პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქვევრი და მექვევრეები

ორი წლის წინ ქვევრი იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა და დასაცავ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანა, რაც არა მხოლოდ ქვევრის ფენომენის, არამედ, საზოგადოდ, ქართული მეღვინეობისა და მეთუნეობის (მეთუნეობა – თიხის დამუშავების ტრადიცია) მსოფლიო აღიარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. არადა, ჯერ კიდევ 15 წლის წინ საქართველოში მექვევრეობა პრაქტიკულად გაქრობის პირას იყო და მთელ ქვეყანაში შემორჩენილი თითო–ოროლა მექვევრეც მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებდა საქმიანობას. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველოში მექვევრეობა და თიხის საღვინედ დამუშავების ტრადიცია ათასწლეულების განმავლობაში არ გაწყვეტილა და იმედია, კიდევ მრავალ საუკუნეს გაუძლებს.

საქართველოში მექვევრეები (დასავლურქართულად – მეჭურეები), ტრადიციულად, ოთხ რეგიონში იყვნენ: კახეთში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. სამეგრელოში, სამწუხაროდ, უკვე დაკარგულია მექვევრეობის ტრადიცია. მეგრულ ოჯახებში ალაგ–ალაგ შემორჩენილი ქვევრების დამღები უტყვი მოწმეები არიან მეთუნეობის დიდი ტრადიციისა, რომელიც დავიწყებას მიეცა.

დღეს საქართველოში მექვევრობის ყველაზე დიდი კერა იმერეთშია. სოფლები შროშა, მაქათუბანი და ტყემლოვანა იმერული მეთუნეობის უძველესი კერებია. სასიხარულოა, რომ ადგილობრივ მექვევრეებს დღეს კლიენტურაც ჰყავთ და მათი უმეტესობა შეგირდებსაც ზრდის.

იმერულ მექვევრეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაქათუბნელი მექვევრე ზალიკო ბოჟაძე, რომლის ქვევრები ევროპაშიც გაიტანეს და მათში ახლა უკვე სლოვენიური, იტალიური, ავსტრიული, გერმანული და ფრანგული ღვინები ასხია. ასევე გამორჩეული მექვევრეები არიან ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში მცხოვრები კაპანაძეები. იქ მექვევრეობას პრაქტიკულად მთელი სოფელი მისდევს და ყველა ოჯახს თავისი უნიკალური ხელწერა აქვს.

კახეთში მექვევრეობა სოფელ ვარდისუბანში, ყარაულაშვილებშია შემორჩენილი. ყარაულაშვილები ისტორიულად მექვევრეები იყვნენ. დღეს ამ გვარის წარმომადგენელი სამი ოჯახი აგრძელებს წინაპრების ტრადიციას. ვარდისუბანში დამზადებული ქვევრები ზომითა და განიერი ყელით გამოირჩევა. კახეთში ხუმრობენ – ყარაულაშვილებმა ღიპიან ხალხს სცეს პატივიო. ვარდისუბანში დამზადებულ ქვევრებს მთელ კახეთში ნახავთ – როგორც ცალკეულ ოჯახებში, ისე ეკლესია–მონასტრებშიც. მაგალითად, ნეკრესისა და ალავერდის მონასტრების ეზოებში სწორედ ვარდისუბნური დამღების მქონე ქვევრებია აღმოჩენილი.

ბარემ დამღებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ტრადიციულად, ყველა მექვევრეს თავისი ხელწერა ჰქონდა და ქვევრის ყელთან ყველა ხელოსანი საკუთარ დამღას აკეთებდა. ეს დამღა შესაძლოა ყოფილიყო რაიმე ნახატი – ჯვრის, ვაზის, ყურძნის მტევნის ფორმისა, ორნამენტი ან სულაც მექვევრის სახელი. ამ შემთხვევაში მექვევრე შეგვიძლია შევადაროთ მხატვარს, რომელიც ნამუშევრის დასრულების შემდეგ ტილოზე საკუთარ სახელს აწერს. ქვევრის დამღები ცალკე ისტორიაა და შემდგომში ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

მექვევრეობის კიდევ ერთი კერა გურიაში, სოფელ აცანაშია შემორჩენილი. იყო დრო, როდესაც სოფელი აცანა მთელ გურიასა და აჭარას ამარაგებდა ქვევრებით და, სოფელ ტყემლოვანას მსგავსად, იქაც თითქმის ყველა ოჯახი მეთუნეობას მისდევდა, მაგრამ დღეს ამ საქმით, სამწუხაროდ, ორი ოჯახიღაა დაკავებული.

აცანური ჭურები ლამაზი ფორმითა და გამძლეობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ქვევრისთვის საჭირო აყალო მიწა ვერ არის ისეთი ხარისხიანი, როგორიც, მაგალითად, იმერეთში და ეს ღვინის გაჟონვის საფრთხეს ქმნის, გურული მეთუნეების პროფესიონალიზმი ამ ნაკლს ადვილად უმკლავდება – აცანური ქვევრის მყიდველი იშვიათად რჩება გაწბილებული. სასიხარულოა, რომ აცანაში, ისევე როგორც იმერეთში, ბოლო ხანს ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ საქმით და მეთუნეებს შეგირდად დაუდგა. ეს გვაძლევს იმედს, რომ რამდენიმე წელიწადში გვეყოლებიან ახალგაზრდა მექვევრეები, რომლებიც ამ დარგს უფრო მეტად განავითარებენ.

როგორც კახეთში, ისე გურიასა და იმერეთში დამზადებული ქვევრები, ძველი ქართული ტრადიციისამებრ, საგანგებოდ აშენებულ დიდ ღუმელში გადის გამოწვის რთულ, ხშირად საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს. სწორედ გამოწვის შემდეგ ირკვევა, რომელი ქვევრი ივარგებს და რომელი – არა. როგორც მექვევრეები ამბობენ, ნამზადი ქვევრების დაახლოებით 20% გამოწვის შემდეგ გადასაყრელი ხდება, რადგან წვის პროცესში გაჩენილი დიდი ნახვრეტების ამოვსება შეუძლებელია. ყველა იმერელმა მექვევრემ იცის მე–19 საუკუნეში მცხოვრები ლეგენდარული მექვევრის, ხვიჩა კაპანაძის ამბავი, რომელსაც 40 წლის განმავლობაში არც ერთი ქვევრი არ გაფუჭებია. მისი ნახელავი დღეს ზესტაფონში არაერთ ოჯახშია შემორჩენილი.

გამოწვის შემდეგ, სანამ ქვევრი ჯერ კიდევ თბილია, მექვევრე იღებს ნაჭერშემოხვეულ დიდ ჯოხს, ასველებს ახალადუღებულ ნატურალურ ცვილში და ქვევრს შიგნიდან სანთლავს. ცვილი თიხის ყველა ფორაში ჯდება და სწორედ ის აკავებს ნესტს საუკუნეების მანძილზე. ცვილის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უხარისხოდ გასანთლული ქვევრი ღვინოსაც აფუჭებს. ზოგი მექვევრე ამ დროს ლოცულობს კიდეც და ჭიქა ღვინითაც ლოცავს ქვევრსაც და იმ ღვინოსაც, რომელსაც შემდგომ მასში ჩაასხამენ.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მექვევრეობა საქართველოში უმთავრესად ოთხ კუთხეში იყო გავრცელებული, ქვევრებს ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა კუთხეში ნახავთ, ხევსურეთისა და სვანეთის ჩათვლით. ეს იმაზე მეტყველებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, საზოგადოდ, ღვინოს და, სახელდობრ, ქვევრის ღვინოს ქართველებისთვის. იმ ეპოქაში, როდესაც მთაში ყურძნის ატანა ტექნიკურად ძალიან ძნელი იყო, ხალხი მაინც ახერხებდა ამას და სამ დიდ დღესასწაულზე – აღდგომას, შობას და გიოროგობას – ღვინოს თუშეთის ყველაზე მაღალ სოფლებშიც კი სვამდნენ. ანანურის მონასტრის, ლომისის ხატისა და ლენტეხის მონასტრის უზარმაზარი ქვევრები ამის უტყვი მოწმეები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი