხე – ზემოთ ხსენებულ საერთაშორისო ამბების მიმოხილვაზე არანაკლებ დამზაფრავი წიგნი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყოველგვარი ბოროტების წყაროდ წარმოაჩენდა. საბჭოთა ადამიანის თვალით დანახული ამერიკა, მისი შემზარავი ყოველდღიურობა, პროპაგანდისტული ანალიზი – საუბედუროდ, ამ ყველაფერს ვერაფერს დავუპირისპირებდი, მეტისმეტად უმეცარი ვიყავი. გულით შემებრალა ყველა ამერიკელი, რომლის აზრგამოცლილი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა – ავტორი ირწმუნებოდა, იქ ორ დოლარად ნებისმიერ კაცს მოაკვლევინებ, ვინც კი თვალში არ მოგდისო. საკვირველი იყო, რომ ეს ქვეყანა საერთოდ არსებობდა, ადამიანები სახლიდან გამოსვლას ბედავდნენ, შინ დაბრუნებულები კი დაძინებას ახერხებდნენ.

წინა წერილში ჯულია ალვარესის „თოვლი“ ვახსენე – ნახევარგვერდიანი მოთხრობა ამერიკაში ჩასულ ემიგრანტ გოგონაზე, იოლანდაზე, რომელსაც ზუსტად ჩემსავით აშინებდნენ: „…საკმარისი ინგლისური ვიცოდი იმისთვის, რომ გამეგო: გენოციდი სულაც არ იყო დამთავრებული. და ზოიმ თვალებგაფართოებულ ბავშვებს აუხსნა, თუ რა ხდებოდა კუბაზე. რუსული რაკეტების სამიზნეს, გავრცელებული აზრით, ნიუ-იორკის ცენტრი წარმოადგენდა. ტელევიზორში შეშფოთებული პრეზიდენტი კენედი ხალხს უხსნიდა,  შეიძლება კომუნისტებისთვის ომის გამოცხადება მოგვიხდესო. სკოლაში საჰაერო განგაშის დროს მოქცევის წესებს გვასწავლიდნენ: ავისმომასწავებელი ზარი აწივლდებოდა და დერეფანში ჩავმწკრივდებოდით, იატაკზე გავწვებოდით და თავზე პალტოებს წამოვიფარებდით ხოლმე, თან წარმოვიდგენდით, როგორ გვცვიოდა თმები, როგორ გვირბილდებოდა ძვლები მკლავებში. სახლში მე, დედა და ჩემი დები ლოცვებს ვკითხულობდით, მსოფლიოში მშვიდობა რომ ყოფილიყო. ახალი გამოთქმები მესმოდა: „ატომური ბომბი“, „რადიოაქტიური მტვერი“, „მიწისქვეშა თავშესაფარი“. და ზოიმ აგვიხსნა, ეს როგორ მოხდებოდა – დაფაზე სოკო დაგვიხატა და ცარცით უამრავი წერტილი დასვა – ეს ის მტვერი იყო, რომელიც ყველას ერთიანად ამოგვხოცავდა“.

იოლი მისახვედრია, რომ იოლანდას ციდან უეცრად წამოსული თოვლის ფანტელები რადიოაქტიურ მტვერში აერევა – გულგახეთქილი წამოიყვირებს გაკვეთილზე: „ბომბი, ბომბი“.

რამდენჯერ დაუხატავს მასწავლებელს ასეთი სოკო გაკვეთილზე, რამდენჯერ მომჩვენებია, რომ მანამდე გავიგუდებოდი, სანამ აირწინაღიდან თავის გამოთავისუფლებას მოვახერხებდი. შესაძლოა ესეც იყო მიზეზი, რომ პოლიტიკა მხოლოდ დიდების საქმედ, მათი ინტერესის სფეროდ არ მიმაჩნდა – მე მეხებოდა ის, რაც ხდებოდა და შეიძლებოდა მომხდარიყო; ჩემი ცხოვრება იმის მიხედვით შეიცვლებოდა, მიწისქვეშა თავშესაფარში ჩასვლა მომიწევდა თუ არა; გადარჩებოდნენ თუ არა ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდნენ.

ბავშვებთან პოლიტიკაზე საუბარი, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორი და გამართლებული უნდა იყოს. საუბარი და არა – ერთიმეორეზე შემზარავი სურათების დახატვა. ფრთხილად შერჩეული სიტყვები. სხვადასხვა მხრიდან დანახული აისბერგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი