აუდიალური და კინესთეტიკური არხები – მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენს წინა წერილებში, ერთი ვერბალური ენა, სულ მცირე, სამ ენას მოიცავს, რომლებიც შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ უცხო ენებად განვიხილოთ, რადგან ინფორმაციის მიღება-გადამუშავება და თავის ტვინში რეგისტრაცია განსხვავებული არხებითა და კოდებით ხდება. ესენია ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური ენები. ზრდასრული ადამიანისთვის ერთი მათგანი „მშობლიურია“, დანარჩენი ორი კი – „მონათესავე“. ადამიანი ინფორმაციას ყველაზე უკეთ მაშინ იგებს, როდესაც მას თავის ენაზე ესაუბრებიან, ამიტომ მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარი გულისხმობს ინფორმაციის იმგვარ გადაცემას, რომელშიც შერწყმული იქნება სამივე ენა. სხვაგვარად ინფორმაციას აუდიტორიის მხოლოდ ნაწილი მიიღებს და პრეზენტაციაც ნაკლებეფექტური იქნება.

ვიზუალური ენა მიმართულია ცნობიერებაში ვიზუალური ხატების წარმოქმნისკენ, აუდიალური არხი კი ინფორმაციას სმენით იღებს. ამ ტიპის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა, გამოთქმა, კეთილხმოვანება, მეტყველების რიტმულობა, მუსიკა. ისინი ინფორმაციის რეგისტრაციას განსხვავებული ემოციის მუსიკალურობით ახდენენ, მათ ესმით, მაშინ როდესაც ვიზუალები ხედავენ, ხოლო კინესთეტიკები გრძნობენ.

როგორ გადავცეთ აუდიალებს ინფორმაცია ეფექტურად? გამომეტყველებითი წარმოთქმით ხმას მგრძნობელობა უნდა მიანიჭოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ აუდიალური ხელოვნების ნიმუშიც, მაგალითად, რომელიმე მუსიკალური ნაწარმოების მოკლე ფრაგმენტი (თუ ამას პრეზენტაცია მოითხოვს), რომელიც უმალ მიიპყრობს აუდიალების ყურადღებას. სმენასთან დაკავშირებული ლექსიკა მათში მელოდიას გააღვიძებს. მნიშვნელოვანია რიტმიც, რომლითაც სიტყვას წარმოთქვამთ. ყოველგვარ მეტყველებას ახასიათებს რიტმულობა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ გამუდმებით ერთსა და იმავე რიტმში ლაპარაკი მონოტონურ მუსიკად იქცევა და ეფექტს უკარგავს ნათქვამს, ამიტომ აუცილებელია რიტმის ცვლა, რათა თავიდან ავიცილოთ შეჩვევა და გაცვეთა, რაც დააქვეითებს ინფორმაციის მიღების ხარისხს.

როგორ აღწევს ორატორი მეტყველების რიტმულობას და კეთილხმოვანებას? ჯერ ერთი, თავად ენის ბუნებაა ისეთი, რომ რიტმით მოაწესრიგოს მეტყველება. სოსიური ამ კანონს ანალოგიის კანონს უწოდებდა.

დიდმა ორატორებმა იცოდნენ, რა დიდ გავლენას ახდენდა მსმენელზე რიტმი, ამიტომ მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მეტყველებაში ისეთი ხერხების გამოყენება, როგორებიცაა ალიტერაცია, ამპლიფიკაცია, ანაფორა, ასონანსი, გამეორება.

მოვიყვან მეტყველების რიტმულობის ერთ ნიმუშს – ფრაგმენტს იოანე ბოლნელის ქადაგებიდან:

„აწ საყუარელნო, რაი ჯერ არს ჩუენდა ყოფად?

ჩუენდა ჯერ არს განღვიძება ძილისაგან მსწრაფლ,

ჩუენდა ჯერ არს ზეაღდგომა გულსმოდგინედ,

ჩუენდა ჯერ არს წარმართებაი მხურვალედ,

ჩუენდა ჯერ არს მიგებებაი მისი სიხარულით,

ჩუენდა ჯერ არს თაყუანისცემაი მისი სიწმინდით,

ჩუენდა ჯერ არს მისა მუხლმოდრეკაი სინანულით,

ჩუენდა ჯერ არს მისა შევრდომაი ცრემლითა,

ჩუენდა ჯერ არს მისა აღსარებაი…“

ეს გახლავთ ენობრივ ერთეულთა გამეორება, რომელსაც გრიგოლ კიკნაძე მეტყველებაში ფიქსირებულ ფორმათა გამეორების ტენდენციას უწოდებს. ის განიხილებოდა როგორც, საზოგადოდ, ენისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მიდრეკილება.

ენის საფუძველში არსებული ეს მოვლენა – ფიქსირებულ ფორმათა გამეორების ტენდენცია – განსაკუთრებით აქტუალიზდებოდა ზეპირ მეტყველებაში და დღესაც არ კარგავს აქტუალობას პრეზენტაციის მომზადებისას.

პრეზენტაციის დროს აუდიალური ზეგავლენა შეგიძლიათ მოახდინოთ კარგად წაკითხული ლექსის სტრიქონით, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება თქვენი თემისთვის.

ისევ იაპონურ ჰაიკუს მივუბრუნდები იმის ასახსნელად, რას ნიშნავს ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური ენები ან ორი მათგანი ერთდროულად ერთ ვერბალურ ტექსტში, ოღონდ ამ შემთხვევაში ეფექტი რიტმით კი არ მიიღწევა, არამედ ლექსიკით, რომელიც ერთდროულად მოქმედებს ინფორმაციის მიღების სამივე არხზე. ამ შემთხვევაში, მართალია, მხატვრულ ტექსტთან გვაქვს საქმე, მაგრამ ნებისმიერი პრეზენტაცია უნდა განვიხილოთ როგორც შემოქმედებითი აქტი. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ღრმა კომუნიკაცია და რეზონანსი მსმენელთან.

1901 წელს ჰაიკუს მკვლევარი ბრინკი წერდა: „ეს ის მელოდიაა, რომელსაც ვერაფრით გადავიტანთ სხვა ენაზე, ვერ დავუკრავთ უცხო ინსტრუმენტზე… ეს სულის ჩურჩულია, რომელიც ამ მელოდიას წარმოშობს. იაპონური პოეზიის გასაგებად ადამიანმა ის აუცილებლად ორიგინალში უნდა წაიკითხოს“.

ამ დახასიათების მიხედვით, ჰაიკუ მელოდიაა, მაშინ როცა მას უპირატესად ვიზუალურ პოეზიად განიხილავდნენ. ამიტომ რთულია ერთის მეორისგან განცალკევება. ეს თითქოს უნივერსალური ენაა, რომელიც ადამიანის აღქმის სამივე არხზე თანაბრად მოქმედებს. მაგალითად, ასეთი სტრიქონები:

„ხმა სიჩუმეში.

ძველ გუბურაში ჩახტა ბაყაყი.

სიჩუმე გასკდა“.

(ბასიო)

ამ ჰაიკუს წაკითხვისას ხედავ ძველ გუბურას, გესმის ბაყაყის წყალში ჩახტომის ხმა და გრძნობ შხეფებს სხეულზე. საოცარია ამ სამი ენის ერთიანობა, თითქმის განუყოფელი.

აი, ასეთია უნივერსალური ტექსტი, რომლის რეგისტრაციაც სამგზის ხდება თავის ტვინში და ამის წყალობით ადვილი დასამახსოვრებელი და ძლიერი გავლენის მქონეა. როგორ გადადის ეს სურათი ტრანსცენდენტურში, სხვა საქმეა.

აღქმის სამივე არხისკენ მიმართული ტექსტის მიღება-აღქმაც თუ სამივე არხით მოხდება, ეს იქნება ინფორმაციის გადაცემის უნიკალური შემთხვევა, სამგზის რეგიტრირებული და დამახსოვრებული ჩვენს თავის ტვინში. ეს ის შემთხვევაა, როცა ხედავ კიდეც, გესმის კიდეც და შეიგრძნობ კიდეც… ასეთი აღქმის საზღვრები ძალიან ფართოა, მთელი ჩვენი ნერვული სისტემაა ჩართული ინფორმაციის გადამუშავებაში და ყველა სენსორი გამართულად მუშაობს.

რაიმეს გემოს გაუხსენებია რამე ამბავი?

რომელიმე მუსიკას გაუცოცხლებია ძველი განცდები?

სუნამოს სურნელმა ვინმე მოგაგონათ?

მაშინ იფიქრეთ, როგორ ყალიბდება მათ შორის სემიოტიკური კავშირები და როგორ იქცევა ჩვენი ტვინისთვის კოდებად სუნი, გემო, მელოდია…

კომენტარები

comments